როგორ აღმოჩნდა 9 აპრილის კადრები მარგარეტ ტეტჩერთან

როგორ აღმოჩნდა 9 აპრილის კადრები მარგარეტ ტეტჩერთან

"ბრიტანელი სტუმარი სასტუმროს აივნიდან ხედავდა, როგორ მოემართებოდნენ რუსის ტანკები..."

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. ჩვენში ალბათ ბევრს ახსოვს მომხდარი დასავლელი ლიდერებიდან ყველაზე მკაცრად დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა რომ შეაფასა.

კინემატოგრაფიის ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი - ფერდინანდ ლორთქიფანიძე გვიამბობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერთან, "რკინის ლედად" წოდებულ მარგარეტ ტეტჩერთან კადრები, რომელზეც 9 აპრილის ტრაგედია იყო ასახული...

ფერდინანდ ლორთქიფანიძე:

- 1989 წლის, აპრილის დასაწყისში საქართველოს იმჟამინდელმა კულტურის მინისტრმა ასათიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ლონდონიდან ვიცე-მერის მეუღლე, ქალბატონი რიპლი ჩამოდიოდა და უნდა მოვმსახურებოდით... ქალბატონს მართლაც დიდი პატივით დავხვდით და ღირსეულ მასპინძლობას გავუწიეთ, თბილისის სხვადასხვა ადგილებიც მოვატარეთ. 8 აპრილს რუსთაველზე რომ გამოვიარეთ, ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო, მაგრამ რადგან მთავრობის მანქანებით გადავაადგილდებოდით, გაგვატარეს. ლონდონელმა ქალბატონმა მანქანის გაჩერება მოითხოვა, როდესაც შეხედა უსინათლოები რომ მღეროდნენ, მათთან მივიდა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. მეორე დღეს, მანქანამ რომ არ მომაკითხა, დავიბენი. დავრეკე და ბრიტანელმა ქალბატონმა მიპასუხა, ყველაფერი ვიციო... თურმე 9 აპრილის საშინელებას გულისხმობდა. იგი სასტუმროს

აივნიდან ხედავდა როგორ მოემართებოდნენ რუსის ტანკები... როგორღაც მივაღწიეთ ამ ქალბატონამდე და ფუნიკულიორზე წავიყვანეთ საუზმისთვის. იქედან დაბრუნებულები სამხედროებმა დაახლოებით 20 წუთი შეგვაყოვნეს და ამ დროს ჩემთან ქალბატონები მოვიდნენ. მათ კონვერტით მომაწოდეს ფირი, რომელშიც 9 აპრილის საშინელი კადრები იყო. ეს კადრები ვიღაც მოყვარულის გადაღებული იყო... როდესაც ლონდონელ ქალბატონს ვახშამზე ფირი გადავეცი, მითხრა, ჩემთვის ისედაც ყველაფერი ცხადია, ეს საკუთარი თვალით ვნახე და ლონდონში რომ ჩავალ, ფირს მარგარეტ ტეტჩერს გადავცემო... ქალბატონმა დანაპირები შეასრულა, როგორც კი ლონდონში ჩავიდა ფირი გადასცა და ყველას გვახსოვს, რა მკაცრად გამოვიდა მაშინ მარგარეტ ტეტჩერი და როგორ გააკრიტიკა რუსეთი... ეს მოყვარულის გადაღებული ფირი კი მარგარეტ ტეტჩერის გამოსვლის შემდეგ იქაურ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა.