რესპუბლიკური პარტიის ირგვლივ ატეხილი სკანდალის შესახებ “ვერსიამ” ექსკლუზიური კულუარების მოპოვება შეძლო, რომელთა ნაწილიც ფაქტებით დასტურდება. ცნობილია, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვა იქცა ამ სკანდალის მიზეზად. მურმან დუმბაძე, პრაქტიკულად, გაემიჯნა ულტრამემარჯვენე პარტიის ფუნდამენტურ იდეებს, ღიად გაილაშქრა ბათუმის ცენტრში, თურქეთის ყოფილი სულთანის, აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ დუმბაძემ რამდენჯერმე სთხოვა პარტიის აღმასრულებელ ბიუროს, დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე, რესპუბლიკელები ფეხს ითრევდნენ. 23 მარტს კი, დუმბაძემ მეჩეთის აშენების მოწინააღმდეგეებთან ერთად ბათუმში მიტინგი მოაწყო, ღიად დაუპირისპირდა პარტიულ ბოსებს და, შეძლება ითქვას, ამ ნაბიჯით, რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ძლიერი რეგიონული ორგანიზაცია, ფაქტობრივად, დაიშალა. იურიდიულად, ცხადია, არსებობს, მაგრამ ძველი რესპუბლიკელების დიდი ნაწილი, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, დუმბაძის მხარეს დადგა.
მურმან დუმბაძე: სულთან აზიზიეს მეჩეთი არასდიდებით არ უნდა აშენდეს ბათუმში. იცით, მზადდება განზრახულობათა ოქმი, საქართველოსა და თურქეთის მთავრობათა შორის, სადაც წერია, რომ მეჩეთი ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ აშენდება. აქ არ არსებობს ნაცვალგების პრინციპი. სამართლიანობა ის იქნებოდა, თუ ოშკში მართლმადიდებლურ აღმსარებლობასაც დაუშვებდნენ. თურქეთი არის 80-მილიონიანი, უზარმაზარი ამბიციების მქონე სახელმწიფო, მას აქვს სოლიდური პოლიტიკური პრეტენზიები აჭარაზე, რომელიც ყარსის ხელშეკრულებითაა განმტკიცებული. უკვე აჭარაზე მეტია ბათუმში თურქეთის ფინანსური ინტერესები. ჩემი აზრით, ეს ბიზნესაქტივობაც თურქეთის მხრიდან, დიდწილად, პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული. ცხადია, უკვე აშკარაა ბათუმში თურქეთის იდეოლოგიური გავლენაც და აზიზიეს მეჩეთიც, სწორედ ამ ყველაფრის ერთგვარი სიმბოლური გამოხატულება უნდა იყოს - პოლიტიკური, ფინანსური, იდეოლოგიური ინტერესები თურქებმა მეჩეთით უნდა გააერთიანონ. არ დაგვავიწყდეს, როდიდან აქვთ ინტერესი აჭარის მიმართ თურქებს.
ბატონო მურმან, ხშირად გაიგონებთ, რა შეიცვლება, ბათუმში ერთი მეჩეთი იქნება თუ ორიო...
- ამ კითხვაზე უკვე გიპასუხეთ. პროფესორ გიორგი ოთხმეზურს რომ ჰკითხოთ, 400 მეჩეთით მეტი იქნება თუ ნაკლები, არც ამით შეიცვლება რამე. თან ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება. ვთქვათ, 50 წლის მერე რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც მოისურვებს ამ მეჩეთის დანგრევას ან სხვაგან გადატანას, ვერ შეძლებს, რადგან მეორე მხარის - თურქეთის თანხმობის გარეშე - ხელშეკრულების დენონსაცია შეუძლებელია. ეს არის ამ ხელისუფლების ბრიყვული, უგნური გადაწყვეტილება და ყველაფერს ვიღონებ, ხელშეკრულება დაიბლოკოს. ვინც ვერ ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს აზიზიეს მეჩეთი აშენდება თუ არა ბათუმში, შევახსენებ - აჭარაში, გამორჩეულად ბათუმში, აშკარაა თურქეთის ექსპანსია, აქ თურქებს, ყველა ნაბიჯი პოლიტიკურად აქვთ გათვლილი. ამ ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ მომავალ თაობას საშარო საქმე დაუტოვოს.
არსებობს ვერსია, რომ აზიზიეს მეჩეთის თემა თქვენს წინააღმდეგ თქვენმა პარტიულმა ბოსებმა გამოიყენეს. კერძოდ, თქვენ საკმაოდ მზარდი რეიტინგი გქონდათ აჭარაში და ბოლო არჩევნებისას, ხელვაჩაურში ორჯერ მეტი ხმა დააგროვეთ, ვიდრე ბერძენიშვილმა - ბათუმში. ამავე ვერსიით, დათო ბერძენიშვილმა იგრძნო საფრთხე, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ბათუმში სერიოზულ კონკურენციას გაუწევდით და, სამომავლოდ, თავის ტკივილს ამჯობინა, საკუთარი გავლენა გამოეყენებინა პარტიაში და გაგრიცხათ.
- ჩემი პარტიიდან გარიცხვა იყო უგუნური გადაწყვეტილება. ფაქტია, დღეს რესპუბლიკურ პარტიას აჭარაში ორგანიზაცია აღარ ჰყავს, 242 კაცი გავიდა პარტიიდან, თან ისეთი ხალხი, ათეულობით წელი ერთგულად რომ მსახურობდნენ. დათო ბერძენიშვილმა ბევრი გააკეთა პარტისთვის. ასლან აბაშიძის დროს ორჯერ მოიგო ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ვარდების ხელისუფლების მოსვლის მერე, მისი რეიტინგი დაეცა. ესეც ფაქტია და სხვაზე უკეთ დათომ იცის. ის არ იყო გულწრფელი თვითმმართველობისას, რეგიონული პოლიტიკის, სარწმუნოების მიმართ... თქვენს ვერსიას, ნაწილობრივ, ვეთანხმები, მისი რეიტინგი ბათუმში ძალიან რომ დაეცა, ეს ფაქტია, მაგრამ მურმან დუმბაძის შეეშინდა თუ არა, მაგაზე ნუ მალაპარაკებთ.
რატომ, პოლიტიკური კონკურენტისა ყველას ეშინია და ჩაძირვას ცდილობს.
- მოდით, ამ თემაზე ნუღარ გავაგრძელებთ საუბარს, მოკლედ, ასე ვიტყვი - არ გამოვრიცხავ, თქვენი ვერსია ჭეშმარიტებასთან ახლოს იყოს.
მურმან დუმბაძის საკუთარ პარტიასთან დაპირისპირებას ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ რესპუბლიკელებთან მრავალთვიანი დავის მიუხედავად, მათ არ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ კონსტიტუციაში გარკვევით წერია: ისეთ სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებებში, სადაც რელიგიური საკითხები უნდა განიხილონ, საპატრიარქოს მონაწილეობა კანონითაა განსაზღვრული. დუმბაძე აცხადებს, რომ მან დაზუსტებით იცის, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კატეგორიულად მოითხოვა კონკორდატის უფლებების გამოყენება და საქართველო-თურქეთს შორის მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართვა, თუმცა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა უარყო.
ერთი ექსკლუზიური დეტალიც - რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი, პარალელურად მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის ფონდში, ანუ ნიკა ვაჩეიშვილის უწყებაში. ყოფილი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ჩავლეიშვილის 3000 ლარი აქვს ხელფასი და, მართლაც, გაოცებით კითხულობენ: რა უნდა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ რეგიონულ ლიდერს, საკრებულოს წევრს, სახელმწიფო სამსახურში?
ირაკლი ჩავლეიშვილი აზიზიეს მეჩეთის აშენების საფასურად ოშკის აღდგენის მომხრეა, მაგრამ ცოტა ძნელი დასაჯერებელია მისი გულწრფელობა - სხვაგვარად იტყვის და სამსახურსაც დაკარგავს.
მურმან დუმბაძესთან ბათუმში უკვე იყვნენ ჩასული სოზარ სუბარი და ნინო ბურჯანაძის პარტიის უცნობი ემისარი. უცნობია, რა საკითხებზე ისაუბრეს, მაგრამ ორივეს დუმბაძის საკუთარი პარტიაში გადაბირება სურდა. დუმბაძე ამ თემაზე საუბარს თავს არიდებს, თუმცა, ამ მალავს, რომ მას სხვადასხვა პარტიებიდან უკვე შეეხმიანენ. მათ შორის, ლიდერებიც. დაბოლოს, ერთი, ვფიქრობ, მეტად სკანდალური ინფორმაციაც.
არ არის გამორიცხული, მურმან დუმბაძესთან ერთად, ახალი პარტიის ლიდერთა ტანდემში თამაზ დიასამიძე ვიხილოთ, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ ნაცმოძრაობა დატოვა. კულუარული ინფორმაციით, უკვე დაწყებულია მოლაპარაკება დიასამიძესა და ყოფილ რესპუბლიკელებს შორის. თუ თამაზ დიასამიძე ამ წინადადებას დაყაბულდა, ის იქნება ახალი პარტიის თავმჯდომარე.
თუ ეს გაერთიანება შედგა, აი, მაშინ მართლა დიდი თავისტკივილი ექნებათ “რესპუბლიკელებს” არა მარტო აჭარაში და არა მარტო მათ - თამაზ დიასამიძეს, თავის დროზე, იმხელა რეიტინგი ჰქონდა, მიხეილ სააკაშვილმა ლამის აჭარაში პირველკაცად დანიშნა. შემდეგ, პოლიტინტრიგების წყალობით, ეს საქმე ჩაიშალა და დიასამიძე ორჯერ გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და დღესაც არის. უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე აჭარიდან ახალი პარტია წამოვა, რომელსაც არა მარტო ამ რეგიონის მართვის პრეტენზია ექნება.
“ვერსია” შეეცადა, ბათუმში მოძიებული ინფორმაციები ადრესატებთან გადაგვემოწმებინა და, პირველ რიგში”, დავით ბერძენიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა: “პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომაზე არცერთ კაცს ეჭვქვეშ არ დაუყენებია მურმან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვის სამართლიანობა. ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება და ამ საკითხზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ.” რაც შეეხება ირაკლი ჩავლეიშვილს და მის 3000-ლარიან ხელფასს, “ვერსიის” ინფორმაციით, იგი 1969 წლიდან იგი გახლავთ კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტოში. ამჟამად, როგორც თავად აცხადებს, არის ნაკრძალის მმართველი და ხელფასის სახით იღებს 440 ლარს. რაც შეეხება დუმბაძე-დიასამიძის ახალ პარტიას, რესპუბლიკელები მის შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობენ.