“ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება პენსიის 100-ლარამდე გაზრდის შესახებ და პარლამენტში ბიუჯეტის ცვლილებებიც შევიდა. ესEინიციატივა “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ხალხს ვპირდები, რომ ამ კუთხით მანმადე ვიბრძოლებთ, სანამ პენსია საარსებო მინიმუმს არ გაუტოლდება,” - აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი ინგა გრიგოლია:
- სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, საააკაშვილმა ხალხი დააიმედა, პენსიას 100-დოლარამდე გავზრდიო, მაგრამ ეს დაპირებაც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. აქამდე თბილისელები რაიონებში მცხოვრებ პენსიონერებზე 10 ლარით მეტს იღებდნენ და ამ გზით ხელისუფლება სურდა, საარჩევნოდ პენსიონერთა ხმები მიეზიდა, ანუ თბილისი გახლდათ ერთადერთი ქალაქი, სადაც მერის პირდაპირი არჩევნები ტარდებოდა. დღეს ხელისუფლება აცხადებს, გვინდა, ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ და 100-ლარამდე გავზარდოთ პენსიაო, მაგრამ “ქრისტიან-დემოკრატები” ასეთ მოთხოვნას ვაყენებთ - ჯერ დაფარონ 100 ლარიანი დანამატი თბილისის კი არა, ცენტრალური ბიუჯეტიდან. თუ ხელისუფლება ამ პირობას მიიღებს, თბილისის ბიუჯეტში დაგვეზოგება - არც მეტი, არც ნაკლები - წელიწადში 34 მილიონი ლარი. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ჩვენ მოვითხოვთ 34 მილიონის მიმართავს ჯანდაცვის პროგრამების დასაფინასებლად.
საერთოდ, ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა და თავის ტკივილია. ამიტომ, ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ ცენტრალურ ბიუჯეტის პარალელურად, შევიდეს ცვლილებები თბილისის ბიუჯეტშიც... აქვე, ვაუჩერების თემასაც შევეხები. ხალხს ჰგონია, რომ მთავრობამ კეთილი ნება გამოიჩინა და 20-30 -ლარიანი დახმარებები დაურიგა. სინამდვილეში კი, ჯანდაცვის რეფერალური პროგრამებიდან მოხსენა ეს თანხა და ვაუჩერებისთვის გამოყოფილი 50 მილიონი ასე დააფინანსა. მერე კი, განაცხადა, გაიზარდა ბიუჯეტიო და უკან მხოლოდ 30 მილიონი დააბრუნა. საკითხავია, სად წავიდა 20-დან 24 მილიონამდე თანხა?
ორი თვის წინ “ქრისტიან-დემოკრატებმა” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეთ სარჩელი, რომლითაც ერთიანი კომუნალური გადასახადის დაწესებას აპროტესტებდით. ამ საკითხთან დაკავშირებით სიახლე ხომ არაფერია?
- ორი კვირის წინ საკრებულოს სხდომაზე მოვითხოვე, რომ სანამ სასამართლო ჩვენს სარჩელს განიხილავს, ერთიანი ქვითრის თემა შეჩერდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ამ გადასახადებს ვერ იხდის. ხელისუფლებას შევთავაზეთ თანამშრომლობაზე წამოსვლა, მაგრამ უარი გვითხრა. საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენს სარჩელზე განსახილველად ვადა 9 თვე აქვს, ამიტომ ვერ დავადანაშაულებ ვადების დარღვევაში, მაგრამ მოვითხოვ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი სარჩელის განხილვა. იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის განხილვაზე უარს იტყვის, მაშინ ხელმოწერების შეგროვებიდან დაწყებული, მწვავე აქციებით დამთავრებული, დავუპირისპირდებით ამ გადასახადებს!
ახლახან საერთაშორისო ორგანიზაცია “ენ-დი-აი”-ს კვლევები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, “ნაცმოძრაობას” მოსახლეობის, თურმე, 52 პროცენტი უჭერს მხარს. ინგა, ენდობით ამ გამოკითხვას?
- “ნაცმოძრაობას” არ აქვს ეს მაჩვენებელი და თავად “ენ-დი-აი”-მ გააპროტესტა “ნაციონალების” ნათქვამი, რომ მათ თითქოს 60%-მდე მხარდაჭერა აქვთ. სტაბილური მეორე ადგილი გვაქვს “ქრისტიან-დემოკრატებს”, ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული მაჩვენებელია... ამ გამოკითხვებში დასმეული იყო კითხვა: “დღეს რომ იყოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს?” ოპოზიციის კანდიდატებიდან გიორგი თარგამაძე ლიდერობს, თუმცა ეს არაა ის შედეგები, რომლითაც შეიძლება, კმაყოფილი იყო, რადგან პირველ ადგილზე მაინც “ნაცმოძრაობა” გავიდა.
ზოგი ოპოზიციური პარტია ამტკიცებს, რომ ეს გამოკითხვა “ნაცმოძრაობის” დაკვეთით ჩატარდა. თქვენც ასე არ ფიქრობთ?
- თუ სახელისუფლო რესურსა და ტელევიზიების უზარმაზარ პროპაგანდას გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს “ნაცმოძრაობის” პირველი ადგილი. მთავარი უბედურება ისაა, რომ ჩვენთვის არაა გახსნილი ტელევიზიები და მხარდამჭერები ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ჩვენი საქმიანობის შესახებ. ეს გამოკითხვა ჩემთვის ძალიან დამაიმედებელია იმ თვალსაზრისით, რომ “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” არის რეალური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
მინდა, საპარლამენტო დებატების თემას შევეხო. მიუხედავად იმისა, რომ “ქრისტიან-დემოკრატებმა”, მართლაც, მწვავე დებატები გამართეს, არასაპარლამენტო ოპოზიციამ დებატები მაინც სპექტაკლად მონათლა...
- სპექტაკლი შეიძლება, უწოდო იმასაც, როცა იპოდრომიდან ათასობით ადამიანს დაძრავ, მერე, შეაჩერებ და შინ გაუშვებ. ჩვენ არავის საქმიანობაში არ შეგვაქვს ეჭვი და არ ვსვავთ კითხვის ნიშნებს. თუ აკვირდებით, “ქრისტიან-დემოკრატები” ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც “ნაცმოძრაობის” გარდა არავის ვასხავთ თავზე ლაფს. ბრალდებები დაუსრულებლად შეიძლება იყოს, მაგრამ ამით ისევ ოპოზიცია ზარალდება. ზოგის რეიტინგი 1 და 2 პროცენტზეა დასული, რაც იმ ნიჰილიზმითაა გამოწვეული, რომელიც ჩვენი საზოგადოების თანამდევი ნაწილია. როგორ შეიძლება, იყოს თამაში, როცა მთავრობის გადადგომას ითხოვ, უმძიმეს ბრალდებებს დაულაგებ წინ და, პრეზიდენტიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული, მთელ მთავრობას გააშავებ?
ყველაფრის მიუხედავად, “ქრისტიან-დემოკრატები” “ნაციონალების” სატელიტ პარტიად სახელდებით...
- გავიხსენოთ ოპოზიციის ბეგ-რაუნდი _ ზოგიერთი პოლიტიკოსი უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, გიორგი თარგამაძემ კი, მათ არ მიბაძა და ძალიანაც კარგი ქნა. მეტი რა უნდა გააკეთოს პარტიამ პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ? გიორგი თარგამაძემ დანაშაულებრივი სქემები გაუშიფრა და პირში უთხრა პრეზიდენტს, კორუფციის სათავეში შენ დგახარო... ესაა ჩვენი პოლიტიკური გზა. სხვების გზა უკვე ვნახეთ იპოდრომსა და რიყეზე მუქარის და “დედის გინების” დონეზე... ჩვენ გვჭირდება გახსნილი მედია და სამართლიანი არჩევნები. დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, გაძლევთ პირობას, “ნაცმოძრაობა” უმრავლესობით ვეღარ მოვა. ჩვენ გვყავს არადემოკრატი და მატყუარა ხელისუფლება, რომელიც ხალხს ჰპირდებოდა დემოკრატიას.
სააკაშვილი ხელისუფლებაში იმ პირობით მოვიდა, რომ თავისუფალი სიტყვა, კანონის უზენაესობა, სასამართლო უკიდურესად თავისუფალი იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, მივიღეთ სრულიად გაპარტახებული სიტყვის თავისუფლება, განადგურებული სასამართლო სისტემა. მათ საკუთარი ხალხი რომ ადარდებდეთ, ასეთ მძიმე პირობებს არ შეუქმნიდნენ. ინფლაცია, ეროვნული ბანკის მაჩვენებლით, 14%-ია, უკიდურესათაა ფასები გაზრდილი და ამის ფონზე ხალხს კიდევ უზრდიან გადასახადებს. ამაზე მეტი უბედურება რაღა შეიძლება მოუტანოს ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს? როცა მიშა ხელისუფლებაში მოდიოდა, მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი და ღია ეთერში ვთქვი, სააკაშვილს ხმას არ მივცემ-მეთქი, ასეც მოვიქეცი. უფრო ადრე კი, ეკა ბერიძის გადაცემაში ვთქვი, ამ ქვეყანას დაღუპავენ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორები-მეთქი და ასეც მოხდა. სამწუხარო ისაა, რომ სააკაშვილი იმ ხალხმა მოიყვნა ხელისუფლებაში, ვინც დღეს მისი ყველაზე გამოკვეთილი მტერია და ჩვენს ოპოზიციონერობაში ეჭვი ეპარება. არც ინგა გრიგოლიას, არც - გიორგი თარგამაძეს და არც - ლევან ვეფხვაძეს მიშა ხელისუფლებაში არ მოუყვანია.
ისეთი პირი უჩანს, რომ “რვიანში” შემავალი პარტიები ამაოდ იბრძვიან საარჩევნო პირობების გასაუმჯობესებლად - ხელისუფლება დათმობებზე არ მიდის...
- მართალია, ხელისუფლება დათმობებზე არ მიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას უნდა შევეგუოთ. ვერც ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა ვერ მიაღწია, რომ თავის ჭკუაზე გადმოეყვანა ხელისუფლება, მაგრამ ყველამ ერთად უნდა მოვახდინოთ ზეწოლა “ნაცმოძრაობაზე” და სამართალიანი არჩევნების ჩატარება ვაიძულოთ. მე ამ ტიპის პოლიტიკა მომწონს, პოლიტიკა წარმომიდგენია ტრიბუნიდან, მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩაშიც, მაგრამ როცა გარეთ, ხალხთან გადიხარ, ზუსტად უნდა იცოდე, რითი ასრულებ ამ ბრძოლას. ჩვენ პოლიტიკური დაპირისპირებებისაგან გამიჯნულნი ვართ, ვისაც უნდა, გვაკრიტიკოს, ვისაც უნდა, იძახოს, რომ ხელისუფლების სატელიტი პარტია ვართ, მაგრამ მე სხვების სატელიტობაში უფრო შემაქვს ეჭვი. უბრალოდ, არ მინდა მათი დასახელება, რადგან ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ არ შევიდეთ დებატებში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან.