ელენე თევდორაძეს სააკაშვილმა თანამდებობა დაატოვებინა

ელენე თევდორაძეს სააკაშვილმა თანამდებობა დაატოვებინა

სააღდგომოდ, პრეზიდენტი პატიმრების ნაწილს შეიწყალებს. შეწყალების კომისიაში უკვე განიხილავენ 300-ზე მეტი მსჯავრდებულის განაცხადს, რომელთა შორის 10-მდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმეა. განხილული განაცხადები, რეკომენდაციით, უახლოეს დღეებში პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, “ვერსია” შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ელენე თევდორაძეს ესაუბრა, რომელმაც ერთი საკმაოდ საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტიც გაგვიმხილა - მიუხედავად იმისა, რომ იმავე კაბინეტში ზის და კართან, დღემდეა აბრა, წარწერით: “მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე”, ის ამ თანამდებობიდან, იანვრის შემდეგ, პრეზიდნეტის გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულია.

 

ელენე თევდორაძე: 17 აპრილს, შეწყალების კომისიის წევრები შევიკრიბებით და მსჯავრდებულთა განცხადებებს კიდევ ერთხელ გავეცნობით. მათ შორის კი, 10 არასწრულოვანის საქმეა. განხილვის შემდეგ, ჩვენი რეკომენდაციები გადაეგზავნება პრეზიდენტს.

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პრეზიდენტთან შეწყალების რეკომენდაციას გაუწევთ?

- რეკომენდაციის გასაწევად ორი კრიტერიუმი არსებობს: მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს მოხდილი სასჯელის ნახევარი. ასევე, აუცილებელია, ციხიდან მას ჰქონდეს დადებითი დახასიათება. არ განვიხილავთ იმ მსჯავრდებულის საქმეებს, რომლებიც გაუპატიურების, ნარკოტიკის მოხმარება-გაყიდვის, ყაჩაღობის მუხლით არიან გასამართლებულები. კიდევ შეიძლება გაგება, როცა ადამიანს მოშივდა და საკვები მოიპარა, მაგრამ მაგნიტოფონის ქურდობა უკვე მძიმე დანაშაულია. ამიტომ, ყველა საქმეს დაწვრილებით ვეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ, მივცეთ თუ არა პატიმარს რეკომენდაცია.


აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ არ განვიხილავთ იმ პატიმრების საქმეებს, რომლებმაც სასჯელის ნახევარი ციხეში უნდა გაატარონ, მეორე ნახევარი კი პირობითად მოიხადონ. ზოგჯერ, ადვოკატებსაც შეჰყავთ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრები შეცდომაში. ბევრისგან მომისმენია, რომ ადვოკატები 6 თვის შემდეგ შეწყალებაზე გასვლას ჰპირდებიან. ეს არის სიცრუე და ყველას ვთხოვ, ცრუ დაპირებებს ნურავის მისცემენ, რადგან შემდეგ ჩვენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ხოლმე.

 

ვერ განვიხილავთ იმ ადამიანების საქმეებსაც, რომლებსაც მხოლოდ პირობითი აქვთ მისჯილი. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვჭირდება დახასიათება ციხიდან. შესაბამისად, ამ საბუთს ვერ წარმოგვიდგენს პატიმარი, რომელიც გარეთ იმყოფება. ხშირად ისეც ხდება, რომ ზოგი პატიმარი, პრეზიდენტისაგან შეწყალებას ხელმეორედ ითხოვს. კომისიას არც მსგავსი საქმის განხილვის უფლება აქვს.  თუ პრეზიდენტმა პატიმარს ერთხელ უკვე შეუმცირა სასჯელის ვადა ან გაუნახევრა და ის პატიმარი ისევ ითხოვს შეწყალებას, მას ხელმეორედ ვერ მივცემთ რეკომენდაციას. მოკლედ, კომისიას აქვს წესები, რომლებიც პრეზიდენტმა დაგვიდო და ჩვენ მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად ვმოქმედებთ.

 

თქვენი რეკომენდაციით, შარშან გაცილებით მეტი ადამიანი შეიწყალა პრეზიდენტმა. გამოდის, შესაწყალებელ პატიმართა რაოდენობის დადგენისას შეზღუდულები ხართ?

- განცხადება წელსაც არანაკლები შემოვიდა, მაგრამ წელს გადარჩევის პროცესში ძალიან ბევრი განცხადება გავცხრილეთ. საკმაოდ უცნაური შემთხვევებიც გვქონდა - პატიმრები თავად აცხადებდნენ უარს შეწყალებაზე. ერთ-ერთი პატიმრის მშობლებმა, შვილისთვის შეწყალების მისაღებად კომისიაში განცხადება შემოიტანეს, მაგრამ როცა სოციალური მუშაკი პატიმართან მივიდა, აღმოჩნდა, რომ ის თავად იყო წინააღმდეგი. ასეთი პატიმრების რიცხვმა ძალიან იმატა. აქ ორი მიზეზია: პატიმარმა თავიდანვე არ აღიარა დანაშაული და, შესაბამისად, არ სურს, რომ შეწყალება მიიღოს და მეორე - ადვოკატები ეუბნებიან თავიანთ დაცვის ქვეშ მყოფებს, უმჯობესია, ბოლომდე მოიხადოთ სასჯელი, ვიდრე შეწყალებაზე გახვიდეთო. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზია.

 

მით უმეტეს, შევარდნაძის დროს, შეწყალებულ პატიმარს პირობითი სასჯელი რჩებოდა. ახლა კი, შეწყალებული პატიმარი ყოველგვარი პირობითი პატიმრობის გარეშე უბრუნდება თავისუფალ ცხოვრებას. ამიტომ ადვოკატების პოზიცია ჩემთვის გაუგებარია.

 

განცხადებების შემცირების მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ პატიმრების  ახლობლები დახმარებისთვის საპატრიარქოსაც მიმართავენ. საპატრიარქოსთან კი, ჩვენს კომისიას ურთიერთობა არ აქვს. ასე რომ, რაოდენობის თვალსაზრისით, არავინ გვზღუდავს. თავად საქმე “გვკარნახობს”, მივცეთ თუ არა რეკომენდაცია პატიმარს. ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემთან სამი ქალბატონი მოვიდა. მათ ახლობელი პატიმრების შეწყალება ითხოვეს, თუმცა სანამ ჩვენ მათ განცხადებებს განვიხილავდით, პატიმრები გარდაიცვალნენ. ძალიან განვიცადე, როცა ამის შესახებ შევიტყვე. სულ სხვაა, როცა პატიმარი გამოდის ციხიდან და საკუთარ ოჯახში დალევს სულს. აუტანელი ტკივილია ნათესავებისთვის, როცა პატიმარს გარდაცვლილს გამოასვენებენ ციხიდან.

 

მე დღეში ძალიან ბევრ ადამიანებს ვხვდები და დეტალურად ვუხსნი კომისიის კრიტერიუმებს. იმედი მაქვს, როცა სიაში შესული პატიმრების შესახებ გახდება ცნობილი, უკმაყოფილო არავინ დარჩება.

 

ქალბატონო ელენე, ერთ დროს საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსი იყავით. ბოლო დროს კი, ძალიან იშვიათად ჩანხართ. რა არის თქვენი პასიურობის მიზეზი?

- ადრე პარლამენტში ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების დაცვის კომიტეტში ვიყავი. ასე რომ, ძალაუნებურად, მიწევდა აქტიურ პოლიტიკურ რეჟიმში ცხოვრება. მაშინ ასპარეზი სხვანაირი მქონდა. ამჟამად მე ერთადერთი სამსახური მაქვს - ვარ შეწყალების კომისის თავმჯდომარე. ასე რომ, როგორც შემიძლია, ისე ვაქტიურობ.

 

ერთადერთი სამსახური რატომ გაქვთ? კი მაგრამ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აღარ ხართ?

- მინისტრის მოადგილე იანვრის ბოლოდან აღარ ვარ. სამინისტროში რეორგანიზაცია მოხდა და მე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გამათავისუფლეს.

 

თუმცა ამის შესახებ არსად გახმოვანებულა და თქვენი კაბინეტის შესასვლელთან დღემდეა აბრა, წარწერით: მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე.

- დიახ, ჩემი გათავისუფლების ამბავი ნამდვილად არსად გახმაურებულა. სხვათა შორის, სწორედ დღეს ვამბობდი, რატომ აწერია ჩემს კაბინეტს დღემდე მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძე-მეთქი. ჩამოვხსნით უახლოეს მომავალში. ჩემი ერთადერთი ფუნქცია არის შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობა. თუ მანამდე პარლამენტში ყოფნის დროს და მინისტრის მოადგილეობის პერიოდში კომისიის თავმჯდომარეობა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობად ითვლებოდა, ახლა ამაში ხელფასს ვიღებ.

 

კაბინეტის შეცვლაც არავის უთხოვია თქვენთვის?

- ჩემი დღევანდელი სამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეკუთვნის, მაგრამ, რადგანაც მე ხშირად ვიღებ მოქალაქეებს, მინისტრის მოადგილისთვის განკუთვნილი კაბინეტი დამითმეს. 

 

ვინ მიიღო გადაწყვეტილება თქვენი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ?

- როგორც მოგეხსენებათ, რეინტეგრაციის სამინისტრო უპორტფელო მინისტრის სამინისტროა, სადაც ადრე ორი მოადგილე ვმუშაობდით. ძირითადი მოადგილე  მუშაობდა აფხაზეთისა და ოსეთის საკითხებზე, მე კი ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციის საკითხები მევალებოდა. რადგან ამ სამინისტროს აქცენტი გადატანილი აქვს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, ჩემი თანამდებობა გაუქმდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო.

 

რეინტეგრაციის სამინისტრო ძალიან აქტიური იყო თემურ იაკობაშვილის მინისტრობის დროს. ის დღეში სამჯერ თუ ოთხჯერ მაინც ჩნდებოდა ტელევიზიით, ახალ მინისტრზე და მისი მუშაობის სტილზე კი ვერაფერს ვიტყვი, რადგან მასთან, ფაქტობრივად, არ მიმუშავია. როგორ მუშაობს და რა მიმართულებით, ნამდვილად არ ვიცი.