საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლება პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ისეთი განცხადებები კეთდება, რომ მათ ოპოზიციის შეთავაზების არ ესმით. არადა, ფაქტია, რომ “რვიანმა” რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებას კიდევ ერთი ვარიანტი შესთავაზა, რაც პროცესს ჩიხიდან გამოიყვანდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უახლოეს დღეებში ბერლინში ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომა იგეგმება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სწორედ საარჩევნო რეფორმა იქნება.
სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, რომ ხელისუფლება ამ სხდომის გამართვამდე ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდეს. ეს კი როგორ მოხერხდება, ძნელი სათქმელია. “მთელი კვირის” წყაროს ინფორმაციით, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად ითვლება, საპარლამენტო უმრავლესობაში განიხილება ვარიანტი, რომელიც პარლამენტართა რაოდენობის 183-მდე გაზრდას ითვალისწინებს. ამაში კი გათვალისწინებული უნდა იყოს ოპოზიციის მოთხოვნები ისე, რომ ხელისუფლების ინტერესებს არსებითი საფრთხე არ დაემუქროს.
საარჩევნო სისტემის საკითხი ერთ-ერთია მათ შორის, რასაც ექპერტები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ “ოპოზიციური რვიანის” მხრიდან 9 პრეზენტაცია იქნა წარმოდგენილი, სადაც დაჯგუფებულია ის პრობლემები, რომლებიც არჩევნების ნორმალურად ჩატარებას უშლის ხელს.
მას შემდეგ კი, რაც პროცესი ჩიხში შევიდა, ოპოზიციის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ორ საკითხზე - ამომრჩეველთა სიებსა და საარჩევნო სისტემაზე და ითქვა, რომ თუკი ხელისუფლება მზად არის, არსებითად შეცვალოს ეს ორი საკითხი, ოპოზიცია ყველა დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობისთვის მზად არის.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ოპოზიციის ეს განცხადება ხელისუფლების მხრიდან ჯერ ულტიმატუმად შეფასდა, შემდეგ კი რეგიონების მოსახლეობის ინტერესების შელახვად.
საპარლამენტო უმრავლესობა ყველა განცხადებაში, რომელიც, რათქმა უნდა, ყველა ტელევიზიით რამდენჯერმე გადის, აქცენტირებულად საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციას სურს, რეგიონები პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის გარეშე დატოვოს და მათი ადგილები თავად დაიკავონ. ხელისუფლება კი ამას არ დაუშვებს და ამიტომ ოპოზიცია პროცესს შლის.
“ოპოზიციის მოთხოვნები ძალიან რადიკალური და არათანამიმდევრულია. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინათ რადიკალური და ხისტი პოზიცია დააფიქსირეს და უარი თქვეს ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებასა და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ვნახოთ, რა იქნება. მომავალს წინ ნუ გავუსწრებთ”,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი.
არადა, ფაქტია, რომ ოპოზიციის შეთავაზება არათუ რეგიონებში მაჟორიტარების შემცირებას ითვალისწინებს, არამედ, მათი ვარიანტით რეგიონების წარმომადგენელთა რაოდენობა უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ საბოლოო ვარიანტით, “რვიანი” შესათანხმებლად ხელისუფლებას სთავაზობს, ამომრჩეველთა ერთიანი სია შედგეს და პირადობის მოწმობები გაიცეს მოქალაქეთა ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე. ასევე, მათ მიერ ადრე წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის სრულფასოვან წარმომადგენლობას პარლამენტში, დამატებით წარმოადგენენ საარჩევნო სისტემის ორ მოდელს.
კერძოდ, ერთი მოდელი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის ნახევარი აირჩევა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან 50%-იანი ბარიერით. პარლამენტის მეორე ნახევარი აირჩევა პროპორციული სისტემით ერთიანი პარტიული სიებით. ამასთანავე, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა განისაზღვრება მათთვის პროპორციულ არჩევნებში მიცემული ხმების მიხედვით. შესაბამისად, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული ყველა კანდიდატი მიიღებს მანდატს; ხოლო პარტიას პროპორციული არჩევნებიდან მიეკუთვნება მხოლოდ იმდენი მანდატი, რამდენიც საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის უზრუნველსაყოფად. პარტია (ბლოკი) განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტ მანდატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რაოდენობას გადააჭარბებს პარტიის (ბლოკის) მიერ მაჟორიტარული წესით მოპოვებულ მანდატთა საერთო რაოდენობა.
რაც შეეხება მეორე მოდელს, “რვიანი” მიიჩნევს, რომ პარლამენტის 2-3 უნდა აირჩეს პროპორციული სისტემით, ერთიანიპარტიული სიებით, ხოლო 1-3 - ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 50%-იანი ბარიერით.
ოპოზიცია რომ მაჟორიტართა არც შემცირებას ითხოვს და არც რეგიონების წარმომადგენლის გარეშე დატოვებას, ფაქტია. ხელისუფლების ანგარიშით კი ოპოზიცია მაინც მაჟორიტართა შემცირებას ითხოვს.
“არა, ამას არ ითვალისწინებს. ჩვენ უფრო მაღალი რიცხვი გვაქვს. იმ რიცხვზე მაინც არ ადის და მეორე ვარიანტი რაც აქვთ, ერთი მესამედი მაჟორიტარი და ორი მესამედი პროპორციული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ავდივართ დაახლოებით ისევ იმ რიცხვზე, რაც გვქონდა მანამ, სანამ პარლამენტართა რიცხვი შემცირდებოდა”,- აცხადებს მინაშვილი ჩვენი კითხვის საპასუხოდ, თუ შემიცრება რანაირდა მოხდება, თუკი რეგიონები ერთმანდატიანის ნაცვლად 3-4 მანდატიანი გახდება.
ცხადია, რომ აქ საუბარია ხელისუფლების იმ ინტერესზე, რომ მაჟორიტარული სისტემა არ შეიცვალოს. არსებული ვარიანტი კი სწორედ ხელისუფლების ინტერესს ემსახურება, რადგან, როგორც წესი, გარანტირებულად გაჰყავთ იმდენი მაჟორიტარი, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის პრობლემა არ შეექმნათ.
ამას კი ისიც ამტკიცებს, რომ რამდენიმე დღის წინათ საქართველოში მყოფმა ნატოს გენმდივნის წარმომადგენელმა ერთის მხრივ საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება და მეოერს მხრივ, შეხვედრები სწორედ “ოპოზიციურ რვიანთან” გამართა.
სწორედ ამიტომ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯეიმს აპატურაის ეს ქმედება და განცხადება “ხელისუფლების მიმართ მკაფიო სიგნალი იყო”.
“ეს აპატურაის მხრიდან საკმაოდ კრიტიკული რეპლიკაა, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დროს იქნება გათვალისწინებული”, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
ხელისუფლებას კი ამის აღიარება არ უნდა. აპატურაის განცხადების შემდეგ მათი მხრიდან კომენტარი მთელი დღის განმავლობაში არ გაკეთებულა და მათთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ მხოლოდ ის ითქვა, რომ მათ რეფორმებზე ისაუბრეს.
“მე მგონი, ჩვენი ოპონენტები მისი ნათქვამის ინტერპრეტაციას აკეთებენ მათ ინიციატივებთან დაკავშირებით. მე აგიხსნით კონტექსტს. საუბარი ნამდვილად იყო რეფორმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში კი საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც ძალიან დადებითად შეფასდა. ასევე სხვა რეფორმებიც ძალიან დადებითად იყო შეფასებული, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაც.
ასევე საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის მნიშვნელობაზე და, ბუნებრივია, საარჩევნო რეფორმა მთავარი და ფუნდამენტური რეფორმაა და ეს ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული. ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა და ამ მიმართულებას ძალიან საფუძვლიანად ვუდგებით. ამ რეფორმას, ნატოც და საერთოდ განვითარებული სამყაროც მხარს უჭერს, მაგრამ ის, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს მათ ინიციატივებს, ეს რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინტერპრეტაციაა, ან გამიზნულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება”, -აცხადებს მინაშვილი.
მაგრამ, თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ ამ დღეებში ნატო-საქართველოს საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი სწორედ საარჩევნო რეფორმა იქნება, ადვილი მისახვედრია, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ სხდომის შესახებ ხელისუფლებას საუბარიც კი არ სურს.
ამიტომაც ახლა გადაწყვეტილება ხელისუფლების მისაღებია. თანაც ისე, რომ მათ ვარიანტი არსებით რეფორმად ჩაითვალოს.
მინაშვილი კი აცხადებს, რომ “მოვლენებს ასე ნუ უყურებთ დაწინ ნუ გაუსწრებთ. მოლაპარაკებები იქნება და მერე ვნახოთ”.
რა შეიძლება მოხდეს, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდი და არაოფიციალური ინფორმაციებით მსჯელობა არის შესაძლებელი.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ხელისუფლება ამ დღეებში ოპოზიციას პარლამენტართა 183-მდე გაზრდას შესთავაზებს. ამ სისტემაში კი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა როგორ გადანაწილდება,ძნელი სათქმელია. თავად ხელისუფლების მხრიდან ამაზე ოფიციალური კომენტარი მხოლოდ ის არის, რომ “მოვლენებს წინ ნუ ვუსწრებთ და ყველაფერი ამ დღეებში გამოჩნდება”.
მაგრამ საინტერესოა, რატომ არის მაინცდამაინც 183 მანდატი და ამას რითი ახსნიან. გარდა ამისა, საინტერესოა, ეს რაოდენობა როგორ იქნება დაკავშირებული სხვა საკითხებთან.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა უკვე წარმოდგენილი აქვს, რომელიც გარკვეულწილად ითვალისწინებს პარლამენტართა რაოდენობის გათვალისწინებას.
როგორც აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, არსებობს “ეუთოს” და”ოდირის” რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც დაცული უნდა იყოს ხმების თანასწორობის პრინციპი. დასაშვები სხვაობა კი შეიძლება10-15%-ს შეიძლება შეადგენდეს.
გამონაკლისი დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული და გეოგრაფიული მახასიათებლების გათვალისწინებით. მაგალითად, კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის დაცვა, არამჭიდროდ დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული.
ამისთვის კი ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობდა, რომ თითო მანდატი დაემატოს იმ ოლქებს, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ასეთ ოლქებად კი დასახელებულია თბილისში გლდანის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალოს და ისნის მაჟორიტარული ოლქები და ასევე ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, რუსთავის და ბათუმის მაჟორიტარული ოლქები.
მანდატების გადანაწილებისთვის კი ხელისუფლებას სამი ვარიანტი გააჩნია.პირველი ვარინატის თანახმად, 150 მანდატიანი პარლამენტი უცვლელად დარჩება, ხოლო მაჟორიტარების რაოდენობა გაიზრდება 83-მდე და პროპორციული მანდატების რაოდენობა შემცირდება 67-მდე.
შეგახსენებთ, რომ დღეს 150 მანდატი 75-75-ზეა გადანაწილებული. მეორე ვარიანტის თანახმად კი 150 დეპუტატს დაემატება 10 მანდატი. თუმცა, წარმოდგენილ პროექტში 150 მანდატს გამოკლებული აქვს 2 მანდატი, ახალგორის და კოდორის და ეს 158 მანდატი გადანაწილდება პრინციპით, - 83 მაჟორიტარული და 75 პროპორციული.
მესამე ვარიანტით კი მანდატების რაოდენობა 166-მდე გაიზრდება და თანაბრად, 83-83-ზე გადანაწილდება მაჟორიტარულ და პროპორციულ მანდატებზე. მაგრამ მაშინვე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების ვარიანტით ვერ ხდება იმ მოთხოვნის უზრუნველყოფა, რის გამოც რეფორმა უნდა გატარდეს.
“ეს არის ორი საკითხიდან ერთი, სადაც ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად გააზრებული პოზიცია გააჩნია, მაგრამ მათ აქაც ვერ უზრუნველყვეს ის მოთხოვნა, რასაც ჰქვია მანდატის წონის თანაბრობა და ეს აღიარეს კიდეც. რაც ყველაზე საინტერესოა 10-15%-ის ფარგლებშიც კი ვერ უზრუნველყვეს ეს თანაბრობა. ამიტომ ამ მიმართულებით მათი პოზიციები არის უსუსტესი და, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია არის არდათანხმებადი”, - განაცხადა პრეზენტაციისას “რვიანის” წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ.
ამიტომაც, თუკი ხელისუფლება მართლაც მზად არის, რომ მანდატების 183-მდე გაზრდას დათანხმდეს, პირველ რიგში, ეს იქნება ისევ მათი ინიციატივა და ძნელი სათქმელია, აქ ოპოზიციის ინტერესი რამდენად იქნება გათვალისწინებული. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ მათთვის ეს საკითხი საერთოდ უცნობია.
“პრობლემა არის იმაში, რომ ხელისუფლებას ამ თემებზე ღიად საუბარი არ სურს. ამიტომაც ვამბობ, რომ თუკი რაიმეს თქმა უნდათ, ღიად თქვან. თუ კულუარულად სადღაც ვიღაცას ყურში რაღაც ჩასჩურჩულეს და ახლა ჩვენ ამ ყურში ნაჩურჩულებზე უნდა ვიმსჯელოთ, ეს ყველაფერი არასერიოზულად მიმაჩნია. ამჟამად ჩვენ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს, როგორი იქნება მათი შეხედულებები ჩვენს შეთავაზებებთან დაკავშირებით”, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.