საოცარი მცენარეა ხავსი. ლამაზია, მწვანედ ხასხასებს, ათასგვარ მწერს კვებავს და, თუ საქმეს დასჭირდა, პოზიტივის მაძიებელთაც აძლევს მოჭიდების საშუალებას. ,,ხავსად', შეიძლება, გამოდგეს გახსნილი სათბური, ქუჩაზე ამოვსებული რამდენიმე ორმო, ღიმილიანი მინისტრი და ჯიბრიანი სახით გაკეთებული განცხადებები, რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება. ჩვენი თანამოქალაქეების ერთი ნაწილი, მართლაც რომ, დიდად აფასებს ხავსის ამ საოცარ თვისებებს და ხშირად ეჭიდება მას. მაგალითად, ქუჩაში შეხვედრილი ნაცნობი დარდით გიყვება თავის ვაგლახ ყოფას, სიდუხჭირეს, ოჯახის წევრების უმუშევრობას, გაძვირებულ ცხოვრებას... მაგრამ, განა, მთლად ასეა ცუდადაა საქმე? საუბრის ბოლოს ამატებს, რომ, სამაგიეროდ, მისი საზიზღარი მეზობელი ციხეში ჩასვეს, რომელიც საწყალი ხალხის ფულს ხაპავდა. ის დაჭერილი მეზობელი, ამ შემთხვევაში, მართალია, გვარიანად მომჭკნარი, მაგრამ მაინც იმედის ხავსია, რომ რაღაც მაინც კეთდება და სადაც ხავსია, იქ ,,მაგრამსაც' ყოველთვის იტყვიან.
ხავსის საოცარი თვისებების შესახებ საქართველოს მოსახლეობისთვის ისტორიულად ცნობილი იყო და ჩვენი წინაპრებიც გამუდმებით ეჭიდებოდნენ მას. მაგალითად, დიდი თურქობის დროს, ქართველები ამბობდნენ, მართალია, ჩვენს სოფლებში თურქები მოდიან, სახლ-კარს გვიწვავენ, ცოლ-შვილს ტყვეთა ბაზარზე გვიყიდიან, მაგრამ აი, გუშინ თურქი იანიჩრების მეთაურის ცხენს ფეხი მოსტეხია და ეს უკვე კარგი ამბავიაო. ხავსმოკიდებულობა არც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო უცხო ხილი. სტალინური რეპრესიებისა და მასობრივი დახვრეტის დროს იყვნენ ისეთები, რომლებიც იძახდნენ, რომ ხალხს რეპრესიებზე კი არა, სულ კარგ რამეებზე უნდა ეფიქრა. მაგალითად, თბილისში სანაპირო კეთდებოდა და ამის არდანახვა, აბა, როგორ შეიძლებოდა?.. ზვიად გამსახურდიას პერიოდში ხავსად ფსევდოპატრიოტული ყიჟინა ითვლებოდა, შევარდნაძის დროს კი _ არარსებული ,,სინათლე გვირაბის ბოლოს'. სააკაშვილის მმართველობის წლებში ყოველი კორპუსის გადაღებილი ფასადი და დაგებული გზა ამ ხავსის სათითაო ღეროდ უნდა ჩავთვალოთ. დღეს კი... მიუხედავად ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნეობრიობისა, ამ დიდებულ ხავსს დღეს რომ გასავალი აქვს, ეგრე, მგონი, მაინც არასოდეს ჰქონია. ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის სატელევიზიო გამოსვლებში, საგაზეთო ინტერვიუებსა თუ პირად საუბრებში საოცრად მძაფრად იგრძნობა ამ ხავსის მომნუსხველი სურნელი და ეს სურნელი ხან ისე შორსაც მიდის, ბევრი რიგითი ჩვენი თანამემამულის გონებასაც ბინდავს. მართალია, თვითონ არასოდეს აღიარებენ ამას, მაგრამ შორიდანაც კი ნათლად ჩანს მათ თვალებზე გადაკრული ლიბრი. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, ეს ლიბრი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაფერმკრთალდება და ყველანი დავინახავთ, რომ ხავსი მარადმწვანე მცენარე არ არის, ბოლოს, აუცილებლად დაჭკნება, გახმება და ზამთრის თოვლით დაიფარება. ერთ-ერთი ასეთი ზამთრის დროს კი, როდესაც ხავსიც გახმება და ხეებსაც ფოთლები გასცვივა, ყველაზე კარგად გამოჩნდება, ვინ ვართ, როგორ ვართ და სადაც ვართ.