საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით 2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ. მანამდე, ასევე ფარული მოსმენების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველმაც მიმართა და ეს პრობლემა აისახა მის ყოველწლიურ ანგარიშშიც.
სარჩელით მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მოთხოვნათა გაუქმება, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის (ე.წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების) არსებობას ითვალისწინებს. სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ საფრთხილოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოქმედი კანონმდებლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა აქვს „რეალურ დროში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ფარული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოოს და ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებიდან მონაცემთა ბანკების კოპირება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე განახორციელოს“.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განმარტავს, „ეს შენ გეხებას“ მიზანი, ცხადია, არ არის საგამოძიებო პროცესებს ხელი შეუშალოს:
„ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ, თუკი ადამიანი არის ძებნილი ან მან, სავარაუდოდ, ჩაიდინა დანაშაული, მისი ტელეფონის მოსმენა არ უნდა იყოს შესაძლებელი. ამაზე არ არის საუბარი... საუბარია იმაზე, რომ დღეს შს სამინისტროს აქვს საშუალება, რომ მოუსმინოს იმ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ“.
სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“, რომელმაც 8 აპრილს ე.წ. ფარული მოსმენების კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის პრეზენტაცია გამართა, მიუთითებს ინფორმაციის ტიპებზე, რომელთა მოპოვებაც შს სამინისტროს სასამართლოს ნებართვის გარეშე შეუძლია. აი, რისი გაგებაა იოლად ხელმისაწვდომი სამართალდამცველებისთვის:
„ვისთან საუბრობთ; როდის დაიწყო და რამდენ ხანს გრძელდება კომუნიკაცია; სად იმყოფებით თქვენ და თქვენი თანამოსაუბრე კომუნიკაციის დროს (ანძების მდებარეობის მიხედვით); რომელ საიტებს სტუმრობთ; ვის ეკონტაქტებით ინტერნეტის მეშვეობით; სად იმყოფებით იმ დროს, როდესაც ინტერნეტით სარგებლობთ“.
არასამთავრობო სექტორის სარჩელში, რომელიც უკვე შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში, ე.წ. ფარული მოსმენების კანონის მოთხოვნები კონსტიტუციის სამ მუხლთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. კერძოდ, საუბარია კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც გარანტირებულია „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი“. საუბარია ასევე მე-16 მუხლზე, რომელიც ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას და აქვეა
კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის მიხედვითაც,„ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
ასევე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფრო ადრე მიმართა სახალხო დამცველმა. კერძოდ, 2015 წლის 30 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში სადავოდ არის დასახელებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტი, რაც, ომბუდსმენის აზრით, წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნასთან.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული აქცენტი დასმულია სახალხო დამცველის ბოლო ყოველწლიურ ანგარიშშიც, რომელიც მან უკვე წარუდგინა პარლამენტს და ორიოდე დღის წინ მედიასაც გააცნო. უჩა ნანუაშვილი წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის მიერ იმ საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას, რომლის მიხედვითაც ახალი რეგულაციები დაინერგა ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის. თუმცა, უჩა ნანუაშვილის აზრით, კანონი კვლავაც დასახვეწია:
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა. ეს კი არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას“.
სახალხო დამცველის თქმით, 2014 წლის 30 ნოემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია იმ მხრივაც, რომ, მიუხედავად „პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის“ ინსტიტუტისადმი ნდობის მაღალი ხარისხისა, უწყება წარმოადგენს როგორც ფარული მიყურადების პროცესის მონაწილე მხარეს, ასევე ამ პროცესზე მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.