უკრაინის ომთან ერთად, პოსტსაბჭოთა სივრცეში მძლავრი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „კორესპონდენტი“ წერს და აღნიშნავს, რომ დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები შეეხო არა მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანას.
მსოფლიოს ხუთივე ვალუტა, რომლებმაც წელს ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისაა.
როგორც აღმოჩნდა, რეგიონის ეკონომიკების მაღალი ურთიერთკავშირი სსრკ–ს დაშლიდან 25 წლის შემდეგაც ნარჩუნდება, რაც „კასკადურ“ კრიზისს გარდაუვალს ხდის. ამ ქვეყნებში ვალუტების მკვეთრი დევალვაციის მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა საერთო პრობლემებიც არსებობს.
უკრაინულ გამოცემას მოჰყავს ექსპერტ ვასილი იურჩიშინის მოსაზრება, რომლის თანახმად აღნიშნულ რეგიონში კრიზისის საერთო მიზეზებს შორისაა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკების დაბალი კონკურენტუნარიანობა, მათი დამოკიდებულება შეზღუდული მოცულობის ბაზრებზე, ასევე რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხი.
კრიზისის შექმნაში დიდი როლი შეასრულა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირებამ.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკის 21%–ს, საქართველოს ეკონომიკის 12–ს და აზერბაიჯანის ეკონომიკის 2,5%–ს სწორედ უცხოეთიდან მიღებული გზავნილები შეადგენს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 42% ამ მხრივ ტაჯიკეთს აქვს, 31,5%–იანი მაჩვენებლით მას მოსდევს ყირგიზეთი, 25%–ით კი მოლდოვა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ საუბარია ეკონომიკური დამოკიდებულების უმაღლეს დონეზე მსოფლიო მასშტაბით.
მსოფლიოს ხუთი ქვეყნიდან, რომელთა მშპ ყველაზე მეტადაა დამოკიდებული უცხოეთიდან მიღებულ გზავნილებზე, სამი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა.
სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა რუსეთიდან გზავნილების დაახლოებით 40%–ს იღებენ, ყირგიზეთი 79%–ს.
იურჩიშინის თქმით, დევალვაციის სტიქია ყველაზე ნაკლებად ყაზახეთს შეეხო მიუხედავად იმისა, რომ მისი, ისევე როგორც რუსეთის ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული.
ყაზახური ვალუტა საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა, ამასთან, ხელისუფლებამ აქტიური რეფორმები გაატარა და მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა.
მოსახლეობა ტენგეს დევალვაციისთვის ემზადება და ვალუტას ყიდულობს, თუმცა სახელმწიფო ჯერჯერობით ინარჩუნებს სიტუაციას.
მთავრობა ტენგეს კურსის „დასაჭერად“ თვეში საშუალოდ 2–3 მილიარდ დოლარს ხარჯავს, რის გამოც ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახური ვალუტის „მცურავი დევალვაცია“ უნდა მოხდეს.
რაც შეეხება მოლდოვას, „კორესპონდენტის“ ინფორმაციით, მოლდოვური ლეი 2015 წლის დასაწყისიდან დღემდე დოლართან მიმართებაში 25,5%–ით გაუფასურდა.
ამ შემთხვევაში ვალუტის კურსის ვარდნა რამდენიმე მიზეზით მოხდა და მასზე ნეგატიური გავლენა იქონია რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკურმა კრიზისმა.
ასევე სერიოზული დარტყმა მიაყენა მოლდოვურ ვალუტას რუსეთის ემბარგომ ქვეყნის სასოფლო–სამეურნეო პროდუქციაზე. მოლდოვური ალკოჰოლური სასმელის რუსეთის ფედერაციაში შეტანა 2013 წლის სექტემბრიდანაა აკრძალული, 2014 წლის ივლისიდან კი აკრძალვა მოქმედებს ბოსტნეულისა და კონსერვების შეტანაზე.
მოლდოვა სამომხმარებლო პროდუქციის 70%–ს უცხოეთში ყიდულობს. რაც შეეხება ფულად გადარიცხვებს, ისინი 20%–ით შემცირდა. მოლდოვური ლეის დევალვაციის ერთერთი მთავარი ფაქტორი იყო საბანკო სექტორში შექმნილი პანიკა, რაც პოლიტიკოსთა განცხადებებს უკავშირდება. ეროვნული ბანკი იძულებული გახდა რამდენიმე მსხვილ ბანკში სპეცმმართველი დაენიშნა.
საქართველოს შესახებ „კორესპონდენტის“ მიმომხილველი წერს, რომ რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა ეს მაჩვენებელი შემცირდა უკრაინაში, რომელიც, რუსეთის სავაჭრო ემბარგოს მოქმედების პერიოდში ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა.
მთლიანობაში, იანვარში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 20%–ით შემცირდა ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. ამ მცირე ზომის ეკონომიკისთვის, რომელსაც 2,5 მილიარდ დოლარზე ნაკლები სავალუტო რეზერვები აქვს, ექსპორტის ასეთმა შემცირებამ დევალვაცია გარდაუვალი გახადა. საქართველო ასევე ძლიერადაა დამოკიდებული ფულად გზავნილებზე.
პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ვალუტების გაუფასურების ერთერთ მთავარ მიზეზად სახელდება რუსული რუბლის 75%–იანი დევალვაცია.
ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვია ნავთობის გაიაფებამ, რომელიც რუსული ექსპორტის ძირითად ნაწილს შეადგენს. ამ ფაქტორებს შორის ასევე სახელდება ყირიმის ანექსია და დასავლეთის სანქციები, რომელმაც რუსულ ბანკებს კაპიტალის მსოფლიო ბაზრებზე წვდომა შეუზღუდა.
კრემლს იმედი აქვს, რომ კრიზისს იმავე მეთოდით მოაგვარებს, როგორც ეს 2008–2009 წლების კრიზისის პერიოდში გააკეთა. მაშინ ხელისუფლებამ შეძლო მოთხოვნის სტიმულირება სახელმწიფო ხარჯების ზრდისა და იმ კომპანიების დახმარების გზით, რომლებსაც ვალები დაუგროვდათ. თუმცა ახლა რუსეთს არ აქვს ასეთი შესაძლებლობა, რადგან გაცილებით მოკრძალებული რეზერვები გააჩნია, ვიდრე ოთხი წლის წინ ჰქონდა. საუკეთესო შემთხვევაში მას ეს რეზერვები წელიწად–ნახევრის განმავლობაში ეყოფა.
ნათელი პერსპექტივები არ იკვეთება არც იმ ქვეყანაში, რომელიც ლარის გაუფასურების ერთერთი მთავარი მიზეზი გახდა – უკრაინის ეროვნული ბანკის მცდელობებმა, შემცირებული რეზერვების ფონზე გაცვლითი კურსის კონტროლი მოეხდინა, გამოიწვია ის, რომ ვალუტამ შავ ბაზარზე გადაინაცვლა.
სავალუტო ფონდიდან კრედიტის მიღების შემდეგ სავალუტო ბაზარზე სიტუაცია დასტაბილურდა. თუმცა 24 გრივნა ერთ დოლარზე (ნაცვლად 8–სა ერთი წლის წინ) უკრაინელებისთვის კვლავ შოკისმომგვრელია.
„დღემდე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ერთ ქვეყანაში მომხდარი სავალუტო შოკი ასეთივე შოკია სხვა სახელმწიფოებისთვისაც. როგორც ვხედავთ, ქვეყნები სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან ეროვნული ვალუტის დევალვაციას. ყველაზე კარგად სიტუაციიდან გამოსვლა ყაზახეთმა შეძლო მიუხედავად ნავთობის გაიაფებისა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთი. საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა მოლდოვაც. ბელორუსს უჭირს რუსეთზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, რომელსაც, თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის დასავლეთის სანქციები. ყველაზე ცუდად კი საქმე უკრაინას აქვს, რადგან მხოლოდ მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები,“ – დასძენს „კორესპონდენტი.“
ავტორ(ებ)ი : Korrespondent.net–ის მასალები