აზერბაიჯანელებმა ყაჩაღები ჩაქოლეს

აზერბაიჯანელებმა ყაჩაღები ჩაქოლეს

ოთხი გვამი და ოქროთი სავსე სამლიტრიანი ქილა

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, საქართველოდან აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ მასობრივი გადინება დაიწყო - წლობით ნაშენები მეგობრული დამოკიდებულება თითქოს თვალსა და ხელს შუა გაქრა. აზერები ტოვებდნენ ყველაფერს, კაპიკებში ყიდდნენ სახლებს და ისტორიულ სამშობლოში გარბოდნენ. ამას კარგად იყენებდნენ კრიმინალები, აზერბაიჯანელებს სწრაფად წასვლას სთავაზობდნენ და ამ სისწრაფეში ათასებად შეფასებულ ქონებას კაპიკებში ართმევდნენ...

,,20 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ. 20 წელია, ოჯახებით ვმეგობრობთ. ამიტომ გენდობი და მარტო ამიტომ არა, სხვა გზაც არ მაქვს, ამას ან მესაზღვრეები წამართმევენ, ან საზღვართან კრიმინალები დამაყაჩაღებენ. აქ დავიბადე, მე კი არა, ბაბუაჩემიც აქ დაიბადა. საქართველოა ჩემი სამშობლო და აქედან საბოლოოდ წასვლა არ მინდა. თუ სიტუაცია გამოსწორდა, დავბრუნდები, თუ არადა, მაშინ დავბრუნდები, როცა სიტუაცია დაწყნარდება ცოტა და ამის გადატანა სახიფათო არ იქნება', - ელშად ნასიბოვი ძველ მეგობარს, დავით ხს მისივე სახლში ესაუბრებოდა და თან ფეხებთან მიდგმულ ტომარას ნერვიულად დაჰყურებდა.

,,არ არის პრობლემა, დატოვე, რაც გინდა, თუ გინდა, იარაღი იყოს და შეგინახავ. როცა უნდა ჩამოხვიდე, ხელუხლებელი დაგხვდება. მე თუ არ დაგხვდები ცოცხალი, ჩემი შვილები დაგახვედრებენ, გპირდები', - მშვიდად უთხრა დავითმა.

ელშადამ თავი დაიქნია, წამოდგა, დავითის ოჯახს დაემშვიდობა და წავიდა. მეორე დღეს ელშადა აზერბაიჯანის გზას დაადგა. ჯერ სოფელ ულიანოვკაში დააყაჩაღეს, შემდეგ საზღვარზე მესაზღვრეებმა გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერი უნახეს და ისტორიულ სამშობლოში გაუშვეს. ამის შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა, ყველას ახსოვს: აზერბაიჯანელთა უმრავლესობა საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნდა ელშადაც თავის ოჯახთან ერთად და რამდენიმე დღეში დავითთან მივიდა. მეგობრის სახლში შესული მიხვდა, რომ არ ულხინდათ. საქართველოში მაშინ თავის გატანა ძალიან ჭირდა და თუ ვინმეს რამე ჰქონდა, გასაყიდად მიჰქონდა და საარსებო საკვებს ყიდულობდა. აზერბაიჯანელმა ჯერ დავითი მოიკითხა, მერე თავისი ძვირფასეულობა და გაოცდა, როცა სამლიტრიანი ქილა ისევ ხელუხლებელი გამოუტანეს.

,,დავიჯერო, არ გაგიჭირდათ?! ერთი ნივთი მაინც არ გაგიყიდიათ?' - სევდიანი ღიმილით თქვა ელშადამ.

,,და მერე შენთვის რა მეთქვა? ის, რაც მომაბარე, ვერ გავუფრთხილდიმეთქი?! სისულელეა მაგაზე საუბარი. მოდი, თითო დავლიოთ', - უპასუხა დავითმა და ჭაჭის არაყი ჩამოასხა. სამი ჭიქის მერე, ელშადა წამოდგა, ქილას თავი მოხადა და ზემოდან დადებული ბრილიანტის სამეული ამოიღო.

,,ეს თავიდანვე ასე მქონდა ჩაფიქრებული. თუ ძმა ხარ, უარი არ მითხრა, იმიტომ მიდევს სულ ზემოთ. შენი მეუღლის საჩუქარი იყოს', - თქვა აზერბაიჯანელმა, სამეული მაგიდაზე დადო და ვიდრე დავითი რამეს ეტყოდა, ოთახიდან გავიდა.

ვისაც ის დრო არ ახსოვს, დაჯერება გაუჭირდება, მაგრამ იმ ბრილიანტის სამეულით დავითის ოჯახმა ექვსი თვე თავი გაიტანა, მერე კი...

,,მამა, ელშადას სოფელში უბედურება ხდება. საყაჩაღოდ შევიდნენ და მგონი, სწორედ ელშადს აყაჩაღებენ', - ერთ დილით დავითთან უფროსი შვილი მივიდა და ცუდი ამბავი უთხრა. დავითმა მაშინვე მანქანის გასაღები აიღო და, შვილთან ერთად, აზერბაიჯანელების სოფელში წავიდა. სოფლის შესასვლელთან უცნაური სურათი დახვდა: პოლიციელებს სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა არ უშვებდა.

,,რა ხდება?!' - ჰკითხა პოლიციის უფროსს დავითმა.

,,რაღა რა ხდება?! ოთხი ბიჭი შევიდა საყაჩაღოდ, სოფელმა გაიგო, ხმაური ატყდა, ახლა ის ბიჭები სადღაც ჩიხში ჰყავთ მიმწყვდეული, ჩვეულებრივი ომია - სროლის ხმა ხომ გესმის?! სოფელი არ გვიშვებს, გზა აქვს გადაკეტილი. ნაწილი აქ, ჩვენ გვეომება, ნაწილი - იმ ყაჩაღებს. აღარ ვიცი, რა ვქნა. ჰო, ის შენი ძმაკაცი რომ არის, ელშადა, იმის სახლს დაეცნენ, იმას აყაჩაღებდნენ', - უთხრა პოლიციის უფროსმა.

დავითი გაფითრდა, აზერბაიჯანელებთან მივიდა და სთხოვა, ეგებ, შემიშვათო, მაგრამ უარი მიიღო. დაახლოებით, ორი საათის შემდეგ, სოფელმა გზა გახსნა და პოლიციის კორდონს დავითი თავის მანქანით გაჰყვა. იმ ჩიხში, სადაც ყაჩაღები ჰყავდათ მომწყვდეული, ხალხი ირეოდა. პოლიციელებმა ირგვლივ მიმოიხედეს, შემდეგ მოსახლეობას მიუბრუნდნენ და ჰკითხეს: - სად არის ის ხალხი?!

აზერბაიჯანელებმა ქვების გროვაზე მიუთითეს. ერთი შეხედვით, ეს ქვების გროვა მანქანიდან დაცლილ ხრეშს ჰგავდა - ქვა, დაახლოებით, სამი მეტრის სიმაღლეზე ეყარა.

,,ეს რა არის? იმათზე გეკითხებით, ვინც გაყაჩაღებდათ? გაგექცნენ ხომ?!' - იკითხა პოლიციის უფროსმა.

აზერბაიჯანელებმა ირონიულად გაიღიმეს და ისევ ქვების გროვაზე მიუთითეს. პოლიციის უფროსი გაფითრდა, თანამშრომლებს უბრძანა, ქვები გადაყარეთო და ნახევარ საათში ჯერ ერთი გვამი გამოჩნდა, მერე - მეორე, მესამე და... სოფელს ყაჩაღებისთვის სასტიკი განაჩენი ჰქონდა გამოტანილი: ჩაქოლა. ოთხივე მკვდარი იყო, სახე თითქმის არ უჩანდათ, თუმცა პოლიციის უფროსმა ოთხივე ამოიცნო.

,,რა უნდა ვქნა ახლა? სოფელს ხომ ვერ დავსჯი?! ან ვის გინდა, ხელი დაადო? ნახე, ყველა აქაა', - სასოწარკვეთილი ამბობდა პოლიციის უფროსი.

გვამები სასწრაფო მანქანებში გადაანაწილეს და იქაურობას გაეცალნენ. მარტო დავითი დარჩა შვილთან ერთად და მოსახლეობა მასაც აგრესიულად უყურებდა, ეგა ხართ ქართველებიო. დავითმა ელშადას ნახვა მოინდომა, თუმცა უთხრეს, ისიც საავადმყოფოშია, ყაჩაღებმა ყური მოაჭრეს და დააუთოვესო. დავითი საავადმყოფოში წავიდა.

ელშადა ლოგინზე იყო მისვენებული. თავი მთლიანად დაბინტული ჰქონდა, სხეულზე მალამო ესვა და ტკივილისგან კრუსუნებდა. დავითის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა და ატირდა. ტიროდა მისი ცოლიც, რომელმაც, სხვათა შორის, ტირილში ახსენა, რომ ყაჩაღები სწორედ იმ სამლიტრიან ოქროს ითხოვდნენ. დავითი გაშრა, უნდოდა თუ არა, ეჭვი იმაზე იქნებოდა, რომ სწორედ მას წამოსცდა ვინმესთან რამე. შვილსაც გახედა, კარგ დღეში ისიც არ იყო, თუმცა მამის გამოხედვას და კითხვას უსიტყვოდ მიხვდა და უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.

,,ელშად, შენ თუ ფიქრობ, რომ მე ვინმეს რამე ვუთხარი... ეგ რომ მდომოდა, ჩემთან როცა იყო ის ოქრო, მაშინ გავათამაშებდი დაყაჩაღებას და უფრო მარტივი იქნებოდა. გესმის?!', - დავითმა არეულად დაიწყო, თუმცა ელშადამ გააჩერა.

,,არაფრის ახსნა არ გინდა. ჩემი ბრალია, მე წამომცდა ერთგან ეგ ამბავი, მთვრალი ვიყავი და მოვყევი ყველაფერი, ისიც ვთქვი, შენი როგორი მადლიერი ვარ. ჰოდა, სადაც ეგ წამომცდა, იქიდან ერთი ვიცანი ანუ საკუთარი თავი თავადვე ჩავუშვი, მაგრამ არ მეგონა, თუ გამიმეტებდნენ. ისიც ხომ მეგობრის შვილია?! შენც იცი, გელას ბიჭია... გელასთან ვიყავი სტუმრად, მაგრად უჭირთ მაგათაც, ოქროს ბეჭედი მივუტანე, გაყიდეთ და იხეირეთმეთქი. გელა სახლს პატრონობდა ჩემსას და მაგიტომ ვაჩუქე. რა ქნეს, დაიჭირეს ისინი?!' - იკითხა ელშადამ და ცხადი იყო, რომ სოფელში მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა.

ახლა დავითი ჩავარდა ცუდ დღეში. გელასთანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა, მის ოჯახსაც იცნობდა, მის შვილსაც და ახლა ისიც იცოდა, რომ იმ ოთხიდან ერთერთი გარდაცვლილი მეგობრის შვილი იყო.

,,ჰო, ოთხივე პოლიციამ წაიყვანა. როგორ მოხდა ყველაფერი?!' - ჰკითხა დავითმა.

,,დაძინებას ვაპირებდი, გარეთ გამოვედი სიგარეტის მოსაწევად და მაშინვე იარაღი დამადეს და უკან შემაბრუნეს. წამებში გაგვთოკეს და პირდაპირ მითხრეს, სამლიტრიანით რომ ოქრო გაქვს, ის გვინდაო. მივხვდი, ჩაშვებული ვიყავი და ნიღბიანებს დავაკვირდი. გელას ბიჭი ვიცანი, მაგრამ არაფერი მითქვამს, უბრალოდ, მივახვედრე, არაფრის მომცემი არ ვარმეთქი. მერე დაუთოება დამიწყეს, მერე ყური მომაჭრეს და თურმე, ამ დროს მეზობელს რაღაც სჭირდებოდა და კარებს მოადგა. მისი სილუეტი ფანჯარაში დავინახე, მივხვდი, სოფელი მომეშველებოდა და იმასაც მივხვდი, ამ სულელებმა გარეთ რომ არავინ დატოვეს. ცოტა ხანში ჩოჩქოლი ატყდა, გაიხედეს და დაიძახეს, ალყაში ვართო. ჩვენ თავი დაგვანებეს და სროლით გაიქცნენ. მეზობლებმა საავადმყოფოში წამომიყვანეს, სროლის ხმა მესმოდა გზაზე, მეტი არაფერი ვიცი. ახლა გელას როგორ ჩავხედო თვალებში, ჩემი გულისთვის მაგის ბიჭს ციხეში უშვებენ', - თავი გადააქნია ელშადამ და პალატაში თანასოფლელებიც შემოვიდნენ.

აზერბაიჯანულად რამდენიმე სიტყვის თქმის შემდეგ, ელშადამ დავითს შეხედა, მიხვდა, რომ მეგობარმა სიმართლე არ უთხრა და...

,,მოკალით? ჩაქოლეთ?! როგორ გაიმეტეთ ოთხი კაცი?! მესმის, რომ დამნაშავეები იყვნენ, მაგრამ... ვაიმე, დაიქცა ოთხი ოჯახი ჩემი ოქროს გულისთვის', - ელშადა ლამის ტიროდა. დავითმა სოფლელებს ამბის გაგრძელება სთხოვა.

,,ჩიხში მივიმწყვდიეთ და ორმხრივი სროლა წავიდა. ვიცოდით, რომ ტყვიები გაუთავდებოდათ და ასეც მოხდა. სამაგალითოდ გვინდოდა დასჯა, სხვანაირად არ დაშინდებოდნენ სხვები. ამიტომ ჩავქოლეთ. ითხოვდნენ, არ დაგვხოცოთო, მაგრამ მაგაზე ადრე უნდა ეფიქრათ', - ელშადას თანასოფლელი აშკარად კმაყოფილი იყო.

***

ამ ამბიდან ცოტა ხანში, გელა ელშადას შეხვდა, არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ქაღალდში გახვეული ნივთი მიაწოდა და წავიდა. ელშადამ ქაღალდი გახსნა და ის ბეჭედი იცნო, რომელიც მეგობარს თავადვე დაუტოვა.

პატიმარი #0578