“ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ბიზნესის განვითარებაში ხელოვნური ბარიერები შემიქმნას”!

“ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ბიზნესის განვითარებაში ხელოვნური ბარიერები შემიქმნას”!

ქართველი ფეხბურთელის კახა კალაძის შესახებ, ბოლო დროს, არაერთი ჭორი გავრცელდა. ზოგი ამბობდა დაიჭირესო, ზოგიც - დაჭერას უპირებენო. ეჭვები საზოგადოებას მას შემდეგ გაუორმაგდა, რაც კალაძემ გიორგი დემეტრაძის განაჩენი გააპროტესტა. “ვერსია” კახა კალაძეს დაუკავშირდა და შეეცადა, რამდენიმე კითხვაზე პასუხი მიეღო.

 

ბატონო კახა, საკმაოდ დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კვლავ აქტიურად დაიწყო საუბარი თქვენსა და ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. გახდა თუ არა ამის მიზეზი დემეტრაძის დასაცავად გაკეთებული განცხადება?

- მე ადრეც არაერთხელ მითქვამს ხაზგასმით, რომ ძნელია, ადამიანმა არ დაინახო ზოგიერთი კარგი რამ, რაც საქართველოში ხდება და გაკეთდა. არ შეიძლება ურწმუნო თომასავით ყველაფერის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მქონდეს, მაგრამ, ვფიქრობ,

 

სახელმწიფოსა და კანონმორჩილ მოქალაქეებს შორის, დღეს უზარმაზარი უფსკრულია, რომელიც, სამწუხაროდ, დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება. ამით კი, ორივე მხარე ზარალდება. უკვე წლებია, ხელისუფლებას არ სიამოვნებს საზოგადოების ობიექტური აზრი, მათთვის ბევრად უმჯობესია, ვარდისფერი სათვალით უყურონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

 

როცა დემეტრაძე დააკავეს, გავრცელდა ხმები, რომ ეს ხელისუფლების მორიგი ხრიკი იყო თქვენს წინააღმდეგ. ეთანხმებით თუ არა ამ ვერსიას?

- ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. დრო ყველაფერს ახდის ფარდას, მაგრამ აქვე ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დემეტრაძის დაპატიმრება ჩემთან არანაირ კავშირში არ არის.

 

დემეტრაძის განაჩენი, ამ ეტაპზე, გასაჩივრებულია. გაქვთ იმედი, რომ განაჩენი შეიცვლება? რა იქნება თქვენი ერთგვარი ბრძოლის შემდეგი ეტაპი?

- მოგეხსენებათ, იმედი ბოლოს კვდება. რაც შეეხება დემეტრაძის საქმეს, დამწყები თუ გამოცდილი იურისტებიც ამბობენ, რომ ეს საქმე, შავით თეთრზე არის “შეკერილი”. ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტ, თუმცა, ამ ეტაპზე, რას ან როგორ გავაკეთებ, ზუსტად ვერ გეტყვით.

 

რა ეტაპზეა ამჯერად თქვენი სამშენებლო პროექტი “არსენალი სითი”?

- “არსენალი სითის” პროექტი, რომელიც, მართლაც, უზარმაზარია თავისი მასშტაბებით და ძალიან დიდი შემოსავლების მომტანი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია. მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ბოლომდე მეც ვერ გავერკვიე დეტალებში. აბსოლუტურად განსხვავებულ პასუხებს ვიღებ ამ პროექტთან დაკავშირებით.

 

სწორედ “არსენალი სითის” გამო, დაპირისპირება გქონდათ ეკონომიკის ყოფილ   მინისტრებთან. ვერა ქობალიასთან თუ მოახერხეთ შეთანხმება?

- ადამიანებთან და სახელმწიფოსთან კონფლიქტის მომხრე არ ვარ, პიროვნულად არ ვერჩი არავის.

 

ძალიან ბევრი მინისტრი შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა პრობლემები არ მქონია არცერთთან, გარდა ლაშა ჟვანიასი, რომელიც პირად შეურაცხყოფაზეც კი გადავიდა. საბედნიეროდ, რამდენიმე თვეში, იგი სამსახურიდან გააგდეს.

 

რაც შეეხება, ვერა ქობალიას, მასზე საუბარი, ამ ეტაპზე, არ მსურს. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავადაც არიდებს თავს ჩემზე საუბარს, ამიტომ არც მე გავახმაურებ ჩვენი შეთანხმებისა თუ შეუთანხმებლობის დეტალებს. ერთს ვიტყვი, რომ ამ ხნის განმავლობაში საერთო აზრამდე მისვლა ვერ მოვახერხეთ.

 

როგორც ცნობილია, თქვენ სასტუმროს აშენებდით ქობულეთში. დაასრულეთ  მისი მშენებლობა?

- სასტუმროს აშენებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. მე უკვე მაქვს ქობულეთში სასტუმრო “კოლხეთი”, რომლის რეკონსტრუქციას მაისის ბოლოს ვიწყებთ.

 

ბატონო კახა, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საკმაოდ ხშირად ვრცელდება ხმები, თითქოს ხელისუფლება თქვენ ხელს გიშლით ბიზნესის განვითარებაში. შეესაბამება ეს ხმები სიმართლეს?

- ვფიქრობ, თქვენს კითხვაშივეა პასუხი გაცემული.

 

ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ბიზნესის განვითარებაში ხელოვნური ბარიერები შემიქმნას. თუმცა, ვფიქრობ, მხოლოდ მე არ მაქვს მსგავსი პრობლემები ხელისუფლებასთან.

 

“კუს ტბა კალას” დირექტორი, ბესო ხარძიანი რამდენიმე თვის წინ დააკავეს. მაშინაც გავრცელდა ხმები, რომ მისი დაპატიმრება თქვენთან იყო დაკავშირებული.

- კუს ტბასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ვერ გეტყვით “კალას” სახელს რატომაა ეს კომპანია თუ ბიზნესმენი ამოფარებული. იცით, თუ ვინმეს ჩემი დაპატიმრება მოუნდება, არა მგონია, ჩემი მეგობრები, ბიზნესპარტნიორები ან ნათესავები დააკავონ, შორიდან ნამდვილად არ მომივლიან, პირდაპირ კარზე დამიკაკუნებენ.