“მას მერე, რაც პროკურატურაში განცხადება შევიტანე, უდესიანი საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ არ დაიჭირეს”, - ამ განცხადებას “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენი ჯონი გიგანი აკეთებს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ, გია უდესიანმა, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ხუთი მოწმის თანდასწრებით ესროლა. “უდესიანს ჩემი მოკვლა უნდოდა, მაგრამ შემთხვევით გადავრჩი”, - განმარტავს ჯონი გიგანი და იმ საქმის დეტალებს ასაჯაროებს, რომლის შესახებაც სამართალდამცავებს ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში მიმართა, თუმცა ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ გიგანი ახალგაზრდა გამომძიებელმა დაკითხა, განცხადებაზე კი, გამოძიება არ დაიწყო. “ჩემი განცხადების საფუძველზე უდესიანი რომ დაეჭირათ, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მაინც აღეძრათ, ბესო ხარძიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა”, - აცხადებს ბიზნესმენი და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს საგანგებო განცხადებით მიმართავს...
ჯონი გიგანი: - გადავხედოთ, რა იყო, ბესო ხარძიანი ციხეში რატომ მოხვდა: ხარძიანი და უდესიანი პარტნიორები იყვნენ, წილი კი, ძალისმიერი მეთოდით, ციხეში დაათმობინეს.
სხვათა შორის, მხოლოდ ბესოს კი არა, მის ძმასაც კატასტროფულად გაუსწორდნენ - უშუალოდ უდესიანმა და მისმა ხალხმა სცემა, მაგრამ ისეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო, რომ საჩივარიც ვერ დაწერა. ასეთი შეშინებული კაცი არ მინახავს... ადამიანს გარეთ ეს რომ გაუკეთეს, წარმოიდგინეთ, ციხეში ბესოს რას უზამდნენ?!
საერთოდ, როცა პარტნიორებს შორის ასეთი რაღაც ხდება, ბევრი ფაქტი აღარაა საჭირო, რომ მკვლელზე ეჭვი მიიტანო, თან აქ რომელ ეჭვზეა ლაპარაკი, როცა ბესოს თავის დროზე წამალი პირდაპირ პირში ჩაუდეს, მანქანა წაართვეს, დაიჭირეს...
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ თუკი, ვთქვათ, უდესიანს ხარძიანის მოკვლა უნდოდა, თავის დროზე, ანუ მაშინ მოკლავდა, როცა დაიჭირეს, მით უმეტეს, იმხანად პატიმრის გარდაცვალება ჩვეულებრივი მოვლენა იყო...
- მოკვლა, პრინციპში, მაშინაც უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს.
- რატომ?
- ჩართულობამ უშველა.
- ვისმა ან რა ჩართულობამ?
- თუნდაც ჩემმა და, ჩემგან გამომდინარე, ჩემი ოჯახის ჩართულობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა.
ბესო ხარძიანის წინააღმდეგ თავის დროზე უდესიან-ქურასბედიანის მიზანმიმართული სპეცოპერაცია ჩატარდა...
- უდესიან-ქურასბედიანს ვანო მერაბიშვილი და ახალაიები მფარველობდნენ?
- ხარძიანმა ციხეში თითქოს 800 ათასი წააგო. “ნაციონალების” დროს, როგორც თვითონ ამბობდნენ, “ქურდული სამყარო” აღარ არსებობდა და აბა, ფული როგორ და ვისთან წააგო? როგორც ციხიდან გამოსვლის მერე ბესომ მითხრა, ეს თანხა დათა ახალაიასთან მივიდა.
- ბატონო ჯონი, ბესო ხარძიანმა გია უდესიანი მეწილედ და ბიზნესპარტნიორად რატომ გაიხადა?
- უდესიანამდე, ბესო სახელმწიფომ, კუს ტბის გამო, 5 მილიონით, ასე ვთქვათ, დაატერორა.
- ეს 5 მილიონი ბუჯეტში შეიტანა?
- დიახ, ბიუჯეტში იძულებით შეატანინეს.
მოკლედ, უდესიანის, უფრო სწორად, ქურასბედიანის წილში შეყვანა იძულებული ნაბიჯი იყო. ყოველ შემთხვევაში, მომეჩვენა, ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მთელ ქონებას დაკარგავდა. არაა გამორიცხული, რომ ე.წ. სახელმწიფო ტერორიც უდესიანმა სპეციალურად მოუწყო...
ბიზნესმენის კუთხეში მიმწყვდევა უდესიანის სტილია - მაგალითად, საგადასახადოში თავისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიტანა... საგადასახადო ჩინოვნიკებთან, სუს-თან, კუდ-თან, ყველასთან შეკრული იყო და თავისთვის სასურველ ინფორმაციას აწვდიდა. უდესიანი მხოლოდ ბესოსთან კი არა, ყველასთან ასე იქცეოდა...
- ბატონო ჯონი, გასაგებია, რომ ბესო ხარძიანმა ქონებრივ დავაზე სასამართლოს პირველი ინსტანცია მოიგო, მაგრამ არ მგონია, ამის გამო მოეკლათ. იზიარებთ მოსაზრებას, რომ ხარძიანის მკვლელობა “ნაციონალებისგან” ყველა დატერორებული ბიზნესმენის დაშინებას ემსახურება, გაჩუმდით, წართმეული ქონების დაბრუნება არ მოითხოვოთ, თორემ “ცხრაგრამიანი” თქვენთვისაც მოიძებნებაო?.. მაპატიეთ და, რაღაცნაირად დათრგუნული მეჩვენებით...
- დიახ, ძალიან დათრგუნული და მისი ძმის მოქმედებით განაწყენებული ვარ.
- რას გულისხმობთ?
- ბესოს ძმის შიშმა მეორე მშიშარას მოქმედების საშუალება მისცა.
- ანუ?
- ძალიან გთხოვთ, რასაც ახლა გეტყვით, სიტყვა-სიტყვით დაწერეთ: თავის დროზე ბესოს მშიშარა ძმას ხმა რომ ამოეღო, მეორე მშიშარა, უდესიანი იმას ვერ გაბედავდა, რაც ახლა გაბედა, მაგრამ ხმის ამოღება კი არა, პროკურატურაში განცხადების დაწერაც ვერ გაბედა.
- მაშინ ხმის ამოღებას ძალიან ბევრი ვერ ბედავდა...
- მესმის, მაგრამ ძმა ციხეში ჰყავდა, ლაპარაკი სიკვდილ-სიცოცხლეზე იყო - ცემით ორივე სიკვდილის პირას მიიყვანეს...
- ბესო ხარძიანის ძმას პროკურატურაში საჩივარი რომც შეეტანა, ეს რას შეცვლიდა?
- ერთპროცენტიანი შანსი მაინც არსებობდა, რომ გამოძიება დაიწყებოდა...
- ბატონო ჯონი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სამართალდამცავებს თავად ბესო ხარძიანმა მიმართა, მაგრამ პრაქტიკულად, არაფერი შეიცვალა და ყველაფერი ხარძიანის მკვლელობით დამთავრდა...
- სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არსებობენ ადამიანები, ვინც უდესიანისნაირი “ტიპებისგან” ფულს იღებენ - უდესიანმა, როგორც ბესომ თქვა, ახალ ჩინოვნიკებთან, ახალ მთავრობასთან ურთიერთობა დაალაგა.
- ეს პირადად ხარძიანმა გითხრათ?
- პირდაპირ ამბობდა, უდესიანისგან ლაშა ნაცვლიშვილმა ფული აიღოო...
- სხვათა შორის, სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი მთავრობის მოქმედი ან ყოფილი წევრების ბრალდებებზე დოკუმენტური მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი, ყველაფერი ეს ხელისუფლების და, პირადად, პრემიერის დისკრედიტაციად ჩაითვლება...
- კანცელარიის განცხადება სასაცილოა!
- რატომ?
- პრემიერის დისკრედიტაცია რა შუაშია? პრემიერმა პრემიერის ადგილი დაიჭიროს და პროკურატურას ამ საქმის სასწრაფო გამოძიება დაავალოს. ასეთ სიბინძურეებს სხვაზე რატომ არ ამბობენ? ნაცვლიშვილებსს რატომ არავინ კითხავს? ეს წყალწაღებული მაიმუნები ვინ გვიგდიან, რომ ადამიანებს მისი მოქმედება ღუპავდეს?! უდესიანისგან ფულს რომ აიღებ, უდესიანზე ორჯერ არაკაცი და არაადამიანი ხარ!
- მტკიცებულება, რომ ნაცვლიშვილმა უდესიანისგან ფული აიღო, არსებობს?
- ვანო, შორს რომ არ წავიდეთ, ერთ ფაქტს გეტყვით: უდესიანმა მეც მესროლა, ამაზე განცხადება პროკურატურაში შევიტანე, მაგრამ ნაცვლიშვილმა დაბლოკა.
- რას ნიშნავს, დაბლოკა?
- ნაცვლიშვილმა ეს განცხადება სადღაც გადაისროლა და “ჭ” კლასის გამომძიებელმა დამკითხა... სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრეს. სწორედ ამით გამძაფრდა ჭორი, რომ უდესიანმა ნაცვლიშვილთან “დაალაგა”, თორემ რომელი ილია ჭავჭავაძე ან გალაკტიონი ეგ მყავს, რომ ეს თარეში აპატიეს? პროკურატურას უდესიანი ჩემი განცხადების საფუძველზე რომ აეყვანა, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაეწყო, დღეს ბესო ხარძიანი ცოცხალი იქნებოდა!
- უდესიანმა სად, როდის და რატომ გესროლათ?
- “ნაცების” გაქანებული დრო იყო...
“მორკინალის” წართმევა უნდოდა.
- “მორკინალის” მეწილე იყო?
- არა... ლადო კვარაცხელიამ, როგორც ინვესტორი, ვინმე ქურასბედიანი მომიყვანა. ლადოს ვკითხე, საიდან იცნობ-მეთქი და მითხრა, ხომ იცი, იპოდრომში უდესიანს პატარა წილი აქვს და მისგანო. მაშინვე უარი ვთქვი, უდესიანი არ გამაგონო, მაგას წილში არ შემოვიყვან-მეთქი.
- რახან წილში არ შემოიყვანეთ, ამიტომ გესროლათ?
- უდესიანმა, ალბათ, იუკადრისა, რომ წილში არ შემოვიყვანე. წილზე კი, უარი თავისი სიბინძურეების გამო ვუთხარი...
მოკლედ, ლადოს 50 პროცენტში შემოძვრა. ერთხელაც, მე, არქიტექტორი, აუდიტი ნიკო ბაკაშვილი და “მორკინალის” დირექტორი ლადოს ოფისში მივედით - ბიზნესზე ვლაპარაკობდით.
- უდესიანიც იქ იყო?
- დიახ. ფეხზე იდგა, ორი იარაღი ჰქონდა გარჭობილი და ვიღაცებს ტელეფონით ელაპარაკებოდა. ძმაო, მუხბერ, გენერალოო, და რაღაც სისულელეებს იძახდა - თავისი ჭკუით, მაშინებდა. ეს არ მომეწონა, მაგრამ არ შევიმჩნიე. რაღაცას რომ ვიტყოდი, ლაპარაკში ეჩრებოდა და ვიღაცებს ტუქსავდა, ერთხელ გავაჩერე, ან დაბრძანდით, ან გარეთ გადით და ხელს ნუ გვიშლით-მეთქი. მაპატიეთო და ოდნავ გვერდით გავიდა. ცოტა ხანში იგივე გაიმეორა - ლაპარაკში ისევ ჩაეჩხირა. მესამედ კიდევ რომ ჩაგვერთო, ფეხზე წამოვდექი და გავუმეორე: შენი ჭირიმე, ან დაჯექი, ან გარეთ გადი და ნუ ბუტბუტებ-მეთქი. ბუტბუტი, მოგეხსენებათ, გინება არაა... დაახლოებით, სამი მეტრის მოშორებით იდგა, იარაღი ამოიღო და თავში დამიმიზნა. მეგონა, მაშინებდა... გაისროლა... “მორკინალის” დირექტორმა ხელი აუკრა და ორი-სამი კიდევ გაისროლა...
ასე იყო თუ ისე, დავიშალეთ. ოფისიდან რომ გამოვედით, დამწვრის სუნი მეცა - საფეთქელთან ხელი მოვისვი და ერთი ბღუჯა თმა შემრჩა. გავიფიქრე, მკლავდა-მეთქი...
- რატომ არ იჩივლეთ?
- რა აზრი ჰქონდა?
- ბესო ხარძიანის ძმამაც ამ მოტივით არ იჩივლა.
- მე დაჭერილი არ ვიყავი და შემთხვევამ გადამარჩინა, ბესო კი, დაჭერილი იყო და გადარჩენის შანსი არსებობდა. სხვათა შორის, მისი მხრიდან შერიგების მცდელობა იყო, თუმცა არ შევხვედრილვარ.
- საქმე გააგრძელეთ?
- გააჩერეს.
- როგორ?
- ბალტიისპირელი მილიარდერი მოვიყვანე, რომელიც “მორკინალის” ტერიტორიაზე 28-სართულიან შენობას აშენებდა, დრაფ-კონტრაქტი გავაფორმეთ, პირველი ტრანშიც მომცა... აი, სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ უდესიანი და ქურასბედიანი. მოკლედ, პირველი ტრანში რომ მოვიდა, უდესიანმა ახალი, უფრო დიდი პროექტი შემომთავაზა.
- ჯერ ნასროლი არ ჰქონდა?
- არა... მეუბნება, უფრო დიდი პროექტის ინვესტორი მყავსო და, როგორც მერე გამოჩნდა, ეს დიდი ინვესტორი ქურასბედიანი იყო. ვუთხარი, რა დროს ესაა, პირველი ტრანში უკვე აღებული მაქვს-მეთქი. ამის მერე, ეს ბალტიისპირელი აღარ გამოჩენილა. “ნაცების” წასვლის შემდეგ, ჩემთან მოვიდა და ყველაფერი მომიყვა...
უდესიანს ჩემი ლიკვიდაცია უნდოდა - ამიტომ მესროლა. მერე, იტყოდნენ, სვანები ერთმანეთს დაეჯახნენო და ჩემს ქონებას მიითვისებდნენ. დღეს უდესიანი ბიზნესზე, ღორსებასა და ოჯახზე ლაპარაკობს, მაგრამ მაგისთვის ყველაფერი ეს უცხოა და ბესო ხარძიანიც წიწილასავით მოიცილეს. ყოველ შემთხვევაში, ბესოს ოჯახი ასე ამბობს და 99 პროცენტით ვეთანხმები...
იქ, სადაც ჩინოვნიკი უდესიანისგან ფულს აიღებს, სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ჩინოვნიკი რომ ხარ და ფულს იღებ, ხომ უნდა იცოდე, რომ უდესიანი “ჩაგიშვებს” და იტყვის, აი, ურთიერთობა დავალაგეო. ილაპარაკა კიდეც და ეს მთელმა თბილისმა იცის...
ვკითხულობ: განცხადებაში დეტალურად მეწერა, რომ ხუთი მოწმის თანდასწრებით მესროლა, მაგრამ უდესიანი ამ ფაქტზე რატომ არ დაიჭირეს?
- ესე იგი, გარკვეული საფრთხე თქვენც გემუქრებათ?
- საფრთხე მხოლოდ მე კი არა, ყველას გვემუქრება!
- რატომ? ქვეყანაში “ბეზპრედელია”?
- ასეთი “ბეზპრედელი” 90-იან წლებშიც არ იყო - მაშინ დაცვის რაღაც საშუალება მაინც გქონდა, ახლა კი, ესეც არ არსებობს: ხმას ამოიღებ და მოგკლავენ. კანცელარია რომელ დისკრედიტაციაზე ლაპარაკობს? - საქმეს რომ ვერ აკეთებს, თავისი თავის დისკრედიტაციას ამით ახდენს!
- ერთი სიტყვით, მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებთ?
- რა თქმა უნდა - აქ უდესიანისა და მისნაირების მფარველობაზეა ლაპარაკი. ეს კი, კატასტროფას მათვე მოუტანს, ვინც უდესიანისნაირებისგან ფულს იღებს, თორემ ხალხი ბრძენია და სახელმწიფოს არაფერს დაუშავებს. მათ კი, ვინც “მაყუთი” აიღეს, არავინ არაფერს აპატიებს!
- უდესიან-ნაცვლიშვილის კონტექსტში ზვიად ჯანყარაშვილის პერსონაც ახსენეს. ამ უკანასკნელის ადვოკატი ამბობს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი და, ასევე, “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი სასამართლოს მიმართავს...
- კი ბატონო, იჩივლოს!
ახლა მთავრობა ცდილობს, უდესიანისნაირი ტიპების მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვას, ის ხალხი კი, ვინც მთავრობაში მოიყვანა, დაიჭიროს. დამიჭირონ, რა პრობლემაა!
მოკლედ, ყველაფერზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს!
- რა ფორმით?
- თუ მათ არ დაიჭერენ, ვისზეც კატასტროფული ხმა ვრცელდება, ხალხი მთავრობას არ აპატიებს - ეს აქსიომაა!
- ზოგი ამბობს, რომ ხარძიანის მკვლელობას შესაძლოა, ე.წ. სვანური ვენდეტა მოჰყვეს, ანუ ხარძიანის ახლობლებმა უდესიანზე შური იძიონ...
- რა სისულელეა! თუ ვენდეტაზეა ლაპარაკი, იმის გამო, რაც უდესიანმა გაუკეთა, ბესო ციხიდან რომ გამოვიდა, მაშინვე მოკლავდა. ვენდეტა რომ სდომებოდა, ბესოს იმის საშუალება ჰქონდა, ვიღაცისთვის ხუთი ათასი გადაეხადა და იმ გარეწარისთვის, ვინც ასე საცოდავად მოკლა, შუბლი გაეხვრიტა!
- ასეა თუ ისე, ბატონო ჯონი, ზოგს არ სჯერა, რომ ხარძიანის მკვლელობის კვალი უდესიანამდე მივა... მკვლელობის მოტივად რა მიგაჩნიათ?
- ქონების უკან დაბრუნება არ უნდათ...
- მაშასადამე, ყველა წართმეულ ქონებაზე დავა მკვლელობით დასრულდება?
- აბა, რა?! ბავშვი ვიყავი, ბიზნესი რომ დავიწყე და დღემდე მახსოვს ბაბუაჩემის სიტყვები, სხვის ქონებას არასოდეს შეეხო, რადგან ეს ერთი კაცის კი არა, ოჯახის არისო. დასავლეთში კაპიტალის დაცვა ადამიანის უფლებების დონეზეა აყვანილი და არეულობის პირველი ნიშნები მაშინ იკვეთება, როცა ვინმე კერძო საკუთრებას შეეხება.
ხელისუფლებას დრო ჯერჯერობით კიდევ აქვს. ამიტომ, ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს...
- ბიძინა ივანიშვილი წელიწადზე მეტია, ხელისუფლებაში აღარაა...
- კი ბატონო, მაგრამ ვინც ხელისუფლებაშია, მათ არ გაუმართლეს...
დიდი მადლობელი ვარ, რომ ივანიშვილმა “ნაცების” კატასტროფა გაწია, მაგრამ ვიღაცამ ამ კატასტროფით ხელი გაისვარა - ფული აიღო, სიბინძურეები ხდება, კატასტროფული კორუფციაა და თუკი ყველაფერი ეს არ შეჩერდა, მკვლელობები კიდევ მოხდება. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ყველა, ვინც დანაშაულს ფარავს, უნდა დაისაჯოს.
ბიძინა ივანიშვილს მორალური პასუხისმგებლობა აქვს, რომელიც კანონზე მაღალია და რაკი მას ვენდეთ, ამიტომ ვთხოვ, რომ ეს ყაჩაღი მთავრობა მოგვაცილოს! ვანო, იცით, ეს მთავრობა როგორია? - არც სოფელი იცის, არც - ქალაქი, არც - დაბა, არც - მთა, არც - ქართული წესი, საერთოდ, არაფერი იცის. არარაობა მთავრობა გვყავს - უდესიანისნაირებისგან ფულს რომ აიღებ, არარაობა ხარ, აბა, რა ხარ?!
- ბატონო ჯონი, გამორიცხავთ, რომ ვინმემ თქვენი განცხადებები “ოცნების” საწინააღმდეგოდ აღიქვას?
- ერთი შეკითხვა მაქვს: “ოცნება” ვინ იყო? “ოცნება”, პირველ რიგში, “ოცნების” დამაარსებელია - ხალხმაც ხმა ბიძინა ივანიშვილს მისცა. ჩემი ოჯახი მათ შორისაა, ვისაც ხალხმა, ივანიშვილის მერე, ხმა მისცა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ჩვენც ვგრძობთ. შეიძლება, ყველანი ნაცვლიშვილსნაირებს გვანაცვალონ?
- შეურაცხყოფილი ხართ?
- დედას გეფიცებით, ის დრო არ მოვიდა, რომ დავწყნარდე და ჩემი საქმე ვაკეთო: რევოლუციამდე არაერთი ტერაქტი მომიწყვეს, “ნაციონალებმა” ექვსი კაცი დამიჭირეს. ახლა კი, ადამიანი იმისთვის მოკლეს, რომ სიმართლეს ითხოვდა! ეს იმის მესიჯია, რომ რაც უნდა მოხდეს და ვინც უნდა მოკლან, არავინ არაფერს გამოიძიებს და ვაკჰანალიაში ვართ.
- ანუ, ეჭვობთ, რომ ხარძიანის მკვლელობა არ გაიხსნება?
- დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოიძიებენ, რადგან უდესიანის თქმით, ამ მთავრობასთან ყველაფერი დალაგებული აქვს.
- ისე, დიდი ხანია, ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილე აღარაა...
- კი ბატონო, მაგრამ მთავრობას ბევრი “ნაცვლიშვილი” ჰყავს!