"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროექტის" კორუფციული სქემის შესწავლა დაიწყო.
ეს პროექტი ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც გამგეობებისა და ამხანაგობების თანადაფინანსებით მრავალბინიანი კორპუსების გამაგრებითი, გადახურვის, სადარბაზოების სარემონტო და სხვა სამუშაოები მიმდინარეობდა. გამომძიებლები იმან დააინტერესა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სამუშაოს ასრულებდნენ ერთი და იგივე კომპანიები, რომელთაც გამგეობის ხელმძღვანელი პირები პირადი ფინანსური დაინტერესების საფუძველზე არჩევდნენ. კანონმდებლობის თანახმად კი, სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეერჩია ამხანაგობის თავმჯდომარეს, მაგრამ ხშირად გამგეობა არჩევდა სასურველ კომპანიას და ამხანაგობის თავმჯდომარეს სთხოვდა, მასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება, სანაცვლოდ კი ამხანაგობას არ მოუწევდა თანადაფინანსების ფარგლებში დაწესებული 20%-ის გადახდა. კორუფციული სამკუთხედის მიხედვით, სამშენებლო კომპანიას დოკუმენტებში შეჰქონდა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას. შედეგად, გარიგებაში მყოფი პირები მოტყუებით ეუფლებოდნენ საბიუჯეტო სახსრებს. გარიგება კი ყველა მხარისთვის მომგებიანი გახლდათ: ამხანაგობა თავისუფლდებოდა 20%-იანი თანადაფინანსებისგან, გამგეობის ხელმძღვანელები, საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები და სამშენებლო კომპანია კი შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ინაწილებდნენ.
ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში გოგოლისა და ფიროსმანის ქუჩის ბინათმესაკუთრეებიც მოხვდნენ, სარემონტო სამუშაოებისთვის თანხაც გამოიყო. "კვირის პალიტრამ" ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა, თუმცა, ფოტომასალიდანაც კარგად ჩანს, რომ იქ სამუშაოები არ ჩატარებულა (თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ გოგოლის #10-სა და ფიროსმანის #18-ში გადაღებულ ფოტოებს). ვის ჯიბეში მიდიოდა სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხები? სამშენებლო კომპანიებს მერიის მაშინდელი მაღალჩინოსნები არჩევდნენ და კორუფციული გზით თანხებს ითვისებდნენ. წყაროს ცნობით, ამ საქმეზე მალე დაკითხვაზე დაიბარებენ მთაწმინდის ყოფილ გამგებელს, ნიკა მელიას, ჩუღურეთის ყოფილ გამგებელს, დავით დაღელაშვილსა, და დიდუბის ყოფილ გამგებელს, ლევან მხეიძეს.
ლევან მხეიძე ჯერ კიდევ 2014 წელს მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოების შესახებაც დაჰკითხეს. ამჟამად ის საქართველოში არ იმყოფება - გაურკვეველი ვადით გაემგზავრა აშშ-ში. ნიკა მელიას საგამოძიებო ორგანოსთან პრობლემები ერთხელ უკვე ჰქონდა, როდესაც ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე ბრალი წარუდგინეს. გასულ წელს დაჰკითხეს დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მეუღლე და ჩუღურეთის ყოფილი გამგებელი დავით დაღელაშვილიც. ის პროკურატურაში ჟვანიას საქმეზე გამოიძახეს. დაღელაშვილი ჟვანიას დაცვის წევრი გახლდათ.
ჩვენ ყოფილ გამგებლებთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი განგვიმარტეს, რომ ამ ფაქტზე ბრალი უკვე წარედგინათ ერთ-ერთი კომპანიისა და საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელ პირებს, კორუფციულ სქემაში კი მერიის ყოფილ მაღალჩინოსნების მონაწილეობის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება...
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2013-2014 წლებში დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს "არადელის"“დამფუძნებელი და დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძე. ამავე საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კერძო საექსპერტო დაწესებულების, შპს "ახალი საქქალაქმშენპროექტის" დირექტორი ბაკურ მირიანაშვილი და ექსპერტი გიორგი ლაშხი. უწყების ცნობით, შპს "არადელის" დირექტორმა, ბიჭიკო ტიტვინიძემ, გამგეობებისთვის წარდგენილ აქტებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება, ამის შედეგად კი მიიტაცა გამგეობების კუთვნილი 109.808 ლარი, საექსპერტო დაწესებულებამ კი შპს "არადელის" შესრულებულ სამუშაოებზე გასცა ყალბი დასკვნები, რითაც დაადასტურა, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობა შეესაბამებოდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას, რის საფუძველზეც გამგეობამ მშენებელს ჩაურიცხა თანხა, მაშინ როდესაც სამუშაოები არ შესრულებულა" - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მანამდე კი, შესაძლოა, საქმეში კიდევ არაერთი ბრალდებული, მათ შორის ცნობილი პირები გამოიკვეთონ, საუბარია ყოფილ გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებზე.