ევროკავშირის მისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერ შევა?

ევროკავშირის მისია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვერ შევა?

“რუსეთს, რომელმაც აღნიშნული ტერიტორიებიდან გაუშვა ეუთო და გაერო, გარეშე თვალი ევროკავშირის სახით ნამდვილად არ სჭირდება”, - აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. ექსპერტი გიორგი ვოლსკი კი იმასაც დასძენს, რომ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო მონიტორების შესვლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში პრაქტიკულად განუხორციელებელია.

 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე დამკვირვებელთა შეშვებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

 

ამის შესახებ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა საქართველოში მუშაობის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.

მისი თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი მონიტორები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არ დაიშვებიან, მისია თავის მანდატს მაინც ეფექტურად ასრულებს”.

 

ჰაბერმა ისიც დასძინა, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების შეშვებას უახლოეს დროში არ ვარაუდობს. იგი საქართველო -რუსეთის ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის”.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი ბრიუსელში ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურად და სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის განყოფილების უფროსად დაინიშნა. ელჩი საქართველოს 29 აპრილს დატოვებს.

 

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპეტი გიორგი ვოლსკი “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციების შესვლა და მათ მიერ საქმიანობის წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს შეუწყობს აღნიშნულ ტერიტორიებზე სამშვიდობო პროცესის განახლებას.

 

გიორგი ვოლსკი: “რასაკვირველია, ეს ახლა თითქმის განუხორციელებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია. აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვებასთან დაკავშირებით პირველად საუბარი დაიწყო ეუთოზე. აშშ-ს წარმომადგენლებმა ასტანის სამიტის შეხვედრის წინ მოსამზადებელ კონფერენციაზე პოლონეთში განაცხადა, რომ აშშ და ევროკავშირი იზრუნებენ და ყველა ზომას მიიღებენ იმისათვის, რათა ცხინვალის რეგიონში საქმიანობა ეუთომ განაახლოს. თუმცა ეუთოს შეშვება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ევროკავშირს, საუბარი იმაზე, რომ ადმინისტრაციული საზღვარი ევროკავშირის წარმომადგენლებმა გადაკვეთონ, იყო აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე. ხელშეკრულება გაფორმდა თუ არა მედვედევსა და სარკოზის შორის, მაშინვე გადაწყდა ეს საკითხიც. მაგრამ ევროკავშირის შეშვება ვერც მაშინ მოხდა და ვერც ახლა მოხდება, რადგან არც რუსეთს და არც დე ფაქტო მმართველებს არ აწყობთ. თავად აფხაზებსა და ოსებს, რომლებიც პირისპირ არიან დატოვებულნი რუსული ჩექმის ქვეშ, სრულებით აძლევს ხელს აღნიშნულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვება. მაგრამ არ უნდა რუსეთს”.

 

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ აფხაზეთში გაეროს მისიის შენარჩუნება შესაძლებელი იყო. საქართველოს ხელსუფლებამ კი, ვოლსკისვე მოსაზრებით, მისიას ფუნქცია აფხაზეთში დაუკარგა. აქედან გამომდინარე, ექსპერტი ასკვნის, რომ თუკი ერთი მხრივ საერთაშორისო მონიტორების არსებობა არ სურს რუსეთს, მეორე მხრივ ამას ხელს უწყობს თავად საქართველოს ხელისუფლება.

 

“იმისათვის, რომ გაეროს აფხაზეთში არსებობა გაეგრძელებინა, გენერალური მდივანი ქართულ მხარეს მისიის დასახელების ნეიტრალურ ფორმულირებას სთავაზობდა. გენერალური მდივანი გვთავაზობდა, რომ გაეროს მისიისთვის დაგვერქმია “მისია სტაბილიზაციისათვის”. მათ არ უნდოდათ სათაურში ყოფილიყო, “აფხაზეთი” და “საქართველი”, რათა მეორე მხარის გაღიზიანება არ გამეოწვია;

 

საქართველოს ხელისუფლებამ კი კატეგორიული უარი თქვა ამაზე და ლომაიას პირით განაცხადა, რომ რაც ქვეყანას ჩრდილს მიაყენებდა (თითქოს ამ აგვისტოს ომს საქართველოსთვის ჩრდილი არ მიეყენებინოს!), ამ მისიის შენარჩულება არ გვინდაო. სწორედ ამ ხისტმა პოზიციამ განაპირობა ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ დარჩა გაერო. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ვეტო დადო, მაგრამ მხოლოდ - რაღაცა ტექნიკურ მხარეს. იგივე სიტუაციაა ახლაც. აფხაზებიც და ოსებიც ამბობენ: რუსეთმა ცნოო ჩვენი  დამოუკიდებლობა, ჩვენ დამოუკიდებლები ვართო და რატომ უნდა იყოსო ჩვენს ტერიტორიაზე გაეროს მისია ამ სახელწოდებით “ევროკავშირის მისია საქართველოში”?” - ამბობს ექსპერტი.

 

ვოლსკისვე თქმით, დღესდღეობით არანაირი მოლაპარაკება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის, გაეროსა თუ ეუთოს შესვლაზე პრაქტიკულად არ არსებობს. გიორგი ვოლსკი: “მათი არშეშვება მარტო იქითა მხარეს არ უნდა დაბრალდეს. რასაკვირველია, იმათ არ აწყობთ, მაგრამ არგუმენტები უნდა გამოვაცალოთ ხელიდან. მაშინ, როცა იწყებ ასეთ პროპაგანდას, რომ “ევროკავშირი შემოვა მაგ ტერიტორიაზე და რუსეთს კუდით ქვას ასროლინებს”, როგორ უნდა მოუნდეთ მოლაპარაკება საპირისპირო მხარეს ევროკავშირის შეშვებაზე?!

 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც თვლის, რომ საერთაშორისო მონიტორების დე ფაქტო რესპუბლიკებში შესვლა უტოპიას ჰგავს. პაატა ზაქარეიშვილი: “ევროპელი მონიტორების შეშვების საკითხი დღის წესრიგში ბევრჯერ დადგება, მაგრამ უახლოეს წლებში დადებითად ვერ გადაწყვდება. შესაძლებელია,ევროკავშირის დამკვირვებელბის შეშვება აფხაზებსა და ოსებსუნდათ, რათა სხვა დამკვირებელი თვალი არსებობდეს მათ მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზე, მაგრამ რუსეთს, რომელმაც აღნიშნული ტეირიტორიებიდან გაუშვა ეუთო და გაერო, გარეშე თვალი ევროკავშირის სახით ნამდვილად არ სჭირდება”.