დღევანდელი რეჟიმი ერის სულიერი გენოციდს იწვევს

დღევანდელი რეჟიმი ერის სულიერი გენოციდს იწვევს



“დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ ახალი კონცეფცია “ახალი ქართული კონსერვატიზმი" გააცნო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.

 

ახალი ქართული კონსერვატიზმი, როგორც ამ იდეის ავტორი აცხადებს, გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რაც მიუღებელია თანამედროვე ქართული სახელმწიფოსთვის, არამედ როგორ უნდა გაგრძელდეს კლასიკური ევროპული ტრადიცია ნებისმიერი ახალი გამოწვევების ფონზე, რა ქვეყანა უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას.

   

 - დღევანდელი რეჟიმი ცდილობს, გამოიწვიოს ერის სულიერი გენოციდი. ახალი ნაციონალური პროექტის მიხედვით ადამიანი არის მეხსიერება, რომელიც საჭიროებს განათლებას და ამის რეალიზების შესაბამის ასპარეზს სახელმწიფოში. დღემდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ უპარტიო საზოგადოებას პოლიტიკოსებისა და საზოგადოების საფიქრალიც პოლიტიკოსებისთვის ჰქონდა მინდობილი და მათგან ელოდა ქვეყნის გადარჩენის და განვითარების კონცეფციებს, პროექტებს. დღეს პოლიტიკურ სპექტრს საზოგადოება სთავაზობს ახალ ნაციონალურ პროექტს და გაზიარების შემთხვევაში ითხოვს მის თარგმნას პოლიტიკურ ენაზე და მისი განხორციელების მექანიზმების შემუშავებას. - ნათქვამია განცხადებაში.

 

ახალი ქართული კონსერვატიზმი არის საერთო ნიადაგის მოსინჯვის გზა თანამედროვე ქართულ მენტალურ სივრცეში, ერის კონსოლიდაციის მიზნით. ახალი ნაციონალური პროექტი უკვე წარედგინათ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უკვე შეჯერებული ვარიანტი პოლიტიკურმა პარტიებმა სასტუმრო რედისონში განიხილეს.

 

განხილვის პროცესს ქართული პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებოდა. სხდომის დსარულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს საზოგადოებამ.

 

დათო მაღრაძე, “დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელი: ეს კონცეფცია არის, როგორ გამოიძერწა ქართული ნაციონალური ცხვირ-პირი საუკუნეების მანძილზე. ეს არის მცდელობა, რომ ქართველი ხალხი ამ გაუგებრობიდან დაბრუნდეს თავის სულიერ თავგადასავალში. როგორ უნდა შენარჩუნდეს ევროპული კლასიკური ტრადიცია, როგორ უნდა შენარჩუნდეს კლასიკური განათლება, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ტრადიცია სამომავლოდ. თვისობრივად არის მხარდაჭერა პოლიტიკური სპექტრიდან, როგორც სხვა ინტელექტუალური წრეებიდან. ეს არის ქართულ თანამედროვე სააზროვნო სივრცეში კონსოლიდაციის მცდელობა. სახელმწიფო უნდა ჩავაყენოთ სამშობლოს სამსახურში.

 

მამუკა კაციტაძე, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი: ახალი ქართული კონსერვატიზმის იდეას დღემდე სერიოზულად არ ვიცნობ. იდეის დონეზე გამიგია და კომენტარების დონეზე მომისმენია, მაგრამ შემფასებლად ვერ გამოვდგები. თუმცა, ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კონსერვატიზმი არის მემარჯვენეობა, ახალი კონსერვატიზმი - ეს არის ახალი მემარჯვენეობა. აქედან გამომდინარე ჩემი ინტერესი ორმაგდება აღნიშნულ კონცეფციასთან დაკავშირებით. ალბათ ეს განხილვა დამეხმარება გარკვეულწილად, რომ ჩავუღრმავდე და უფრო მეტად გავეცნო ამ კონცეფციას და შესაბამისად ჩემი შთაბეჭდილება, აზრი, თუნდაც განსხვავებული შემექმნას შემოთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით. ორგანიზატორებს ვკითხე, როგორ ხედავენ ისინი ამ კონცეფციის რეალიზაციას. ეს არის კონცეფცია გარკვეული ჯგუფის, თუ ეს არის კონცეფცია პოლიტიკური ხასიათის, სამოქალაქო თუ მას შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია, რომ ის იქცეს სახელმწიფო კონცეფციადაც. ეს თემა საინტერესოა.

 

გუბაზ სანიკიძე, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი: საუბარია მუდმივ ფასეულობებზე. ეს არის ახალი ქართული კონსერვატიზმის პირველი დოკუმენტი, რომელიც კონცეფტუალურად აყალიბებს ამ შეხედულებებს, რა სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდება განვითარების იდეა. ეს იდეა საუკუნეებზე უნდა იყოს გათვლილი. ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანას ასეთი კონცეფცია უნდა გააჩნდეს. ამ დოკუმენტში კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ მსოფლიო ცივილიზაციის, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ.დასავლური ფასეულობების ქსოვილი არის საქართველო. დღეს საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მორალური კრიზისიდან გამომდინარეობს. ჩვენ ვსაუბრობთ, რა არ ვარგა, მაგრამ რა ვარგა, ამაზე ქართულ ელიტაში საუბარი არ არის. ეს არის პირველი მცდელობა, ვთვლი, საკმაოდ წარმატებული. ეს კონცეფცია სახალხო ენაზე უნდა დაიწეროს, რომ რაც შეიძლება უფრო ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ამ კონცეფციაში ნახსენებია სამი დიდი კულტურული ქალაქი - ათენი, იერუსალიმი და რომი. რა იგულისხმება ამ დასახელების მიღმა, ეს უნდა ვთარგმნოთ და ხალხში გავიტანოთ. ეს უნდა გააკეთონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ საზოგადოებამ.

ამ შემთხვევაში მე ჩემს თავს მოვალედ ვთვლი, რომ ამ პროცესში ჩავერთო არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე. ეს იდეა ჩემთვის მისაღები და მშობლიურია.

 

კოკა გუნცაძე, ქართული პარტიის წარმომადგენელი: ეს არის მსოფლმხედველობა. ეს არის მარადიული ღირებულებების აღწერა, რომელიც განმსაზღვრელია არა მხოლოდ ქართული ისტორიული კულტურის, არამედ ევროპული კლასიკური ტრადიციის. ეს არის ანტიკური აზროვნება, ანტიკური სიბრძნე პლუს ამას ქრსიტიანული ფილოსოფია, ზნეობა, პიროვნება, როგორც მთავარი საწყისი, რომელიც ამოწეულია ქრისტიანობაში. ამ ორი საწყისის ერთობა იძლევა ევროპული კლასიკური ტრადიციის რაობას. ასევე საუბარია მოდერნიზაციაზე, პროგრესზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ცოდნის ათვისებაზე, რაც მთავარია, პიროვნებაზე. მის მოვალეობა-უფლებებზე და მორალზე. ეს არის ის მარადიული ღირებულებები, რომელზეც უპრიანია, რომ მოხდეს საერთო სამოქალაქო თანხმობა. სწორედ ამ კონცეფციაზე უნდა დაშენდეს მომავალი ქართული სახელმწიფო. ეს არის ღირებულებები, რომლებიც ეჭვს არ იწვევს. სასურველია მოხდეს მისი გავრცობა და პოპულარულ ენაზე თარგმნა.