23-ათასლარიანი დივანი, 10 834-ლარიანი სავარძელი, 9 655-ლარიანი მაგიდა, 37 827-ლარიანი სანათი და 13 719-ათასიანი საწოლი ათონელის რეზიდენციისთვის
ნაციონალი ირმა ნადირაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ იტალიაში ავეჯის შეძენაზე ალაპარაკდა. მთავრობის მეთაურმა, ლარის გაუფასურების ფონზე, 181 ათას ლარზე მეტი ღირებულების ავეჯი შეისყიდაო, მიკროფონებთან ისე შეიცხადა ნადირაშვილმა, თითქოს მისი პარტიის არც ერთ წევრს, ამ რაოდენობის თანხა თვალით არ ენახა და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მილიონმილიარდების ხარჯვას არ იყვნენ დაჩვეულები. არ ვამბობ, რადგან ხალხის ფულს ნაციონალები ჭამდნენ, ,,ოცნებამაც' უნდა ჭამოს, უბრალოდ, გამაღიზიანებელია, ქვებს ისინი რომ ისვრიან, ვისაც ამის მორალური უფლება ყველაზე ნაკლებად აქვს. რატომ? _ ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი, ალბათ პატარა ბავშვმაც იცის. უფრო კონკრეტულ პასუხს - რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა, მაგალითად, ივანე მერაბიშვილის პრემიერობის დროს, ათონელის ქუჩაზე, ჯერ კიდევ მშენებარე რეზიდენციის ავეჯში, ჩვენ მოგახსენებთ, ოღონდ ოდნავ მოგვიანებით.
მანამდე, უკრაინაში გადაბარგებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფრაზა რომ არ გავიხსენო, გული არ მომითმენს - როცა ავლაბრის რეზიდენცია ააშენეს, არნახულად მოაწყვეს და #1 ნაციონალი სასახლეში შებრძანდა, ხალხი კი იმაზე ალაპარაკდა, რა უფლებით ცხოვრობს ფუფუნება- განცხრომაშიო, ქვეყნის მაშინდელმა პირველმა მიკროფონებთან ჩაიქირქილა, აქ დავტოვებ ამ შენობა- ნივთებს, როცა წავალ, ზურგზე ხომ არ მოვიკიდებო. დღეს ნაციონალები იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ ღარიბაშვილი მოიკიდებს იტალიურ საწოლებსა თუ სავარძლებს ზურგზე და თან წაიღებს. ან იმის დამტკიცებას ცდილობენ, რის საპირისპიროსაც მუდამ გვამუნათებდნენ 9 წლის განმავლობაში - ფუფუნების საგნებს კი არ ვყიდულობთ, ქვეყნის პრესტიჟია, მაგარი ჯიპებით ვიაროთ, უცხოელ სტუმრებს მდიდრული აპარტამენტები და ავეჯი დავახვედროთო. აი, ამ უკანასკნელში ნამდვილად არ ცდებოდნენ - დიახ, ქვეყნის პრესტიჟია, მნიშვნელოვან დელეგაციებს ღირსეულად დახვდეს, მით უმეტეს, პრემიერი და მითუმეტეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, ეს შენობა დღეს არ აკმაყოფილებს ქვეყნის პრემიერ- მინისტრისა და მისი ადმინისტრაციისათვის საჭირო სამუშაო პირობებს. ათეული წლებია მას არ ჩატარებია რემონტი, ამ დრომდე არ არსებობდა სივრცე მაღალი რანგის დელეგაციებისა და სტუმრების მისაღებად, რომელიც დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებითა და პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს. დღეს, შენობაში რემონტი კეთდება და რატომ იწვევს ეს ნაციონალების აღშფოთებას, ცოტა გაუგებარია.
სამაგიეროდ, ისაა გასაგები, რატომ ატეხეს მათ აჟიოტაჟი ამავე ადმინისტრაციის შენობისთვის შეძენილ ავეჯზე - სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა, ბუზისგან სპილოს შექმნასა და პოლიტიკური ქულების ჩაწერას გულისხმობს, მით უმეტეს, დაანონსებული აქციის წინ. მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავეჯიც პერსონალურად პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის კი არა, იმ სივრცის მოსაწყობადაა შეძენილი, სადაც გაიმართება უმაღლესი რანგის დელეგაციის შეხვედრები, პირისპირ შეხვედრები და ა.შ. ავეჯის შესაძენად, შესაბამის იტალიურ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა შარშან დეკემბერში. მაშინ, როცა არც ლარი იყო გაუფასურებული და არც მთავრობას ჰქონდა გამოცხადებული ,,ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა. მიუხედავად ამისა, კოლოსალური და წარმოუდგენელი თანხები არ გადაუხდიათ და როგორც ირკვევა, არც ბატუტიანი საწოლი შეუძენიათ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, როგორც ამას ირმა ნადირაშვილი იუწყება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ბატუტიანი საწოლის შესყიდვა არ მომხდარა და ნაციონალებმა იტალიურიდან არასწორი თარგმანი მოახდინეს. რაც შეეხება ზოგადად, საწოლის შეძენას, ამაში გასაკვირი არაფერია - ყველა ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირებს აქვთ მოსასვენებელი ოთახი მათი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ირმა ნადირაშვილმა, დაუზუსტებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ავეჯის ღირებულება იყო შეცდომით. მაგალითად, დამახინჯებულია ინფორმაცია, თითქოს პრემიერ- მინისტრისთვის 24-ათასლარიანი საწოლი შეიძინეს. გაწეული ხარჯები გასაიდუმლოებული არ არის, ინფორმაცია საჯარო, შესაბამისად ყველასთვის ხელმისაწვდომია. ,,საწოლის შესყიდვა ნამდვილად მოხდა. იყო ერთი საწოლი, რომელიც ღირდა 950 ევრო, ანუ 2 200 ლარი. საწოლი არის გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა', - განმარტავს მაია ცქიტიშვილი და იმასაც ადასტურებს, რომ დეკემბერში, გაფორმებული ორი ხელშეკრულების თანახმად ნაყიდი ავეჯი ირაკლი ღარიბაშვილისთვის არ არის განსაზღვრული: ,,ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ეს ავეჯი შეძენილია იმ სივრცისთვის, რომელიც არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც იყო საჭირო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად. პროტოკოლით არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დელეგაციის შეხვედრებს. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში, ბუნებრივია, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა'. მაია ცქიტიშვილმა ნადირაშვილი კიდევ ერთ ტყუილში ამხილა და განაცხადა, რომ ნაციონალმა ავეჯის ფასები არასწორად წარმოადგინა: ,,მაგალითად, ნადირაშვილმა განაცხადა, რომ 1 სკამი ღირს 15 000 ლარი, სინამდვილეში ეს 84 სკამის ღირებულებაა. ერთგან უწერია, რომ რაღაც ნივთი ღირს 24 000, სინამდვილეში კი მასში 2 000 ლარია გადახდილი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ და ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც არასწორი'. ახლა კი, ექსპრემიერ ივანე- ვანო მერაბიშვილის დროს, მომავალი რეზიდენციის ავეჯის დაპირებულ ხარჯებს შემოგთავაზებთ და თავად განსაზღვრეთ, უხერხული ხომ არაა ბრალდებები იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომელმაც, მაგალითად, მარტო ამ რეზიდენციის რბილ ავეჯში დახარჯა მილიონნახევარ ლარზე მეტი, თითო სკამში გადაიხადა 6-20 ათასი ლარი, თითო დივანში - 20 ათასი, თითო ჭაღში 38 ათასი ლარი, შეიძინა რამდენიმე საწოლი და ამ ყველაფრისთვის, ჯამში 1 097 877, 36 ლარი გადაიხადა. მაშ ასე, ივანე მერაბიშვილმა, პრემიერობის ხანაში, რეზიდენციისთვის შეიძინა: დივანი, სულ 16 ცალი. მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული 23 517-ლარიანია (4 ცალი), ყველაზე იაფი კი - 5 191-ლარიანი. დივნებში სულ გადახდილია 187 822 ლარი და 89 თეთრი. კომოდი, სულ 3 ცალი. ყველაზე ძვირი, კომოდში 8 489 ლარი გადაიხადეს, ყველაზე იაფად კი, 7 428-ლარიანი შეიძინეს. სულ კომოდებში გადახდილია 23 867 ლარი და 35 თეთრი. მაგიდა, 1 ცალი. ფასი: 9655 ლარი. სავარძელი, სულ 131 ცალი. მათ შორის, ყველაზე ძვირადღირებული 10 834-ლარიანია, ყველაზე იაფი კი 2 674-ლარიანი. სულ სავარძლებში გადახდილია 523 209 ლარი და 71 თეთრი. სანათი, სულ 16 ცალი. მათგან ყველაზე ძვირფასი 37 827-ლარიანია (4 ცალი), ყველაზე იაფი კი - 9 901-ლარიანი. სულ სანათებში 333 450 ლარი და 97 თეთრია გადახდილი. საწოლი, სულ 4 ცალი. მათგან ერთში, ყველაზე ძვირფასში, 13 719 ლარია გადახდილი, ყველაზე იაფი საწოლი კი, 5 300 ლარი დაჯდა. სულ, საწოლებში გადახდილია 17 871 ლარი და 19 თეთრი. შეძენილი ავეჯის საერთო ღირებულება კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 1 მილიონ 97 ათას 877 ლარი და 36 თეთრია.