სახელმწიფოს ორსახოვნება! ჩინოვნიკები, რომლებიც ურმით მოსიარულე სამართალს ბლოკავენ და მიზეზად ისევ სახელმწიფოს ინტერესებს ასახელებენ. ადეიშვილის გზაზე მოსიარულე კვირიკაშვილი და ორმაგად დაზარალებული ადამიანები! შედეგი: „ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია“...
რატომ არ იცის მარჯვენამ, რას აკეთებს მარცხენა. რატომ გვპირდება მარჯვენა სამართალს და რატომ არის დადგენილი სიმართლე მარცხენა ხელისთვის მიუღებელი?! პასუხგაუცემელი კითხვები და მწარე რეალობა - ფეხებზე დაკიდებული სამართალი!!!
„მთავარი. ინფოს“ ესაუბრება „სამართლის სახლის“ დირექტორი ბეჟან ბეჟუაშვილი:
_ ტერმინი „სამართლიანობის აღდგენა“ იურიდიულ ლექსიკაში არ არსებობს! ეს უფრო პოლიტიკურ განცხადებასთანაა მიახლოებული და ალბათ, ადამიანის შელახული უფლებების აღდგენას გულისხმობს. როცა სახელმწიფო დეკლარილებას უკეთებს რეალობას, რომ წინა ხელისუფლებისაგან შელახული იქნა საკუთრების, სიცოცხლის და სხვა უფლებები, რასაც სჭირდება გამოძიება, ეს მისასალმებელია და რა თქმა უნდა, დადებითი მომენტია. სწორედ ამ ლოზუნგის გამო დაუჭირა, დღევანდელ ხელისუფლებას, უმრავლესობამ მხარი 2012 წლის 1 ოქტომბერს. მეტსაც გეტყვით, ნომერ პირველმა მოქალაქემ, პრემიერის რანგში ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა ნებაყოფლობით დაებრუნებინათ ადამიანებისათვის წართმეული ქონება იმ პირებს, ვის სახელზედაც ირიცხებოდა აღნიშნული ქონება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი (მოწოდება) და თავისთავად გულისხმობდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს უაპელაციოდ უნდა დაებრუნებინათ ხალხისთვის ქონება, რომელიც ამ ადამიანებმა სახელმწიფოს „აჩუქეს“.
_ დღეს 2015 წლის 20 მარტია, თუმცა არ მახსენდება ვინმეს საკუთარი ნებით დაებრუნებინოს წართმეული ქონება. ეგებ მე არ ვიცი და გამომრჩა...
_ სწორად ბრძანეთ, მსგავსი პრეცედენტი ნებაყოფლობით ვინმეს დაებრუნებონოს წართმეული ქონება, არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ბატონი ბიძინა ივანიშვილისათვის დაბრუნებულ 80 მილიონს, კახი კალაძის ქონებაზე ყადაღის მოხსნას და კიდევ რამდენიმე ფაქტს. ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები იმიტომ არსებობს, რომ გამოძიებულ იქნას საქმეები ისე, რომ კითხვის ნიშანი არ დარჩეს. რეალობა როგორია? იმ განცხადებების განხილვაც კი არავის დაუწყია, რომელიც პროკურატურაში შევიდა! იმისათვის რომ გაიგო განმცხადებელი მართალს ამბობს, თუ მას ჰგონია, რომ მართალს ამბობს, განცხადებაში მოყვანილი ფაქტი უნდა შეამოწმო. შედეგად მივიღეთ გადადებული საქმეები...
_ აქვე შეგახსენებთ იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ თურმე „სამართლიანობის აღდგენა“ ძვირი ჯდება.
_ სწორედ ეს მინდოდა მეთქვა. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ციფრს ასახელებს, ამიტომ ვთქვათ ასე - 32 ათასიდან 50 ათასამდე მერყეობს პროკურატურაში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, ადამიანებისათვის წართმეული ქონება შეფასებულ იქნა 7 მილიარდად. ეს არის არაკომპეტენტური განცხადება!! ვინ დაადგინა ზარალის ოდენობა? სადაა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამას დაადასტურებს? როდესაც ელემენტარულად ხელს არც კი მოკიდებ განცხადებას, გამოძიებაზე არაფერს ვამბობ, როგორ ადგენ ზარალს?
_ ანუ, ყველაფერი მოხდა „ქეციანი გულის მოსაფხანად“? კარგით, დღეს პროკურტურა ხალხს ჩემთვის გაურკვეველი ტერმინებით ესაუბრება. ამიხსენით რას ნიშნავს გამოძიებისათვის „პრიორიტეტული საქმე“, არსებობს ასეთი ტერმინი იურისპრუდენციაში? და კანონის მიხედვით რომელ „სფეროში“ მოიაზრება რიგითი მოქალაქის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, პრიორიტეტულში თუ არაპრიორიტეტულში?
_ ქვეყანაში, რომელსაც განაგებს კონსტირუცია და კონსტიტუციიდან გამომდინარე კანონები, მოქალაქეს, განურჩევლად მისი მდგომარეობისა, იცავს კანონი და არა პიროვნება! რიგითი მოქალაქისათვის მის მიმართ ჩადენილი დანაშაული ისეთივე რეზონანსული და პრიორიტეტულია, როგორც, ვთქვათ, არარიგითისათვის. სად და როგორ გაარჩიოს ადამიანმა, დილით რა ხასიათზე გაიღვიძებს ჩინოვნიკი და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, ჩათვლის თუ არა პრიორიტეტულად? სსს კოდექსის მეასე და ასმეერთე მუხლები, პროკურორს ავალდებულებს დანაშაულის შესახებ შემოსულ შეტყობინებაზე ჩაატაროს ეფექტური, ყოვლისმომცველი გამოძიება. სახელმწიფო მოხელის ქმედებებს კანონი განსაზღვრავს და რაც მეტს ლაპარაკობენ „პრიორიტეტებზე“ მით მეტად შედიან ჩიხში და მით მეტად ხდებიან სასაცილოები, მითუმეტეს, რომ საბოლოო ჯამში თავად იხლართებიან ამ ყველაფერში.
_ ნებაყოფლობით ქონების დაბრუნების იდეაზე ვისუბრეთ ზემოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ 2012-2015 წლების პერიოდმა რა აჩვენა, რა იყო ეს მოწოდება - „გაპატიებთ და მეტი არ ქნათ“, თუ „ახალი მეპატრონე იპოვეთ“?
_ მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ ეს იყო გულწრფელი სურვილი და იქ მოტივაციაც ითქვა - იმიტომ რომ არ გადაიტვირთოს სასამართლოები და მოკლე გზით მომხდარიყო შეთანხმება, მეორე საკითხია, ხორცშესხმა. საქმე ისაა, რომ ვინმე მოქალაქემ კი არა სახელმწიფო სტრუქტურებმაც კი არ იღეს ყურად ეს თემა. როცა სახელმწიფოს პირველ პირს დეკლარილებული აქვს ეს პრინციპი და როცა სახელმწიფოს ბალანზე ირიცხება დიდი რაოდენობით ვითომ ნაჩუქარი ქონება, რომელსაც მესამე მყიდველი არა ყავს...
_ ანუ კეთილსინდისიერი მყიდველი...
_ დიახ, ეს სხვა თემაა. მოკლედ, როდესაც „ნაჩუქარი ქონება“ ირიცხება სახელმწიფოს ბალანსზე, ძალიან მარტივად, სასამართლოს გარეშე შეიძლებოდა საკითხის გადაწყვეტა. სახელმწიფო როგორ იქცევა ამ დროს? ზუსტად ისე როგორც იქცეოდნენ თავის დროზე ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მათთან შევდივართ სამართლებრივ ურთიერთობებში, ისინი იცავენ ადეიშვილის პოზიციებს უფრო მძაფრად, ვიდრე ამას თავად ადეიშვილი მოახერხებდა. გადავიდეთ ფაქტებზე: ეკონომიკის მინისტრს გავუგზავნეთ რამდენიმე წერილი, რომლებიც ეხებოდა ე.წ. გაჩუქებულ ქონებას. თამაზ ელიზბარაშვილი, რომელსაც გირაოს სახით შეატანიეს 6 მილიონი და ბანკს ყოველ თვეში უხდიდა კოლოსალური რაოდენობის პროცენტს (თვეში 175 ათასი დოლარი), უცებ სახელმწიფოს ჩუქნის 50 ათასად შეფასებულ მანქანას. მეორე მაგალითი, დააკავეს ერთი ქალბატონის მეუღლე, ამის შემდეგ ეს ქალბატონი თავის 2 წლის შვილთან ერთად გამოდის სახლიდან სახელმწიფოს ჩუქნის ბინას და დღემდე ნაქირავებში ცხოვრობს, საპროცესო გარიგება შედგა და ქმარი ამ „ჩუქების“ გამო გაათავისუფლეს. ამ საკითხზეც მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენმა არჩეულმა ხელისუფლებამ, განცხადებაზე არც კი გვიპასუხა! მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი აკეთებს განცხადებას და შენ რომ კვირიკაშვილი ხარ, ეკონომიკის მინისტრი არ უნდა დაემორჩილო პრემიერ-მინისტრის არჩეულ პოლიტიკას? კვირიკაშვილმა პასუხიც კი არ გვაღირსა, ამიტომ ჩვენ სასამართლო დავა წამოვიწყეთ. სასამართლომ მიიღო ჩვენი საჩივარი წარმოებაში, მოვიგეთ პირველი პროცესი. სასამართლომ ბათილად სცნო ჩუქების ხელშეკრულება, გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები თავგამოდებით იცავდნენ ადეიშვილის პოზიციას და აცხადებდნენ, რომ ჩუქება ნამდვილად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოხდა. კარგით, მოვიგეთ პროცესი, ამის შემდეგ ნაცვლად იმისა ეკონომიკის სამინისტრომ (რომელმაც ნებაყოფლობით წართმეული ქონების დაბრუნებაზე მოწოდება არაფრად ჩააგდო) სასამართლოს გადაწყვეტილებას მაინც დაემორჩილოს, სწორედ იმ დღეს, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე (რომელსაც კვირიკაშვილიც ესწრებოდა) დაანონსა სამართლაწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნა, ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა სასამართლოს ზემოთნახსენები გადაწყვეტილება. ანუ რა ხდება? შენ რომ დახმარებას დამპირდი 2012 წელს სამართალს აღვადგენო და არ აღადგინე, ამიტომ მე სასამართლოს მეშვეობით რომ დაგიმტკიცე ჩემი სიმართლე, ამ სიმართლეს მისაჩივრებ, პარალელურად კვირიკაშვილი საჯაროდ აცხადებს რომ „სამართლიანობა უნდა აღდგეს, ორი აზრი არ არსებობს“ და „თუ გამოძიებით დადგინდება რომ ადგილი ქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს“. ეს განცხადება კვირიკაშვილმა 4 მარტს გააკეთა და ელიზბარაშვილის ქონების დაბრუნების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა! მეორე ფაქტი, 10 მარტს ჩანიშნული იყო იმ ქალბატონის საჩივრის განხილვა, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა „დაანგრიეს დარბაზი“ და ყველაფერს ცდილობდნენ იმისათვის რომ დაეცვათ „სახელმწიფოსათვის ქონების ნებაყოფლობით ჩუქების“ ფაქტი... სასამართლოს დაზარალებულმა მოახსენა როგორ და რა ვითარებაში მოუხდა მას „ქონების ჩუქება“. დეტალების მოსმენა ძალიან მძიმე იყო, კვირიკაშვილის თანამშრომლებს ამ ყველაფრისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ! მინისტრი ან ვერ მართავს თავის სამინისტროს, ან...
_ სასამართლომ რა გადაწყვიტა?
_ დაუბრუნა ქალბატონს მისთვის წართმეული ქონება.
_ არ მითხრათ რომ ესეც გაასაჩივრა სამინისტრომ.
_ ვიცით რომ გასაჩივრებისათვის ემზადებიან.
_ საინტერესო ორსახოვნებაა... კარგით, ვთქვათ ელიზბარაშვილისთვის მანქანის (უფრო სწორად საფასურის) დაბრუნება არაა პრიორიტეტული, მაგრამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ჭერი რომ დაუბრუნონ ეს დიდ ცოდვაში ჩაეთვლებათ?
_ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იცით რა განაცხადა პროცესზე? მანქანის თანხა რომ დაუბრუნონ ელიზბარაშვილს, თითოეული მოქალაქეს ჯიბეში უნდა ჩავუყოთ ხელი და ეს ფული ისე უნდა დავაბრუნოთო.
_ და პრემიები ნეტავ ვისი ჯიბიდან ჩადის ჩინოსანთა ჯიბეებში? დამრჩა შთაბეჭდილება რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრედ თავს არ სცნობს.
_ სამართალმემკვიდრეც ვარ და ადეიშვილზეც უარესიცო, - აი, რას მეუბნება დღეს მე სახელმწიფო! თუმცა სხვაობაც არის, ადეიშვილი თავის უკანონობას ასათაურებდა - „ჩუქების ხელშეკრულება“, „ესენი“ კი ამბობენ - რატომ არ უნდა ეჩუქებია ბინა, მანქანა და ასე შემდეგ ამა თუ იმ პირს სახელმწიფოსათვისო, როგორია?
_ ვერაფერს ვიტყვი, შესაშურად „კანონიერია“.
_ „ესენი“, კონკრეტულად ამ შემთხვევაში კვირიკაშვილის ამფსონები, გეუბნებიან შენი ქონება სახელმწიფოსია და რატომ დაგიბრუნოო, ესე იგი იდიოტი ხარო.
_ მარჯვენა ხელით „საქმეებს იძიებენ“, მარცხენათი - ბლოკავენ... სად მივდივართ?
_ სადაცა ვართ იქ „მოვედით“. ძალიან მეშინია იმ ნიჰილიზმის, რომელიც საზოგადოებაში უკვე აშკარად ჩანს. გამოსავალი? ეგებ მივაწვდინოთ ბატონ პრემიერს ხმა და ვკითხოთ - რას აკეთებთ? რა უნდა ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებს?
_ არ მითხრათ ახლა არ იცისო... გამეცინა. როდემდე შეიძლება მესმოდეს „აი,
იმან“ რომ იცოდეს...
_ იქნება არ ყავს ამბის მიმტანი, მოდით ამ ეტაპზე ასე ვთქვათ. ჩვენ მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ვუთხრათ: აი, ეს ხდება, რატომ მისაჩივრებს სასამართლოს მიერ აღდგენილ სამართალს სახელმწიფო?