ინტერვიუ პოლიტოლოგ-კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან
ბატონო პაატა, ჯეიმს აპატურაის ვიზიტზე რას იტყვით?
- დადებითად ვაფასებ, უნდა მივესალმოთ ასეთ მოვლენებს. ნატო დაინტერესებულია, რომ მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს. საქართველო, ნატოს ერთ-ერთი სერიოზული მეზობელია. თურქეთი ნატოს წამყვანი სახელმწიფოა. ნატოს და რუსეთს შორის საქართველო სერიოზული ფაქტორია, მით უმეტეს, საქართველო, ქართველი ხალხის და ხელისუფლება არ მალავს ნატოში გაწევრიანების სურვილს, რაც დიდ ხანს, სულ ცოტა 10 წელი არ იქნება, ამიტომ ხელისუფლებას არ უნდა მოვატყუებინოთ თავი. სააკაშვილს რომ ვკითხოთ, 2008 წელს ნატოში უნდა ვყოფილიყავით.
საქართველო იმ კალათის წევრია, რომელსაც ნატო ჯერ გაწევრიანების კუთხით არ უყურებს. არც კავკასიას და არც ცენტრალურ აზიას ნატო არ აღიქვამს გაწევრიანების კონტექსტში. ლისაბონის სამიტის დოკუმენტებში საქართველო უკრაინასთან ერთად არის მოხსენიებული. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე. შესაბამისად ამ ფონზე საქართველო აშკარად, გნებავთ, უკრაინასთან მიბმით, გნებავთ, ცენტრალურ აზიაზე თუ კავკასიაზე, საქართველო ნატოსთვის არის სახელმწიფო, რომლის გაწევრიანებაზეც საუბარი
არ არის. გაწევრიანებაზე საუბარი რომ იყოს, მაშინ ბალკანეთის კალათში ჩაგვსვამდნენ. ბალკანეთის ჯგუფი ცალკეა, რომლებსაც, ადრე თუ გვიან, მიიღებენ. საუბარია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, სერბიაზე, კოსოვოზე, ჩვენ ამ ჯგუფში არ ვართ და შესაბამისად თავს ნუ ვიტყუებთ. აპატურაის ვიზიტი არ იყო ნატოს მიმართ ინსტიტუციონალური დაახლოების გამომხატველი. აპატურაი ჩამოვიდა, რომ ენახა, რა ხდება საქართველოში. ასეთივე ჩასვლა აქვს მას სხვა ქვეყნებში.
მისი ვიზიტის დროს მაპის გარეშე საქართველოს გაწევრიანებაზე იქნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი?
- გამორიცხულია, საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი არ იქნებოდა. საუბარი იქნებოდა საქართველოს დემოკრატიზაციაზე. ასევე საუბარი შეეხებოდა საქართველოში ნატოს პროექტების განხორციელებას. ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომელიც ხორციელდება ნატოს არაწევრ ქვეყნებთან სომხეთში, აზეირბაიჯანში, თუმცა, ეს ქვეყნები არც კი ფიქრობენ ნატოში გაწევრიანებას. ნატო ჩვენ აღგვიქვამს სომხეთის და აზეირბაიჯანის კონტექსტში, ჩვენ კი მას განსაკუთრებულ კონტექსტში აღვიქვამთ. ასევე საუბარი იქნებოდა ავღანეთში ქართველი სამხედროების მონაწილეობაზე, რადგან ნატოს პროექტია. მაპის მოცემაზეც კი არ იქნებოდა საუბარი, არათუ მაპის გარეშე გაწევრიანებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე აპატურაიმ ცალსახად განაცხადა: თუ საქართველოს სურვილი იქნება ნატოში გაწევრიანება, სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. თქვენ განაცხადეთ, დემოკრატიაზე იქნებოდა საუბარიო, რა კუთხით იქნებოდა რჩევები?
- რჩევები არ იქნებოდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ნება. ერთადერთი, რაც შეიძლება ურჩიონ, ეს არის დემოკრატიის ინსტიტუტების შექმნისკენ
ნაბიჯების გადადგმა, რათა ქართველი ხალხის ნება გამოჩნდეს ანუ არჩევნები. დარწმუნებული ვარ, რომ დაახლოებით ასეთი ლაპარაკი იქნებოდა: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება შემდეგი არჩევნები, როგორ მოხდება ქართველი ხალხის ნების გამოხატვა და ამის შემდეგ გაფორმება, მაგრამ სააკაშვილს ან რომელიმეს ოპოზიციიდან არ ეტყოდა, რომ მხარს დაგიჭერთ, ეს გამორიცხულია და არ შეიძლება.
ოპოზიციასთან შეხვედრა რა მესიჯი იყო?
- ყველა ოპოზიციურ ძალას ხომ არ შეხვედრია, ის შეხვდა მხოლოდ ოპოზიციის “რვიანს". მკაფიოდ გამოკვეთილ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც ერთი ამოცანა აქვთ დასახული, რომ გააუმჯობესონ საარჩვენო სისტემა და არჩევნების გზით შეცვალონ ხელისუფლება. “რვიანში" გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები უაღრესად ჭრელია, როგორც წარსულით, ისე აწმყოთი, მომავლით, ღირებულებებით, იდეოლოგიებით, ყველანაირად, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ქვეყნის გადარჩენა დღეს საარჩევნო გარემოს ცვლილებაშია. აშკარად ჩანს, რომ აპატურაი შევხდა რა “რვიანის" წარმომადგენლებს, ამით შეხვდა დემოკრატიის ინსტიტუტების მშენებლობისკენ მიმართულ ოპოზიციას.
ეს იყო ერთგვარი მხარდაჭერა?
- რა თქმა უნდა. მხარდაჭერა იყო სწორედ დემოკრატიული გზით ქვეყნის ცვლილებებისა და არა რევოლუციური გზით.
ბატონო პაატა, შეგიძლიათ თქვათ, რომ ნატო მხარს უჭერს რვიანს და არა რევოლუციის მომხრეებს?
- დიახ, ასე ვფიქრობ.
მოლაპარაკებებზე რომ ვისაუბროთ, ეს პროცესი ჩიხშია...
- კრიზიშია, უნდა გადალახო.
გადალახავენ?
- უნდა გადალახონ. ბევრი რამე დამოკიდებულია ბერლინში ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობაზე, როგორ ჩაივლის იქ მოლაპარაკებები. ამ შემთხვევაში ნატო გარკვეულ პირობებს დაუყენებს საქართველოს მთავრობას. ნატოსთვის მნიშვნელოვანია, როგორ მოხვდება ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები - დემოკრატიის გზით თუ მუბარაქის გზით.
ჯერჯერობით კადაფის გზაზე ლაპარაკიც არ ღირს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს სურს რევოლუციის გარეშე მიიღოს ის, რისი მიღებაც მერე ალბათ რევოლუციით მოუწევს. თუ ხელისუფლება გონს არ მოეგო და არ დაიწყო დათმობები თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ხელისუფლებამ დაიწყო დათმობები და 60 და 70 პროცენტის მაგივრად დაკმაყოფილდა მისთვის ყველაზე მეტი ხმებით, თუ ხელისუფლება ნორმალურად მოიქცა, შანსი აქვს, ყველაზე მეტი ხმა მიიღოს პარლამენტში, მაგრამ ეს იქნება 30 პროცენტი და მეტი არა. სხვა პარტიები უფრო ნაკლებს მიიღებენ. ყველაზე მეტ ხმას ხელისუფლება მიიღებს.
ნაციონალურ მოძრაობას შანსი ექნება, მისთვის შესაფერ პოლიტიკურ პარტიასათნ ერთად მთავრობა ჩამოაყალიბოს, ანუ ქვეყანა დემოკრატიული მმართველობის სიტემაზე გადაიყვანოს. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება მან შეირგოს. სხვა არჩევანი კი არის ის, რომ ან საერთოდ წავიდეს არა მხოლოდ ხელისუფლებიდან, არამედ მსუბუქად რომ ვთქვა, ციხეში. მე მაინც მგონია, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება საქართველოში მოხვდეს ხელისუფლებისთვის, ეს მაინც არის ეგვიპტე და არა ლიბია. ამიტომ ხელისუფლებამ არჩევანი უნდა გააკეთოს. რა ურჩევნია - 30 პროცენტით დარჩეს პარლამენტში და მართოს ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად და მიიღოს გარანტიები, ვიდრე არაფერი არ დათმოს და საბოლოო ჯამში ყველაფერი დათმოს.
ხელისუფლება წავა დათმობაზე?
- სააკაშვილი არ წავა, მაგრამ მის გარემოცვას გონიერება უნდა ეყოს, რომ სააკაშვილი ითრევს მათ უფსკრულში. სააკაშვილს თვალები უბნელდება, როდესაც ხედავს, რომ შეიძლება დათმობა მოუწიოს, მაგრამ ვიღაცამ უნდა შემოულაწუნოს. იმედი მაქვს მისი გარემოცვის, რომ გონს მოეგებიან.
ვინ გეგულებათ ასეთ ფიგურად ხელისუფლებაში?
- ძნელი სათქმელია. იქ, ახლა ტიპური კრიმინალური ბანდის ფსიქოლოგიაა.
ძნელია გამორჩევა. მე ვერ ვხედავ მერაბიშვილში დემოკრატიულ მმართველს. მერაბიშვილი უფრო რაფინირებული ავტორიტარული მმართველია და არა ცანცარა, როგორც სააკაშვილი. უფრო დაღვინებული ავტორიტარული მმართველია. მერაბიშვილი დღეს ეყრდნობა პოლიციას, უფრო ზუსტად უშიშროებას, ამიტომ ის ჩაუშესკუს რეჟიმს შექმნის, რაც მხოლოდ ხანმოკლედ გაუხანგრძლივებს ხელისუფლებას სიცოცხლეს. ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანას, მას დასავლეთში არ ექნება პოპულარობა.
მერაბიშვილს პოპულარობა შეიძლება ჰქონდეს პოლიციაში და რუსეთში. ხელისუფლებაში კიდევ არის სხვა ფრთები, მაგალითად ჟვანიას ყოფილი ფრთა, მაგრამ ისინი ძალიან კორუმპირებულები არიან. ეჭვი მეპარება, რომ მაჭავარიანი მმართველობით გამორიჩეოდეს ან ცისკარიში. რაც შეეხება “თავისუფლების ინსტიტუტიდან" გამოსულ ფრთას, რომლებიც “ტაბულას" ირგვლივ არიან შეკრული ან ილას უნივერსიტეტის ირგვლივ, რომლის სახე არის გიგა ბოკერია, მათთან შეიძლება მოიაზრებოდეს გიგი უგულავა. ეს ის ჯგუფებია, რომლებიც სააკვაშილის გარშემო დაფარფატებენ. მეტ-ნაკლებად დემოკრატიაზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს უგულავა-ბოკერიას ფრთას, მაგრამ მათ ისე შეირცხვინეს თავი, რომ რამდენად ენდობა საზოგადოება და შექმნიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს საეჭვოა.