სკანდალური წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილს

სკანდალური წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილს

ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ახლახან ზარზეიმით წარადგინა თბილისის მერიის ახლაგდამომცხვარი მაღალჩინოსნები. მათ შორის, მოადგილედ ლაშა შანიძე და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსად გიორგი გურგენიძე. ეს უკანასკნელი ბოლო ხანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, თუმცა მანამდე, 2012 წელს ნაციონალების ბეღლად წოდებული საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი და ეზუგბაიას კადრი იყო. ,,ვერსიასთან“ საუბრისას, რკინიგზის დეპარტამენტის სამსახურში აღდგენილი თანამშრომელი, ელმომარაგების დასავლეთ საქართველოს სამმართველოს დისპეტჩერი ზაალ სტურუა დეტალურად იხსენებს ქალაქის მერიის ახლა უკვე მოქმედი მაღალჩინოსნების ქმედებებს ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ზეობის ხანაში. ეს კი იმ წერილის ამონარიდია, რომელიც რკინიგზის გამოცდილმა მუშაკმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მისწერა: ,,სს საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი გიორგი გურგენიძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკური ნიშნით რკინიგზის თანამშრომლებს ათავისუფლებდა სამსახურიდან, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ გვევლინება. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ ჩვენი არჩეული მთავრობა იმ ხალხს მფარველობს, ვინც ჩვენ გვდევნიდა და გვატერორებდა. კერძოდ, გურგენიძის ბრძანებით მომხსნეს სამსახურიდან 2012 წელს, არავინ იყო დარწმუნებული, წინასწარ ვინ გაიმარჯვებდა არჩევნებში, ამის გამო იძულებული გავხდი, გამეყიდა ბინა და ბანკის ვალი გამესტუმრებინა, დაზარალებული გამოვედი მე და ეს ვაჟბატონები დაწინაურებულები, ახლა გამაგებინეთ ვინმემ, ვის მივმართო სამართლის გასარკვევად იმ ქვეყანაში, სადაც შვილის საფლავზე მამა მოკლეს. არის კი ამ ქვეყანაში საერთოდ სამართალი... Fuck you თქვენი კოაბიტაციაც და სამართალიც!!!“

ზაალ სტურუა: სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი გიორგი გურგენიძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა რკინიგზის თანამშრომლებს, ივანიშვილის მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ მოგვევლინა, რამდენიმე დღის წინ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად წარადგინა დავით ნარმანიამ. უცნაურია, რომ მერის მოადგილედ მოგვევლინა ასევე რკინიგზელი ლაშა აბაშიძე. ერთიცა და მეორეც სააკაშვილის რეჟიმის ყურმოჭრილი მონა იყო, ეზუგბაიას ხელისბიჭები და ჩვენ, მაშინ, როგორც არანაციონალებს და მათი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს, გვდევნიდნენ. სამსახურიდან პირადად ჩემი უკანონო გათავისუფლების ბრძანებას ხელს ეს ვაჟბატონი გურგენიძე აწერს, რომელიც ჯერ მარგველაშვილმა შეიფარა საკუთარ ადმინისტრაციაში, ფრთებქვეშ და ახლა, როგორც ჩანს, იქ სათანადოდ დააფასეს და ფულის საჭრელად გაუშვეს მერიაში. 2012 წელს, გურგენიძის ბრძანებით, მომხსნეს სამსახურიდან. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და ბანკის ვალი გამესტუმრებინა... 1995 წლიდან ვმუშაობდი დასავლეთ საქართველოს რკინიგზის ელმომარაგების სამმართველოში, სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლო 12 წელი, ენერგოდისპეტჩერი ვიყავი. 2012 წლის 5 სექტემბერს, სიტყვიერი განკარგულებით, რკინიგზის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი გურგენიძემ, სამსახურიდან დამითხოვა, 19 სექტემბერს კი ოფიციალური ბრძანება დაწერეს. ყველაფრის მიზეზი ჩემი პოლიტიკური შეხედულებები იყო. ბოლო სამი არჩევნების დროს, 2008 წლიდან, უბანში (#1 უბანი) სადაც მე ვიყავი კოორდინატორი, ყოველთვის ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბუნებრივია, სამსახურში, ზემდგომი, „არასაიმედო სუბიექტად“ მთვლიდა, სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა კერელეიშვილმა, რამდენჯერმე „მირჩია“, ნუ აქტიურობო... მოკლედ, გარიგებაზე რომ არ წავედი, 2012 წლის ზაფხულის ბოლოს „შემომთავაზეს“ 4 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მივლინებით წავსულიყავი გურჯაანში. გამომიწერეს მივლინება, რომელიც იყო არაადეკვატური სისულელე - მე ვასრულებდი დისპეტჩერის მოვალეობას, მივლინება გამოწერილი მქონდა გურჯაანის სამმართველოს ცენტრში საკონტაქტო ქსელისა და წევის ქვესადგურებისა და სექციების სქემების დამუშავება- შედგენის მიზნით. ამ საქმეზე სხვა დროს უშვებდნენ ტექნიკურ პერსონალს და მსგავსი სამუშაო ჩემს მოვალეობაში არ შედიოდა. ეს მივლინება რა მიზანსაც ემსახურებოდა, ძნელი მისახვედრი არ იყო. იმ პერიოდში დედა მყავდა მძიმე მდგომარეობაში, ოპერაცია გაუკეთდა, დავწერე განცხადება და აღვნიშნე, რომ ამ მიზეზით არ შემეძლო გურჯაანში წასვლა. ეს არ გაითვალისწინეს და 19 სექტემბერს სამსახურიდან გამათავისუფლეს. ჩემი განსხვავებული პოზიციის გამო, ჩემს შვილს - ბექას, რომელმაც პოლიციის აკადემიაში, კონკურსში გაიმარჯვა, პოლიციაში მუშაობის დაწყებაზე უარი უთხრეს... როცა გურგენიძე დაინიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატში, ბატონ მარგველაშვილს მივწერე, ვინ იყო რეალურად გურგენიძე, მაგრამ არც პრეზიდენტი გამომეხმაურა. ჩანს, ურჩევნიათ, ისევ ნაცების კადრები დაასაქმონ. ასე მითხრეს, ეს გურგენიძე მთავრობის მეთაურის კურსელიაო. სააკაშვილის მზეს ფიცულობდნენ და ეზუგბაიას დაკვეთების ხელისბიჭები იყვნენ ეს ადამიანები და ახლაც თავისი კადრები არიან რკინიგზის დეპარტამენტში, თან კარგად გრძნობენ თავს ანუ ფულის გათეთრება ახლაც მშვენივრად გამოსდით. 

დავით ნარმანიას არ მიმართეთ, ეს ხალხი რომ ზარზეიმით წარადგინა? 

– რა აზრი აქვს. პრეზიდენტს მივმართე და არ გამომხმაურებია. ან რა უნდა ეთქვათ, თავად მფარველობენ. მერიაშიც, როგორც ჩანს, იმიტომ გადაიყვანეს, ვერშემდგარ ნარმანიას ბოლომდე გამოუთხარონ ძირი. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი. მეტი რა დარღვევა გინდათ, თუმცა აღარაფერი მიკვირს - სამტრედიაში შტაბის უფროსად, სააკაშვილის შტაბის ყოფილი უფროსი ავთანდილ თევზაძე დანიშნეს. უბრალოდ, ასეთი მიდგომით ივანიშვილის მთავრობა უფრო დაკარგავს ხალხის ნდობას. იმ ხალხისა, ვინც ეს ხელისუფლება თავისი ზურგით და წლების განმავლობაში ტერორის ატანით მოიყვანა, ამიტომ დროა, გამოფხიზლდეს მთავრობა!