რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს ზონაზე, ზახარ კალაშოვის, ლაშა შუშანაშვილისა და ტარიელ ონიანის ახლობელი ,,კაიბიჭები'
იმის მიუხედავად, რომ ქურდს ეროვნება არ აქვს და ყველა ქურდი თანასწორია, რეალობა სხვაგვარია. ქურდები გავლენის მიხედვით იყოფა. სწორედ ამიტომ, მაგალითად ზახარ კალაშოვი, ლაშა შუშანაშვილი და ტარიელ ონიანი სხვა კატეგორიაში გადიან, ,,რიგითი ქურდები' კი სხვა წონაში ჭიდაობენ. ზოგადად, ტერმინი ,,რიგითი ქურდი' დაუწერელი კანონების მიხედვით არ არსებობს, მაგრამ რეალურად, ყველამ იცის, ვის რისი ერთი ადგილი აქვს.
,,კაიბიჭები' ცდილობენ, სწორედ გავლენიან ქურდებთან იქონიონ კავშირი და შესაბამისად, თანატოლებში მეტი გავლენა ჰქონდეთ. ეს, რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ძირითადად, სწორედ გავლენიანი ქურდების მეგობრები არიან მაყურებლები თუ ,,პალაჟენცები'. ყველაზე საინტერესო კი ის არის, თუ რომელიმე ქურდი, მაგალითად საბერძნეთში ან ესპანეთში ერთმანეთს დაუპირისპირდა, დაპირისპირება საქართველოშიც ხდება, ოღონდ უფრო დაბალ დონეზე და მათთან დაახლოებული ,,კაიბიჭები' ერთმანეთს არ ინდობენ.
რუსთავის #17 ზონაზე ,,კაი ბიჭები' თითქოს მეგობრობდნენ, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და მათ შორის უცხო თვალი სხვაობას ვერ შეამჩნევდა. მიუხედავად ამისა, ვინც შიდასამზარეულოს იცნობდა, ისიც იცოდა, რომ რუსთაველი მელიქა, თბილისელი გიო და ლოტკინელი ჯემო გამორჩეულები იყვნენ. მელიქა შუშანაშვილის ახლობელი იყო, სვანი გიო ტარიელ ონიანს ენათესავებოდა, ხოლო იეზიდი ჯემო კალაშოვის დეიდაშვილის შვილი იყო. ეს მთელმა ზონამ იცოდა და ისინიც ისე ამაყად დადიოდნენ, გეგონებოდა, საახლობლო თუ სანათესაო აკადემიკოსები ჰყავდა.
როცა საზღვარგარეთ მყოფ ქურდებს შორის ვითარება დაიძაბა, ონიანი და კალაშოვი სამკვდრო-სასიცოცხლოდ წაეკიდნენ, შუშანაშვილს თავი გასჭირვებოდა და ურთიერთობა ზონაზეც დაიძაბა. ჯემო და გიო ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ცხადი იყო, მათი ფარული ომი ერთ დღეს ღია დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. არადა, ისინი ერთ საკანში ცხოვრობდნენ, რაც ნიშნავდა, რომ მიზეზის მონახვა არ უნდა გასჭირვებოდათ. არადა, ორივე იმდენად კორექტულად და დაკვირვებულად საუბრობდა, ერთმანეთს წამოკიდების საბაბს არ აძლევდნენ, თუმცა...
ერთ დღეს ჯემომ რაღაც ძველი ამბავი გაიხსენა და პატიმარ #0578-ს უყვებოდა, ასე და ასე იყოო. გიო და რამდენიმე პატიმარი ჯემოს მშვიდად უსმენდნენ, #0578 კი კითხვებს უსვამდა. ბოლოს ჯემომ უთხრა: ,,აი, მაგალითად, მე რომ შენ დედა შეგაგინო და...'
ეს ,,და' აღარ დასცალდა, მოულოდნელად გიომ იფეთქა: ,,შენ დედა ვის უნდა შეაგინო, ეს ჩვენი ძმაა, რას უსრულებ ახლა, კაიბიჭი რომ არ არის და ტერმინებში ვერ ერკვევა, მაგიტომ ეუბნები?!'
პატიმარი #0578 გაშრა. ჯემომ გაოცებისგან პირი დააღო, თუმცა შეეტყო, რომ გიოს შემოტევამ დააფრთხო. ვითარების განმუხტვა ისევ #0578-მა სცადა.
,,გიო, ამბავს ყვებოდა, გინებას არ აპირებდა, არ არის სახიპიშო', - რაც შეიძლება მშვიდად უთხრა ბავშვობის მეგობარს.
,,შენ არ იცი და ნუ მასწავლი, რა არის სახიპიშო და რა არა. მე შენ გეკითხები, ჯემო, რას ნიშნავს, დედა რომ შეგაგინო, ახსენი და თუ არ ამიხსნი, მოგთხოვ', - არ გაჩერდა გიო.
,,გაჩერდი ერთი წამით, ძმა და მომისმინე', - დაიწყო ჯემომ, მაგრამ ვეღარ დაამთავრა.
,,რაა?! შენ ვის აჩერებ, ბიჭო, ვის უთხარი, გაჩერდიო?!' - იღრიალა გიომ და ჯემოს სახეში გაარტყა.
ის, რომ კაიბიჭებში სიტყვა ,,გაჩერდი' წითელი ნაჭერივით იყო, #0578-მაც იცოდა. ჯემოს ნერვიულობის ნიადაგზე წამოსცდა ეს და გიომაც არ აპატია. ჯემოს ხელი არ შეუბრუნებია, მტყუანი იყო და იმიტომ. გიომ მეორედ მოიქნია, ვის აჩერებო, იღრიალა კიდევ ერთხელ და მაშინ, როცა ყველა ფიქრობდა, ეს ამბავი ცუდად დასრულდებაო, ბიჭებს შორის პატიმარი #0578 ჩადგა: ,,გიო, მომისმინე... ათ წუთში ზონა იკეტება, ხვალ გავაგრძელოთ ეს თემა, სწორად გამიგე, ჩემს გამო დაიწყო და არ მინდა, უჩემოდ გაგრძელდეს. შენ და ჯემო საკამერნიკები ხართ, მაგრამ იქნებ დილისთვის გადავდოთ'.
,,რა გადავდო, რა მინდა ამასთან ერთად კამერაში?' - ისევ იყვირა გიომ, #0578 გვერდით გაწია და ჯემოს მესამედ შემოარტყა.
,,საკმარისია. ხვალ გავაგრძელოთ ბაზარი, მთელი ბლატატა შევკრიბოთ', - თქვა ქუთაისის რეგიონის მაყურებელმა და ზონის დაკეტვა რუპორით გამოაცხადეს. მეორე დღის გათენებას მთელი ზონა ელოდა. 12 საათზე სხადნიაკი იყო დანიშნული და ერთადერთი, ვისაც იქ დასწრება არ ეკუთვნოდა კაიბიჭის სტატუსის არქონის გამო და ესწრებოდა, პატიმარი #0578 იყო. ყველამ იცოდა, სწორედ მასთან საუბარს მოჰყვა გიოსა და ჯემოს დაპირისპირება. ოცკაციან საკანში ოთხმოცამდე კაიბიჭი შეიკრიბა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არსად იყო, კართან რამდენიმე კაცი მორიგეობდა და რადგან ხელმძღვანელობამაც იცოდა, რომ შეიძლებოდა, რაღაც მომხდარიყო, ბადრაგი ზონის შემოსასვლელ კართან იდგა. თავად კაიბიჭები რამდენიმე ნაწილად იყვნენ დაყოფილი - ზოგს ჯემოს მხარე ეკავა, ზოგსაც ონიანის, ხოლო ნაწილი მელიქას გვერდით შეკრებილიყო. არავინ იცოდა, ვის მხარეს დაიჭერდა შუშანაშვილის ახლობელი და ამას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონოდა. რეალურად, მელიქა ჯემოსთან უფრო მეგობრობდა, მაგრამ ყველამ იცოდა, ამ შემთხვევაში ჯემოს თავისმართლება გაუჭირდებოდა და ამიტომ, მელიქა მოვლენების განვითარებას ელოდა.
,,არ მაინტერესებს, რაზე დავიწყეთ ბაზარი, მაგრამ ჯემომ მითხრა, გაჩერდი და მომისმინეო. ვის აქვს უფლება, ქურდების გარდა, კაიბიჭი გააჩეროს საუბრის დროს? ამას მხოლოდ ნაბოზვრები აკეთებენ', - ხმამაღლა თქვა გიომ და ის, რასაც ყველა ფიქრობდა, ცხადი გახდა - გიო ჯემოს პირველ თემაზე კი არა, მეორეზე უფრო ედავებოდა, რადგან მეორის ახსნა თითქოს შეუძლებელი იყო.
,,მე, როგორც ძმას, ისე გითხარი, გაჩერდი-მეთქი. შენ იცი, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მე არ მეშლება მასეთები, თუმცა ამ შემთხვევაში შენ ეს სიტყვა დაიჭირე და მაწვები. ძმობაში გითხარი და ეს შენც იცი', - ჩუმად თქვა ჯემომ.
,,ძმობაში მაჩერებდი? გესმის, რას მეუბნები? შეცდომას შეცდომაზე უშვებ, ძმა ხარო, მიმტკიცებ და გამაჩერე, გამაჩუმე... არა, კი არ გამაჩუმე, დააპირე და ამაზე გთხოვ პასუხს',- ისევ ხმამაღლა თქვა გიომ.
,,ჯემომ თავი დახარა, მელიქამ ნერვიულად მოქაჩა სიგარეტი და სწორედ მაშინ, როცა გიოს უნდა ეთქვა, დადექი და მისაღები მიიღეო, #0578-მა გამოაცხადა: ,,წესითა და რიგით, მე აქ არ უნდა ვიყო, რადგან პატიოსანი კაცი ვარ და არა კაიბიჭი, თუმცა ვთვლი, რომ, რადგან ვესწრები, რადგან მენდობით, სიტყვის თქმის უფლებაც მაქვს'.
ყველაზე კარგად გიომ იცოდა, მისი ბავშვობის მეგობარი მშვიდობისმოყვარე იყო და მაქსიმალურად შეეცდებოდა ვითარების განმუხტვას, ამიტომ, სანამ ვინმე რამეს იტყოდა, თავად შეუძახა: ,,თქვი, რაც გინდა, მაგრამ სენტიმენტები, შერიგდით. ერთმანეთი გადაკოცნეთ და პაცნური თემა არ შემოაგდო'.
,,კეთილი. მე ვიცი, რომ ჯემო კალაშოვის ახლობელია, გიო - ტარიელასი, აგერ მელიქა შუშანაშვილთან ახლობლობს. იმის მაგივრად, ერთად იდგეთ და ქურდულისთვის საერთო საქმე აკეთოთ, ერთმანეთზე იწევთ. გაიხედეთ ფანჯრიდან, ბადრაგი დგას და იცინის. თქვენი საქციელით ძაღლებს აცინებთ და ამას რომელი ზემოთ თქმული ქურდი მოგიწონებდათ? რა გჭირთ, რა დაგემართათ? თუ მორევაზეა, მაშინ აგერ, ტაისონას დავუძახოთ და ყველას მოგვერევა. შერიგება კი არა, იმას გეუბნებით, თუ ამ დონის ქურდებთან ახლობლობთ, ახლა გააჩერეთ თემა, გარეთ, სვაბოდაზე ნახეთ ის ხალხი, დასხედით და იქ დაილაპარაკეთ. იმათი ნათქვამი და მოსმენილი სხვა იქნება და აქ ნათქვამი და მოსმენილი სხვა', - დაასრულა მონოლოგი #0578-მა.
,,მართალია ეს კაცი. წეღან მეც დავინახე, ქირქილებდნენ ძაღლები და არ გამოვა ასე. გავაჩეროთ ბაზარი და სვაბოდაზე გავარკვიოთ, ვინ და როგორ', - ეს უკვე ქუთაისის რეგიონის მაყურებლის ხმა იყო.
,,ასეა, შევეშვათ დღეს ამ თემას, გიოს ჯემოსთან პრეტენზია აქვს და გარეთ გაირჩევა ეგ ამბავი, მეც მაგ აზრზე ვარ', - თქვა მელიქამ.
სხადნიაკი დაიშალა, პატიმრებმა კამერებს მიაშურეს, #0578 გიოს გაჰყვა, მხარზე ხელი გადახვია და...
,,ხომ იცი, სხვანაირად არ გამოვიდოდა. არ გინდა, რა, აქ რამკების მტვრევა. გარეთ კალაშოვი და ონიანი თუ ერთად დასხდებიან ოდესმე, ე.ი. დიდი შერიგება შედგება, თუ არა და ამ ჯემოს კი ნახავ თბილისში ნებისმიერ დროს და იქ მოსთხოვ', - უთხრა მეგობარს.
,,მერამდენედ უნდა ვინანო, ამ ზონაზე რომ ვიჩალიჩე შენი გადმოყვანა. დედა ტერეზა ხარ ბოზისშვილი ვიყო, ვინმეს რომ ვეხიპიშები, თვალებით შენ გეძებ, არ გამოჩნდეს და მანდილი არ ჩააგდოს-თქო. რა გჭირს შეჩემა, აქ მგელი თუ არ ხარ, შეგჭამენ, რა', - წყენით უთხრა გიომ.
,,და როგორ გგონია, მე მგელი ვარ?!' - გაეღიმა #0578-ს.
,,მგელი არა, ლომი', - გამოაჯავრა გიომ.
,,და რატომ არ მჭამენ მაშინ?!' - გაეცინა #0578-ს.
,,იმიტომ, რომ მე ვარ მგელი, მე', - ჯიუტად გაიმეორა გიომ.
2013 წელს გიო საბერძნეთში ,,კანონიერ ქურდად' მონათლეს.
პატიმარი #0578