სკანდალური დოკუმენტი, რითაც ვლადიმერ პუტინის მიერ კოლუმბიელი ნარკომოვაჭრეების ფულის გათეთრება დასტურდება

სკანდალური დოკუმენტი, რითაც ვლადიმერ პუტინის მიერ კოლუმბიელი ნარკომოვაჭრეების ფულის გათეთრება დასტურდება

უკრაინის უშიშროების სამსახურის საიდუმლო ანგარიში, ეფესბე-ს დირექტორის, ვიქტორ ივანოვის დოსიე და მოწმე, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობაში პუტინი-ივანოვის მოტივს ასახელებს   
„ბი-ბი-სის' ჟურნალისტი ვიქტორ ნეჰეზინი სტატიაში - „მოწმე: ლიტვინენკო პუტინის ბრძანების გარეშე არ მოკლავდნენ“ _ წერს, რომ კაგებე-ს ყოფილი ოფიცერი იური შვეცი ლიტვინენკოს საქმის მოსმენაზე სკანდალურ ჩვენებას აძლევს და აცხადებს, რომ მისი მეგობარი ლიტვინენკო, შესაძლებელია, იმის გამო მოკლეს, რომ ვლადიმერ პუტინი 90-იან წლებში კოლუმბიური ნარკოკარტელის ფულის გათეთრების საქმეს „კრიშავდა“. „ვერსია“ გთავაზობთ ამ სტატიას მცირე შემოკლებით.        

იური შვეცი გახლავთ კაგებე- ს კადრის ოფიცერი, რომელმაც დაამთავრა ანდროპოვის სახელობის შიდადაზვერვის ინსტიტუტი, 80-იან წლებში მუშაობდა აშშ-ში რეზიდენტად და სპეცსამსახური 1990 წელს დატოვა. 1993 წელს ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში და 1997 წლიდან მუშაობდა „დიუ დილიჯენსში“, რომელიც კომერციული რისკების შესაფასებლად აგროვებს ინფორმაციას იმ კომპანებისთვის, ვისაც რუსეთში ინვესტიციის ჩადება და ბიზნესის დაწყება სურს. შვეცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის თანაკურსელია.

სკანდალური მოწმის ჩვენება 

კაგებე- ს ყოფილი ოფიცერი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო მოსმენაზე აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, მკვლელობა უკავშირდება ვიქტორ ივანოვის დოსიეს. ივანოვი გახლავთ რუსეთის ფედერალური სამსახურის (ეფესბე) დღევანდელი დირექტორი, რომელიც ნარკოტიკების მოძრაობას აკონტროლებს. იგი გახლავთ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი უახლოესი მეგობარი. დოკუმენტი კი, რომელზეც იგი საუბრობს, მომზადებულია იური შვეცის მიერ, 2006 წლის სექტემბერში, ალექსანდრ ლიტვინენკოს დაკვეთით კომპანია „ტიტონისთვის'. შვეცი ამტკიცებს, რომ თავად შეიტანა დოსიეში ინფორმაცია, ტამბოვის მაფიოზურ კლანთან პუტინისა და ივანოვის კავშირების შესახებ. ეს კლანი კი, თავის მხრივ, 90- იან წლებში დაკავებული იყო ნარკოვაჭრობით და კოლუმბიური ნარკოკარტელის ფულს ათეთრებდა. შვეცის აზრით, სწორედ ეს დოსიე გახდა მიზეზი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კომერციული გარიგების ჩაშლისა, რომლის შედეგადაც ივანოვი პირადად 10-15 მილიონ დოლარს მიიღებდა „ატკატის“ სახით, არამედ შესაძლებელია, სერიოზულად შეეშფოთებინა ვლადიმერ პუტინი. ამ საკითხზე ოფიციალური საგამოძიებო მოკვლევა უმაღლესმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მეუღლის - მარინას მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების მთავარი მიზანია, უპასუხოს კითხვას, დაკავშირებულია თუ არა რუსეთის ხელისუფლება ლიტვინენკოს სიკვდილთან. როგორც ცნობილია, ლიტვინენკო 2006 წლის 23 ნოემბერს, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლინიკაში რადიოაქტიური ნივთიერება „პოლონიუმ 210“-ით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ბრიტანეთის სპეცსამსახურები ვარაუდობენ, მომწამვლელი ნივთიერება მას ჩაიში ჩაუყარეს, როდესაც იგი ეფესბეს ყოფილ თანამშრომელს, ანდრეი ლუგოვს (დღეს გოსდუმის დეპუტატი) და დიმიტრი კოვტუნს ხვდებოდა. იური შვეცი გამორიცხავს ალბათობას, ალექსანდრე ლიტვინენკო რუსეთის სპეცსამსახურებს უცხოეთში მოეკლათ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისა და პირადად, ვლადიმერ პუტინის ნების გარეშე. როგორც შვეცი განმარტავს: „ეს არის კაგებე- ს წესი ნომერი პირველი - გაიმყაროს საკუთარი ზურგი, ხოლო ზურგის გამაგრება შესაძლებელია მხოლოდ შეფის ნებართვით. მით უმეტეს, რუსეთში, სადაც მუდმივად ლაპარაკობენ სახელისუფლო ვერტიკალზე, სადაც არსებობს ერთადერთი შეფი, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნებისმიერი გენერალი, ბატონი ივანოვისა და ეფესბე- ს ნებისმიერი გენერლის ჩათვლით, სანამ საშას ან სხვისი ლიკვიდაციის ბრძანებას გასცემდა, თავდაპირველად, საკუთარი უსაფრთხოების გარანტიას აიღებდა, ყოველი შემთხვევისთვის“. ნაწყვეტები ვიქტორ ივანოვის დოსიედან უკვე გამოქვეყნდა ლონდონის უმაღლესი სასამართლოს სხდომაზე, ამის შემდეგ შვეცმა, რომელიც მოსმენაზე აშშ-დან ვიდეოკავშირით ერთვებოდა, ბრიტანეთის მართლმსაჯულებას თანხმობა მისცა დოსიეს სრულ პუბლიკაციაზე. როგორც სასამართლო განხილვაზე მოწმე დინ ეტიუმ - „ტიტონის“ ყოფილმა უფროსმა განაცხადა, ლიტვინენკომ იური შვეცს ოთხი დოსიე დაუკვეთა - ვიქტორ ივანოვის, იგორ შუვალოვის (ამჟამად, რუსეთის მთავრობის პირველი ვიცე- პრემიერი) და ორი რუსი ბიზნესმენის - ევგენი ტუგოლუკოვისა და კირილ შუბსკის. ლიტვინენკომ შვეცის ნებართვის გარეშე გადასცა ივანოვის დოსიეს ასლი ლუგოვს, საიდანაც, როგორც შვეცი ვარაუდობს, რუსეთის სპეცსამსახურმა შეიტყოს პუტინისა და ივანოვის საკმაოდ სახიფათო კომპრომატების არსებობის შესახებ. როგორც ცნობილია, ეს იყო ერთადერთი მაგალითი იმ ინფორმაციის არსებობისა, რომელიც დოკუმენტებით იყო გამყარებული. 2002 წელს იური შვეცს დაუკვეთეს სამუშაო, რომელიც ეხებოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმასა და ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას. შვეცს უნდა გაეშიფრა და ამოებეჭდა კუჩმასა და მისი ქვეშევრდომების ასეულობით საათიანი საუბრების ჩანაწერები. ამ სამუშაოში თანხას ბორის ბერეზოვკი იხდიდა - შვეცი ჩაფრინდა ლონდონში და იქ გაიცნო ალექსანდრე ლიტვინენკო. სწორედ მოსმენების საარქივო ჩანაწერების გაშიფვრისას მიღებულმა ინფორმაციამ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ლიტვინენკოს მკვლელობის გამოძიების საქმეში.

უკრაინული კვალი 

იური შვეცმა განმარტა, რომ ვიქტორ ივანოვის დოსიეს შედგენისას, იგი, დიდწილად, სარგებლობდა ინფორმაციით, რომელიც პირადად ალექსანდრე ლიტვინენკოსგან მიიღო. კერძოდ, ლიტვინენკო 90-იან წლებში იძიებდა ტამბოვის მაფიოზიური კლანის მოღვაწეობას და სწორედ მაშინ აღმოაჩინა მათი კავშირები ვიქტორ ივანოვთან. თუმცა ზოგიერთი ინფორმაცია შვეცმა კუჩმასა და უკრაინის უშიშროების სპეცსამსახურის თანამშრომლების საუბრების გაშიფვრისას მიიღო. სწორედ იქიდან დაადგინა ვლადიმერ პუტინის შესაძლო კავშირები ნარკოვაჭრობასთან. ეს ის პერიოდია, როცა პუტინი სანკტ-პეტერბურგის ადმინისტრაციაში მუშაობდა. ლიტვინენკოს ქვრივის ადვოკატმა, ბენ ემერსონმა წაიკითხა ნაწყვეტები ვიქტორ ივანოვის დოსიედან: „ეს იყო უცნაური დრო. ივანოვი, ეფესბე-ს კონტრაბანდასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი, თანამშრომლობდა ტამბოვის ქურდულ დაჯგუფებასთან პეტერბურგის საზღვაო პორტზე კონტროლის მიღების მიზნით, პორტს განგსტერები იყენებდნენ კოლუმბიური ნარკოტიკის ევროპაში გადატანის მიზნით. პუტინი, რომელიც იმ პერიოდში ქალაქის ადმინისტრაციაში მუშაობდა, გახლდათ კომპანია „სპაგის' კონსულტანტი და არსებული ინფორმაციით, სწორედ ის ათეთრებდა პეტერბურგში კოლუმბიელი ნარკომოვაჭრეების შავ ფულს. ტამბოვის დაჯგუფების ლიდერი კუმარინი კი კომპანია „სპაგის' შვილობილი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო“. დოსიედან ირკვევა, რომ ლეონიდ კუჩმამ კარგად იცოდა პუტინის ბიოგრაფია. „უკრაინული სპეცსამსახურის მონაცემები, რომელიც თქვენ გამოიყენეთ საკუთარი დასკვნების გასაკეთებლად, იყო საიდუმლო თუ ინფორმაცია მიიღეთ ღია წყაროებიდან?“ - ჰკითხა ემერსონმა მოწმეს. „ეს იყო უკრაინის უშიშროების სამსახურის საიდუმლო ზეპირი ანგარიში, რომელიც ლეონიდ კუჩმას მიაწოდეს. უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა დერკაჩმა მას მოახსენა შემდეგი - მათ მიიღეს დოკუმენტები ევროპიდან, სადაც საუბარია ვლადიმერ პუტინის კავშირზე „სპაგთან', რასთან დაკავშირებითაც გერმანიასა და ლიხტენშტეინში მიმდინარეობდა გამოძიება კოლუმბიური ნარკოკარტელის ფულის გათეთრების საქმეზე“, - უპასუხა მოწმე შვეცმა. „ანუ ეს არის ღია ინფორმაცია თუ საიდუმლო?!“ - კიდევ ერთხელ დააზუსტა ემერსონმა. „სპაგის“ საქმის გამოძიება საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, მაგრამ უცნობი იყო, რომ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა რაიმე კავშირი „სპაგთან' და რომ რუსეთის სპეცსამსახურები ხარჯავდნენ კოლოსალურ თანხებს ევროპაში ამ გამოძიების შესახებ ინფორმაციის გამოსასყიდად“, - განმარტა შვეცმა. „ეს გაძლევთ საფუძველს, დაასკვნათ, რომ თქვენ ჩართეთ ამ დოსიეში ინფორმაცია, რომელიც პოტენციურად სახიფათო იყო თვით პრეზიდენტი პუტინისთვის?“ - იკითხა ადვოკატმა. „დიახ, ძალიან სახიფათოა, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს იყო დოკუმენტურად გამყარებული ერთადერთი ინფორმაცია. სხვა მონაცემები, რომელიც ვნახე ინტერნეტში, ან მოარულ ხმებზეა დამყარებული, ანდა ანონიმურ წყაროებზე და ა.შ.', - მიაჩნია შვეცს. „მაგრამ თქვენ ხელთ გაქვთ რეალური დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც შეგიძლიათ თქვენს დოსიეში გარკვეული დასკვნები გააკეთოთ, არა - თქვენ ეს გქონდათ მხედველობაში?“ - გააგრძელა დაზუსტება ემერსონმა. „დიახ, მე მაქვს გაშიფრული მოხსენება, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურებმა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას მოუმზადეს!“ - განაცხადა შვეცმა.   
      
კონკურენტი წყარო 

იური შვეცი ამტკიცებს, რომ ლუგოვის გვარი ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილამდე არასოდეს სმენია. თუმცა იცოდა, ლიტვინენკო კიდევ ერთ „წყაროსთან“ თანამშრომლობდა. სწორედ ამ წყაროს გადასცა ლიტვინენკომ ივანოვის დოსიეს ასლი იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა გაკეთდეს მსგავსი ანგარიშები. შვეცი შეშფოთდა, როცა შეიტყო, რომ საშამ გადასცა დოსიე ვიღაც რუსს, თუმცა ლიტვინენკომ იგი დაამშვიდა. „ეს რუსი ისევე, როგორც ჩვენ, ყოფილი კაგებეშნიკია, ისიც მუშაობს ბერეზოვსკიზე და ისიც ციხეში იჯდა მესთან კავშირის გამო“, - ამ არგუმენტებით გაამართლა ლიტვინენკომ საკუთარი საქციელი. 2006 წლის 1 ნოემბრის შემდეგ, ორი დღის მანზილზე, ლიტვინენკო შვეცს უკავშირდებოდა და არწმუნებდა, რომ იგი რაღაც საკვებით მოიწამლა. შემდეგ კი, როცა მდგომარეობა გართულდა, ლიტვინენკო კიდევ ორი დღის მანძილზე ამტკიცებდა, რომ იგი მარიო სკარამელამ მოწამლა და მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა, იმ დღეს, როცა მოიწამლა, შეხვდა კიდევ ორ რუსს, მათგან ერთ-ერთი სწორედ ის კონკურენტი წყარო იყო. „მაშინ კი ვუთხარი საშას - აი, სწორედ ეგენი უნდა მოვძებნოთ!“ - იხსენებს იური შვეცი, რომელიც მიიჩნევს, რომ ლიტვინენკოს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ოპერატიულად იქნე მიღებული - 2006 წლის სექტემბერში. „მე ასე მესმის, რომ გარიგებჩაიშალა ჩემი დოსიეს გამო და ივანოვმა ვერ მიიღო „ოტლკატი“, რომელსაც ელოდა. თანხა დაახლოებით 10-15 მილიონი დოლარი იყო,-“ განაცხადა შვეცმა. მისი აზრით, ვიქტორ ივანოვს შურისმაძიებელი კაცის რეპუტაცია აქვს. „დოსიეში იყო ინფორმაცია პუტინის მონაწილეობაზე ნარკოვაჭრობაში და მე ვფიქრობ, რომ ივანოვსა და პუტინს არ უნდოდათ, ამის შესახებ დასავლეთში გაეგოთ“, - ასკვნის კაგებე- ს ყოფილი თანამშრომელი. 

მოამზადა რუსუდან ხავთასმა