ცნობილი ბიზნესმენის სახლიდან პატრიარქის ნაქონი ვერცხლის ჯვარი მოიპარეს

ცნობილი ბიზნესმენის სახლიდან პატრიარქის ნაქონი ვერცხლის ჯვარი მოიპარეს

თაღლითი მაიას კრიმინალური ვნებანი

რამდენიც უნდა ამტკიცონ სამართალდამცავებმა, რომ გაუხსნელი საქმე არ არსებობს, პრაქტიკა სხვა რამეს გვიჩვენებს _ გაუხსნელი საქმე ყველა გამომძიებლის ოთახშია და მისი ჩამოწერა შემდეგნაირად ხდება: დაიჭერენ ვინმეს ქურდობის მეორე ნაწილზე, რომელზეც სასჯელი 4დან 7 წლამდეა და დაკავებულს ეუბნებიან, ან ორ გაუხსნელ საქმეს და მინიმუმს შეიტენი ანუ 4 წელს მოგცემთ, ან მხოლოდ შენი საქმით წახვალ სროკზე და მაქსიმუმს, 7 წელს მიიღებო. დაკავებულსაც, რა თქმა უნდა, სხვისი საქმის აღება და სამი წლით ნაკლები სასჯელი ურჩევნია. გაგიკვირდებათ და, ზოგიერთები ამ საქმეებს შემდეგ სათავისოდ იყენებენ და სერიოზული ,,პრისტუპნიკის' იმიჯს იმკვიდრებენ. აბა, სად ის, რომ სროკზე მობილური ტელეფონის ქურდობისთვის მიდიხარ და სად კიდევ ის, რომ მაგალითად, ვინმე ბობოლას ბინის გასუფთავებას, ან რომელიმე ფირმიდან სეიფის წაღებას გედავებიან, თუმცა...

წინა ხელისუფლების დროს თავს უსაფრთხოდ ვერავინ გრძნობდა. ის ბიზნესმენებიც კი, რომელთაც წინა მთავრობა ოფიციალურად არეკეტებდა, მშვიდად ვერ იყვნენ. ხელისუფლების მადა განუსაზღვრელად იზრდებოდა და ბოლოს, როცა ბიზნესმენი გადახდას ვერ ახერხებდა, ან ციხე ელოდა, ან ბიზნესის მთლიანი დათმობა და ქვეყნიდან გადახვეწა...
თემური თ. საკუთარ ბიზნესს წლები აშენებდა, როცა სიმშვიდე უნდა ჰქონოდა, სწორედ მაშინ შეიცვალა ხელისუფლება და ახალმა მთავრობამ მალე რეკეტი დაიწყო. თემური ნელნელა კარგავდა ყველაფერს და იფიქრა, მიატოვებდა, კაპიტალის გადარჩენილ ნაწილს საზღვარგარეთ გაიტანდა და მცირე ბიზნესს იქ ააწყობდა, მაგრამ ამ დროს გაუქურდეს და პირწმინდად გაასუფთავეს. ყველაფერ ამას კი ის მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა მისი შვილი ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 15 წელი მისცეს. თემურმა კინაღამ თავი მოიკლა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, რადაც უნდა დამიჯდეს, ბინის ქურდი უნდა ვიპოვოო და ჯერ სამართალდამცავებს დაჰპირდა ჯილდოს, შემდეგ კი ,,კანონიერ ქურდებს' დაუკავშირდა, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ მისი ბინის გამქურდავი, ვერავინ გაიგო. რეალურად, თემურს ვერცხლის ჯვარი აინტერესებდა - წინაპარი საქართველოს კათალიკოსპატრიარქი იყო და მისი ნაქონი ვერცხლის ჯვარი ოჯახის ყველაზე დიდ სიმდიდრედ და რელიქვიად ითვლებოდა. სამართალდამცავებმა უარი თქვეს, მაქსიმუმს ვაკეთებთ და არაფერი გამოგვდისო, კანონიერმა ქურდებმა კი მხრები აიჩეჩეს, აქაოდა, საქართველოში აღარ ვართ და როგორ ვაკონტროლოთ, მანდ რა ხდებაო. თემურმა შვილს უთხრა, მანდაც გაიკითხე, ეგებ, ვინმემ რამე იცის, მხოლოდ ის ჯვარი გვინდა, სხვაგვარად დაღუპულები ვართ ჩვენც და ჩვენი საგვარეულოცო. შაკომაც ზონა გადაატრიალა, მაგრამ ბინის ქურდობაზე არც მაყურებლებმა იცოდნენ რამე, არც - ბინის ქურდებმა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ქურდი ბუნებაში არ არსებობდა, თუმცა...
,,საქმე გაიხსნა, გესმის?! ვიღაც სენაკელი ბიჭი დაიჭირეს ქურდობაზე და ეს საქმეც აღიარა. შევეცდები, შენს ზონაზე მოხვდეს და მერე შენ იცი. ჯვრის გარდა არაფერი გვინდათქო, ასე უთხარი და არ მგონია, უარი თქვას', - თემური შვილს პაემანზე დაძაბული ელაპარაკებოდა.

ზუსტად ორი თვის შემდეგ, გოგა ფ. რუსთავის #17 ზონაზე მიიყვანეს. შაკოს გარდა, მაყურებლები და მთელი ბლატატა ელოდა. ყველამ იცოდა, რომ სწორედ მას ჰქონდა ნაღიარები ცნობილი ბიზნესმენის ბინის გაქურდვა და ერთი სული ჰქონდათ, დეტალები მოეყოლა.
,,ახლა გეტყვით და გაგიკვირდებათ: ვიდრე მაგ ტიპს აკაჩავებთ, მე დაველაპარაკები. ეგებ, მომიყვეს რამე. ცემატყეპას ყოველთვის მოასწრებთ და ხომ გაგიგიათ, გველს ხვრელიდან ამოიყვანსო... არა, ეს შეიძლება არ გაგიგიათ, მაგრამ ახლა გაიგეთ', - პატიმარი #0578 მაყურებლების კამერაში ყავას წრუპავდა.

,,არ არის ცუდი აზრი, მკვდარს აალაპარაკებს ეს და იქნებ, მართლა ჯერ ამან სცადოს', - თქვა მაყურებელმა, მაგრამ შაკო აყვირდა: ,,რა დაელაპარაკოს, ტრაკიდან გამოვუღებ ყველაფერს. მარტო ჯვარიო, კი თქვა მამაჩემმა, მაგრამ მაგის გარდა, იცი, რამდენი რამე წაიღო?! ტექნიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნახატები, ხალიჩები... კედლები დატოვა მარტო...'
მაყურებლებმა ხმა ვერ გაიღეს და პატიმარი #0578იც გაჩუმდა. გოგა კარანტინში იყო და ზონაზე მეორე დღეს უნდა აეყვანათ. დილით, ბლატატა შაკოსთან ერთად, ზონის შესასვლელთან იდგა და მოუთმენლად ელოდა პატიმრების ახალ ნაკადს, რომელიც კარანტინიდან, როგორც წესი, დილის 11ზე ამოჰყავდათ. ზუსტად 11ზე, ბადრაგის ნაცვლად, კორპუსის ოფიცერი, აყლაყუდა გოჩა გამოჩნდა, რომელსაც ერთი ჩია ბიჭი მოჰყვებოდა - ბიჭს ცელოფანი ეკავა და ძლივს მოათრევდა. პატიმარი #0578 მაშინვე გოჩასთან გაჩნდა.
,,სხვები არ არიან?!' - ჰკითხა.

,,არა, ესეც სპეცეტაპით მოიყვანეს, მეგრელია, ჩემი სეხნიაა - გოგა ჰქვია, გვარი აღარ მახსოვს', - გაიკრიჭა გოგა.
#0578მა არეული სახით გახედა შაკოს და მაყურებლებს, რომლებიც პატიმარს თვალებით ჭამდნენ და მაშინვე მათკენ დაიძრა.
,,შაკო, ახლა შენ თუ დაიჯერებ, რომ ამან თქვენი ბინა მარტომ გაასუფთავა, ის ხალიჩები და ტექნიკა მარტომ წაიღო, მაშინ გიჟი ყოფილხარ. ხვდები ხომ, რას გეუბნები? ცელოფანი ძლივს მოაქვს და იმ ცელოფანში, ტანსაცმლის გარდა, არაფერი ექნება. ვიღაც მამაძაღლობს რაღაცას და ეგებ, ამ ბიჭის განაჩენი გადმოვატანინოთ სოციალურ სამსახურს, ჩავიხედოთ, რა წერია და იქნებ, ამის პადელნიკები სხვა ზონაზე არიან', - #0578 დამაჯერებლად საუბრობდა.

,,მართალია, შაკო, ეს მარტო იმ ბინის წამღები არ იყო. განაჩენი გვინდა სასწრაფოდ', - თქვა ზონის მაყურებელმა.
#0578 გოჩასთან მივიდა და უთხრა, რაციით სოციალური სამსახურიდან დათო მოვიდესო. დათო ათ წუთში გადმოვიდა. პატიმარი #0578 სულ რამდენიმე წამს ელაპარაკა, დათო გაბრუნდა და მალე ახლადმოყვანილი პატიმრის განაჩენით დაბრუნდა.
,,გითხარი, სირობაა ყველაფერი ესმეთქი?! პროსტა, ძაღლებმა შეტენილი საქმე გამოიძრეს, თორემ რაც ამ დებილს აქ უწერია, მარტომ გავტეხე ბინა და მარტომ ვზიდე ყველაფერი მანქანაშიო, კი ხვდები შენ, რომ სისულელეა. მაინც დაველაპარაკოთ, ეგებ, რამე საინტერესო თქვას', - განაჩენის წაკითხვის შემდეგ თქვა #0578.

გოგა ფ. მაყურებლების საკანში, პრაქტიკულად, შეათრიეს. დამფრთხალი იხედებოდა აქეთიქით, მერე საკუთარ განაჩენს ჰკიდა თვალი და სხაპასხუპით დაიწყო: ,,ისეთი არაფერი ჩამიდენია, კაზლიატნიკში ან საქათმეში რომ გამიშვათ. ბინის ქურდი ვარ, ბინებს ვტეხდი და მაგაზე ჩავვარდი. სამი ფაქტი დამიმტკიცეს, დანარჩენები ვერა და ოთხი წელი მომცეს'.
,,ყურადღებით მომისმინე: შეკრებითობა გაგიგია, ხომ? ჰოდა, რა გინდა თქვა, დაგიჭირეს, სამი ქურდობა დაგიმტკიცეს და მხოლოდ 4 წელი მოგცეს? შენ შიგ ხომ არ გაქვს, ბიჭო, ტყუილს ვისთან ბედავ, ხვდები?! ახლა ახლიდან დაიწყე და ყველაფერი მოყევი', - მაყურებელმა ისე ,,ლამაზად' აუხსნა საქმის ვითარება გოგას, რომ ერთ წამში მოკვდა და ისევ გაცოცხლდა.
,,მანქანის სარკის ქურდობაზე დამიჭირეს. მაგით ვცხოვრობ, რა. მერე ეს ორი ქურდობა შემტენეს, ბინის ქურდობები და დამპირდნენ, ოთხ წელს მოგცემთო. სხვანაირად, რაც თბილისში სარკეები მოპარულა, ყველაფერს მე მტენიდნენ და 20 წელი გამომდიოდა', - ამოიქსუტუნა გოგამ.

ამის თქმა იყო და, შაკომ ახლადმოყვანილ პატიმარს ისეთი შემოარტყა, საკანში ლოტოსკოჭივით გააკოტრიალა.
,,აი, ეგ კი აღარ იყო საჭირო', - თქვა #0578მა, გოგა წამოაყენა და მშვიდად ჰკითხა: ,,როცა ამ საქმეს გტენიდნენ, წაიკითხე მაინც, რა ეწერა?! იცი, ვის ბინას იტენიდი და რამდენს?!'
,,წავიკითხე, მითხრეს, ცნობილი ბიზნესმენია, შეგვჭამაო და დამშვიდდება მისი ბინის ქურდი ციხეში რომ იქნებაო. ოთხ წელს მოგცემთო, ისე ოცსო და...' - სლუკუნით თქვა გოგამ.
,,ეგ უკვე მოყევი. გონება დაძაბე და გაიხსენე, ამ საქმეზე საუბრის დროს რამე ხომ არ წამოსცდენიათ გამომძიებლებს ისეთი, რაც უცნაურად გეჩვენა. რამე ისეთი, რაც გაგიკვირდა, ან სხვა სახელი და გვარი ან რამე, ნებისმიერი რამ გაიხსენე', - მშვიდად უთხრა #0578მა.

,,არა, გამომძიებელს არაფერი, პროკურორმა თქვა...' - გოგას აღარ დაასრულებინეს, შაკო ყელში ეცა და დახრჩობა დაუწყო: ,,რას ღეჭავ, რას მაიმუნობ, დროზე თქვი...'
#0578მა შაკო გოგას მოაცილა, მერე მაყურებლებს შეხედა, უხმოდ დაუქნია თავი და პატიმარი თავის საკანში წაიყვანა. ჩაი მოუდუღა, ორცხობილა და შოკოლადი დაუდო, ჭამეო და ვიდრე გოგა ილუკმებოდა, ხმა არ გაუღია. შემდეგ სიგარეტი მიაწოდა, თავის ხელით მოუკიდა და მშვიდად უთხრა: ,,ახლა დაიწყე და შეეცადე, თითოეული სიტყვა გაიხსენო, რა გეჩვენა უცნაურად'.
,,როცა ამ განაჩენს მაკითხებდნენ, ოთახში პროკურორი და ვიღაც კაცი იყვნენ. მაშინ თქვა პროკურორმა, ამ საქმეს მოვიცილებ, მაიაც კმაყოფილი იქნება და მეც ამოვისუნთქებ, შემჭამა მაგ ქალმა, მაგრამ ცეცხლია ლოგინში, ცეცხლიო. მეტი არაფერი უთქვამთ, მე თავი ავწიე ამ დროს და წამითაქეს, ეგ იკითხე, ბევრი დრო არ გვაქვსო. მეტი მართლა არაფერი უთქვამთ', - ჩუმად თქვა გოგამ.

,,ახლა მომისმინე: ცოცხლად რომ გაგატყაონ, არაფერი თქვა, იცოდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგე?!' - უთხრა #0578მა და გოგამაც თავი უხმოდ დაუქნია.
პატიმარი #0578 მაყურებლების კამერაში ჩავიდა, სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და შაკოს ჰკითხა: ,,დედაშენი მაია სად მუშაობს?!'
,,მაია დედაჩემი არ არის. ისე კი, სალონი აქვს სილამაზის და იმას ამუშავებს', - უპასუხა შაკომ.

,,მოიცა, კაცო, პაემანზე შენს სანახავად მამაშენს რომ დაჰყვება ხოლმე მაია, ეგ დედაშენი არ არის?!', - გაიოცა #0578მა.
,,არა, დედა ადრე დამეღუპა, ეგ მეორე ცოლია მამაჩემის და მაია რა შუაშია?!' - ეჭვით იკითხა შაკომ.
***
ერთი კვირის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: მამაშვილმა გაარკვიეს, რომ ბინის ქურდობა და შაკოსთვის წამლის ჩადებაც მაიას იდეა იყო. ქალი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ამიტომ, დაკავება ვერ მოხერხდა, თუმცა მასზე ძებნა გამოცხადდა. მაია საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ,,ვიღაცამ' გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. რაც შეეხება ჯვარს, როგორც შაკომ თქვა, სწორედ იმ ჯვრის გასაყიდად იყო მისი დედინაცვალი საზღვარგარეთ წასული და საგვარეულო ჯვარიც დაიკარგა. 
პატიმარი #0578