საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო მოხელეს უფლება არ აქვს, ბიზნესსაქმიანობას ეწეოდეს. ამის მიუხედავად, პოლიტიკოსთა უმრავლესობას ბიზნესი მაინც აქვს, თუმცა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მას მეგობრების სახელზე აფორმებენ და საქმიანობაში ოფიციალურად არ ერევიან. რა ხდება არაოფიციალურად, კაცმა არ იცის, მაგრამ რეალურად, პოლიტიკოსებს ვერ მოედავები. ერთმა კრიმინალმა თქვა, კანონი იმისთვის არის კანონი, რომ დაარღვიოო და როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას არაერთი ჩინოვნიკი იზიარებს. ასეთი ბიზნესმენ- ჩინოვნიკი ჰყავს დასაქმებული ფინანსთა სამინისტროს თავის მომსახურების სააგენტოში და მეტიც, გელა ხანიშვილი, რომელიც თავად მილიონებს მევახშეობით შოულობს, ბიუჯეტის მილიონებსაც განკარგავს. ამ პერსონით ნამდვილად არ დავინტერესდებოდით, რომ არა ბოლო დროს მედიაში ატეხილი ამბავი - ,,ქამრების შემოჭერის“ პროცესში 4,7 მილიონად შეძენილი ავტომობილების შესახებ. გელა ხანიშვილის დეკლარაციას ცალი თვალი რომ გადაავლოთ, მიხვდებით, რომ მისთვის ქამრის შემოჭერის თემა უცხოა. იგი ღიად აფიქსირებს, რომ თანამდებობის მიუხედავად, შვიდი კომერციული ფირმის მეწილეა. აქედან, ყველაზე მეტი შემოსავალი ,,ნოვა კრედიტის' პარტნიორობიდან აქვს მიღებული და თანხა 4.96 მილიონ ლარს აჭარბებს.
აბა, ამ თანხასთან რა მოსატანია, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავისთვის საინტერესო უნდა იყოს ისიც, რომ ბატონი გიორგი ლ.ბ. ინვესტ ჯგუფის პარტნიორიც არის და წლიურად ამ საქმიანობიდან 400 ათასი ლარი აქვს მიღებული. ახლა, ასი ათას ლარიან ბიზნესებს აღარ ჩამოვთვლი, არ არის ეს საინტერესო ხანიშვილისთვის, ისე აქვს, წვრილმანი ხარჯებისთვის. ახლა მეტყვით, წვრილმანი ხარჯი რაღა არისო და გეტყვით, რომ მაგალითად, მისმა შვილმა შარშან ზღვაზე დასვენებაში რვა ათასი ლარი დახარჯა, ხოლო პარიზის დათვალიერებაში ბატონმა გიორგიმ შვილს ათი ათასი ევრო გადაუხადა. ეს ყველაფერი უცნაური არ იქნებოდა, რომ არა ერთი საინტერესო დეტალი - ბატონი გიორგის მემკვიდრე სულ რაღაც 11 წლის გახლავთ და 11 წლის ბავშვმა ორ კვირაში პარიზში ათი ათასი როგორ უნდა დახარჯოს, თუ ამიხსნის ვინმე, მადლობელი დაგრჩებით. არა, იმავე ორ კვირაში 11 წლის ბავშვისგან რვა ათასი ლარის დახარჯვა არ არის გასაკვირი, სადაც პარიზში ამდენი მოახერხა, ბათუმის ზღვა რას მიქვია, ისეთი ფასებია, პარიზი მიმიქარავს. ბატონი გიორგი, ჯამში, მიწის ცხრა ნაკვეთს ფლობს. აქედან ერთი თბილისშია, ერთი წავკისში, დანარჩენი კი ქარელის რაიონში. სამაგიეროდ, მთავარი ქონება, 566 კვადრატული ფართობის სახლი თბილისშია და მერე რა, რომ ეს ყველაფერი მთლიანად ხანიშვილის ერთპიროვნული საკუთრებაა, მუშაობს კაცი. აი, მუშაობა კი მძიმედ დაუწყია - 1977 წელს ფცის საბჭოთა მეურნეობაში მუშა ყოფილა, მერე მცხეთის სარემონტო ორგანიზაციაში ისევ მუშა, მერე უფროსი ეკონომისტი და ამით დაიწყო კარიერული აღმასვლა. 1998-2000 წლებში ხანიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახლდათ. იმ დროს მინისტრი დავით ონოფრიშვილი იყო და თუ რამე სკანდალი დაუკავშირდა სამინისტროს, ყველაფერი ხანიშვილის გამოისობით. 2001 წელს მარეგულირებელი საბჭოს თავმჯდომარედ გადავიდა და სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, თანამდებობაზე იყო. შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი და 2006 წლიდან კვლავ თანამდებობაზე გამოჩნდა - საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მოგვევლინა. შემდეგ ,,სილქნეტში' წავიდა და 2010 წელს შექმნა ის, რასაც წლიურად მისთვის ხუთ მილიონამდე შემოსავალი მოაქვს - ,,ნოვა კრედიტი', რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც დღემდე გახლავთ.
თუმცა, საინტერესოა დეკლარაციის ინ ნაწილი, სადაც ხანიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მიღებულ მილიონებს არ ჯერდება და ფულს ხელზეც აქირავებს, მის დეკლარაციაში მსგავსი პუნქტი მრავლადაა. როგორც ჩანს, ბატონი ხანიშვილი საკუთარ შემოსავლებს კარგად ითვლის და მილიონს მილიონზე ამატებს, თუმცა ის ასეთი ფრთხილი არ არის სახელმწიფო თანხების მიმართ. მიმდინარე წლის მაისში თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციას უმასპინძლებს. სტუმრების დასახვედრად საქართველომ 4.7 მილიონი ლარის ახალი ავტომობილები შეიძინა და ეს მაშინ, როცა ხელისუფლების უმაღლესი პირები კატეგორიულად ითხოვენ ქამრების შემოჭერას. გასულ წლებში ამ კონფერენციას ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა უმასპინძლეს და მაშინ მათაც კი უარი თქვეს ავტომობილების შეძენაზე სწორედ ფინანსური კრიზისის გამო. მაგალითისთვის, შარშან კონფერენციას პოლონეთმა უმასპინძლა და ავტომობილები უბრალოდ იქირავა. ,,სტუმრების მაღალი რანგიდან გამომდინარე, იძულებულნი გავხდით, ეს გადაწყვეტილება მიგვეღო. სულ 85 ავტომობილი გვჭირდებოდა, ჩვენ კი მხოლოდ 67 შევიძინეთ. ქირაობაც არ ჯდებოდა ნაკლები, რადგან საქართველოში ანალოგიური ბიზნესკლასის ავტომობილები უბრალოდ არ არის და ამიტომ, ევროპიდან უნდა ჩამოგვეყვანა, რაც მილიონ ლარზე მეტი დაჯდებოდა', - ასე ახსნა მიღებული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე გელა ხანიშვილმა. ახლა იკითხავთ, ხანიშვილი რა შუაშიაო და თავიდან ჩვენც სწორედ ეგ ვიკითხეთ, თუმცა გაირკვა, რომ აღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელსაც სწორედ ბატონი გიორგი ხელმძღვანელობს და საკუთარ მოსაზრებებს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. სწორედ ამ ჯგუფმა შესთავაზა ნოდარ ხადურს თითქმის ხუთი მილიონი ლარის გადახდა ახალ მანქანებში. ეს რაც შეეხება 4.7 მილიონად ღირებულ შემოჭერილ ქამარს. სულ ეს იყო და ბოლოს იმასაც გეტყვით, რას უპირებს მაისში ჩასატარებელი კონფერენციის შემდეგ 67 ავტომობილს ხანიშვილი. მისი აზრით, მანქანები ან ისევ უნდა გავყიდოთ (და ჯამში მილიონით ნაკლების აღება მოგვიწევს), ან სხვადასხვა სამინისტროებზე გადავანაწილოთ. ,,გლეხურ ენაზე' ამას ავტოპარკის განახლება ჰქვია რომელიმე სტრუქტურისთვის და ქამრების შემოჭერა თუ ამას გულისხმობს, მაშინ ან ჩვენ არაფერი გვესმის, ან მთავრობა ხანიშვილებით გვეკაიფება.