მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. ელბაქიძის აღმართზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა. ახლა იქ ქვეფენილის ნაცვლად ასფალტია დაგებული. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამაზე კომენტარი საკრებულოს წევრებს, ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრ შალვა ოგბაიძეს და ალეკო ელისაშვილს ვთხოვეთ:
- ადრე ქვაფენილს აგებდნენ იმის გამო, რომ ასფალტის ხარისხი იყო ძალიან დაბალი. ის წარმოადგენდა დაბალი ფრაქციის ნავთობპროდუქტს, გუდრონს და ქვიშის ნარევს, რომელიც ვერ უძლებდა სიცხეს და აღმართზე რამდენიმე სეზონის შემდეგ ზიანდებოდა. დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ამ ასფალტის ექსპლოატაციის ვადა გახანგრძლივდეს.
- რა პლუსი აქვს ქვაფენილს? ასფლატს?
- თუ ჩვენ შევადარებთ ქვაფენილს და ასფალატს, ორივეს თავის პლუსი და მინუსი გააჩნია. ქვაფენილი უფრო ესთეტიურია და სიძველის იერს აძლევს ადგილს, რაც ბუნებრივია, თვალისთვის უფრო ლამაზია, მაგრამ საცხოვრებელ ზონაში, სადაც მოძრაობა ინტენსიურია, იწვევს საშინელ ხმაურს. გაგახსენებთ - ერთი დღე გაძლო ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი - პეროვსკაია) დაგებულმა ქვაფენილმა. ხალხი ისე შეაწუხა ხმაურმა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, ამიტომ ის ქვაფენილი მეორე დღესვე აყარეს და ასფლატი გადააგეს.
ქვაფენილზე ბორბალი მთელი ფართობით ვერ ეხება, რადგან ქვაფენილს იდეალური ზედაპირი არ აქვს, ამიტომაც ბორბლის ჩაჭიდების კოეფიციენტი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება ასფალტს, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩაზე დააგეს, შეიცავს დაქუცმაცებულ რეზინს, რაც ზრდის ჩაჭიდების კოეფიციენტს. თუ გავიხსნებთ, როდესაც ჩვენ გალაკტიონის ხიდიდან ელბაქიძის აღმართს შევუდგებოდით, უპირველესად აქსელერატორიდან, ე.წ. გაზის პედალიდან ფეხს ვიღებდით ხოლმე, რადგან ვატყობდით, რომ მანქანა ოდნავ მართვას კარგავდა (ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი იყო ნაწვიმარზე), იწყებდა ხმაურს, ხდებოდა არამდგრადი და საშუალო სიჩქარე ნელდებოდა. ასფალტის შემთხვევაში აუცილებლად გაიზრდება საშუალო სიჩქარე, მოჭიდების კოეფიციენტი მოიმატებს და რაც მთავარია, ჩვენი თანამოქალაქეები აღარ შეწუხდებიან ხმაურით. ყოველივე აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
- რამდენად გამძლე იქნება ის ასფალტი, რომელიც ელბაქიძის აღმართზე დააგეს?
- ვისურვებდი, რომ ჟურნალისტებთან ერთად, მე როგორც დეპუტატმა, გავწიო ასფალტის მონიტორინგი და მივაღწიოთ იმ პირობის სრულად შესრულებას, რაც ტენდერში გამარჯვებულ ფირმას უწერია ხელშეკრულებაში.
ამავე თემაზე განსხვავებულია ალეკო ელისაშვილის მოსაზრება. საკრებულოს წევრი მიიჩნევს, რომ ქვაფენილი ბევრად გამძლეა, და ამასთან, ის ძველ, ჩვეულ იერსახესაც შეუნარჩუნებდა ქუჩას.
- ელბაქიძის აღმართზე ასფალტის დაგება მცდარი გადაწყვეტილება იყო. ეს აღმართი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1880-იან წლებში გაჩნდა, როდესაც კუკია-ჩუღურეთის და მეორეს მხრივ, ვერის დასაკავშირებლად, ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით ვერის ხიდი გაიყვანეს. მაშინ ამას ერქვა ვერის აღმართი და აქედან მოყოლებული აქ სულ იყო ქვაფენილი და ეს ერთგვარ ტრადიციადაც იქცა. აღმართის შეეცვალა სახელი, მაგრამ იერსახე არ შეცვლია, ამდენად, მისი აღება არის აბსოლუტურად გაუგებარი.
გასათვალიწინებელია ისიც, რომ ქვაფენილი გაცილებით გამძლეა, მით უმეტეს, აღმართზე. ერთ-ერთი არგუმენტი ასფალტის მომხრეების არის, რომ ქვაფენილი არის ხმაურიანი, მაშინ აგვეღო და მაღალი ხარისხის ქვაფენილი გაგვეკეთებინა, რომელიც თითქმის უხმაუროა, სწორედ ისეთი, როგორიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელბქიძეზე, ამ კედლის ჩანგრევის შედეგად, ქვაფენილის მხოლოდ ერთი, მცირე ნაწილი ჩაიშალა. ბუნებრივია, დარჩენილი ნაწილის აყრა და ზედ ასფალტის დაგება საკმაოდ დიდი ხარჯი დაჯდა, როცა მარტივად შეიძლებოდა ისევ ქვაფენილი დაგებულიყო და შეკეთებულიყო მხოლოდ დაზიანებული ნაწილი. ქალაქი ზუსტად ასეთი დეტალებისაგან შედგება. თბილისს სხვა ქალაქებისგან ასეთი ნიუანსები გამოარჩევს და არ შეიძლება ასე ხელაღებით გადავლა ქალაქის წარსულზე, იერსახეზე. არაა სწორი, როდესაც ქალაქის ეშხს ასე ერთი ხელის მოსმით ფეხქვეშ თელავ.