პუტინი ყირიმსა და ბირთვულ იარაღზე

პუტინი ყირიმსა და ბირთვულ იარაღზე

16 მარტს ბოლო მოეღო რამდენიმედღიან მითქმა-მოთქმას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 5 მარტის შემდეგ პირველად, პუტინი კვლავ გამოჩნდა საჯაროდ: ის სანქტ-პეტერბურგში შეხვდა ყირგიზეთის პრეზიდენტს. მისი ამ 10-დღიანი გაუჩინარებით გამოწვეული ინტერესის ფონზე, მსოფლიო მედიამ გამორჩეული ყურადღება დაუთმო ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში გაიჟღერა. პუტინი ამბობს, რომ მზად იყო ყირიმის კრიზისის გამო საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანა რუსეთის ბირთვული იარაღი. 

კვირას, 15 მარტს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა თითქმის სამსაათიანი დოკუმენტური ფილმი ყირიმის ანექსიის შესახებ. ფილმის სულისკვეთება იოლი ამოსაცნობია. „ყირიმი. გზა სამშობლოსაკენ“ - ასე ეწოდება ანექსიის ამ ღია აპოლოგიას. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ფილმისთვის გამოყენებულ ინტერვიუში იხსენებს 2014 წლის მარტს - უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსიის ამბებს. ის აღნიშნავს, რომ არ იყო დარწმუნებული, გამოიყენებდა თუ არა დასავლეთი სამხედრო ძალას ანექსიის შესაჩერებლად, მაგრამ თავად პუტინი მზად იყო მოვლენების ყველაზე უარესი განვითარებისათვის. შეკითხვას, შესაძლებელი იყო თუ არა ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა, პუტინი უპასუხებს: მე საამისოდ მზად ვიყავიო.

პუტინის მონათხრობით, მას ბევრჯერ დაურეკეს უცხოელმა ლიდერებმა მოწოდებით, ბოლო მოეღო ყირიმში რუსეთის მოქმედებისათვის, რაზეც ის პასუხობდა, „ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია“,„იქ მცხოვრები რუსი ხალხი საფრთხეშია“ და მოსკოვი მათ ვერ მიატოვებსო. პუტინის განმარტებით, იმის გამო, რომ მისი პასუხი ასეთი პირდაპირი და გულღია იყო, არც ერთ ქვეყანას არ გასჩენია მსოფლიო ომის დაწყების სურვილი.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში 15 მარტს ნაჩვენები ფილმი ყირიმის ანექსიას წარმოსახავს უაღრესად წარმატებულ, საუცხოოდ დაგეგმილ ოპერაციად პუტინის ხელმძღვანელობით - ამასთან, ოპერაციად, რომელიც იყო იძულებითი რეაქცია რეგიონისა და მისი ხალხის ბედით შეშფოთების გამო, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობის შემდეგ.

იანუკოვიჩის შესახებ პუტინი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა „რევოლუციის“ შედეგად. „ჩვენთვის ნათელი გახდა და მივიღეთ ინფორმაცია, რომ არსებობდა არა მარტო მისი შეპყრობის, არამედ მისი ფიზიკური ლიკვიდაციის გეგმა“, - ამბობს პუტინი. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ნოემბერში კიევში მწვავე საპროტესტო აქციები მოჰყვა მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, მოულოდნელ გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაგეგმილ ხელმოწერაზე და, ამის მაგივრად, მოსკოვთან დასაახლოებელი ნაბიჯები გადაედგა. „ევრომაიდნად“ წოდებული მრავალათასიანი დემონსტრაციების ფონზე, 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩი უკრაინიდან რუსეთში გაიქცა. პუტინის თქმით, მოსკოვმა სიკვდილისაგან იხსნა უკრაინის პრეზიდენტი და მისი ოჯახი...

ამის შემდეგ, 2014 წლის 16 მარტს, ყირიმში ჩატარდა რეფერენედუმი, რომელსაც მალევე მოჰყვა რუსეთის მიერ რეგიონის ანექსია. რეფერენდუმი ათობით ქვეყანამ დაგმო, მის უკანონოდ გამოცხადებას მიემხრო გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეკრებილთა დიდი უმრავლესობა.

თავის მხრივ, პუტინი ვაშინგტონს ადანაშაულებს. მისი განმარტებით, უკრაინელი ოპოზიციონერები მხარდაჭერას ფორმალურად, პირველ რიგში, მართალია, ევროპელებისაგან იღებდნენ, მაგრამ კრემლმა იცოდა, რომ „მარიონეტებს“ სინამდვილეში ამერიკელები მართავდნენ. ამერიკელები ეხმარებოდნენ „ნაციონალისტებსა და საბრძოლო შენაერთებსო“, ამტკიცებს პუტინი.

დოკუმენტური ფილმის „ყირიმი. გზა სამშობლოსაკენ“ ეთერში გავიდა 8 მარტს, ფილმის ჩვენებამდე ერთი კვირით ადრე, და მყისვე გამოიწვია კიევიდან რეაქცია. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს მოუწოდა ფილმი განიხილოს როგორც ყირიმში რუსეთის გეგმაზომიერი შეჭრის მტკიცებულება.

ცნობილია, რომ პუტინი თავდაპირველად უარყოფდა ყირიმში რუსი სამხედროების გაგზავნის ბრალდებას, ფილმში კი პუტინი, რომ იტყვიან, კარტებს ხსნის: ამბობს, რომ ყირიმის ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება ოფიციალურ პირებს გააცნო სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ვიქტორ იანუკოვიჩი გადადგა. რუსეთის პრეზიდენტი საუბრობს 2014 წლის 23 თებერვალს კრემლში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე. „როცა ვიშლებოდით, კოლეგებს ვუთხარი: უნდა დავიწყოთ მუშაობა ყირიმის რუსეთისთვის დასაბრუნებლად“, ამბობს დოკუმენტურ ფილმში ვლადიმირ პუტინი.