ორი კვირის წინ, “ქართულ სიტყვაში” გიამბეთ, რომ მსჯავრდებულ ლევან ადეიშვილს, მკვლელობის მცდელობის მუხლით (სსკ-ს 19.108), 10-წლიანი პატიმრობა, როგორც ადვოკატი ელზა ჯმუხაძე ამბობს, უკანონოდ აქვს მისჯილი, თუმცა მისი საკასაციო საჩივარი სასამართლომ განუხილველი დატოვა. ლევან ადეიშვილის ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის თქმით, საქმეს, რიგ გარემოებათა გამო, მოგების პერსპექტივა არც სტრასბურგში აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლევან ადეიშვილის საქმეში სამართლიანობის აღდგენა საქართველოშიც შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, წელიწადზე მეტია, საჩივარი, რომელიც მტკიცებულებათა გაყალბებასა და პირისთვის უკანონო ბრალდებას შეეხება, მკვდარი წერტილიდან არ იძვრის. “რაც ყველაზე სამწუხაროა, ლევან ადეიშვილის საქმის მაგალითზე შეიძლება, დავასკვნათ, რომ საქართველოში უსამართლობა იმ ხელისუფლების დროს ხდება, რომელიც სწორედ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა”, - აცხადებს ადვოკატი ელზა ჯმუხაძე.
- ელზა, თუკი ამ საქმეს ყველა ინსტანციის სასამართლო მოვლილი აქვს და აზრი არც სტრასბურგში ჩივილს აქვს, რატომ ფიქრობთ, რომ სიმართლის დადგენა შესაძლებელია?
- ამ საქმეში გვიან (წინასასამართლო სხდომაზე) ჩავერთე, რის გამოც არ შემიძლია, ვთქვა, თუ რატომ ამოიჩემა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციამ და პროკურატურამ ლევან ადეიშვილი, მაგრამ შემიძლია, დავასაბუთო, თუ რატომ იყო ლევანის მიმართ ქართული სასამართლო უსამართლო: როგორც ადრე გითხარით, ჩხუბში ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ მომხდარი ადეიშვილის კუთვნილ დანას ,,ჩამოკიდეს”, არადა, მისი დანის პირის მაქსიმალური სიგანე 1.5 სანტიმეტრია, ის შემავალი ჭრილობები კი, რომელთა გამოც ლევან ადეიშვილს მალხაზ მიქაცაძის მკვლელობის მცდელობა დაბრალდა, ზომებით მნიშვნელოვნად დიდია. ლევან ადეიშვილი რომც გაგიჟდეს და აღიაროს, მალხაზ მიქაცაძეს დანა დავარტყიო, კანონით, მხოლოდ აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, დაუშვებელია, ადამიანს დანაშაული დაბრალდეს. ადეიშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად მისი დანისა და მიქაცაძის ჭრილობის ზომებს შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებაზე ჩემი ახირების გამო კი არა, ძალიან კომპეტენტური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის კატეგორიული დასკვნის საფუძველზე ვლაპარაკობ. სამართლიანი სასამართლოსთვის ადეიშვილის გასამართლებლად მხოლოდ ეს ერთი მტკიცებულებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი, მთელი პროცესი, ,,შუშის თვალებით” შემომყურებდა და ერთადერთი, რაც ნამდვილად აწუხებდა, სიმართლის დასადგენად დასმული ჩემი შეკითხვები იყო. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, აღმოჩნდა, რომ საქმის განმხილველი სამი მოსამართლიდან ერთ-ერთი (შორენა ყაველაშვილი) განსახილველ საქმეზე ხულიგნობის მუხლით მსჯავრდებულ ზაურ ბაგაურის ნათესავია და ამის შესახებ ლევან ადეიშვილისთვის თავად ბაგაურს აქვს ნათქვამი. მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ თვითაცილების უფლება გამოეყენებინა, თავისი ნათესავის დასაცავად ბოლომდე ,,გმირულად” იდგა. სავარაუდოდ, ზეგავლენა დანარჩენ ორ მოსამართლეზეც მოახდინა და უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოს უკანონო განაჩენი მივიღეთ. ჩვენი საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ, როგორც მოსალოდნელი იყო, 6 თვე ,,დაამწნილა”. ბოლოს კი, ამხელა საქმეზე, ერთგვერდიანი სტანდარტული, სრულიად დაუსაბუთებელი “პასუხი”, გაგვცა, საქმე განუხილველი, უკანონო ათწლიანი მსჯავრი კი უცვლელად დავტოვეო;.
- შორენა ყაველაშვილის ნათესავ ზაურ ბაგაურს, იმ შემთხვევაში, თუკი ზემდგომი, ანუ სააპელაციო ან უზენაესი სასამართლო ლევან ადეიშვილს მიქაცაძის მკვლელობის მცდელობაში გაამართლებდა, რა მოელოდა?
- პირველ რიგში, აუცილებლად იმ პოლიციელებისა და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, ვინც ლევან ადეიშვილს ბრალი უკანონოდ და უსაფუძვლოდ დასდო. ზემოხსენებულ მოსამართლეებს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ სააკაშვილისა და ადეიშვილისა ეშინიათ და პროკურატურის გავლენის სფეროდან ვერ გამოსულან, რაც სამართლიანობის აღდგენას თეორიულადაც გამორიცხავს. ლევან ადეიშვილი რომ გამართლებულიყო, საქმე ნამდვილ ჩიხში შევიდოდა - პრაქტიკულად, თავიდან გახდებოდა გამოსაძიებელი, თუ არა მან, მაშ, ვინ განახორციელა მალხაზ მიქაცაძის მკვლელობის მცდელობა? შეგახსენებთ, რომ საქმეში იმ დანის გარდა, რომელიც ლევან ადეიშვილს ეკუთვნის და რომლითაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მალხაზ მიქაცაძეს კი არა, ძმებ ძინძიბაძეებს აქვთ მიყენებული (იმ დროს, როცა ლევან ადეიშვილი თავს იცავდა), მინიმუმ, კიდევ ორი სხვა პირი ფიგურირებს, რომლებზეც თვითმხილველმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ ჩხუბის დროს ახლოს მალხაზ მიქაცაძესთან იდგნენ, ჰქონდათ და გამოიყენეს დანები და რომლებიც პოლიციის მანქანაში სისხლიან ხელებს ილოკავდნენ. სწორედ ასეთ პირთა შორისაა ზაურ ბაგაურიც. დანები, ან შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არაა, ან ამოღებულია და საქმიდან გამქრალია. გამოძიება კი, ერთადერთი მიმართულებითაა წაყვანილი - როგორმე ყველაფერი ლევან ადეიშვილს დაბრალებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ადეიშვილს სააპელაციო სასამართლო მკვლელობის მცდელობაში გაამართლებდა, დადასტურდებოდა, რომ საქმე რეალურად გამოუძიებელია და გაჩნდებოდა ლოგიკური შეკითხვა: ხომ არ ჩაიდინა მალხაზ მიქაცაძის მიმართ მკვლელობის მცდელობა ბაგაურმა, რობაქიძემ, იაშვილმა, ან რიჟამაძემ, ვისთანაც ბრალდების მხარემ ხანმოკლე პირობითი მსჯავრი ხულიგნობის მუხლით ტაშის გრიალით (მინიმალური ჯარიმით) გააფორმა და სასამართლოს დარბაზიდან ანგელოზის ფრთებით გაფრინდა. გამორიცხული არაა, მიქაცაძე ისეთ პირსაც დაეჭრა, ვინც მსჯავრდებულთა სიაში საერთოდ არ ფიგურირებს და თავიდანვე თავს უშველა.
- ელზა, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, გამოძიება ერთადერთი მიმართულებითაა წაყვანილიო?
- მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულება, რაღა თქმა უნდა, დანაა, მაგრამ ობიექტური გამოძიებისთვის მხოლოდ ის ფაქტები, რომ ლევან ადეიშვილს ჰქონდა დანა, მალხაზ მიქაცაძე კი მძიმედაა დაჭრილი, მაღალი სტანდარტით, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ადამიანი აუცილებლად ლევან ადეიშვილმა დაჭრა, საკმარისი არ უნდა ყოფილიყო. საერთოდ, ექსპერტიზები სწორედ იმ მიზნით ინიშნება, რომ გაირკვეს, თუ რა იარაღია ამოღებული, ვისია და კონკრეტულად რა არის ჩადენილი ამ იარაღით. ადეიშვილის საქმეშიც გამომძიებელმა უჩა გოგოლაშვილმა დანიშნა კომპლექსური ესპერტიზა, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ოთხი სხვადასხვა მიმართულების ექსპერტს, კერძოდ: დაქტილოსკოპს, ვისაც უნდა შეესწავლა წარმოდგენილ დანაზე არსებული თითის კვალი; კრიმინალისტს, რომელსაც უნდა ეთქვა, რა ზომისაა და, ზოგადად, იარაღის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება წარმოდგენილი დანა; ბიოლოგს, რომელსაც უნდა ეთქვა, რისი კვალი იყო შერჩენილი დანაზე და, ბოლოს, ფიზიკო-ტექნიკოსს, რომელსაც უნდა დაედგინა, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ჭრილობებიდან კონკრეტულად რომელი ჭრილობა იყო მიყენებული ექსპერტიზაზე წარდგენილი დანით.
- კომპლექსურმა ექსპერტიზამ რა თქვა?
- გამომძიებლის მიერ დანიშნული ოთხი სახის ექსპერტიზიდან მხოლოდ სამი ჩატარდა. დაქტილოსკოპიამ თითის კვალი ვერ აღმოაჩინა და, სხვათა შორის, რომ არა ლევან ადეიშვილის შინაგანი პატიოსნება (თავად მიუთითა, დანა ჩემიაო) თავისუფლად შეიძლებოდა მტკიცება, რომ დანა მას არ ეკუთვნოდა. კრიმინალისტმა მხოლოდ ის დაადგინა, რომ დანა ამ და ამ ზომის ცივი იარაღია, ბიოლოგმა კი თქვა, დანის ერთ-ერთ ზედაპირზე შერჩენილი ფრაგმენტული ვარდისფერი ლაქები ადამიანის რეზუს დადებითი პირველი ჯგუფის სისხლიაო.
- ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაში რაღა წერია?
- უფალმა უწყის! დღეს მხოლოდ იმის გარკვევას მოვითხოვ, ეს უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა და დასკვნა გაქრა თუ საერთოდ არ ჩატარებულა. არადა, ადეიშვილის უდანაშაულობა ცხადი სწორედ ამ დასკვნით გახდება.
- დასკვნა როგორ უნდა გამქრალიყო?
- მთავარი ის უბედურება კი არაა, რომ საქმეში გამომძიებლის დადგენილებით დანიშნული ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის პასუხი არ დევს, ანუ არ არის დადგენილი, არათუ საქმეში არსებული დანით, არამედ, საერთოდ, რითაა მიყენებული დაზიანებები. უფრო გასაგებად რომ გითხრათ, წარმოიდგინეთ, საქმეში არსებობს კონკრეტული დანა, ამ დროს კი ამავე საქმეში წერია: ,,დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით”. შესაბამისად, იმის მტკიცებას, რომ მიქაცაძე დაჭრა ადეიშვილმა, საფუძველი არ აქვს. ეს მხოლოდ ეჭვი და ვარაუდია, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, ადეიშვილის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ ქართულმა სასამართლომ, დიდი ბოდიში, კანონიერი განაჩენი ვერ მოგართვითო! აქ საქმე კიდევ სხვა უბედურებასთან გვაქვს: როცა გამქრალი დასკვნა შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოდან ოფიციალურად მოვიკითხეთ, 2014 წლის 21 ნოემბერს, შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკიამ გასაოცარი სისულელე მოგვწერა: გამომძიებელ უჩა გოგოლაშვილის დადგენილებით, თურმე, ექსპერტიზა კი დაინიშნა, მაგრამ დასკვნა არ არსებობს, რადგან შსს-ს საექსპერტო დაწესებულებამ თავს უფლება მისცა, თავად გადაეწყვიტა, რომ გამომძიებლის დადგენილებით დანიშნული ექსპერტიზა აღარ ჩაეტარებინა.
- საექსპერტო დაწესებულებას ამის გაკეთება შეეძლო?
- რას ამბობთ?! კანონით, როცა ექსპერტიზა არათუ გამოძიების, დაცვის მხარის ინიციატივით ინიშნება, ექსპერტი ვალდებულია, ექსპერტიზის წინაშე დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს. მეტიც, კვლევის დროს ექსპერტი შესაძლოა, ისეთ საკითხებზეც გავიდეს, რაზეც შეკითხვა დასმული არაა, მაგრამ ამ საკითხების გარკვევა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს შეუწყობს. ასეთ დროს ექსპერტს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, დასკვნაში ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სრულყოფილი კვლევისას მისთვის გახდა ცნობილი, სრულად მიუთითოს. თუ შსს-ს ადმინისტრაციიდან ტყუილი არ მომწერეს და ლევან ადეიშვილის უდანაშაულობის მამტკიცებელი დასკვნა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურაში ჩადენილი დანაშაულებების დასაფარად არ დამიმალეს, მაშინ მტკიცებაც კი აღარ სჭირდება, რომ საექსპერტო დაწესებულებაში ჩადენილია სხვა დანაშაული, კერძოდ, უფლებამოსილების გადამეტება, რადგან ოფიციალურად მწერენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ექსპერტიზის ჩატარება საჭირო აღარ იყოო! შესაძლებელია, ექსპერტმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და ექსპერტიზა აღარ ჩაატარა, მაგრამ ამ დროს გამომძიებელ უჩა გოგოლაშვილს ეძინა?
- შეიძლება, არ ეძინა, მაგრამ გამომძიებელ უჩა გოგოლაშვილს რა უნდა ექნა?
- რა უნდა ექნა და, - უჩა გოგოლაშვილი გამოძიების შედეგების გაყალბებით დაინტერესებული ან უცოდინარი რომ არ ყოფილიყო, როცა დასკვნა არ ჩაბარდა, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში წერილი უნდა გაეგზავნა და განმარტება მოეთხოვა, თუ რატომ გვიანდებოდა მისი დადგენილებით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის ჩაბარება.
- იქნებ, მოითხოვა?
- თუ მოითხოვა, მაშინ ეს წერილი უნდა იდოს საქმეში. რადგან არ დევს, ესე იგი, უჩა გოგოლაშვილს არც კი მოუკითხავს, მე რომ ექსპერტიზა დავნიშნე და დასკვნა არ გამოგიგზავნიათ, რას შვრებითო. უარესსაც გეტყვით: შექმნილი რეალობის ლოგიკური ანალიზი მაფიქრებინებს, რომ შსს-ს საექსპერტო დაწესებულებამ ჯერ თვითნებობა ჩაიდინა და ექსპერტიზა აღარ ჩაატარა, შემდეგ კი, საჭიროდ არც ის ჩათვალა, ამის შესახებ იმ გამომძიებლისთვის ეცნობებინა, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა! რადგან საქმეში იმის მსგავსი შინაარსის წერილი არ დევს, რაც შსს-ს ადმინისტრაციამ მომწერა, ვვარაუდობ, რომ ექსპერტიზა, დიახაც, ჩატარდა, მაგრამ დასკვნა გამომძიებელმა უჩა გოგოლაშვილმა აღარ გამოაჩინა, რადგან ადეიშვილის უდანაშაულობა მტკიცდებოდა. დღეს კი, როცა ამ ექსპერტიზის დასკვნას დავეძებ, როგორც იტყვიან, “ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევს” და დასკვნის დამალვის პროცესში უკვე შსს-ს ადმინისტრაცია ჩაერთო.
- ის, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვინ უნდა დაადგინოს?
- ლევან ადეიშვილის საქმის გამოძიების დროს ჩადენილი ამ და კიდევ სხვა უამრავი დანაშაულის ფაქტი საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ უნდა გამოიძიოს, სადაც ჩემი საჩივარი, როგორც იქნა, დამაგრდა. ჩემი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეს საჩივარი სამჯერ იმას გაეგზავნა, ვისაც ვუჩიოდი, ანუ დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურას. რაიონული პროკურორი დავით ნიკოლაშვილი, რომელიც იმ დროს, როდესაც ადეიშვილის საქმეში გაქანებული გაყალბებები ხდებოდა, სხვათა შორის, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურაში არ მუშაობდა, ,,მუნდირის ღირსება”, ალბათ, იმით დაიცვა, რომ სამივეჯერ საჩივარი არათუ შეისწავლა, დაუყოვნებლივ სტანდარტული უარი მომწერა, რას ამბობთ, ქალბატონო ელზა, რა მოგჩვენებიათ, ,,მამიდაჩვენი პატიოსანიაო”. ჩემს საჩივარში, პრაქტიკულად, პოლიციელთა და პროკურორთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებია გამოძიებული და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, ასევე, დამნაშავეთა დასჯას მხოლოდ ყველა ფაქტობრივი გარემოების გულდასმით შესწავლა სჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩემი საჩივარი წელიწადზე მეტია, გენინსპექციის თაროზე ობდება. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენინსპექციის უფროსის მოადგილე გვანცა გვიმრაძეს, ვისაც ჩემს საჩივარზე რეაგირება აქვს დავალებული, ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთი, მათ შორის, ვერც შიდა, ტელეფონის ყურმილი ავაღებინე. თუ საქმეს ჯერ ვერ იძიებს, ქალბატონი გვანცა, რაოდენ დაკავებულიც უნდა ბრძანდებოდეს, ვალდებულია, ტელეფონზე მაინც მიპასუხოს, საშვი დაუშვას და პირადად ამიხსნას, გამოძიების დაწყებას ხელს რა უშლის!
- გარდა იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნა გაქრა, კიდევ რა გადაცდომაა ჩადენილი?
- გაყალბებულია გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაც!
- ამტკიცებენ, რომ გენეტიკური ექსპერტიზის გაყალბება შეუძლებელია...
- გენეტიკური კვლევის შედეგების გაყალბება შესაძლებელია, თუკი ის ბიოლოგიური მასალა გაყალბდება, რაზეც კვლევა ტარდება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლევან ადეიშვილის დანაზე, ვიდრე ის გენეტიკურ ექსპერტიზაზე იქნებოდა გაგზავნილი, დაქტილოსკოპიური კვლევა სპეციალურ ღუმელში ციანოაკრილატის ორთქლის გამოყენებითაა ჩატარებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ციანოაკრილატი ჩვეულებრივი ,,სუპერ-წებოა”, რომელიც სპეციალურ ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე ორთქლდება. ამ ღუმელში ათავსებენ გამოსაკვლევ ობიექტს (ამ შემთხვევაში, დანა), რომლის მთელ ზედაპირზეც “სუპერწებოა” წასმული. გაციების შემდეგ, ამგვარად დამუშავებული საგნის ზედაპირიდან თითის ძველი კვლების ამოღებაც შესაძლებელია. მოკლედ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გენეტიკურ კვლევაზე გაგზავნილია ადეიშვილის კუთვნილი დანა, რომელსაც ერთი თვის წინ გავლილი აქვს მაღალ ტემპერატურაზე აორთქლებული ციანოაკრილატი. იმის წარმოდგენას, რომ დანის ზედაპირს ეს “სუპერ-წებო” ისე ჰქონდა გადაკრული, რომ მისი აცლა მხოლოდ აფხეკით იყო შესაძლებელი, დიდი ქიმიკოსობა და ფიზიკოსობა არ სჭირდება. ახლა, მითხარით, როგორ აიღეს ამ დანიდან სისხლის ნიმუში გენეტიკოსებმა იმ დროს, როცა დანაზე არსებული სისხლის კვალი თავიდან ბოლომდე გადაფარული იყო წებოს გამყარებული ფენით?
- ექსპერტი-გენეტიკოსები რას ამბობენ, როგორ ავიღეთო?
- სამხარაულის ექსპერტები - ედიბერიძე და კვიცარიძე ამბობენ, რომ დანიდან სისხლის ნიმუში დაუბრკოლებლად აიღეს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ დანაზე, სუპერწებოს ფენის ზემოდან, მალხაზ მიქაცაძის სისხლი სპეციალურად, გენეტიკური კვლევის შედეგების გასაყალბებლადაა წაცხებული. აქ ძალიან საინტერესოა ერთი გარემოებაც: დანა პირველსავე დღეებში ერთდროულად სამმა ექსპერტმა ნახა. ყველამ ერთხმად და პატიოსნად აღწერა, რომ დანის ერთ-ერთ ზედაპირზე იყო ვარდისფერი სისხლისმაგვარი ფრაგმენტული ლაქები. ამის შემდეგ, ეს დანა, სხვა ექსპერტიზას სისხლის კვალი რომ არ დაეზიანებინა, პირველად ბიოლოგმა გამოიკვლია და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო ადამიანის რეზუს დადებითი პირველი ჯგუფის სისხლი. უტყუარად დასტურდება, რომ ბიოლოგს კვლევის დროს არ აუღია ნიმუში შემდგომი (გენეტიკური) კვლევისთვის. სწორედ ამის შემდეგ წავიდა და ჩურჩხელასავით ამოევლო დანა სუპერწებოში, რამაც თუ არ გაანადგურა, წებოს ფენის ქვეშ ნამდვილად მოაქცია სისხლის კვალი. გამოძიება, ალბათ, იმედოვნებდა, რომ მხოლოდ ბიოლოგიური კვლევით (სისხლის ჯგუფის და რეზუსის დადგენით) გავიდოდნენ ლევან ადეიშვილზე. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულთაგან მხოლოდ მალხაზ მიქაცაძის სისხლი აღმოჩნდებოდა რეზუს დადებითი პირველი ჯგუფის. საქმეში სამივე დაზარალებული პირის სისხლს აღმოაჩნდა ერთნაირი რეზუს ფაქტორი და ერთნაირივე ჯგუფი. ამასობაში, სავარაუდოდ, ფიზიკო-ტექნიკურმა ექსპერტიზამაც დაადგინა, რომ მძიმედ დაჭრილ მალხაზ მიქაცაძესთან შეხება არ ჰქონია ლევან ადეიშვილს, ამიტომ უდანაშაულო ადეიშვილისთვის დანაშაულის დაბრალება ძალიან თვალშისაცემი რომ არ გამხდარიყო, ,,გენიალური” რამ მოიფიქრეს: ეს წებოში ამოთხვრილი დანა აიღეს, ზედ დაუნანებლად, უხვად გადაუსვ-გადმოუსვეს მალხაზ მიქაცაძის (რომელიც, საბედნიეროდ, ცოცხალია) სისხლი, ეს ფალსიფიცირებული მტკიცებულება გენეტიკოსებს გაუგზავნეს და ჰკითხეს, თუ ვისი სისხლი იყო დანაზე. გენეტიკოსებმაც დაწერეს, რომ ეს იყო მალხაზ მიქაცაძის სისხლი, მაგრამ ამავე გენეტიკოსებმა თავიანთ დასკვნაში ერთი ფასდაუდებელი ინფორმაციაც ჩაწერეს, რითიც თავისუფლადაა შესაძლებელი, ვამტკიცოთ, რომ დანა, როგორც მტკიცებულება, გაყალბებულია!
- ასეთი რა ჩაწერეს?
- როცა დანა გენეტიკურ ექსპერტიზას ჩაბარდა, სისხლი დანის მხოლოდ ერთ კი არა, ორივე ზედაპირსა და ტარზეც დაფიქსირდა, თანაც ეს სისხლი, ადრინდელის მსგავსად, “ფრაგმენტული ლაქების” კი არ იყო, არამედ, - ,,ერთიანი წანაცხის”, სახით. დანაზე ეს უდიდესი განსხვავება დაინახეს და აღწერეს ექსპერტმა-გენეტიკოსებმა, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ დანაზე სისხლი წაცხებულია მას შემდეგ, რაც დანას პირველი კვლევები ჩაუტარდა. ახლა მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების, ანუ გენინსპექციის დასადგენია, ვინ წაუსვა მალხაზ მიქაცაძის სისხლი ლევან ადეიშვილის დანას და ვინ ცდილობს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს თავგზა აუბნიოს, დამალოს ნამდვილი დამნაშავე და აფიქრებინოს, რომ იმ ოცკაციან ჩხუბში მონაწილეთაგან ყველა წმინდანია და ფრთები ამოსდის, ლევან ადეიშვილი კი, რომლისთვისაც საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე ხელი არავის დაუდია, რადგან არავის დაუნახავს ადეიშვილს დანა, არათუ მალხაზ მიქაცაძისთვის, საერთოდ ვინმესთვის დაერტყას, დამნაშავეა...
- გამოძიებასა და პროკურატურას ყველაფრის ლევან ადეიშვილისთვის გადაბრალება რატომ დასჭირდა?
- ძნელი დასამტკიცებელია, რატომ გადაწყვიტეს, ერთის მხრივ, მეგობრებმა, ვინც სიმართლე ყველაზე კარგად იცის და, მეორეს მხრივ, სამართალდამცავებმა, ლევან ადეიშვილისგან შეექმნათ ,,მონსტრი”. ლევან ადეიშვილი ხუმრობით ამბობს ხოლმე, მგონი, ჩემი ხმაურიანი გვარის გამო ვისჯებიო. ვფიქრობ, გამოძიებას, ან პროკურატურას (ან ორივეს ერთად) დასაფარი ჰყავდა რეალური, პატრონიანი დამნაშავე და საამისოდ მოსახერხებელი იყო, უპატრონო ლევან ადეიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების დაპირებით დაეცინცლათ ე.წ. ,,აღიარებითი ჩვენებები”. ის ძვირფასი დრო, რაც წინასწარ გამოძიებაში დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებების მოპოვებას უნდა მოხმარებოდა, ლევან ადეიშვილს ამ ტყუილ დაპირებებში გააყვანინეს და ბოლოს, “პენალტი ,დაურტყეს”, სწორედ ამიტომაა უპერსპექტივო ეს საქმე სტრასბურგში: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვერ აუხსნი, რას ნიშნავს, საპროცესო გარიგებით ,,დაბოლებული” ბრალდებული, პროკურატურის გაღიზიანებას მოერიდოს და მხოლოდ ამიტომ არ გამოიყენოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებები - არ მოიპოვოს დაცვისთვის საჭირო მტკიცებულებები. წარმოუდგენელია, ევროსასამართლოში ამტკიცო, რომ პროკურატურა ბრალდებულს, უსიტყვო მორჩილების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებას ჰპირდებოდა და ბოლოს, მოატყუა.
- მოკლედ, ლევან ადეიშვილის საშველი არაა?
- არის და ეს იმ დანაშაულებების ობიექტურად და დროულად გამოძიებაა, რაც ლევან ადეიშვილის მიმართ ჩაიდინა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციამ და პროკურატურამ! თუ მთავარი პროკურატურის გენინსპექციამ ჩემს საჩივარზე, ადრე თუ გვიან, ნორმალური რეაგირება მოახდინა, დარწმუნებული ვარ, მალე გაირკვევა, ლევან ადეიშვილი ციხეში, უკანონოდ, ათი წლით ვინ და როგორ გამოამწყვდია. ასეთ შემთხვევაში, სახეზე იქნება ახალი გარემოება, რაც სააპელაციო სასამართლოს ავალდებულებს, განიხილოს ლევან ადეიშვილის შუამდგომლობა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლასთან დაკავშირებით.
- ელზა, არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ლევან ადეიშვილის საჩივარი ადგილიდან არ იძვრის, ანუ რა გამოდის: ახალი ხელისუფლების დროსაც ისევ უხეშად ილახება ადამიანის უფლებები და სამართლიანობის აღდგენის დაპირება ბლეფია?
- ლევან ადეიშვილის საქმეზე ამდენი და ასე დაწვრილებით იმიტომ ვილაპარაკე, რომ ეს საქმე ერთგვარი ტესტია, თუ როგორ მოექცა ახალ რეალობაში გამოძიება ერთ რიგით უდანაშაულო და უპატრონო ადამიანს პროკურატურა, ექსპერტიზა და სასამართლო, ანუ ყველა ის უწყება, ვინც სამართალს პური უნდა აჭამოს. თუ გენინსპექცია ამ საქმეს წესიერად არ გამოიძიებს და დამნაშავე თანამდებობის პირები არ დაისჯებიან, შემიძლია ვთქვა, რომ ,,ცოცხების პერიოდიდან” დღემდე საქართველოში, სამართლიანობის დაცვის და კანონის უზენაესობის მიმართულებით, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ადამიანზე ძალადობის მეთოდები დაიხვეწა და ჩვენ მუდმივად მბრუნავ რგოლში ციყვებივით ვართ მომწყვდეულები. ვიბრძვით, ენერგიას და ნერვებს ვხარჯავთ, უკანონობას ვასაჩივრებთ, პრესაც გამუდმებით ლაპარაკობს, მაგრამ რეალურად, ერთ ადგილას ვტრიალებთ და ამ ადგილს უსამართლო ქვეყანა ჰქვია! გარწმუნებთ და გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ხალხი ასეთ უსამართლობებს ძალიან დიდხანს ვერ ითმენს!