რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდესო. ფრანგი პოლიტიკოსის განცხადება კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაწყებულ რუსული საჯარისო ნაწილების წვრთნებს დაემთხვა. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ქართველი რუსაპეტები სიხარულისგან ლამის ჭკუიდან შეიშალნენ, რა კარგია, ნატო-ში არ შევალთ და მოსკოვში “37-მანეთიანი ფრენის” ოცნება აგვიხდებაო, მაგრამ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე რუსეთუმეთა “ტკვარცალს” მდუღარეს ასხამს და განმარტავს, რომ ჯერ ერთი, ოცნებები არ სრულდება, მეორეც, ოლანდის განცხადება გზავნილი თავად კრემლისთვისაა. ამასთან, ქართველი სპეცსამსახურელი “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში “ნაციონალებისგან” 21 მარტისთვის დაანონსებულ აქციაზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ “ყოფილებმა” იმ ბობოლა “ზონდერების” მობილიზაცია გამოაცხადეს, რომლებიც უკრაინაში ომობდნენ. მოკლედ, “ქართული სიტყვა” წარმოგიდგენთ 53-ე ინტერვიუს კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსთან, რომელიც “ოცნებისგან” ღირსებისა და სამართლის აღდგენას უშედეგოდ ითხოვს.
- ბატონო კონსტანტინე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის ჯარმა წვრთნები დაიწყო. ეს რა მინიშნებაა?
- ეს, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე ფსიქოლოგიური შეტევაა, რაც, თავის მხრივ, გამოუცხადებელ ომს ნიშნავს. თუ ისტორიულ მაგალითს, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომს გავიხსენებთ, დღევანდელი წვრთები იმას ნიშნავს, რომ რუსეთს თავისი გეგმები არც საქართველოს მიმართ შეუცვლია და არც - პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნების. მოკლედ, ეს მინიშნებაა, თან დააკვირდით, მოვლენები როგორ ვითარდება: კრემლმა ანალოგიური წვრთნები ჯერ ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან დაიწყო, რაც არ დამთავრებულა. მართალია, უკრაინაში ძალების დაშორიშორება მიდის, მაგრამ ეს დროებითია, ანუ რუსეთი დროებით ისვენებს. საქართველოში კი, ორი ბაზა აქვს.
- წვრთნები ოფიციალურ მოსკოვსა და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის დადებულ მოკავშირეობის ხელშეკრულებების ფარგლებში ტარდება?
- დიახ...
- მართალია, სოხუმსა და ცხინვალს ცივილიზებული მსოფლიო არ აღიარებს, მაგრამ დე ფაქტო მთავრობები, რომელთაც პრეტენზია დამოუკიდებლობაზე აქვთ, უცხო სახელმწიფოს სამხედრო წვრთნების ნებას რატომ რთავენ?
- ყველაფერი საქართველოსა და იმ გეგმის განხორციელებისკენაა მიმართული, რაც პუტინს პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში აქვს. ამ ფონზე, ჩვენი საგარეო უწყების განცხადება, ვფიქრობ, სრულიად ადექვატური იყო... ზემოხსენებული წვრთნები ქვეყნის ხელისუფლების გამოწვევებს ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, წინა ხელისუფლების შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს.
- გამოწვევებს ვერ დააკონკრეტებთ?
- მაგალითად, პატარა პროვოკაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენებს.
- გამორიცხავთ, რომ ეს “პატარა პროვოკაცია” თავად კრემლმა მოაწყოს?
- გამორიცხული არაფერია. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც, დაახლოებით, ასე დაიწყო: ჩრდილოეთკავკასიაში რუსული ჯარის წვრთნები თვე-თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებამ ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო.
- რატომ?
- მაშინ, როცა შენს საზღვრებთან ისეთი ატომური ქვეყანა დგას, რომლის დიპლომატიის ქვაკუთხედიც შეიარაღებული ძალებია, არ შეიძლება, ოკუპაციის, ან სხვა სახის პროვოკაციის საბაბი მისცე.
- შეიძლება, არც უამისობაა, მაგრამ რუსული ჯარის წლევანდელი წვრთნების დაწყებას ფრასნუა ოლანდის განცხადება უსწრებდა, ნატო არ უნდა გაფართოვდესო. ჯერ ერთი, ეს განცხადება რას ნიშნავს და, მეორეც, ასეთ დროს ჩვენმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს?
- საექსპერტო წრეებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ოლანდის განცხადება სხვანაირად შეაფასეს, მაგრამ ამ განცხადებაში სხვა გზავნილები დავინახე, რაც, პირველ რიგში, რუსეთისთვის იყო განკუთვნილი.
- მოდით, პირდაპირ ვთქვათ: პარიზმა მოსკოვს “კოჭი გაუგორა”?
- პრაქტიკულად, ასე გამოვიდა... ოლანდმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგია და ამიტომაც, აპლიკანტ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანებაზე უარი უნდა ეთქვათ. ამ გზავნილის ქვეტექსტი პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის სახელმწიფოს გავლენის აღიარებასა და ამასთან, რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკის წინაშე ევროპის კაპიტულაციას ნიშნავს.
- ნატო-მ კაპიტულაცია რატომ გადაწყვიტა?
- ეს ნატო-ს კი არა, ერთი ქვეყნის, საფრანგეთის განაცხადია.
- კი ბატონო, მაგრამ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში საფრანგეთი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ამის დასტურად 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიც გამოდგება...
- ვფიქრობ, ჩვენმა ერთ-ერთმა ძირითადმა პარტნიორმა, საფრანგეთმა შეცდომა დაუშვა.
- რატომ?
- ოლანდი, ალბათ, ფიქრობდა, რომ ამ განცხადებით პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის აგრესიას შეაჩერებდა, მაგრამ აპლიკანტებისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე ლაპარაკი ამ აგრესიას არათუ შეაჩერებს, არამედ, შესაძლოა, უფრო ფართო ხასიათი მიიღოს - რუსეთს უნდა იცნობდე, მისი ნაბიჯები რომ განსაზღვრო. როგორც ჩანს, დასავლეთმა ამ მიმართულებით ჭკუა კიდევ ვერ ისწავლა. მოკლედ, ოლანდის განცხადება, პრაქტიკულად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის ჰეგემონიის აღიარებას ნიშნავს! საერთოდ, კრემლს ასეთი ხასიათი აქვს - თუ სუსტს დაინახავს, ბოლომდე ანადგურებს. თუ დასავლეთში ჰგონიათ, რომ რუსეთის ამბიცია პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჰეგემონიის აღდგენით დამთავრდება, ძალიან ცდებიან. პუტინი არ მოერიდება, რომ თავისი ინტერესების გატარება, სხვადასხვა ფორმით, ბალკანეთში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიასა თუ ბალტიისპირეთშიც დაიწყოს. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, რუსეთს გარკვეული ტერიტორიული პრეტენზიები შეიძლება, ფინეთთანაც გაუჩნდეს, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ნატო-ში გაწევრიანების სურვილს ფინეთიც გამოთქვამს. საერთოდ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კარგად ესმით, რომ მათი უსაფრთხოება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გადის.
- თუკი კარგად ესმით, აბა, მოსკოვს კოჭს რატომღა უგორებენ? ისე, საფრანგეთი მთელი ევროპა არაა!
- მოდით, რა, ვაღიაროთ: საფრანგეთის ისტორიაში ოლანდი ყველაზე სუსტი პრეზიდენტია - ფრანსუა მიტერანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიც საფრანგეთს დიდი ხნის განმავლობაში მართავდა, ოლანდის შედარება სარკოზისთანაც არ შეიძლება. სხვათა შორის, საბჭოთა ეპოქის დასავლეთის ლიდერები ნამდვილი ლიდერები იყვნენ...
- ნატო-ში ოფიციალურ პარიზს სიტყვა ეთქმის?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ალიანსის წევრი 28 ქვეყანაა და გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, თან თუ დააკვირდით, ოლანდმა თავის განცხადებას დააყოლა, ნატო-ს გაფართოება კარგი ამ ეტაპზე არ იქნებაო, ანუ ეს ერთგვარი უკან დახევაცაა...
- ბატონო კოტე, ასეა თუ ისე, ოლანდის განცხადებამ ჩვენი პუტინისტები აღაფრთოვანა...
- დიახ, მაგრამ ეს აღფრთოვანება არაფერს ნიშნავს.
- რატომ?
- მხოლოდ ევროპა კი არა, მთელი მსოფლიო მალე მიხვდება, რომ რუსეთის შეკავება ადექვატურ ძალას შეუძლია.
- რა, ნატო რუსეთის ადექვატური ძალა არაა?
- რა თქმა უნდა, არის - როცა ალიანსი აღმოსავლეთის გაფართოებისკენ მიდიოდა, ეს რუსეთს გარკვეულწილად აკავებდა. ვანო, ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: 2008 წლის ავბედითი აგვისტოს ომი რომ არ ყოფილიყო, უკრაინის მოვლენებიც არ იქნებოდა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაშინ რუსეთს საქართველოში შემოჭრის საბაბი ვინც მისცა და ეს ყველა დოკუმენტითაა აღიარებული, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მიერ - მხოლოდ ის რაპორტი რად ღირს, რომელიც ტეფტმა 8 აგვისტოს სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა და რომლის შესახებაც წინა ინტერვიუებში ვრცლად ვისაუბრეთ...
- რუსეთის საპირწონე ძალაზე ვსაუბრობდით და, უკაცრავად, ეს რა შუაშია?.. ბატონო კოტე, თქვენი მსჯელობიდან მექმნება შთაბეჭდილება, რომ რუბლის გაუფასურებისა და მსოფლიო სანქციების მიუხედავად, რუსეთის ჩამოშლაზე ლაპარაკი ილუზიაა...
- დიახ, ილუზიაა. ყოველ შემთხვევაში, თუკი ეკონომიკურად ჩამოიშლება, ამით რუსეთის იმპერიული ამბიციები გაიზრდება! საერთოდ, რუსეთი ყოველთვის ცდილობს, რომ თანამედროვე იარაღი ჰქონდეს და ოდითგან ასეა - თავისი, ასე ვთქვათ, შიდა პროდუქტის უდიდეს ნაწილს იმაზე ხარჯავს, რომ იარაღის სფეროში, ამერიკული ტერმინი რომ გამოვიყენო, ნოუ ჰაუს ფლობდეს. სხვათა შორის, იყო დრო, როცა რუსეთს მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდა...
- და არაყი ჰქონდა!
- დიახ, არაყიც ჰქონდა და ამით მთავრდება ყველაფერი.
- გამორიცხულია, რომ ოლანდსა და პუტინს შორის გარკვეული გარიგება არსებობდეს?
- არ ვიცი, კულუარებში რა ხდება, მაგრამ ნებისმიერი, ვინც რაღაც საკითხებში ერკვევა და რუსეთს იცნობს, ოლანდის განცხადებას ისე აღიქვამს, როგორც მე აღვიქვი, ანუ ოლანდის განცხადება რუსეთს ვერ შეაჩერებს. იცით, როგორ გამოდის? - ევროპა, ცალი ხელით, უკრაინას იცავს, მეორე ხელით კი, ისეთ რამეს აკეთებს, რაც უკრაინის განზრახვას ეწინააღმდეგება.
- ოლანდის პოზიციის მიუხედავად, ნატო მაინც ამერიკული ალიანსია...
- რა თქმა უნდა... დააკვირდით აშშ-ის მოქმედებას: ამერიკელებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ ოლანდის განცხადებას საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე შეფერხება და ნიჰილიმზი არ უნდა მოჰყვეს. დიახ, ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ! საერთოდ, ერთია განცხადება, მაგრამ მეორეა ოფიციალური დოკუმენტი - ბუქარესტის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები აუცილებლად გახდებიან. თუკი საფრანგეთს ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებიც აჰყვნენ, მაშინ ზემოხსენებული დოკუმენტის გადახედვა მოუწევთ, რაც მათ ავტორიტეტზე ცუდად იმოქმედებს. სხვათა შორის, გამორიცხული არაა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ოლანდს პაექრობა სარკოზთან, ანუ მემარჯვენე ძალებთან მოუწიოს. ასე რომ, საქმე არცთუ მარტივადაა...
- კოტე ბატონო, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მგონი, დასაშვებია, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში განვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით ჩეჩენი დააკავეს, რომელსაც რამდენიმე წლის წინ, პუტინისგან ჯილდო აქვს მიღებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ ნემცოვს, მკვლელობის დროს, უკრაინელი ფოტომოდელი ახლდა. ამასთან, ვრცელდება მოსაზრება, რომ მხოლოდ ნემცოვი კი არა, კახა ბენდუქიძეც მოკლეს და ორივე მკვლელობა რამდენიმე თვის წინ, თუ არ ვცდები, გერმანიაში გამართულ ანტიპუტინურ აუდიენციას უკავშირდება...
- რუსულ მედიაში ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ნემცოვს თითქოს იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჰქონდა, თუ როგორ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, მაგრამ არ მგონია, მკვლელობის საბაბი მხოლოდ ეს გამხდარიყო. ბოლოს და ბოლოს, აშშ-ს ისეთი საშუალებები აქვს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ნემცოვის გარეშეც დაადგენდა.
საერთოდ, ეს მკვლელობა ძალიან ბურუსითაა მოცული - როცა საყოველთაოდ ცნობილ ფიგურას კლავენ, თან ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, მოწმეს, როგორც წესი, ცოცხალს არ ტოვებენ. უკრაინელი ფოტომოდელი ანა დურიცკაია, რომელიც ტრაგედიის დროს ნემცოვის გვერდით იყო, საეჭვო ბეგრაუნდის ადამიანია. ისიც საგულისხმოა, რომ სამართალდამცავებმა დაკითხეს და გაუშვეს, მერე კი, უკრაინის საელჩომ უკრაინაში “გაიყვანა”. ბოლო დღეებში კი, უკრაინულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დურიცკაია მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონია, რომელსაც უკრაინის მთავრობაში ინტიმური ურთიერთობა ბევრ პიროვნებასთან ჰქონდა, მათ შორის, ცნობილ ბიზნესმენებსა და ბატალიონ “დნეპრი 1”-ის მეთაურთან, იური ბერეზასთანაც, რომელსაც უკრაინელები ოდიოზურ ფიგურად თვლიან.
- ინტერნეტსივრცეში ისიც ითქვა, ბერეზა სააკაშვილის მეგობარიაო...
- ეს არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა, დურიცკაია ნემცოვთან როგორ აღმოჩნდა - გარკვეულმა წრეებმა ხომ არ შეაჩეჩეს, ან შესთავაზეს?!
- სხვათა შორის, თავდაპირველად გამოძიება თითქოს მუშაობდა ვერსიაზე, რომ ნემცოვი იმ უკრაინელმა ოლიგარქებმა მოიშორეს, ვინც რუსეთში პუტინის საწინააღმდეგო განწყობის შექმნისთვის დიდძალი ფული მისცეს, მაგრამ დავალება ვერ შეასრულა...
- უკრაინაში, მათ შორის, პარლამენტსა და სხვა სახელმწიფო თუ სპეცსამსახურში ბევრია ისეთი “ტიპი”, ვინც რუსეთზე მუშაობს. საერთოდ, სპეცსამსახურში ასეთი ტერმინი არსებობს - “სხვისი დროშის ქვეშ თამაში”.
- სპეცსამსახურებს ქალების გამოყენება ახასიათებთ?
- დიახ, სექსპარტნიორების მომზადება და შეჩეჩება აპრობირებულია, თუმცა საამისოდ პიროვნება აბსოლუტურად შესწავლილი უნდა იყოს - მისი ყველა მიდრეკილების ზედმიწევნით ცოდნაა აუცილებელი. მაგალითად, თუკი პიროვნებას ნარკოტიკისკენ აქვს მიდრეკილება, ნარკოპარტნიორს შეაჩეჩებენ. თუ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა, მაშინ ასეთ პარტნიორს “მოუძებნიან”. სხვა ათასი ხერხიც არსებობს...
- ასეთი დავალებისთვის სპეცსამსახურთან კავშირზე მყოფი სპეციალურ მომზადებას გადის?
- დიახ, ესენი მომზადებული კადრები არიან, თორემ უბრალო ადამიანს, მაგალითად, ჩვეულებრივ მეძავს ვერ გამოიყენებენ.
- ეს მეთოდი მხოლოდ რუსული სპეცსამსახურების მიერაა აპრობირებული?
- არა, ამ ხერხს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა სპეცსამსახური იყენებს. მოკლედ, მართალია, ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ დურიცკაიას კონტაქტები და კავშირები, ვფიქრობ, მაინც საინტერესოა, თუმცა ყველაფერს, მოდით, ჩვენი გადასახედიდან შევხედოთ, ანუ თუ როგორი იყო ნემცოვისა და სააკაშვილის მთავრობის ურთიერთობა.
- თქვენი ინფორმაციით, როგორი იყო?
- როგორი და, - საკმაოდ არამეგობრული. სააკაშვილი კი აცხადებს, სიკვდილამდე ნემცოვს შევხვდი და რჩევები მივეციო, მაგრამ მათ ასეთი ფამილარული ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონიათ. ყოველ შემთხვევაში, ნემცოვი სააკაშვილის ემისრებისადმი სიფრთხილეს იჩენდა დ ზოგჯერ არასასიამოვნო ეპითეტებითაც ამკობდა. გარდაცვლილზე კარგის მეტს, როგორც წესი, არაფერს ამბობენ ხოლმე, მაგრამ მისგან ისეთ ფიგურას ნუ შევქმნით, რომ თითქოს საქართველოსთვის რამეს წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ სცნობდა და არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას აღიარებდა.
სხვათა შორის, ბორის ნემცოვმა გივი თარგამაძეს ლოთი მას შემდეგ უწოდა, რაც რუსეთში ე.წ. ბალოტნაიას დიდი სკანდალი აგორდა და უდალცევს, ნავალნისა და ოპოზიციის სხვა ლიდერებს დაერივნენ. იმ შეხვედრის შესახებაც, რომლის გამოც რუსეთმა გივი თარგამაძეზე ინტერპოლით ძებნა გამოაცხადა, ცნობილი ნემცოვისგან გახდა. მეტიც, მან მიანიშნა, რომ ვილნიუსში ის ბინა, სადაც სკანდალური შეხვედრა გაიმართა, გივი თარგამაძეს ჰქონდა დაგირავებული. ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ადამიანს, რომლის მიერ ნაგირავებ ბინაშიც ფარული ჩაწერა ხდება, ამ ჩაწერასთან შესაძლოა, პირდაპირი ან ირიბი კავშირი ჰქონდეს. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ოპერაცია რუსულმა სპეცსამსახურმა ჩაატარა, ანუ იცოდა, შეხვედრა რომ უნდა გამართულიყო და ბინაში წინასწარ შევიდა, მაგრამ ამ ვერსიის ნაკლებად მჯერა.
- რატომ?
- თუ გახსოვთ, გივი თარგამაძე პირდაპირ კამერის წინ ზის და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს პოზიორობს, თან ჩანაწერში აქცენტი რუსეთის ოპოზიციის ლიდერებზე არაა გაკეთებული.
- ამით რისი თქმა გინდათ?
- ფირი რუსული სპეცსამსახურების ხელში როგორ აღმოჩნდა? - ვერ ვიტყვი, თარგამაძემ გადასცა თუ რუსულმა სპეცსამსახურებმა თავად მოიპოვეს, მაგრამ ყველა შეკითხვას, რაც არსებობს, გივი თარგამაძემ პასუხი უნდა გასცეს, რადგან ამ ჩანაწერის გამო, სიკეთის ნაცვლად, რუსეთის ოპოზიციას დიდი ზიანი მიადგა - პუტინმა უპირველესი მტრები ჩამოიცილა.
- გივი თარგამაძე და, საერთოდ, “ნაცმოძრაობა” საქართველოში ისევ აქტუალურია - 21 მარტს, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, აქციას გეგმავენ. ამას წინათ კი, ყოფილი პრემიერის სახლთან აქცია “შემოულაწუნე” გაიმართა. ეს 21-ის ერთგვარი რეპეტიცია ხომ არ იყო?
- იცით, რა არის? - ამ შემთხვევაში, კახა კუკავასგან გამიკვირდა.
- რა?
- გასაგებია, რომ ქუჩის აქციების მეტი არაფერი დარჩენია - უნდა, არჩევნებისთვის ელექტორატი მიიზიდოს. საერთოდ, ყველაფერი ეს არჩევნების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, მაგრამ საინტერესო კუკავას ახლადგამომცხვარი პოლიტიკური პარტნიორები არიან. “შემოულაწუნე” მართული პროცესი იყო და მიზნად ტემპერატურის აწევას ისახავდა - ირაკლი გედენიძესაც შეიძლება, სწორედ ამ მიზნით სცემეს.
- მას შემდეგ, რაც ხელისუფლება დაკარგეს, “ნაციონალები” უკვე მესამე აქციას მართავენ, თუმცა წინა ორი თავყრილობა ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. “ყოფილებს” იმედი რატომ აქვთ, რომ 21 მარტის აქცია მრავალრიცხოვანი იქნება?
- არ მგონია, რომ 21 მარტს ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდეს, თუმცა დღეს უფრო ბევრი რისკი არსებობს.
- ანუ?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ქართველების უმეტესობა, ვინც უკრაინაში იბრძოდა და, პირდაპირ თუ ირიბად, “ნაციონალებთან” ასოცირდება, ანუ “ზონდერებს” ვგულისხმობ, საქართველოშია.
- იმის თქმა გინდათ, რომ “ნაციონალებმა” თავიანთი “ზონდერები” გამოიძახეს?
- უკრაინაში ომი გრძელდება, მაგრამ ისეთი დაძაბულობა აღარაა და, როგორც ჩანს, გავლენიანმა “ზონდერებმა” თავს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. მოკლედ, არაა გამორიცხული, რომ 21 მარტს “ნაციონალებმა” “ნაციონალების” წინააღმდეგ პროვოკაციები მოაწყონ, რასაც ხელჩართული ბრძოლა და ტემპერატურის აწევა მოჰყვება. დღეს ტემპერატურის აწევა მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას - “ნაცმოძრაობას” აწყობს, რადგან ამით ხაზს ხელისუფლების, კერძოდ, ძალოვანი უწყებების უსუსურობას გაუსვამს. სხვათა შორის, “ნაცმოძრაობა” მთავარ აქცენტს ხელისუფლების უნიათობაზე აკეთებს და ესეც გამიზნულია. ამასთან, დაანონსებული აქციის მთავარი მოთხოვნა, როგორც ვიცი, ხელისუფლების გადადგომაა. ყველაფერ ამას კი, გადატრიალების გარკვეულ მზადებად განვიხილავ. “ნაციონალებმა” კარგად იციან, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში ვეღარასოდეს მოვლენ. ამიტომ, ერთადერთი გზა საპარლამენტო გადატრიალების მცდელობაა. მოვლენების ქუჩაში გადატანაც ამ გეგმის ნაწილია. შს სამინისტრომ და, საერთოდ, სპეცსამსახურებმა ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა გათვალოს. გასაგებია, რომ “ოცნებას” პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გარანტირებული აქვს და “ოცნებელებმა” ერთმანეთს ტაში უკრან - კაცმა არ იცის, თავში ვის რა მოუვა და საით გადახტება. ივანიშვილის მიმართ განწყობებიც კარგად ჩანს. მოკლედ, სპეცსამსახურმა საკუთარ თავს შეკითხვა უნდა დაუსვას: შესაძლებელია თუ არა, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების გზით დაბრუნდეს და საამისოდ რა რესურსებს ფლობს.
- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას, ალბათ, ანალიტიკური სამსახური უნდა ცდილობდეს...
- კარგი, რა, რა ანალიტიკური სამსახური.
- როგორ, სპეცსამსახურს თავისი ანალიტიკური სამსახური არ აქვს?
- სპეცსამსახურის ანალიტიკოსებს კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, რისი გამკეთებლები არიან - ელემენტარულად, ოპერატიულ ვითარებას ვერ სწავლობენ.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს ოჯახები საქართველოდან გაჰყავთ. 90-იანი წლების შეიარაღებული სცენარი ხომ არ მზადდება?
- არ მგონია, “ნაციონალებმა” ამდენი გაბედონ, რადგან ამით ზიანს მხოლოდ ქვეყანას კი არა, თავიანთ საერთაშორისო იმიჯსაც მიაყენებენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნდება, დამიჯერეთ, საქართველოში სამოქალაქო ომი გარდაუვალია!
- ესე იგი, ვარაუდობთ, რომ 21 მარტის აქციას გაგრძელება ექნება, არა?
- დიახ. დააკვირდით, პოლიტიკური ტემპერატურა როგორ ნელ-ნელა მატულობს: მერიაში კორუფციის ნიშნები გაჩნდა. “ნაცმოძრაობა” კი, კორუფციას კარგად ფუთავდა და ამტკიცებდა, კორუფცია აღარ არსებობსო. გარდა ამისა, გამოჩნდნენ ვიღაც “ტიპები”, ვინც ფულს რიგით მოქალაქეებს სძალავენ. სხვათა შორის, ასეთ “ტიპებს”, ანუ დამნაშავეთა სამყაროს “ნაცმოძრაობა”, მხოლოდ ადრე კი არა, ახლაც კარგად მართავს.
- დაუჯერებელია - “ნაციონალები” ხელისუფლებაში არ არიან და დამნაშავეთა სამართავად რა ბერკეტიღა აქვთ?
- რა ბერკეტი და, - მაგალითად, ფული. დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიან - იციან, რომ ამის გამო, შესაძლოა, დაიჭირონ, მაგრამ თავს ციხეში უკეთესად გრძნობენ. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მიხეილ სააკაშვილმა 2 ათას პატიმარზე მეტი შეიწყალა, მათ შორის, როგორც ვიცი, რეციდივისტებიც იყვნენ. “ოცნების” ამნისტია კი, მესამე და მეოთხე ნასამართლეობასაც შეეხო, რაც, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა.
ისე, 2003 წელს, როცა მოვიდნენ, დათა ახალაიამ კუდ-ში განაცხადა, ხელისუფლებაში ორი საარჩევნო ციკლი ვიქნებით, მერე, ერთი ციკლი აღარ ვიქნებით, მერე კი, დავბრუნდებით და ხელისუფლებაში 20 წელი დავრჩებითო.
- ეს დათა ახალაიამ საჯაროდ თქვა?
- დიახ, ამაზე სპეცსამსახურში ყველა ლაპარაკობდა... ღმერთმა დაიფაროს, “ნაცმოძრაობა”, თავისი კეზერაშვილებითა და ადეიშვილებით, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, თორემ, ვერ წარმოიდგენთ, აქ რა მოხდება!
- ბატონო კოტე, ვატყობ, საუბარი ისევ საბოტაჟისკენ მიგყავთ...
- დიახ...
- საბოტაჟისთვის, მინიმუმ, ხელშემწყობებია საჭირო. რა, სპეცსამსახურები ისევ “ნაცების” ხელშია?
- რა თქმა უნდა... მართალია ძალოვან უწყებებში პირველი პირები რამდენჯერმე შეიცვალნენ, მაგრამ ქვედა რგოლები ისევ “ნაციონალებისგან” იმართებიან. ამიტომ, კარდინალური წმენდაა საჭირო...
- ყველაფრის “ნაცმოძრაობისთვის” დაბრალება უკვე პარანოია ხომ არაა?
- როგორ გეკადრებათ! “ნაციონალებმა” ისეთი სისტემა შექმნეს, რომელიც, პრაქტიკულად, მონსტრი იყო და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხებოდა. აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს, “ნაციონალები” ხელისუფლებაში არიან თუ არა, მაკომპრომეტირებელი მასალები ხომ ისევ მათ ხელშია? თქვენ, რა, ფიქრობთ, რომ რახან სპეცსამსახურში აღარ ვმუშაობ, გარკვეულ პირებზე მამხილებელი მასალები აღარ მაქვს?
- შეიძლება, გაქვთ, მაგრამ ამ გარკვეულ პირებს როგორ აიძულებთ, რომ ის გააკეთონ, რაც გინდათ?
- (იღიმება) ეს ტექნიკის საქმეა...
“ქართული ოცნება” რომ ხარ და იცი, შენი ნომერ პირველი მტერი, “ნაცმოძრაობა” არალეგალური გზით ფინანსდება, ეს არ უნდა გამოიძიო? აუდიტის სამსახურმა დასკვნა დადო, ყოფილი მმართველი პარტიის შემოსავალი, შემოწირულობის სახით, 230 ათასიაო, მაგრამ ესეც ილუზიაა და იმას ემსახურება, ნახეთ, რა საცოდავიაო. “ნაცმოძრაობა”, ძირითადად, მერიაში გამოცხადებული ტენდერებით, პროკურატურისგან ბიზნესმენებისთვის “შეწერილი” თანხებითა და არალეგალური ბიზნესებით ფინანსდებოდა. ეს სქემები დღესაც ძველებურად მუშაობს. დიახ, “ნაციონალებს” აურაცხელი შავი ფული აქვთ, თან აქ ლაპარაკი “ქეშ” ფულზეა.
- კოტე ბატონო, მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნით, ხელისუფლება ხალხის გულს მოიგებს, ანუ სიტუაციას დაიჭერს?
- ვერა.
- რატომ?
- ვთქვათ, წართმეული ქონება 700 ადამიანს დაუბრუნეს, დანარჩენებმა რა ქნან?
- როგორც ამბობენ, საქმეების შესწავლა ეტაპობრივად მოხდება...
- რა ეტაპი, რის ეტაპი? - არჩევნები მოდის და, ხალხს როგორ გააგებინებ, ქონებას მეათე ეტაპზე დაგიბრუნებ, მანამდე რაღაც ობლიგაციას მოგცემო, მაგრამ არავინ იცის, ეს ფასიანი ქაღალდი სად უნდა გამოიყენოს. ქონების დაბრუნების პროცესი ძალიან გაიწელება, მით უმეტეს, გამოძიება ისეთი საქმე არაა, რომ ათმა, გნებავთ, 20 ადამიანმა ათი-ათასობით საქმის შესწავლა მოკლე დროში შეძლოს. ხელისუფლებას ადამიანებისთვის ჯერ ღირსება უნდა დაებრუნებინა, მერე კი, - ქონება.
- ღირსების დაბრუნება ძალიან აბსტრაქტული ცნებაა...
- აბსტრაქტული რატომაა?
- აი, მაგალითად, თქვენ, ღირსება როგორ უნდა დაგიბრუნდეთ?
- აღიარონ, რომ სამსახურიდან უკანონოდ გამათავისუფლეს.
- საამისოდ სასამართლოს უნდა მიმართოთ...
- მივმართე.
- მერე, რაო?
- რაო და, - რადგან შენს საქმეზე სასამართლომ “ნაციონალების” დროს გადაწყვეტილება გამოიტანა, ვეღარ გადავხედავთო. აბა, მითხარით, ღირსება როგორ აღვიდგინო? “ნაციონალები” ყვირიან, სამსახურებიდან ხალხს უშვებენო. თავად კი, მხოლოდ ძალოვანი უწყებებიდან, 35 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს. იმას კი არ ვამბობ, რომ გასაშვები არავინ იყო, მაგრამ ამ 35 ათასიდან, მინიმუმ ხუთი ათასი ხომ ისე გამოგვაგდეს, რომ ღირსებაც წაგვართვეს და მომავალიც?!