რატომ, რა პირობებით მიიწვიეს გადაცემაში არჩილ გამზარდია და რა შემთხვევაში იტყვის უარს თანამშრომლობაზე
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ გადაცემას რამდენიმე თვეა მთელი საქართველო ელის. როგორც ცნობილია, ანალიტიკურ თოქ-შოუს ,,20/30'-ზე ახალგაზრდა ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წაიყვანს, თუმცა, როგორც აცხადებს, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მიაჩნია, რომ ხელისუფლების მეხოტბეთა რიგებში არც ყოფილა და არც გადაცემაზე მუშაობის შემთხვევაში იქნება. ამტკიცებს, ჩემს შემოსავალზე, ფინანსური თვალსაზრისით, შეთავაზება უარყოფითად აისახაო და რამდენიმე გულწრფელ განცხადებასაც აკეთებს ნაციონალებზე - ,,ვერსიას' არჩილ გამზარდია ესაუბრება.- გადაცემის პროდიუსერი დამიკავშირდა და შემომთავაზა წამყვანობა, მაგრამ ჯერ კონსულტაციები არ დასრულებულა. ჩვენთან ამბავს წინ ინფორმაცია უსწრებს ხოლმე, არადა, დაზუსტებით ვერც ვამბობ, რომ უკვე გადაცემის წამყვანი ვარ. გარკვეული სიახლე ისაა, რომ, თუ შევთანხმდით, მხოლოდ გადაცემის წამყვანი კი არა, მისი თანამონაწილეც ვიქნები, ანალიტიკოსის სტატუსით.
- გამოხმაურება არაერთგვაროვანია: ზოგი გიცნობდათ, ზოგი - არა, ზოგს მოსწონხართ, ზოგს - პირიქით. წამყვან ანალიტიკოსად მაინცდამაინც თქვენ რატომ აგირჩიეს?
- ნახევრადხუმრობით ვამბობ ხოლმე, ყველგან, ყოველთვის ადამიან- ავტონომიას მეძახიან. ურთიერთობა მხოლოდ ამ ფორმით შემიძლია. ბუნებრივია, წლების განმავლობაში, არაერთი პოლიტიკური შემოთავაზება მქონია, მათ შორის, პარტიულიც, თუმცა მე ჩემი ე.წ. ავტონომიურობისთვის გარანტიებს ვეძებდი და მსგავს შეთავაზებებს არ ვთანხმდებოდი. გარანტიები, ზოგადად, არ არსებობს, თუმცა, ახლა არავინ არაფერს მავალდებულებს და ნებისმიერ დროს შემიძლია, ამ შემოთავაზებაზეც უარი ვთქვა. როცა პირს, რომელიც ბოლო 4 წელია საშუალო ცნობადობით სარგებლობს, გადაცემის წაყვანას სთავაზობენ, ე.ი. მისი ტიპაჟი ცნობილია. როცა ვიღაც კრიტიკის ღირსად მიმაჩნია, ვაკრიტიკებ, როცა ვინმეს მხარდაჭერა მსურს, ასეც ვიქცევი - არ ვიზღუდები. ვფიქრობ, ჩემი ფიგურისადმი ინტერესის მიზეზიც ეს იყო და გადაცემაც ხალხთან რეალური დიალოგის გახსნაზეა ორიენტირებული. თორემ უამრავი ანალიტიკოსია, რომელიც ამ წინადადებას სიხარულით მიიღებდა და პარტაქტივისტივით მოიქცეოდა. შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ ჩემი თავისუფლების ხარისხი მაქსიმუმი იქნება. ეს რომ ასე არ იყოს, ამ წინადადებას არ მივიღებ. არც ანაზღაურების კუთხით მაქვს რაიმე ინტერესი - პირდაპირ გეტყვით, ამ გადაცემაში ძალიან მოკრძალებული ანაზღაურება მაქვს, ზუსტად იმდენი, რამდენიც საუნივერსიტეტო და სხვა საქმიანობაში დავიკელი. ასე რომ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე შეთავაზება დადებითად კი არა, უარყოფითად მოქმედებს. გარდა ამისა, რაღაც იმიჯი უკვე მაქვს, მხარეს არ წარმოვადგენ და ამას ძვირად მივაღწიე. ამ იმიჯის ეჭვქვეშ დასაყენებლად კი არავინ და არაფერი მიღირს. თუმცა საქართველოში ასე ხდება - გავაკრიტიკებ ნაციონალს, ე.ი. ,,ოცნებისტი' ვარ, ,,ოცნებას' გავაკრიტიკებ, ნაციონალი ვარ. ილიას უნივერსიტეტში რომ დავიწყე მუშაობა, ნაციონალს მეძახდნენ, ახლა თუ გადაცემას წავიყვან, ,,ოცნებისტს' დამიძახებენ. სხვათა შორის, ილიას უნივერსიტეტში ისევ ვმუშაობ.
- იქნებ, სწორედ ამიტომ სურთ თქვენი პარტიული კონიუნქტურით შეზღუდვა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ მხარედ არ მოიაზრებით, ან რატომ ფიქრობთ, თუ ივანიშვილი ალასანიასა და პრეზიდენტს განსხვავებული აზრის გამო აკრიტიკებდა, თქვენ გამონაკლისი იქნებით?
- ტრაგიკული რაა, ივანიშვილმა მომავალში გამაკრიტიკოს და მე ივანიშვილი? მის ერთ ფრაზას ვითვალისწინებ - ფავორიტები არ მყავსო. მეც ასე ვფიქრობ. დღეს ჩემთვის არ არსებობს ადამიანი, რომლის აზრი ჩემსაზე უპირატესი იქნება. თუ რამეზე ვერ შევთანხმდით, ჩემს გზაზე წავალ და ეგ იქნება. ვინ მაიძულებს, აზრი შევიცვალო?
- გაქვთ გარანტია, რომ არ გაიძულებენ?
- მაიძულებენ და წავალ. მაშინ კითხვა მიჩნდება - მე რატომ ამირჩიეს? უამრავი ჩემზე საინტერესო, პროფესიონალი, უკეთესი ვიზუალის მქონე და უფრო დამჯერე ექსპერტიც არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, ამოცანა ზუსტად ისაა, რომ ამ გადაცემაში ისეთი ადამიანი სჭირდებათ, ვისთანაც კამათი შეიძლება. შესაძლოა, ივანიშვილიც იყოს სტუმარი და მასთანაც ვიკამათო, რა არის ამაში განსაკუთრებული?! მუდმივად ერთ აზრზე ყოფნა პოსტსაბჭოური სინდრომია. აი, თიხას რომ მოზელ და გამოწვავ, მისგან სხვა ნაკეთობას ვერ მიიღებ, მაშინ უნდა დაამტვრიო. პირობითად, მეც ასეთი ნაკეთობა ვარ.
- იმედია, არ ,,დაგამტვრევენ'.
- არც ეგაა პრობლემა - ნაკვეთი მაქვს, წავალ, კარტოფილს მოვიყვან და გავყიდი ან ძროხას გავზრდი. მონასტერში რომ ვცხოვრობდი, ურჩ მორჩილს ,,ურჩილს' მეძახდნენ ხუმრობით. ესაა ჩემი ბუნება.
- ამ თემებზე ივანიშვილთან გისაუბრიათ, შეხვედრიხართ?
- ძალიან ზომიერი, კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, ბევრ რამეზე გვისაუბრია, იცის ჩემი მოსაზრებები. ივანიშვილი არხის მფლობელი კია, მაგრამ მის განსაკუთრებულ როლს ამ გადაცემაში ვერ ვხედავ. ზედმეტი ჩარევა, სრულიად უაზრო და უადგილო მგონია.
- ზოგადად, ქვეყანაში რა როლი და სტატუსი აქვს დღეს ივანიშვილს და აზრი თუ შეიცვალეთ იმაზე, რომ ახლა იგი სადღაც შუაშია ჩრდილოვან მმართველსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს შორის?
- ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთ ადამიანს ვთხოვთ, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და მერე, ყველას ნაცვლად, პასუხი აგოს. საჯარო სივრცე დღეს უფრო თავისუფალი გახდა და ახლა, თითქოს, მთელი საზოგადოება თავისუფლების მართვას სწავლობს. მგონია, ივანიშვილიც ფორმირების პროცესშია და საკუთარი თავის პოვნას ცდილობს. მესმის, უმრავლესობა ფიქრობს, ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს, თუმცა იგი პოლიტიკიდან არც არსად წასულა. პოლიტიკიდან წასვლა- მოსვლა პირობითია. სხვა თემაა, ვის რა როლი აქვს პოლიტიკურ პროცესში. ერთი მხრივ, ივანიშვილი ხელისუფალის სახით რომ დაბრუნდეს, მაშინ პირდაპირი პასუხისმგებელი პირი ის იქნება, გააღმერთებენ და თუ საზოგადოებას ვერ დააკმაყოფილებს, თავს ,,წააწყვეტენ'. მერე ახალი ლიდერი გამოჩნდება, რომელსაც ასევე გააღმერთებენ, მერე ისევ თავს წააწყვეტენ და ვიქნებით ასე, ერთი ადამიანის გაღმერთებაში. ჩემი აზრით, ზოგადად, ივანიშვილი გრძელვადიან პერსპექტივებს უფრო უყურებს, ვიდრე იმას, ხვალ რა იქნება. ხალხს კი დღევანდელი ვითარება უფრო აინტერესებს.
- ზუსტად ამას გეკითხებით, რაკი ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მაინც ივანიშვილი იღებს, მაგრამ პასუხს ვერ ვთხოვთ, ეს ჩრდილოვანი მმართველობა არაა?
- ანალიტიკოსი ვარ და, თუ ოფიციალური მოცემულობა მაქვს, დასკვნებს მაშინ ვაკეთებ, თუ არადა, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შემიძლია. ამიტომ კულუარებზე მსჯელობა ძალიან ძნელია. ადრე ვამბობდი, რომ მარგველაშვილისა და ალასანიას მისი ორბიტიდან გასვლა ივანიშვილის თამაშის ნაწილია, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ასე რომ ვარაუდი ძნელია, მით უმეტეს, ივანიშვილის კაბინეტში 24 საათი ნამდვილად არ ვზივარ.
- 21 მარტის აქციაზე რას ფიქრობთ და საინტერესოა, ეს გადაცემა ამ თარიღამდე გავა თუ არა?
- 21 მარტთან დაკავშირებით 15 ნოემბერი მახსენდება. ეს ჩვეულებრივი პარტაქტივისტური შეკრება იყო და ნაციონალური მოძრაობა საკუთარი თავის პრომოუშენს აკეთებდა. მაშინ აფხაზეთის, საგარეო კურსის თემატიკით ხალხი შეიტყუეს, თუმცა მაინც გამოჩნდა, რომ პარტიული შეკრება იყო. ახლა თამასა აწეულია და მესიჯი ასეთია - შემომიერთდი, თუ თავს მოტყუებულად გრძნობ. ნაციონალები ახლაც იგივეს ცდილობენ. თუმცა ვერ გათვალეს, რომ ხალხს ის ძალა ეძახის, რომლისგანაც არანაკლები ტყუილი ახსოვს. მთავრობაზე უკმაყოფილო კი ნაცმოძრაობის მხარდამჭერს არ ნიშნავს და - პირიქით.
- შესაბამისად, არანაირ კატაკლიზმებს არც ამ აქციაზე და არც მის მერე არ ელით.
- იმედი მაქვს და აგიხსნით, ამას რატომ ვამბობ: მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ბევრად აგრესიული და დესტრუქციული გახდა ოპოზიციაში ყოფნისას, ვიდრე ხელისუფლებაში იყო, მაინც იმედი მაქვს, როგორც ხელისუფლება გადააბარეს მშვიდად, მათ ამ ახლანდელ აგრესიასაც რაღაც საზღვრები გააჩნია და ქვეყანას დასანგრევად არ გაწირავენ. გადაცემა 21 მარტამდე გავა თუ არა, არ ვიცი. მართალი გითხრათ, როცა ნაციონალები ოპოზიციაში წავიდნენ, ამ ძალის იმედი მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდი, მენტალურად, საკმაოდ ახლოს ვიყავი. მინდოდა, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებიდან წასულიყო, ხალხს მათთვის შემოელაწუნებინა და ეთქვა, წადი, დაფიქრდი, როგორ გაუტიეო. მეგონა, როცა ოპოზიციაში გადავიდოდნენ, დაფიქრდებოდნენ, დაღვინდებოდნენ, შეცდომებს აღიარებდნენ და მერე, როცა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი გაუჩნდებოდათ, ბევრად სასურველი ძალა იქნებოდა ხალხისთვის. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში არასასურველი და საშიში ხდება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ამიტომ, შეიძლება ითქვას, იმედი გამიცრუეს. ოპოზიციაში ყოფნა რებრენდინგისთვის ვერ გამოიყენეს და მართალი გითხრათ, თუკი ნაციონალები რაღაცას მიხვდებოდნენ და ზედმეტ დიქტატსა და ტერორს მოიშორებდნენ, ზოგადად, ჩემს თავს მათ აქტიურ გულშემატკივრად და პარტტანამშრომლადაც მოვიაზრებდი. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციაში სულ სხვა ნაციონალური მოძრაობა მივიღეთ, რაზეც გული მწყდება.
- იმედია, თქვენი გულახდილობა ივანიშვილის გადაცემაში თანამშრომლობას ხელს არ შეუშლის.
- თუ შეუშლის, ყველა თავის გზაზე წავა.