გამგებლები შსს-ს ანტიკორუფციულში დაიბარეს?! რა საქმეებზე დაიწყო გამოძიება და რა ბედი ელის ნარმანიას!

გამგებლები შსს-ს ანტიკორუფციულში დაიბარეს?! რა საქმეებზე დაიწყო გამოძიება და რა ბედი ელის ნარმანიას!

როგორც ,,ვერსიას' აცნობეს, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მუშაობა მიმდინარეობს და გამგებლების ნაწილი დაკითხვაზე დაიბარეს კიდეც. ყველაზე მსხვილი ლუპით სწორედ თბილისის რაიონებს აკვირდებიან. ერთ-ერთი ინფორმაციით, შსს-ს ანტიკორუფციული დეპარტამენტი ჩუღურეთის რაიონში სატენდერო დოკუმენტაციის გაყალბების საქმით დაინტერესდა და მათ შორის, კორუფციული ფაქტების შესახებ გამოჟონილი ინფორმაციის გადამოწმებაზე მუშაობს. საქმე, წყაროს ინფორმაციით, ძვირადღირებული სამშენებლო მასალების შეძენას ეხება და ეს ფაქტი, ჯერჯერობით, სააშკარაოზე არ გამოდის. თავად ჩუღურეთის გამგებელს ამ და სხვა ფაქტებზე ჩვენთან საუბარი არ სურს და დემონსტრაციულად გვითიშავს ტელეფონს. თუმცა გამორიცხული არაა, ქალაქის მერს კიდევ ერთი გამგებელი ,,ფუკასავით' ააცალონ, მას მერე, რაც ჯოკია ბოდოკია ასე, საჯაროდ ,,გატელევიზორდა', უნდა ვივარაუდოთ, რომ ნარმანიას წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მასშტაბურ ფორმებს მიიღებს. მითუმეტეს, ქალაქის მერს, თავად ივანიშვილიც აღარ სწყალობს. რატომ და არის თუ არა ეს შიდაკულუარული ბრძოლები, დრო აჩვენებს. თუმცა ფრაზა - ,,ნარმანიამ ვერ ივარგა', ყველაზე ხშირად სწორედ სახელისუფლებო პრივატული საუბრებიდან მოდის. ჩუღურეთის გამგებელიც მისი დანიშნულია.

თავდაპირველად, გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძეს, ხელს არავინ ჰკიდებდა, ვიდრე მის მფარველად აღიარებული შსს-ს სუს-ის შეფი და მისი მოგვარე ჩიკვილაძე არ გაათავისუფლეს. არადა, ბატონი ჩიკვილაძე, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძისდროინდელი დიპლომატიიდან მოდიოდა, მხოლოდ სუს-ის ექსშეფის პროტეჟე არ ყოფილა. ჩიკვილაძეს მიხეილ ხუბუტიასთანაც აკავშირებენ. ხუბუტიას რეკომენდაცია იყო თუ არა საშვი გამგებლობისთვის, ჩვენი ინტერესის საგანი ნაკლებადაა. თუმცა ხუბუტიას მეგობარი გამგებელი, არ მგონია, ივანიშვილისთვის მისაღები ყოფილიყო. გადამწყვეტი ფაქტორი ნარმანიას ხელთ იყო. ქალაქის არჩეულ მერს საკადრო გადაწყვეტილებების მიმართულებით სრული კარტბლანში მისცეს. ამჯერად კი, საქმე ნარმანიას დასამალად და ჟურნალისტებისგან გასაქცევად აქვს. მეტიც, ერთ-ერთი ინფორმაციით, შიდა მოხმარებისთვის საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებმა თავად ივანიშვილიც კი გააოცა, იმდენად მინუსებში იყო წასული ნარმანიას რეიტინგი. დღეს რომ არჩევნები ყოფილიყო, მხარს ქალაქის მერს ძალიან მცირე პროცენტი დაუჭერდა. როგორც სახელისუფლებო წყაროებიდან ირკვევა, ნარმანია სერიოზულ აპათიაშია ჩავარდნილი, საჯარო გამოსვლები და თავის დაფიქსირება სურს, თუმცა ზემოდან მითითებები ცალსახად მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მუშაობს, ახლა ქალაქის მერი დისკრედიტირებული ფიგურა გამოდის, ვერ ივარგა და აჯობებს, ჩრდილში იდგესო - ასეთია ინსტრუქტაჟი. ამბობენ, ის პირებიც ქალაქის ბუტაფორიულ მერს გასაკონტროლებლად ჩაუსვეს უწყებაში, დაწყებული დიმიტრი ქუმსიშვილიდან მერიის ადმინისტრაციაში ანი მიროტაძის დის გადაყვანით დამთავრებულიო. N ნარმანიას წონა მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციაში კი არ დაუვარდა, რომელიც სასწრაფო წესით იბარებს ქალაქის თავს საკრებულოს საგანგებო სხდომაზე, არამედ მისსავე თანაგუნდელებში. საქმე კორუფციული დინებების მოჭარბების შესახებ ინფორმაციას ეხება და ნაკლებად ნეპოტიზმს. ანტიკორუფციული სააგენტოს ყურამდე ის ფაქტებიცაა მისული, 2014 წლის ნოემბრის რიცხვით დათარიღებული, რომელსაც ხელს მერის მოადგილე გ. სოლომონია აწერს, თბილისის გზების მოასფალტების სახელმწიფო შესყიდვებს ეხება და რომელიც, როგორც ამბობენ, ტენდერის გვერდისავლით, პირდაპირ გაფორმებული 4 კონტრაქტით განხორციელდა, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო 1 071 000 ლარი. უკვე დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნული კომპანია, ვინც ქალაქის მოასფალტებისთვის გამოყოფილი დარჩენილი მილიონები უნდა მიიღოს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს ეკუთვნის.

აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებითაც მივუბრუნდებით მეტი სიცხადისა და დეტალების დაზუსტების შემდგომ. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს ინტერესის საგანი სამგორის გამგეობაში მიმდინარე სარევიზიო შემოწმებაცაა და ნეპოტიზმის ცალკეული შემთხვევებიც. მონიტორინგის ცენტრმა ,,მედიატორი', თბილისის მერიაში, გამგეობებსა და სხვადასხვა თვითმმართველ ორგანოში ნეპოტიზმის ფაქტებზე რამდენჯერმე განცხადება უკვე გააკეთა და ნათესაური ნიშნით თანამდებობებზე დანიშნულთა კოჰორტაში მოხვედრილები იყვნენ: ვიცე- პრემიერ კახი კალაძის ცოლისძმა, ცოლის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე, მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილედ, პარლამენტის წევრ სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, საკრებულოს ყოფილი წევრის, ზაზა გაბუნიას ცოლისძმა და ა.შ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები ,,მედიატორმა' ახლახან აღმოაჩინა, როდესაც გლდანის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონის გამგეობაში ტესტირებაში ჩაჭრილი თანამშრომლები, ცოლ-ქმარი და დედა- შვილი ისევ აგრძელებენ მუშაობას. ასევე ,,მედიატორის' ინფორმაციით, ზაზა გაბუნიას ცოლისძმა გიორგი შავლაძე ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა სამსახურში მთავარ სპეციალისტად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან თემურ წილოსანი შეცვალა, რომელსაც აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. გამგეობის ინფორმაციით, წილოსანმა ვერ გაიარა ატესტაცია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მან ატესტაციის პირველი ეტაპი - ტესტირება წარმატებით გაიარა და გასაუბრებაზე მიზანმიმართულად ჩაჭრესო. ამიტომაც შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს ინტერესის საგანი გამორიცხული არაა, არა მხოლოდ ფინანსური გადაცდომები, არამედ ისეთი ტიპის კანონდარღვევებიც გახდეს, როგორიც მაგალითად, ატესტაციაგაუვლელი ან ჩაჭრილი პერსონის საჯარო სამსახურში დატოვებაა. ჯერ კიდევ მოქმედი თანამშრომელი ,,ვერსიას' დეტალურად მოუყვა, რა ხდება ამ მხრივ, გამგეობებში, ამჯერად ჩუღურეთის მაგალითზე, თუმცა ფაქტები სხვა გამგეობებზეც მრავლადაა: ,,რიმა ბერაძე რომ გამოჩნდა ,,რუსთავი 2'-ზე გაბუნიას ეთერში, ძალიან აჟიტირებულად და ,,ქართული ოცნების' უპირველეს დამცველად, მას რატომღაც ბიოგრაფიაში მითითებული არ აქვს, რომ ოზურგეთის რაიონის რაიკომის მესამე მდივანი იყო, მეტსახელიც ჰქონდა და იცნობენ, როგორც სიორიძეების კლანის წარმომადგენელს და რძალს. არც ის უთქვამს, რომ მისი მფარველი გახლავთ საკრებულოს სარევიზიო კომისიის უფროსი მალაღურაძე, რომელიც არჩილ გეგენავასა და ნაცების შტაბის აქტიური წევრი იყო, ხოლო თავად ქალბატონი რიმა (იგივე რამინა) საკმაოდ აგრესიული ნაცი იყო ჩუღურეთის რაიონში და პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი რობაქიძის კოორდინატორი იყო, ჩუღურეთის ნაციონალურ მოძრაობაში ანდრო ალავიძის თავმჯდომარეობის პერიოდში. იმის გამო, რომ რიმა ბერაძეს სურდა ერთ-ერთი უბნის თავმჯდომარეობა და არ დაინიშნა, განაწყენდა და გადავიდა ,,ოცნების' რიგებში. რიმა ბერაძის კადრებითაა გადატენილი მთელი გამგეობა: ზურაბ ბაქანიძე- პარტიული ამხანაგი ფოთის რაიკომიდანაა, ასევე ყოფილი ნაცია, რიმას შტაბის წევრი, რომელზეც საუბარია, რომ ვერ გაიარა ატესტაციის საწყისი ეტაპები. ასევე რიმას ნათესავად ცნობილი ლადო გოქსაძე- გამგებლის მოადგილე. ბადრი გუმბარიძე- განყოფილების უფროსი, არის ინფორმაცია მისი საეჭვო წარსულის შესახებ. მედეა აზარაშვილი და გრიგოლ ზარქუა - ,,ოცნების' შტაბის წევრები და ა.შ. შორს წაგვიყვანს, მათი ჩამოსვლა, რადგან ყველა კადრი არის ოცნების აქტივისტი ან რიმას საახლობლოდან. ეს მხოლოდ მცირედი ფაქტებია, უფრო მნიშვნელოვანი დარღვევები ხდება, მოგაწვდით ამ ფაქტებსაც და არ მიდის ეს ყველაფერი ივანიშვილის ყურამდე, ამიტომაც გაზეთში რომ წაიკითხავენ, იქნებ უფრო მეტად მიხედონ ხალხსა და გამგეობებს, რომლებიც გამგებლებისა და მათი ოჯახის წევრების პირად სამზარეულოდაა გადაქცეული'.