RMG-ის ადმინისტრაციას თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ

RMG-ის ადმინისტრაციას თანამშრომლების დევნაში ადანაშაულებენ

თბილისში, მადნის მომპოვებელ კომპანია RMG-ის ცენტრალურ ოფისთან, პროფესიულმა კავშირებმა და „მწვანე მუშტმა“ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები კომპანიის ადმინისტრაციას პროფესიული კავშირის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ათი დღის განმავლობაში პროფესიული კავშირი RMG-ის 800-მდე თანამშრომელმა დატოვა.

თეიმურაზ გვენეტაძე - მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის წევრი - ამბობს, რომRMG -ის წარმომადგენლები დადიოდნენ და ხალხს აშინებდნენ, რათა მათ პროფკავშირზე უარი ეთქვათ.

„დღეს ჩვენ RMG-ისდისკრიმინაციულ ქმედებებს ვაპროტესტებთ. მათ ზეწოლა განახორციელეს პროფკავშირზე და დაშალეს ის“.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია ამ გზით ცდილობს არ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას შემდეგ აიღო, რაც RMG-ის თანამშრომლებმა ორმოცდღიან შიმშილობას მიმართეს. საუბარი იყო ხელფასების გაზრდასა და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაზე.

საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენელი იმერეთიდან ირაკლი იობიძე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მხოლოდ RMG-ის თანამშრომლების პრობლემა არ არის:

„დაბა კაზრეთის პრობლემა ძალიან მალე სრულიად საქართველოს პრობლემაში გადაიზრდება. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამოხმაურება და სახელმწიფომაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში“.

ორგანიზაცია „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ RMG კულტურულ მემკვიდრეობას, ეკოლოგიას და ადამიანებს ერთნაირად ემტერება:

„მწვანე მუშტი“ სწორედ იმიტომ მონაწილეობს ამ აქციაში, რომ ჩვენ არ გვგონია, RMG მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებს, ან მხოლოდ გარემოს აზიანებს, ან მხოლოდ სოციალურ უფლებებს არღვევს. ჩვენ ვფიქრობთ, RMG არის ორგანიზაცია, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას, ეკოლოგიას და ადამიანებს თანაბრად ვნებს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ საშინელების შესაჩერებლად“.

კომპანია RMG-ის პროფკავშირების ხელმძღვანელი ჯონი რთველაძე ამბობს, რომ პროფკავშირის გარეშე დარჩენილი თანამშრომლები საკუთარი უფლებების დაცვას ვერაფრით მოახერხებენ:

„მას შემდეგ რაც 800-ზე მეტ ადამიანს დაატოვებინეს პროფკავშირის რიგები, თანამშრომლების გათავისუფლებაც დაიწყეს. მათი მიზანია ადამიანები დატოვონ მარტო, რათა მათ მიმართ თუ რამის გაკეთება უნდათ, ყველაფერი შეძლონ“.

თავად RMG-ში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 27 თებერვალს გააკეთეს განცხადება დ ახალს უკვე ვერაფერს იტყვიან. განცხადებაში წერია, რომ კომპანიის ადმინისტრაცია არასდროს ჩარეულა პროფკავშირული ორგანიზაციის შიდა საქმიანობაში. თანამშრომლების მხრიდან წევრობაზე უარის მიზეზი კი საწარმოს მუშა-მოსამსახურეებში გაჩენილი უნდობლობა და პროფკავშირის მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა გახდა.