„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების ბიზნესინტერესების კვლევას. 2014 წლის მაისში ჩვენ გამოვაქვეყნეთ თვითმმართველი ქალაქი ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კვლევის შედეგები. ამჯერად გთავაზობთ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შედეგად ბათუმის საკრებულოში მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული პირების შესახებ ინფორმაციას.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, ბათუმის საკრებულოს რამდენიმე თანამდებობის პირი ამ დრომდე ამა თუ იმ შპს-ს მართვაში მონაწილეობს, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი;
საკრებულოს რამდენიმე თანამდებობის პირს ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ შეტანილი არ აქვს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა;
ბათუმის საკრებულოს დეპუტატებსა და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ;
ადმინისტრაციულ ორგანოებს პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები საკრებულოს წევრთან დავით თედორაძესთან დაკავშირებულ სააქციო საზოგადოებასთან აქვთ გაფორმებული;
საკრებულოს წევრები, კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულები არ არიან წარადგინონ საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია (გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, მისი მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარეებისა), შესაბამისად, ინფორმაცია მათი სამეწარმეო აქტივობის შესახებ ნაკლებად ხელმისწვდომია.
წარმოგიდგენთ ბათუმის საკრებულოს იმ წევრთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც რეესტრის მონაცემებით, სხვადასხვა კომპანიას მართავენ და შპს-ს მეწილეები არიან:
ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, („ქართული ოცნება“)
რეესტრის ამონაწერის თანახმად, ირაკლი ჭეიშვილი ამ დრომდე არის შპს „ეიჩ ენდ ემის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი. კომპანიის 50%-ს კი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ლევან კინწურაშვილი ფლობს. რეესტრის მონაცემებით, 2010 წლის 13 სექტემბერს რეგისტრირებული კომპანია ტექსტილის იმპორტზე, დისტრიბუციასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული.
საკრებულოს თავმჯდომარეს 2014 წლის 15 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წილის ფლობისა და დირექტორობის შესახებ მითითებული არ აქვს, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა. პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პირის სამეწამეო საქმიანობაში მონაწილეობისა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გაზეთ „ბათუმელებისთვის“ 2014 წლის ივლისში მიცემულ კომენტარში ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ ამ კომპანიამ სრულფასოვნად ვერ იმუშავა, ეს ფაქტორი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ათავისუფლებდა კანონის მოთხოვნისგან, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეეტანა ქონებრივ დეკლარაციაში, უფლებამოსილების შესრულებიდან 10 დღის ვადაში კი კომპანიის დირექტორობიდან გადამდგარიყო, როგორც ამას საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჭეიშვილის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ არის, რაც გამორიცხავს მოქალაქის შესაძლებლობას, გაეცნოს საკრებულოს თავმჯდომარის ბიოგრაფიულ მონაცემებს და იცოდეს, თუ რამდენად შეესაბამება თანამდებობის პირის მიერ დაკავებული პოზიცია მის გამოცდილებას.
ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“)
ირაკლი ჭეიშვილის პარტნიორი პოლიტიკასა და ბიზნესში, ლევან კინწურაშვილი ბათუმის საკრებულოს წევრად მაჟორიტარული წესით აირჩიეს. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი კინწურაშვილი საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
რეესტრის მონაცემებით, ის 3 ივლისს დარეგისტრირებულ შპს „ტიფლის დეველპმენტ აჭარაში“ ამ დრომდე ფლობს 100%-იან წილს და ასევე არის ამავე კომპანიის დირექტორი. 2008 წლის 6 აგვისტომდე შპს-მ „ტიფლის დეველოპმენტ აჭარა“ რეგისტრირებული იყო, როგორც „ქალაქი ბათუმში“.
საკრებულოს თავმჯდომარის მსგავსად, ქონებრივ დეკლარაციაში არც ლევან კინწურაშვილს აქვს მითითებული, რომ შპს „ეიჩ ენდ ემის“ 50%-იანი წილის მფლობელია. დეკლარაციაში არც „ტიფლის დეველოპმენტის აჭარის“ შესახებ არის მითითებული.
ლევან კინწურაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ტიფლის დეველოპმენტ აჭარას“ მუშაობა შეჩერებული აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, როგორც საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და, შესაბამისად, თანამდებობის პირი, ამ პოზიციაზე დამტკიცებიდან 10 დღეში დირექტორობიდან უნდა გადამდგარიყო.
თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“)
თენგიზ აფხაზავა საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარეა. ის ამ დრომდე არის შპს „ჯ-ფუნდამენტის“ დირექტორი და შპს ST LOGISTICS-ის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი.
თენგიზ აფხაზავა აღნიშნული შპს-ს დირექტორის პოზიციიდან 2015 წლის 9 იანვარს გადადგა და დარჩა 100%-იანი წილის მფლობელად. ამ დროისთვის, შპს ST LOGISTICS-ის დირექტორი მისი შვილი თორნიკე აფხაზავაა.
რეესტრის მონაცემებით, თენგიზ აფხაზავა ამ დრომდე „ჯ-ფუნდამენტის“ დირექტორის პოზიციაზეა, რაც თანამდებობის პირის მხრიდან კანონდარღვევაა.
ირაკლი ჭეიშვილისა და ლევან კინწურაშვილისგან განსხვავებით, თენგიზ აფხაზავას 2014 წლის 17 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ზემოაღნიშნული კომპანიების შესახებ მითითებული აქვს. დეკლარაციიდან იმასაც ვიგებთ, რომ მას არც ერთი კომპანიიდან 2013 წელს შემოსავალი არ მიუღია.
დავით თედორაძე („დავით თარხან მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“)
საჯარო რეესტრის მონაცემებით, საკრებულოს წევრი დავით თედორაძე 1996 წლის 7 ივნისს რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „გამომცემლობა აჭარის“ დირექტორია.
„გამომცემლობა აჭარას“ სახელმწიფო ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა სააქციო საზოგადოებას 2012 წლის მარტიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით აჭარაში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებთან მომსახურების პირდაპირი წესით შესყიდვის 13 ხელშეკრულება აქვს დადებული. ჯამში სააქციო საზოგადოებამ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 51 447 ლარი მიიღო. ყველაზე დიდი თანხა საზოგადოებამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან 2012 წლის 25 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან მიიღო, რომლის თანახმად, „გამომცემლობა აჭარას“ სამხრეთ-საქართველოს ისტორიის ნარკვევის მეოთხე ტომის რედაქტირება და გამოცემა დაევალა. პირდაპირი შესყიდვის ყველაზე მეტი ხელშეკრულება სააქციო საზოგადოებასთან შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ აქვს გაფორმებული, რომლის 100% ბათუმის მერიას ეკუთვნის.
დავით თედორაძე არ არის თანამდებობის პირი და, შესაბამისად, მას არც სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება და არც ქონებრივი დეკლარაციის შევსება ევალება. სწორედ ამის გამო, უცნობია, თუ რა შემოსავალი მიიღო ბათუმის საკრებულოს წევრმა სამეწარმეო საქმიანობიდან.
თამაზ თურმანიძე, ფრაქციის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“)
ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე თამაზ სურმანიძე დღემდე არის 2008 წლის 21 იანვარს დაფუძნებული შპს „ექსპერტ გრუპის“ დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია. საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სფერო მშენებლობა, პროექტირება, დიზაინი, სამშენებლო მასალების შემოტანა-რეალიზაციაა.
საკრებულოში საკუთარი თანაგუნდელების მსგავსად, თამაზ თურმანიძემაც საჯაროდ განაცხადა, რომ ეს კომპანია 2008 წლიდან არ მუშაობს, მაგრამ რეესტრის მონაცემებით, ის დღემდე მოქმედი კომპანიაა და საკრებულოს თანამდებობის პირი, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებული იყო დირექტორობიდან გადამდგარიყო.
თამაზ თურმანიძე 2012 წლის 6 დეკემბერს რეგისტრირებული შპს „სოლო ჯგუფის“ 30%-იანი წილის მფლობელიცაა. რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს-ს საქმიანობის სფერო რეკლამა, დიზაინი და პროგრამირებაა. სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაფუძნებიდან 4 თვეში, 2013 წლის 18 აპრილს, „სოლო ჯგუფს“ ვებგვერდის დამზადების პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურმა საბავშვო თეატრმა გაუფორმა. მომსახურების მისაღებად თეატრს კომპანიისთვის 3200 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა 2013 წლის 4 მაისს, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, „სოლო ჯგუფთან“ დადებული შეთანხმება გაუქმდა.
თამაზ თურმანიძე ფლობდა შპს „აი თი დი ჰოლდინგის“ 100%-იან წილს, თუმცა 2013 წლის 27 თებერვალს, მთლიანი წილი მეუღლეს შორენა ბოლქვაძეს გადასცა.
გიორგი კაკაბაძე („სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“)
ბათუმის საკრებულოს წევრი გიორგი კაკაბაძე, რეესტრის მონაცემების თანახმად, არის შპს „რსრ“-ს 100%-იანი წილის მფლობელი. 2008 წლის 8 აგვისტოს დარეგისტრირებული შპს-ს საწესდებო კაპიტალი 50 ათასი ლარი იყო, საქმიანობის სფეროდ კი ვაჭრობა განისაზღვრა.
გიორგი კაკაბაძე 2014 წლის 17 ივლისამდე იყო შპს „გკ ჯგუფის“ დირექტორი და 100% წილის მფლობელი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს 2013 წლის 20 მაისს დაფუძნდა, ამავე წლის 13 ნოემბერს, გიორგი კაკაბაძემ კომპანიის მთლიანი წილი მამას გურამ კაკაბაძეს უსასყიდლოდ გადასცა. შპს-მ სახელწოდება 2015 წლის 25 თებერვალს შეიცვალა, ამ დრომდე კომპანიას Energy Drink ერქვა.
საკრებულოს წევრი კიდევ ერთ შპს „სან-ფას“ 100%-იან წილს ფლობდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რეგისტრირებული კომპანიის საწესდებო კაპიტალი 50 ათასი ლარი იყო, საქმიანობის ძირითადი სფერო კი ვაჭრობა. შპს ENERGY DRINK-ის მსგავსად, „სან-ფას“ 100%-იანი წილიც, გიორგი კაკაბაძემ გურამ კაკაბაძეს 2013 წლის 13 ნოემბერს უსასყიდლოდ გადასცა.
საკრებულოს წევრის მამა გურამ კაკაბაძე კიდევ ერთი კომპანიის შპს XXL-001-ს დირექტორია. 2011 წლის 25 მაისს დარეგისტრირებული კომპანიის საქმიანის სფეროებია: უძრავი და მოძრავი ქონების გაყიდვა, გაქირავება, ლიზინგი; ასევე სამშენებლო, სარემონტო სამუშაოები.
გიორგი კაკაბაძე არ არის თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას არც სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება და არც ქონებრივი დეკლარაციის შევსება. სწორედ ამის გამო უცნობია, თუ რა შემოსავალი მიიღო ბათუმის საკრებულოს წევრმა სამეწარმეო საქმიანობიდან.
რამაზ სურმანიძე („ერთიანობის დარბაზი“)
რამაზ სურმანიძე 1996 წლის 24 სექტემბერს დაფუძნებული შპს ბათუმის სამედიცინო ეკოლოგიური ინსტიტუტის 60%-იანი წილის მფლობელია. რეესტრის მონაცემებით, საზოგადოების საქმიანობა ფართოა და მოიცავს, როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო, ასევე კომერციულ საქმიანობას. გიორგი კაკაბაძის მსგავსად, არც რამაზ სურმანიძეა თანამდებობის პირი და არ ევალება ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა.
გასული წლის ანალოგიური კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, ადმინისტრაციული ორგანიზაციების მხრიდან მკვეთრად არის შემცირებული ბათუმის საკრებულოს დეპუტატებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებთან პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა. ასევე, არც ერთ ზემოჩათვლილ კომპანიას ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
თუმცა პრობლემად რჩება საკრებულოს თანამდებობის პირთა მხრიდან ქონებრივი დეკლარაციების სრულად შევსების მოთხოვნის შეუსრულებლობა, რაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების ნაწილის მხრიდან საკანონმდებლო რეგულაციების უგულებელყოფას გამოხატავს.
მოვუწოდებთ საჯარო სამსახურის ბიუროს კვლევის შედეგად აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შესაბამის თანამდებობის პირებს დეკლარაციაში მითითებული მონაცემების დაუყოვნებლივ შესწორება მოთხოვოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია, ითხოვს ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ პირთა წრის გაფართოებას, რადგან დღეს მოქმედი რეგულაციით, საკრებულოს წევრებიდან მხოლოდ თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებს ევალებათ დეკლარაციის შევსება. მათ შეუზღუდავად შეუძლიათ სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ და ამავდროულად, იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის შესახებ, რაც ცალსახად ბადებს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს.