უნდობლობის გამო მერიის საკონკურსო კომისია ერთმა წევრმა დატოვა

უნდობლობის გამო მერიის საკონკურსო კომისია ერთმა წევრმა დატოვა

ქალაქ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია ერთმა წევრმა დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდას) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსს უნდობლობას უცხადებს და პროცესის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. შენიშვნებს არ იზიარებს დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თუმცა ვითარებაში გარკვევას აპირებს. რა კითხვები აქვს სამოქალაქო სექტორის ნაწილსა და ოპოზიციას მერიის საკონკურსო-საატესტაციო გამოცდებთან დაკავშირებით?

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც საუბარი შეეხო საკონკურსო-საატესტაციო კომისიებში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა-არჩართვის საკითხს. თბილისის მერიის შემთხვევაში ეს დაუშვეს, მაგრამ შეზღუდული ფორმით, თუმცა იყო მუნიციპალიტეტები, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთოდ უარი უთხრეს საკონკურსო კომისიაში მონაწილეობაზე. ზვიად დევდარიანი პროცესს უნდობლობას უცხადებს და მისი გაუმჭვირვალობის გამო პრეტენზიებს გამოთქვამს:

„ერთი იყო ის, თუ როგორ მიდიოდა უშუალოდ გასაუბრების პროცესი და მეორე იყო ის, რომ მეც კი, როგორც კომისიის წევრს, დღესაც არ მიმიწვდება ხელი საბოლოო შემაჯამებელ ოქმებზე. რომც შეჯერებულიყო კომისია ამა თუ იმ კანდიდატზე და მიეღო ზეპირი პოზიტიური გადაწყვეტილება ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, შემდეგ ეს როგორ აისახა და საბოლოოდ როგორ გაფორმდა ოქმებში, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის“.

შესაბამისად, ზვიად დევდარიანს რჩება პასუხგაუცემელი შეკითხევბი: ხომ არ იყო გარკვეული მანიპულაციები გასაუბრებასა და საბოლოო გადაწყვეტილებებს შორის, ხომ არ იყვნენ სხვა უწყებები ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გარდა მუნიციპალიტეტისა, და ასევე კითხვები აქვს გაუქმებულ შედეგებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრი ვაკანსია ისევ თავისუფალი დარჩა. ზვიად დევდარიანის თქმით, საკონკურსო-საატესტაციო პროცესს ისიც ართულებდა, რომ არ არსებობდა ერთი საკანონმდებლო დოკუმენტი, სადაც სრულად იქნებოდა გაწერილი საკონკურსო და საატესტაციო პირობები, რომ შემდეგ უკვე ამ დოკუმენტზე დაფუძნებით ყოფილიყო შესაძლებელი საჩივრების დაწერა.

ზვიად დევდარიანს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განუხორციელებლად, ნებისმიერი კონკურსი, რომელიც ამ პირობებით ჩატარდება, იქნება ასევე ხარვეზიანი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, თბილისის გარდა, აქვს რეგიონებიდან შესული რამდენიმე საჩივარი, საიდანაც ჩანს, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მიიღო არაობიექტური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ამბობს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კომისიაში არ იყო - ის პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რომელიც კომისიებს დაუწესდათ, ამბობს ანა ნაცვლიშვილი, იყო შემდეგი:

„დაგვასწრეს გასაუბრებების პროცესს, მაგრამ არ დაგვასწრეს კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას შევაფასოთ ყველაზე მთავარი - რამდენად სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი იყო კომისია თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობისას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

იმ განცხადების მიხედვით, რომელსაც ზვიად დევდარიანი ავრცელებს და თავისი ორგანიზაციის დამკვირვებლების საქმიანობაზე დაყრდნობით, ანა ნაცვლიშვილსაც აქვს კითხვები შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

მთავარი ის არის, რომ ზვიად დევდარიანს, როგორც კომისიის წევრს, დღემდე არ მიუწვდება ხელი იმ ოქმებზე, რომლებიც დგებოდა კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესში, ანუ მან დღემდე არ იცის, რა ქულები დაიწერა კონკურსანტებისთვის კომისიის წევრების მიერ, ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია და „სიდას“ დირექტორის გადაწყვეტილებას დაეტოვებინა კომისია, ამ თვალსაზრისით გამართლებულად მიიჩნევს:

„თუკი, ვთქვათ, ოქმები არ დგებოდა გასაუბრების შემდგომ და ის არ იყო ხელმისაწვდომი ყველასთვის, ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, ნიშნები გადაიხედოს, გადაიწეროს, შეიცვალოს ან ყველასთან გასაუბრების შემდგომ მოხდეს მათი ჩასწორება და, მე ვფიქრობ, რომ თუ ეს ასე ხდებოდა და, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ მიუწვდება ხელი ამ ინფორმაციაზე, მისი მხრიდან არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს არის ისეთ რამეზე პასუხისმგებლობის აღება, რაშიც თავად არ იყო ჩართული“.

მიუხედავად ზვიად დევდარიანის განცხადებისა, რომ მან წერილობით აცნობა თბილისის მერს რა მიზეზით ტოვებდა კომისიას, დავით ნარმანია ამბობს, რომ მას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არა აქვს და ამიტომ ზვიად დევდარიანს აუცილებლად შეხვდება, თუმცა კონკურსის ობიქტურობაში ეჭვი არ ეპარება:

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ჩავატარეთ ჩვენ ეს კონკურსები და მომავალშიც დარჩენილ ვაკანსიებზე ძალიან მალე ვაპირებთ, რომ გამოვაცხადოთ კონკურსი და ასევე გამჭვირვალედ ჩავატაროთ“.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება მიაჩნია გამოსავლად თბილისის საკრებულოს უმცირესობის წევრს სევდია უგრეხელიძეს:

„რა კომისიაც არ უნდა შექმნას მერიამ, მას ნდობა აღარ ექნება. ამიტომ ჩვენი წინადადება არის არა ჩვენი ჩართვა, არამედ სრულიად დამოუკიდებელი კომისიის შექმნა არასამთავრობოებისაგან, სპეციალისტებისაგან, იგივე საგამოცდო ცენტრის შემადგენლობისაგან“.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა კონკურსი 17 თებერვალს დასრულდა. მერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება.