ნეპოტიზმი და სასჯელი

ნეპოტიზმი და სასჯელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზებას. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 332-ე პირველი პრიმა მუხლი - საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირის საჯარო სამსახურში მიღებისას, მისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვიეს კონკურსის წესები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს დასჯას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ამასთან, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, თუ საჯარო მოხელე ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი მრავალჯერ ჩაიდენს ცვლილებით კვალიფიცირებულ დანაშაულს, მაშინ ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

„უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც, მაგალითად, სპეციალურად ჩაშალეს კონკურსი ან ისეთი საკონკურსო მოთხოვნები ჩამოაყალიბეს, რომელიც მორგებულია კონკრეტულ პირზე ან არღვევს კონკურსის პირობებს იმისათვის, რომ დაასაქმოს მის მიერ წინასწარ შერჩეული პირი“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.

ეკა გიგაურის თქმით, მისი ორგანიზაცია დიდი ხანია სწავლობს საჯარო სამსახურში თანამშრომელთა აყვანა-გათავისუფლების საკითხებს, კვლევა კი აჩვენებს, რომ საჯარო სამსახურში საკადრო პოლიტიკა ხშირად გამჭვირვალობის პრინციპის დარღვევით წარიმართება, რასაც ადასტურებენ როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეები. მაია ნაცვლიშვილს სამსახურიდან (გარემოს დაცვის სამინისტრო) გათავისუფლების გამო სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი:

„1996 წლიდან ამ სტრუქტურაში ვმუშაობდი და შარშან, 1 იანვარს, ჩაატარეს რაღაც სამარცხვინო გასაუბრება, რომელსაც ვერანაირი სახელი ვერ მოვუძებნე... დღემდე ვფიქრობ, რა იყო ეს! და, აი, ამ გასაუბრების, უფრო სწორად, ნეპოტიზმის საფუძველზე მოხდა კადრების შერჩევა“.

სამსახურიდან გათავისუფლებული მოქალაქეების გარდა, საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს ოპოზიციაც აკრიტიკებს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ნეპოტიზმი, გარკვეული ფორმით, მისაღებია. აი, რა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში:

„ერთ რამეს ვიტყვი: მე არ ვარ ნეპოტიზმის მკაცრი წინააღმდეგი, თუ ვხედავ, რომ ჩემი ახლობელია, წლების განმავლობაში მიმუშავია მასთან, ვიცი, რომ კარგი სპეციალისტია დ დავასაქმე, ეს უკვე სხვა თემაა!“

საჯარო სამსახურში მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების ფაქტებს იკვლევს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომლის თქმითაც, ნეპოტიზმს ადგილი აქვს თითქმის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში.

„ვგულისხმობ როგორც თვითმმართველობის ორგანოებს (გამგეობასა და საკრებულოს), ასევე მათ მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირებს. მაგალითად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის შენობაში ერთი თანამდებობის პირი არის ქმარი, მეორე კი - ცოლი... ერთმანეთის დაქვემდებარებაში შეიძლება არ იყვნენ, რითაც ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონს დაარღვევდნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იმის გამო არიან ამ თანამდებობებზე დანიშნული, რომ არიან ერთი ოჯახიდან“, უთხრა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ნაცნობებისა და ნათესავების დასაქმებას ტესტირებისა და გასაუბრების გზით. ამასთან დაკავშირებით გელა მთივლიშვილი ამბობს:

„პირველი ის, რომ მოარგეს კონკურსის პირობები და კრიტერიუმები თავიანთ ადამიანებს. მეორე მხრივ, იყო მაღალი კონკურენცია, მაგრამ უპირატესობა მიანიჭეს თავის ნათესავებს შემდეგნაირად: ტესტირებაზე, სადაც ქულების გაყალბება არ შეეძლოთ იმის გამო, რომ გამოცდა ელექტრონულად ტარდებოდა, იმ კონკურსანტებმა, რომლებიც არ იყვნენ გამომცდელთა ნათესავები, მაღალი ქულები მიიღეს, მაგრამ გასაუბრებაზე, რომელიც არ არის გამჭვირვალე, არ ხდება ჩაწერა, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, როგორ წარიმართა, პრივილეგია მიანიჭეს ნათესავს. შესაბამისად, მაღალქულებიანები დაიწუნეს და სამსახურში მიიღეს თავიანთი ნათესავები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ კი მიიჩნევენ, რომ ცვლილების დამტკიცება იქნება მკაფიო სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, რომელიც ჩართულია ნეპოტიზმში. და კიდევ, მკვეთრად გაიზრდება ნდობა კონკურსების მიმართ, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების დასაქმებასა და დაწინაურებას საჯარო სამსახურში.