კრიმინალურ სამყაროს თავის წესები და დაუწერელი კანონები აქვს. გარდა იმისა, რომ პატიმრებს თავიანთი სალაპარაკო ენა აქვთ და შორ მანძილზე ლაპარაკობენ, არის კიდევ რამდენიმე ნიშანი, რითიც ისინი ერთმანეთს ასხვავებენ. ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ის იარებია, რომლებსაც პატიმრებს დამღად ასვამენ. დიახ, დამღად, რადგან სხვა სახელს ამას, უბრალოდ, ვერ დაარქმევ...
ადრე, ვიდრე ზონებში ,,კანონიერი ქურდები' იყვნენ, არასწორი საქციელის ჩამდენ პატიმრებს ლოყაზე დანას უსვამდნენ. ლოყაზე ნაიარევი იმას ნიშნავდა, რომ პატიმარი ნაბოზვარი იყო და მას ყველა ცნობდა. მართალია, ვინმეს შესაძლოა, ლოყაზე ბავშვობის ,,შრამი' ჰქონოდა, მაგრამ ესეც არ იყო რთული გასარკვევი. ყოფილა შემთხვევები, როცა პატიმრებისთვის დანის დასმის ნაცვლად, ცხვირზე ტუშით მსხვილი წერტილი გაუკეთებიათ. მაშინ ლაზერი არ იყო და ,,ნაკოლკას' ასე ადვილად ვერ გააქრობდი. თუ ,,ბოზური' წერტილის წაშლა გსურდა, ცხვირის ნაწილი უნდა მოგეჭრა, თუ არადა, მთელი ცხოვრება იმ წერტილით უნდა გევლო, რომელიც ყველა კრიმინალთან შენს სტატუსსა და ვინაობას ისე მარტივად გასცემდა, როგორც - პასპორტი...
რუსთავის #17 ზონაზე პატიმრების ახალ ნაკადს ერთი პატიმარი გამოეყო, პლაცზე მდგომი არესტანტები დაათვალიერა და რატომღაც #0578 აირჩია, მივიდა და მშვიდად ჰკითხა: ,,მაყურებლები რომელ კამერაში სხედან?!'
#0578მა ყურადღებით შეათვალიერა ახლადმოსული, ლოყაზე გრძივი ნაიარევი დააფიქსირა და მშვიდად უთხრა: ,,არ ვიცი, მეც ახალი მოსული ვარ, პეხოტა ვარ, მაყურებლებთან საქმე არ მაქვს და ამიტომ, ვერაფერს გეტყვი'.
ახლადმოსული თვალებში ჩააშტერდა #0578ს, მერე, რაც შეიძლებოდა, მშვიდად უთხრა: ,,მე ივა ვარ და მაყურებლების ნახვა მინდა'.
,,რომელი ივა? კუზანოვი? ისე, კი გჭირდება კუზანოვი პლასტიკური ოპერაციისთვის, ნაიარევს გაგიქრობს. არ ვიციმეთქი, გასაგებად არ გითხარი?!', - აშკარა ირონიით და სიბრაზით მიუგო #0578მა.
,,პეხოტა ხარ, არა? და ჩემს ლოყაზე შრამი დაინახე და მაყურებლების კამერას იმიტომ არ მასწავლი, ხო? ნაბოზვარი გგონივარ, არა? და მაინც, რომ გავიგებ და სხვა რომ მეტყვის, ხომ ხვდები მაგას? საქმე მაქვს აუცილებელი, რეზბალნიციდან მოვდივარ, ქურდების მალიავა მომაქვს', - უთხრა ივამ.
#0578მა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ივა, მერე გვერდით მდგომ პატიმარს თავი დაუქნია და ისიც მაშინვე იქ გაჩნდა.
,,იცნობ ამას?!' - ჰკითხა მოსულს.
,,არა, რატომ უნდა ვიცნობდე?!'
,,რა ვიცი, ივა მქვიაო, მაყურებლებთან ქურდებმა მალიავა გამომატანესო... სახეზე ვაკვირდები და სულ სხვა რამეს მეუბნება ამის სიფათი', - აუხსნა #0578მა.
,,ივა?! ივა გამიგია... მაყურებლები მეორე კამერაში არიან, პირველშიც, წავიდეთ ძმაო, წავიდეთ', - პატიმარი კორპუსისკენ დაიძრა.
,,ოე, მაიცა... შენ ამ ტიპზე ატვეჩაი ხარ, მაყურებლებთან რომ მიგყავს ეგრევე? გარანტია გაქვს, მალიავას რომ დააძრობს, ბადრაგი არ დაგვადგება და მაგ მალიავას გადაყლაპვა არ მოუწევს ვინმეს?', - გააჩერა #0578მა ორივე.
,,კი, ატვეჩაი ვარ', - ჩუმად თქვა პატიმარმა და ივას მაყურებლების კამერისკენ გაუძღვა.
#0578 გარეთ დარჩა, ზონაზე შემოსასვლელ კარს დააკვირდა და როცა დარწმუნდა, რომ რეჟიმის ხალხი არ შემოვიდოდა, მაყურებლების კამერისკენ წავიდა. იქ კი საოცარი სურათი დახვდა: მაყურებლებს ივა შუაში ჩაესვათ, მხარზე ხელებს უტყაპუნებდნენ, თბილად ესაუბრებოდნენ და იცინოდნენ. როგორც კი ივამ #0578 დაინახა, მაყურებლებს ჰკითხა: ,,ეს ვინ არის?!'
,,ჩვენი ძმაა. რა ხდება, გაიცანი უკვე?!' - გაეღიმა მაყურებელს.
,,აფთარივით იდგა კართან, თქვენამდე არ მიშვებდა, ნაბოზვარი ვეგონე ამ შრამის გამო. ამან მიშველა, თორემ ახლაც იქ ვიქნებოდი', - გაეცინა ივას.
,,ხედავ, რა მაგარ ტიპად გაგზარდეთ? უკვე შეგიძლია,კაი ბიჭობაზე განაცხადო პრეტენზია', - გაეცინათ მაყურებლებს.
,,კაიბიჭები თქვენც მეყოფით, ის ამიხსენით, ეს ვინ არის და რატომ ეფერებით ასე?' - იკითხა #0578მა.
,,ესეც ჩვენი ძმაა, მაგარი ძმა, მგელი ძმა. ტარასას ქსივა მოიტანა, მშვიდობით მოიტანა. კარგია, რომ ეს იყო რეზბალნიცაზე, თორემ ქსივის წამომღებს ვერ ნახავდა ტარასა', - გაეღიმათ მაყურებლებს.
,,და ის შრამი სილამაზისთვის აქვს თუ ბავშვობისაა?!' - არ გაჩერდა #0578.
,,არა, ეგ შრამი ქურდმა დაადო', - გააგრძელა მაყურებელმა.
,,ყოფილმა ქურდმა', - შეუსწორა ივამ.
,,და ვინმე ამიხსნის, აქ რა ხდება?!' - გაოცდა #0578.
,,დღეს დაღლილია, ამოასუნთქე, ხვალიდან კი შენს ხელში არ არის?!' - გაეცინათ მაყურებლებს, მაგრამ ახლა ივა დაიბნა.
,,პროკურორს და გამომძიებელს უფრო ადვილად მოიცილებ, ვიდრე ამას. არ მოისვენებს, ვიდრე შენს ისტორიას არ მოგაყოლებს და გირჩევ, არ გაჯიუტდე, თავისას მაინც გაიტანს. მოკლედ, აქ ახალი თუ მოდის საინტერესო ისტორიით, ამასთან საუბარი თავანივით აქვს, რა, ჩასაბარებელი,' - აუხსნეს მაყურებლებმა.
,,და რად გინდა ეს ისტორიები, წიგნს ხომ არ წერ?!' - გაეცინა ივას.
,,არა, მაგრამ მგონია, რომ დავწერ. ჰო, სახელს შეგიცვლი, ნუ გეშინია', - გაუღიმა #0578მა.
,,ჯერ ერთი, მე არაფრის და არავისი მეშინია, მეორეც, რამდენიც უნდა ცვალო სახელი, ჩემი ისტორია ისეთი გახმაურებულია, ყველა მიხვდება, ვისზეა საუბარი', - თქვა ივამ.
,,არცთუ გახმაურებული. მე არც ივა გამიგია, არც - შენი ისტორია', - ისევ გაუღიმა #0578მა.
,,ჰო, მაგრამ შენ კრიმინალი არ ხარ და ზოგადად, უკვე ვიცი, ვინც ხარ და შენი ისტორიაც ვიცი', - უპასუხა ივამ.
,,ჰოდა, ხომ ხედავ, შენზე არანაკლებ პოპულარული ვყოფილვარ და შენი ისტორიით როდის განმანათლებ?!' - დაზუსტება სთხოვა #0578მა.
,,მოვიცლით მაგისთვის, გპირდები', - უთხრა ივამ. კამერიდან გასულმა #0578მა კი მხოლოდ ეს თქვა: ,,გახსოვდეს, კაიბიჭის სიტყვა თავანია და ნუ გადადებ მაგ საქმეს'.
ორიოდე კვირის შემდეგ, ივამ, როგორც იქნა, მოიცალა. მანამდე თბილისის რეგიონის მაყურებლობა ჩააბარეს და არეულდარეული საქმეები მოაწესრიგა, ყველაფერი დაალაგა და შეიძლება ითქვას, კრიმინალურ სამყაროში არსებული წესების ცოდნით ყველა გააოცა. ასე იყო თუ ისე, #0578ს მაინც ვერ ასცდა.
,,აბა, დაიწყე შენი და შენი ნაიარევის ამბავი. ყურმოკვრით რაღაცები გავიგე, მაგრამ ხომ იცი, პირველი წყარო მაინც სულ სხვაა', - გაუღიმა #0578მა.
,,რაღა დავიწყო... ბავშვობიდანვე ქუჩური ცხოვრებით ვცხოვრობდი, კაი ბიჭი ვიყავი და დღემდე ვარ, ქურდობა მინდოდა და დღემდე მინდა. ჰოდა, ერთხელ, უბანში, ვიღაც სირების სასტავს დავეტაკე - ჩვენი უბნიდან მანქანას იპარავდნენ, ჩემი ახლობლის იყო. არ გინდათმეთქი, ღამის სამ საათზე სამ მუტრუკს კაჩაობა დავუწყე, მაგრად მცემეს, მაგრამ მანქანა ვერ წაიყვანეს, პატრონები გამოცვივდნენ ხმაურზე. მეორე დღეს, ჩემს სასტავთან ერთად, ვნახე და სამივეს უკანალში დანა დავარტყი, არ მოიქცნენ სწორად და იმიტომ. ჰოდა, რომ მეგონა, ყველაფერი მოგვარდამეთქი, ორთაჭალის რეზბალნიცაზე დამიბარეს ქურდებთან. სიმართლე გითხრა, გამიხარდა იმიტომ, რომ ქურდებთან ერთად ყოფნა და ცხოვრება მინდოდა სულ. ამიტომ, თამამად წავედი. მარტო ერთი ქურდი დამხვდა, დანარჩენები, რაღაც შიდაარეულობა იყო და, იმას აგვარებდნენ. იმ ქურდმა მომაყოლა, რა და როგორ იყო და უცებ, შე ნაბოზვარო, კაიბიჭებს ქურდობაში ხელი როგორ შეუშალეო და დანა დამისვა. ვერაფერი მოვასწარი, ვერაფერი მოვახერხე. სისხლი თქრიალით წამომივიდა. რომ დამერტყა, ქურდზე ხელი აწიაო, იტყოდნენ და ცოცხლად გამატყავებდნენ. წამოვედი სახლში ბოზური შრამით და მეგონა, თავზე დამემხო ყველაფერი. სახლში რამდენიმე დღე გავატარე, მოვიშუშე ჭრილობა და ბევრი არ მიფიქრია, გოგის დავადექი. კი იცი შენ, გოგი ვინც არის და რა სიტყვაც ეთქმის. მივედი, ავუხსენი, ასე და ასე იყომეთქი. ის ვერ ვუთხარი თავიდან, დანა დამისვამეთქი, მაგრამ რა თქმა უნდოდა, ჭრილობა ბოლომდე მოშუშებული არც იყო. ყურადღებით მომისმინა, მერე მშვიდად მკითხა, ლოყაზე რა გჭირსო და რა უნდა მეთქვა? დანა დამისვა და ნაბოზვარი მიძახამეთქი. გოგის სიმშვიდეზე ლეგენდები დადის, მაგრამ თვალსა და ხელს შუა გამიგიჟდა კაცი. რაო? - ისე იღრიალა, შევხტი. იარაზე ხელი მომისვა, მერე თვალებში ჩამხედა და მკითხა: მართლა იმან ქნა ეს საქმეო და როცა დავუდასტურე, სავარძელში გადაწვა. სულ 30 წამი იფიქრა, ალბათ და მერე მკითხა, რას აპირებო? რას ვაპირებ და, თქვენთან მოვედი სამართლის საძიებლად და თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩემთვის კანონი იქნებათქო. გამიღიმა და ის მითხრა, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი. წადი ახლა, ბაზრობაზე, დაშლილებში, საბჭოთა მანქანის ,,რუჩნოი ტორმუზი' ექნებათ, ის მომიტანე, ოღონდ მთელი მოწყობილობა კი არა, აი, ის, სიჩქარეების კოლოფთან რომ არის ამოსაწევი ,,რუჩკა', ეგ მინდა მარტოო.
წამოვედი გაოგნებული, ბაზრობაზე ვერ ვნახე, წავედი, მოვიპარე იმ ღამით და მეორე დღეს მივუტანე. ყურადღებით შეათვალიერა და მითხრა, კარგია, ახლა ეს წაიღე და ორთაჭალაში იმ ქურდს მიუტანე, რომ გკითხავს, რა არისო, უთხარი, გოგიმ გამომატანათქო. მეტი არაფერი უთხრა, უკან წამოდიო. კინაღამ გული გამისკდა, იქ რომ დამინახავენ, ვიდრე რამის თქმას მოვასწრებ, მომკლავენმეთქი, ვიფიქრე, მაგრამ გოგის როგორ ვეტყოდი ამას და ორთაჭალის ციხეში წავედი. მაყუთი გავმაზე და შემიშვეს. ავედი ქურდების კამერაში და ეს ,,რუჩნოი ტორმუზი' იმ ქურდს დავუდე ნარზე. დანარჩენმა ქურდებმა გაოცებისგან პირი დააღეს, ყველა ფეხზე წამოდგა და ამან კიდევ დანა დააძრო ბალიშიდან. სწორედ ამ დროს ვთქვი, ეს შენთან გოგიმ გამომატანამეთქი. როგორც ადგნენ ის ქურდები, ისე დასხდნენ ნარზე, ამან დანა დამალა და მხოლოდ ეს იკითხა, ვინ გოგიმო. მშვიდად ვუთხარი, მე მხოლოდ ერთი გოგი ვიცი და იმანმეთქი და წამოვედი. საღამოს უკვე გოგი თავად მივიდა ორთაჭალაში და იმავე საღამოს იმ ქურდმა ქურდების კამერა დატოვა. სულ ეს იყო. შრამი კი დამრჩა, მაგრამ კაიბიჭი ვარ, ძმაო', - ღიმილით დაასრულა ივამ.
,,ჰო, გასაგებია, ისიც გასაგებია, ვაჟკაცს იარა რომ ამშვენებს, მაგრამ ეგებ, შენი სეხნია მაინც ნახო, აქედან რომ გახვალ, გაგალამაზებს', - ღიმილით ურჩია #0578მა.
პატიმარი #0578