,,ნაციონალების გადასაყენებელი ხელისუფლება არ მყავს, მთავრობას თვითონ გადავაყენებ'! - რატომ არ უერთდება არასაპარლამენტო ოპოზიცია ნაციონალების აქციას
ნაციონალური მოძრაობა 21 მარტს რევოლუციას იწყებს. ყოველ შემთხვევაში, თავად ამბობენ, ამ დღეს მასშტაბური აქციები დაიწყებაო და ყველას, ვინც ,,ოცნებისგან' თავს მოტყუებულად გრძნობს, რუსთაველზე ეპატიჟებიან. სხვათა შორის, ამ თარიღის დასახელებით, ,,ყოფილებმა' შური საპარლამენტო უმრავლესობაზე იძიეს, რომელმაც რიგგარეშე სხდომა ჩაუშალა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან დებატების საშუალება არ მისცა, თუმცა იმის თქმა, რომ ექსხელისუფლებამ რევოლუცია ამ განაწყენებიდან 1 საათში, 1 კაბინეტში დაგეგმა შეუძლებელია.
ასეა თუ ისე, ფონი მძიმეა - ამ დღეებში ცეკავშირის აქციონერები უვადო შიმშილობას იწყებენ, იპოთეკარებიც მუდმივი აქციებით იმუქრებიან, თბილისსა და რეგიონებში კი შიმშილობას პატიმართა მშობლები გეგმავენ. მართალია, ნაციონალებს განსაკუთრებით პატიმრების მშობლები არ ენდობიან, მაგრამ ხელისუფლებაზე არაერთი სოციალური ჯგუფია განაწყენებული, რომლის ,,წამოკიდებაც', ყველაფრის მიუხედავად, მიშას ,,სასტავს' მაინც შეუძლია. სწორედ ამ დაძაბული ფონის გამო, 4 მარტის, ერთი შეხედვით, სრულიად კანონიერმა აქციამაც კი, უკანონო სახე მიიღო - აქციის ერთმა ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (მოძალადეს სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა). აქედან გამომდინარე, არავინ იცის, 21 მარტს, როცა ნაციონალები მხოლოდ ,,ოცნების' ,,შემოლაწუნებას' კი არ დასჯერდებიან, არამედ, მთავრობის გადადგომასაც მოითხოვენ, მოვლენები როგორ განვითარდება. ისე, მთავრობის გადადგომა ნაციონალების ექსკლუზივი არაა - ამას ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ,,ოცნების' ხელისუფლებაში მოსვლის წუთიდან ითხოვს. ასე რომ, საინტერესოა, 21 მარტის აქციას ოპოზიციის სხვა ფრთაც შეუერთდება თუ არა.... მოკლედ, როგორ აფასებენ 21 მარტს დაგეგმილ აქციას პოლიტიკური პარტიები - მთავრობის გადადგომის მომხრენი არიან თუ ,,ოცნების' ხელისუფლებაში ყოფნაზე მიუღებელი ისაა, რომ მის გადადგომას ნაციონალური მოძრაობა ითხოვს? თუკი 2012 წელს, ნაციონალების გასაშვებად, ერთმანეთისთვის მიუღებელი ბევრი პარტია გაერთიანდა, დღეს ვითარება იმ კონდიციამდე ხომ არაა, რომ ვიღაცებმა, ოღონდ ,,ოცნება' წავიდეს და, ნაციონალების წარსულზე თვალი დახუჭონ? ლეიბორისტები აქციას არ უერთდებიან, თუმცა მშიერი ბუნტის ალბათობაზე საუბრობენ. ,,ქვეყანა რომ გადარჩეს, ამისთვის ნაციონალებიცა და ,,ოცნებაც' პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა ვიხილოთ.
ნაციონალების აქცია შექმნილი კრიზისის სათავისოდ გამოყენების მცდელობაა და ,,ოცნების' შეცვლას არ ისახავს მიზნად. ამ აქციას ნაციონალები რომ არ ატარებდნენ, დარწმუნებული ვარ, მოთხოვნას ბევრი ადამიანი შეუერთდებოდა. ჩვენი თვითმიზანი მთავრობის გადადგომა არაა, რადგან, თუ ახალ არჩევნებს იგივე კანონმდებლობით ჩავატარებთ, ძველ შედეგებს მივიღებთ. არც თბილისურ მაიდანს ველი, რადგან ეს ორი ძალა ერთმანეთს ავსებს და ასულდგმულებს, თუმცა, თუ ვითარება არ შეიცვალა, არ გამოვრიცხავ, ეს ხელისუფლება მშიერმა ბუნტმა გადაიყოლოს', - განუცხადა ,,ვერსიას' გიორგი გუგავამ. ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქუჩაში ხალხთან ერთად გავა, თუ ნაციონალებს განაჩენს თავად ხალხი გამოუტანს: ,,ამ დანაშაულებრივ სინდიკატთან შეერთება არამხოლოდ ამორალურად, არამედ, დანაშაულადაც მიმაჩნია. სხვა თემაა, რამდენად გასაზიარებელია აქციის მოთხოვნა. მთავრობის ცუდად მუშაობის მიუხედავად, მისი გადადგომის საკითხს კონსტიტუციური საფუძველი უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს საფუძველიც რომ იყოს, საარჩევნო სისტემისა და კოდექსის რეფორმირების გარეშე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ყოველგვარი აზრი ეკარგება. მთავრობის გადადგომა, მოთხოვნა რაც უნდა ლეგიტიმური იყოს და ვიცი, დღეს საზოგადოებას ეს მართლა სურს, მანამ ვერ მოხდება, ვიდრე საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება. 2012 წელს, ნაციონალების გაშვების პროცესში ყველა ჩაება, ნაციონალებთან ერთად კი ,,ოცნებას' არავინ გაუშვებს, რადგან ძველ ხელისუფლებას ხელი სისხლში აქვს გასვრილი. პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი გაიხსნა, რომელსაც 18 000 საქმე აქვს გადასახედი. თუ სამართლიანობის აღდგენა გაჭიანურდება და ძალადობის მსხვერპლთა კრიტიკული მასა დაგროვდება, ეს ხალხი ნაციონალებს თავად დაუპირისპირდება, ამ დროს ხალხის გვერდით ვიქნები'. ნაციონალების აქციას არც თავისუფალი დემოკრატები უერთდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათგან სხვა პოზიციას არც ველოდი, ალასანიას პარტიის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა კითხვის გამო აღშფოთება ვერ დამალა: ,,21 მარტს აქციაზე ერთი ჭკუათმყოფელიც არ გავა. საერთოდ, ცინიკურად ჟღერს, როცა ეს პარტია ხალხს რუსთაველზე უხმობს, რადგან მშვიდობიან მიტინგებს, წლების განმავლობაში, სწორედ იქ არბევდა. ისე, ნაციონალების უფლებაა, ღია ცისქვეშ, უიარაღოდ შეიკრიბონ, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ და ლოზუნგები შეიმუშაონ, მაგრამ ამ ფუჭ მოწოდებებს, ვიგინდარებისა და ავაზაკების გარდა, არავინ გამოეხმაურება. თუ ფიქრობთ, ჭკუიდან ისე გადავედი, ამ აქციისადმი რაიმე სახის სოლიდარობა გამოვხატო, ე.ი. კარგად არ მიცნობთ. ეს კითხვა ნებისმიერ სხვას დაუსვით. საერთოდ არ მაინტერესებს მათი მოწოდებები, ლოზუნგები, არც ის მადარებს, აქციებზე ვინ მივა. მათი მხარდამჭერები სხვაგან ეძებეთ, თუ იპოვით. წყალსაც წაუღია ნაციონალური მოძრაობა და მათი აქცია'.
აქციას არც ,,ქართული დასის' ლიდერი ჯონდი ბაღათურია უერთდება - ბაღათურია კახა კალაძის წინააღმდეგ საკუთარი აქციების სერიას იწყებს და აცხადებს, რომ ნაციონალებმა რეალურ ოპოზიციას ქუჩის პროტესტის გზა მოუჭრეს: ,,იმის ტვინში ჩამახედა, ნაცების აქციაზე რომ მივა. სააკაშვილი და მისი ბანდა ხალხს იმდენად ეზიზღება, დილით რომ თქვან, გათენდაო, ხალხი არ დაუჯერებს. ამიტომ, რაც უნდა აქტუალური იყოს მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, ნაცების აქციაზე არავინ მივა - არც ერთი ნორმალური პარტია რუსთაველზე არ იქნება, მისი სატელიტების გარდა, რომელთაც 4 მარტს აქცია უკვე ჩაატარეს. ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა ბოლო დროს ძალიან აქტუალურია, მაგრამ ნაცების გადასაყენებელი არავინაა. სინამდვილეში, ნაციონალებსა და ,,ოცნებას' ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ. ნაცებმა, ამ სულელური აქციების დაანონსებით, გზა რეალურ ოპოზიციას მოუჭრეს, რომელსაც მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სურდა. შეცდომა დავუშვით, როცა ხმამაღლა ვთქვით, რომ ამ საკითხზე ვფიქრობთ, მათ ავი ძაღლებივით დაგვასწრეს. ამიტომ ახლა დავაცდით, ჩაატარებენ ამ სულელურ აქციას, რომელზეც ხალხი არ მივა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში აღარაა და თავიანთ გზას გაუყვებიან'. ნაციონალების პოლიტიკიდან წასვლის ბაღათურიასეულ ორიგინალურ პროგნოზს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი არ ეთანხმება. მისი ინფორმაციით, ნაციონალები გადამწყვეტ დარტყმას აპრილში გეგმავენ, თავად კი ,,ოცნებაში' მყოფი ნაციონალი მაღალჩინოსნების სიის გამოქვეყნება აქვს დაგეგმილი: ,,ნაციონალების არაერთი ლიდერი კონკრეტულ დანაშაულშია მხილებული, მათი გუნდის პირველკაცს, სააკაშვილს 4 ბრალი აქვს წაყენებული და ჩემი ინფორმაციით, ბრალი სხვა საქმეებზეც დაუმძიმდება, შესაბამისად, როცა აქციას ასეთი ხალხი მართავს, არაადეკვატურია. ვფიქრობ, არც 21 მარტამდე და არც 21 მარტს ალტერნატიული აქციის გამართვა საჭირო არაა. პირიქით, ნაციონალებს საშუალება უნდა მისცენ, აქცია ჩაატარონ და თავი გამოავლინონ. ისინი ,,ოცნებამ' გადაარჩინა და დღემდე აცოცხლებს, დღეს კი სწორედ ნაციონალები აყენებენ დღის წესრიგში ,,ოცნების' გადადგომას. მათი გადასაყენებელი ხელისუფლება არ მყავს, ამ მთავრობას თვითონ გადავაყენებ, თუ საჭირო იქნება. არც ის დამიანონსებია, ნაციონალი მაღალჩინოსნების სიას როდის გამოვაქვეყნებ და არ ვაპირებ, 21 მარტამდე გავასაჯაროო. ისე, სია 32-დან 57 კაცამდე გაიზარდა. ისინი არიან თავდაცვის, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, შემოსავლების სამსახურში. მათ პირდაპირი წვდომა აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან, დაკავშირებულნი არიან უკრაინასა და სააკაშვილის გუნდთან. ვფიქრობ, 21 მარტს არაფერი მოხდება - შეიკრიბებიან და დაიშლებიან, თუმცა ეს მთავრობა მართლა გადასაყენებელია და აუცილებლად ვადამდელი არჩევნებია დასანიშნი!' აქციას არც ნაციონალების მხარდამჭერად მიჩნეული ნიკა რურუას მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ივერია' უერთდება, მისი ერთ-ერთი წევრი მამუკა გამყრელიძე ნაციონალებს ორ კითხვას უსვამს: ,,ივერია' ამ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ძალიან ცუდია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობა აიძულა, ქუჩაში გამოსულიყო, თუმცა ამ მოთხოვნის გაჟღერება ახლა არასწორად მიმაჩნია. ვფიქრობ, ახლა ის ვითარება არაა, რაც ქვეყანაში 2012 წელს იყო. ის ხალხი, ვინც ნელ-ნელა ,,ოცნებისა' და ივანიშვილის მიმართ ხიბლს კარგავს, არ უნდა დააფრთხონ. პირიქით, საშუალება უნდა მისცენ, მშვიდად აირჩიონ, რომელი ძალა მოსწონთ... ორი კითხვა მიჩნდება: 1. მთავრობის გადადგომას რომ ითხოვენ, გადადგება?! ცხადია, არა და რა გამოდის, ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებენ? 2. თუ მთავრობა გადადგა, რამე მექანიზმი გვაქვს, ვადამდელი არჩევნები თავიდან ავიცილოთ? - არა! ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი ვარ, რადგან 2016 წელს ხალხი უკვე ჩამოყალიბებული იქნება და ეს ხელოვნური პროცესი თუ ,,პრესინგი' საერთოდ არაა საჭირო'. 21 მარტს დაანონსებულ აქციას არც დანარჩენი პარტიები - ,,ახლები', ,,რეფორმატორები', გოჩა ჯოჯუას ქრისტიანდემოკრატები, კახა კუკავას ,,თავისუფალი საქართველო' უერთდებიან,. მოკლედ, რასაც უნდა აპირებდეს ყოფილი ხელისუფლება - მეორე ,,ვარდების რევოლუციას', ,,მეორე მაიდანს' თუ რიგით აქციას აქციისთვის, ფაქტია: დანარჩენმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გარიყა, თუმცა ერთი უსიამოვნო ფაქტი, ალბათ, ,,ოცნებისთვისაც' გამოიკვეთა - პოლიტიკური სპექტრისთვის ნაციონალების მიერ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნაა მიუღებელი და არა თავად ხელისუფლების გადადგომა.