ფულთაყვანისმცემლობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში

ფულთაყვანისმცემლობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში

მონოპოლისტური სქემა, რომლითაც კომისია კოლოსალურ შემოსავლებს იღებს _ ,,ახალგაზრდა ადვოკატების' მონიტორინგის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ 9 მარტს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს გამოაქვეყნებენ. კვლევის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, მაგრამ კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელი პირებისგან კოლოსალურ თანხას იღებს. 2014 წლის არასრული მონაცემებით, გადასახადების სახით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 815 534 ლარის შემოსავალი მიიღო.  

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ,,ვერსიასთან' საუბრისას აღნიშნა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, კომისიის წევრების, ასევე, თავმჯდომარის ხელფასებისა და პრემიების მიღების საკითხი შეისწავლეს. მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარის ერთი თვის ხელფასის ოდენობა 13 312 ლარი, კომისიის წევრების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება კი 12 648 ლარია. ,,გადავწყვიტეთ, საზოგადოებას გავაცნოთ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანისა (კომისიას 2013 წლის აპრილამდე თავმჯდომარეობდა) და 2014 წლის აპრილიდან დღემდე, ამ კომისიის მოქმედი თავმჯდომარის, ვახტანგ აბაშიძის ხელფასისა თუ პრემიის სახით მიღებული შემოსავლები. ასევე, კომისიის წევრების - სოფიო ბრიტანჩუკის, აკაკი სიხარულიძის, ირაკლი მოსეშვილისა და კახი ბექაურის შემოსავლები, რომლებიც მხოლოდ 2014 წლის მდგომარეობას არ ეხება', - განუცხადა ,,ვერსიას' არჩილ კაიკაციშვილმა. 

ვახტანგ აბაშიძე (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე 2014 წლის 16 აპრილიდან დღემდე) - 2014 წელს, ხელფასისა და პრემიის ჩათვლით, ჯამში, 23 966 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 
ირაკლი ჩიქოვანი (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე 2009-2013 წლებში) - მხოლოდ 2013 წელს, ხელფასისა და პრემიის ჩათვლით, ჯამში, 22 122 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.
სოფიო ბრიტანჩუკი (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2008 წლიდან დღემდე) - მხოლოდ 2014 წელს, ხელფასისა და პრემიის ჩათვლით, ჯამში, 143 863 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. 
აკაკი სიხარულიძე (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2008-2015 წლებში) - 2014 წელს, ხელფასისა და პრემიის ჩათვლით, ჯამში, 136 492 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. ირაკლი მოსეშვილი (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2009-2015 წლებში) - 2014 წლის მდგომარეობით, ხელფასისა და პრემიის ჩათვლით, ჯამში, 137 238 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. კახი ბექაური (ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი 2014 წლის 24 იანვრიდან დღემდე) - 2014 წლის მდგომარეობით, ხელფასისა და პრემიის სახით, ჯამში, 42 057 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ინფორმაცია 8 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთა ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზეც მოითხოვეს, მაგრამ კომისიამ ინფორმაცია, პერსონალური მონაცემის საფუძვლით, არ გაახმაურა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კანონით, ინფორმაციის საჯაროობა მხოლოდ აღნიშნული ხელმძღვანელების თანხმობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ,,ახალგაზრდა ადვოკატებს' განუცხადეს, რომ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთაგან ასეთი თანხმობა არ მიუღიათ: ,,ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მიმართ მომთხოვნი და კრიტიკული პოზიცია ჩამოყალიბდეს, რადგან კომისიის ეფექტიანობა და კანონით მინიჭებული ვალდებულებების შესრულება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს. კომისიას ოთხი ძირითადი მიზანი და ამოცანა აქვს: ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, ასევე, მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და გამოწვევების ფონზე, რეალურად უზრუნველყოფილი არ არის. კომისიის გავლენა და მონიტორინგი ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენტული ბაზრის შექმნის საჭიროებაში მხოლოდ სიმბოლურია', - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო სამართლის იურიდიულ პირი (სსიპ), მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა და ვალდებულია, თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიში პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს, თუმცა კომისიის მეტი ანგარიშვალდებულების საკითხი საზოგადოებრივი მსჯელობისა და შესაძლოა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების საფუძველიც კი გახდეს, რადგან ამ სტრუქტურის შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებისა თუ ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია. ეს კი მოქალაქეების, მომხმარებლების უფლებების დაცვასა და მათ მიერ გადახდილი გადასახადების შესაბამისი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს. ,,ვერსიას' „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა: - არჩილ, რატომ გადაწყვიტეთ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგი განგეხორციელებინათ? ერთ-ერთი მოტივაცია ისიც ხომ არ იყო, რომ ეს კომისია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც ერთ-ერთ მდიდარ უწყებად მიიჩნეოდა? - „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობით 2014 წლის აგვისტოდან დაინტერესდა. შევისწავლეთ ბაზარზე წარმოდგენილი ინტერნეტ-პროვაიდერების საქმიანობა, შემოთავაზებული სატარიფო პოლიტიკა და მომხმარებელთა წინაშე მდგარი ძირითადი საკითხები. 2014 წლის 23 ივლისს, კომისიას ოფიციალური რეკომენდაციით მივმართეთ და ამ სფეროში არსებული კარტერული გარიგებების, მონოპოლისტი კომპანის მიმართ სწორი პოლიტიკის გატარება ვთხოვეთ. მიგვაჩნდა, რომ ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფის ზედა ზღვრის დადგენის საჭიროება არსებობდა. 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში სულ 126 აქტიური ინტერნეტ-პროვაიდერია ფიქსირებული, მაგრამ საცალო ინტერნეტის ხვედრითი წილი, ქვეყნის მასშტაბით, თბილისის ჩათვლით, ძირითადად, შემდეგ პროვაიდერებს შორის გადანაწილდა: „კავკასუს ონლაინი“ - 42.9148%, „სილქნეტი“ - 31.1657%, „მაგთიკომი“ - 7.0508%, „ახალი ქსელები“ - 5.5134%, „საქართველოს ცენტრალური კავშირგამბულობის კორპორაცია“ - 3.3545%, „ახტელი“ - 2.2693%, „ვიტალ ჯორჯია“ - 1.1304% და „ა-ნეტს“ - 0.6056%. ამასთან, ორი კომპანია – ს/ს „სილქნეტი“ და ს/ს „კავკასუს ონლაინი“ ადრეც და ახლაც ბაზრის ლიდერად რჩება. აბონენტების მიხედვით, „სილქნეტის“ საცალო ხვედრითი წილი 26%-ია, ხოლო „კავკასუს ონლაინის“ კი 66%-ს აღემატება. შემდგომ პოზიციებზე „ახტელი“ და „ახალი ქსელები“ არიან. რაც შეეხება სხვა ინტერნეტ პროვაიდერების საქმიანობას, მათ ბაზრის მცირე სეგმენტი უჭირავთ. ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ ბაზარზე არსებული, პრაქტიკულად, მონოპოლიური მდგომარეობა საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ მომხმარებელთა უფლებები და კანონიერი ინტერესები, კომპანიებს შორის სატარიფო პოლიტიკაზე დადებული ფარული შეთანხმების ქვეშაა მოქცეული. საკითხის ანალიზმა აჩვენა, რომ ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი ხშირად არ შეესაბამებოდა და ვფიქრობ, არც ახლა შეესაბამება სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. შესაბამისად, კომისიას მივმართეთ და მოვითხოვეთ, ინტერნეტ-მომსახურებაზე მართლზომიერი, ტარიფის ზედა ზღვარი დადგენილიყო და ამ მიმართულებით შესაბამისი რეგულაციებიც შემოგვეღო. აუცილებელია, რომ ინტერნეტ-ბაზარი საფუძვლიანად შევისწავლოთ და მონოპოლიურ მდგომარეობაში არსებულ კომპანიებს სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დავაკისროთ. მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის მომსახურების შესახებ დადებულ ხელშეკრულებებს კი სამართლებრივი ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, რათა ისეთი უპირატესობები გამოირიცხოს, რომელიც მომხმარებელთა უფლებებს, პირდაპირ თუ ირიბად, არღვევს. ჩვენს რეკომენდაციას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დუმილით უპასუხა, ,,ახალგაზრდა ადვოკატები' ასეთ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას არ მოველოდით. გაგვიჩნდა ლოგიკური ეჭვი, ხომ არ იყო რაიმე ინტერესებით შებოჭილი კომისია ან მისი ცალკეული წევრი? ამიტომ გადავწყვიტეთ, თვალსაწიერი გაგვეფართოებინა და კომისიის საქმიანობის სრული შესწავლა დავიწყეთ. საბოლოოდ, ხელში შეგვრჩა ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანო და ამის შემდეგ დასკვნები თვითონ გამოიტანეთ. 

- გარდა იმისა, რომ 9 მარტს პრესკონფერენციას მარ- თავთ, თქვენი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? 
- „ახალგაზრდა ადვოკატები“ იმ ფუნქციას ასრულებს, რომელიც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს. ჩვენ პრობლემა და საკითხი მივიტანეთ გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ წრეებამდე, ინსტიტუტებამდე, საზოგადოებამდე. პარლამენტს მივმართავთ რეკომენდაციით, რათა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას მიხედოს. მინისტრების პრემიები რა მოსატანია - მთავრობა მუშაობს და ცალკეული მინისტრები საქმეს მაინც აკეთებენ. აი, კომისიის მაღალი თვითშეფასება, მგონი, ყველასთვის განსჯის საგანი უნდა გახდეს. როგორც რიგით მოქალაქეს, მაქვს ადამიანური კითხვა, ჩვენისთანა გაჭირვებული ქვეყნის, თუნდაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს კომისიის წევრები, რატომ უნდა იღებდნენ ასეთ კოლოსალურ თანხებს იმ შრომაში, რომელიც სამართლიანი არაა?! რითია რიგით პედაგოგზე, ჟურნალისტზე, ექიმზე, პენსიონერსა თუ ადვოკატზე მეტად დამაშვრალი კახი ბექაური ან სოფიო ბრიტანჩუკი, რომელიც მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხების ხარჯზე, კომპანიებისგან ასეთ შრომით ანაზღაურებას იღებს? რატომ უნდა გაასაიდუმლოონ თუნდაც ამავე კომისიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის, კახი ყურაშვილის ხელფასი, რომელიც, ჩემი აზრით, იურიდიულად „აფორმებს“ ქართულ ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიების მდგომარეობას?! დღევანდელ საქართველოში, ეს სამართლიანია არაა. ამიტომ ამ თემაზე დისკუსიისთვის მზად ვართ, იმისთვისაც მზად ვართ, რომ ჩვენი პოზიციები სამთავრობო დონეზე დავიცვათ!