,პირდაპირ სააკაშვილის სიტყვებს გეტყვით' - რა უთხრეს სააკაშვილმა და რუსმა გენერლებმა, ვინ შეარქვა ,,პადოშა' და რა პოლიტიკური გეგმები აქვს გია თორთლაძეს
...ხმა გავარდა, პოლიტიკაში ბრუნდებაო... დავურეკე... შეხვედრა მეორე დღისთვის დამითქვა... ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ... მოკლედ, ამ არა- ჩვეულებრივი ინტერვიუდან არაერთ საინტერესო ამბავს გაიგებთ, მათ შორის, იმასაც, ,,პადოშა' ვინ და რატომ შეარქვა. ,,ბრტყელი და გამხდარი რომ ვიყავი, მეცხრე კლასში, ბავშვობის მეგობარმა, ბესო შუბლაძემ ,,პადოშა' დამარქვა, საწყალი, ცოცხალი აღარაა... ,,პადოშას' უახლოესი მეგობრები მეძახიან და ეს დამამცირებელი არაა. მთელი საქართველო ,,გრეჩიხას' ეძახის და ამაში დამამცირებელი რა არის?.. თბილისში მეტსახელები ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ზოგს გვარს უმოკლებდნენ... ეს არ მაღიზიანებს', - მითხრა საუბრის დასასრულს ყოფილმა დეპუტატმა, ყოფილი ანტიკრიზისული საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაკონსერვებული დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, მთამსვლელმა გია თორთლაძემ, რომელიც თავის დროზე ე.წ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოღალატედ შერაცხა...
- ბატონო გია, ორი წელია, საზოგადოებამ თქვენზე არაფერი იცის. როგორ ხართ, რას აკეთებთ?
- ახლახან დავბრუნდი - ტიანშანზე ზამთრის კლოდვანი ასვლა მქონდა. საერთოდ, ზამთარში კლდოვანი ასვლა ძალიან რთულია. შარშან, ამ დროს, ჰიმალაიზე ვიყავი - ორი 6-ათასიანი მწვერვალი ,,გავაკეთე'. მოკლედ, ალპინისტური თვალსაზრისით, არასოდეს გავჩერებულვარ, სხვათა შორის, არც მაშინ, როცა დეპუტატი ვიყავი. მაგალითად, 2012 წლის მაისში, 52 წლის ასაკში, ევერესტზე მესამედ ავედი, საქართველოს დროშა ავიტანე და ვთქვი, საქართველო ოკუპანტების გარეშე- მეთქი, თუმცა გაზეთში ერთი აბზაცი არ დაწერილა. ტელევიზიამაც არ გააშუქა - ,,პირველმა არხმა', საინფორმაციო გამოშვებაში, 52-ე წუთზე ერთი წინადადება თქვა...
- ესე იგი, ყოფილი პრემიერისა არ იყოს, ჟურნალისტებზე თქვენც ნაწყენი ხართ...
- არა, ნაწყენი რატომ უნდა ვიყო?! ნაწყენი კი არ ვარ, არამედ, ეს საერთო განწყობის მაჩვენებელია - ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ასიდან, შეიძლება, ხუთმა გითხრათ, ვინ იყო ევგენი ხარაძე, გიორგი ჩუბინაშვილი თუ კორნელი კეკელიძე. არაფერს ვერჩი, მაგრამ ბიჭოლა ყველამ იცის.
- ჰომოფობი ხართ, ბატონო გია?
- არაფერი ფობია არ მჭირს, უბრალოდ, ცხოვრების სხვა წესით ვცხოვრობ - მაგათ საქმეებში ჩარევა არ მინდა. ყველას თავისი ადგილი, გზა აქვს და ვისაც როგორ უნდა, ისე ცხოვრობს. თუ გინდათ, სხვა ავიღოთ, ვისაც ამ ქვეყანაში განსაკუთრებული და ღირებული არაფერი შეუქმნია. ერთი წელიც არ გასულა, რაც გენიალური მხატვარი ედმუნდ კალანდაძე გარდაიცვალა, მაგრამ მის შესახებ არავინ არაფერი იცის - არც გადაცემა მოუმზადებიათ, არც სტატია დაუწერიათ...
- ყველაფერ ამას იმიტომ ხომ არ განიცდით, რომ მედიამ თქვენც დაგივიწყათ?
- არა. მედიამ იმიტომ დამივიწყა, რომ ეს ჩემი სურვილი იყო... 2012 წლის არჩევნები რომ ახლოვდებოდა, ვთქვი, ჩემი პარტია ტაიმ- აუტს აიღებს, რადგან არც ფინანსური რესურსი მაქვს და არც - სხვა-მეთქი...
- კოალიციაში შესვლა არავის შემოუთავაზებია?
- შემოთავაზება ვერ მექნებოდა, რადგან კოალიციაში შესულ პარტიებთან იმ დროიდან, როცა პარლამენტში შევედი, ეგენი კი გარეთ დარჩნენ, კარგი ურთიერთობა აღარ მქონდა, თუმცა მერე, ეგენიც სიამოვნებით შეცვივდნენ, ზოგი - პარლამენტში, ზოგი - საკრებულოში.
- პარლამენტში 2012 წლის არჩევნებით შევიდნენ.
- 2010 წელს, საკრებულოში ხომ შეცვივდნენ?
- კი ბატონო, მაგრამ 2008 წელს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციიდან პარლამენტში სულ ორი-სამი შეხვედით.
- ორი-სამი რატომ? - მე, ცაგარეიშვილი, ჯონდი, კოკო, თარგამაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
- ჰოდა, ყველას მოღალატეები გიწოდეს, გახსოვთ?
- მოღალატე ვინ არის, ეს ხალხმა განსაზღვროს. ჩემი ქვეყნისთვის, კარგის მეტი, არაფერი გამიკეთებია - 37 წელია, მთაში ჩემი ქვეყნის დროშით დავდივარ. ეგენი კი რუსეთში გაიქცნენ. მოღალატე ვინ არის - ვინც რუსეთში გაიქცა, პუტინს ხვდებოდა, თუ ის...
- ბურჯანაძეზე მიანიშნებთ?
- ბურჯანაძე კი არა, კუკავაც ნამყოფია, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილიც. ვინც დაგვბომბა, იმასთან დაძვრებოდნენ ეგენი, ფულები ჩამოჰქონდათ და მე როგორ ვიყავი მოღალატე, მაინტერესებს?!
- არა...
- (სიტყვას მაწყვეტინებს) არა კი არა, ეგრეა. ჩემს მოსაზრებას გეუბნებით...
- კი ბატონო, მაგრამ კითხვებს დაგისვამთ, ოკ?.. ქვეყნის კი არა, ოპოზიციის ღალატში გამხელდნენ...
- ოპოზიციას კი არ ვუღალატე, ოპოზიციამ უღალატა მთავარ პრინციპს. მთავარი პრინციპი კი, რაც იყო, გეტყვით: ჯერ ერთი, ოპოზიციაში შეთანხმება, რომ პარლამენტში შევდივართ ან არა, არ ყოფილა; მეორეც, კარგად ვიცოდით, რომ რაღაც ხმებს წაგვართმევდნენ და გაგვიყალბებდნენ; მესამე და მთავარი: გაერთიანებულ ოპოზიციაში 11 ხმა არსებობდა - პარტიებისა და კიდევ რამდენიმე. აქედან ერთი ხმა ჩემი იყო... ერთხელაც, შევიკრიბეთ და სალომე ზურაბიშვილმა თქვა, პარლამენტში არ უნდა შევიდეთო. არადა, თვითონ სიაშიც არ იყო.
- არ ჰკითხეთ, რატომ არ უნდა შევიდეთო?
- არა... ყველამ, მათაც კი, ვისაც არაფერი ეკითხებოდა, ხელი აწია ანუ ეს შეხვედრა დადგმული სპექტაკლი იყო - უჩემოდ ერთმანეთს ჩუმად შეხვედრიან და ეს გადაწყვეტილება მიუღიათ.
- პარლამენტში არშესვლა რას ემსახურებოდა?
- ეს მათ უნდა ვკითხოთ, თორემ მაშინვე ვთქვი, ეს სიბრიყვეა, რადგან პარლამენტში 18 შევდივართ, 18-ვე სპიკერი ვართ, დიდი ფრაქცია გვექნება და უნდა ვიბრძოლოთ- მეთქი. ალტერნატიულ პარლამენტს გავაკეთებთო, მაგრამ გააკეთეს? - ვერა და ვერც გააკეთებდნენ. სხვათა შორის, პარლამენტში შესვლა კობა დავითაშვილსაც უნდოდა და გუბაზსაც. მოღალატეებად გამოგაცხადებთო. მივუგე, მოღალატეებად იქით გამოგაცხადებთ- მეთქი. მოკლედ, ასეთი ლაპარაკი გვქონდა და ყველას დავუპირისპირდი. ვთვლი, რომ მათ იმ ამომრჩეველს უღალატეს, ვინც ხმა მოგვცა და ასევე უღალატეს პრინციპს - ყველაფერი კონსენსუსით გადაგვეწყვიტა. კონსენსუსი ყველას თანხმობას ნიშნავს. მე კი იმწუთას ვთქვი, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვიზარებდი. იმაზეც შეთანხმებულნი ვიყავით, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში სეპარატისტული მოლაპარაკებები არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს შეთანხმებაც დაირღვა. ახლა პირდაპირ ვხედავ, ყველაფერი ეს საიდანაც მოდიოდა.
- საიდან?
- პირდაპირ რუსული გეგმის ნაწილი იყო...
- ბატონო გია, რასაც ახლა გკითხავთ, შეგიძლიათ, დაადასტუროთ ან უარყოთ: გთავაზობდნენ, რომ მანქანა აგეფეთქებინათ და ამით არეულობა გამოგეწვიათ?
- ასეთი რამ არ ყოფილა... გვარი არ მკითხოთ, მაგრამ იყო შემოთავაზება, მოდი, შენი მანქანა დავცხრილოთო.
- რა მანქანა გყავდათ?
- ,,ვილისი'...
- მანქანის დაცხრილვის მიზანი რა იყო?
- ამ დროს მიტინგებზე ძალიან ცოტა ხალხი მოდიოდა.
- ეს რომელი წელია?
- 2008... იცით, რა პერიოდია? - აი, იპოდრომზე მიტინგი რომ დაშალეს ანუ გადაწყვეტილი გვქონდა, იპოდრომიდან პარლამენტისკენ მარშით წამოვიდოდით, პარლამენტში შევიდოდით და თავს დავაჭერინებდით, მაგრამ ვინ წამოვიდა, სად შემოვიდა?
- დაჭერისგან თავი ვინ შეიკავა?
- პრაქტიკულად, ყველამ.
- გვარები დაასახელეთ!
- მხოლოდ სიტყვას ამბობდნენ და მორჩა...
- დღის წესრიგში მაინცდამაინც თქვენი ავტოს დაცხრილვა რატომ დადგა?
- ამას ერთი კაცი მთავაზობდა.
- ეს კაცი ისაა, ვისზეც ვფიქრობ? თუ გინდათ, გვარს მე ვიტყვი...
- რა მნიშვნელობა აქვს, გვარს თქვენ იტყვით თუ მე?..
- ,,ვილისის' დაცხრილვა თქვენთვის, ეგებ, ტესტი იყო?
- შეიძლება... მერე იტყოდნენ, აი, თორთლაძემ თავის მანქანას ესროლაო... ვუთხარი, მოდი, რა, ასეთ რაღაცებს თავი დავანებოთ და საქმე ვაკეთოთ- მეთქი. რამდენჯერმე ვთქვით, ამ და ამ პირობებს ვაყენებთ და თუ არ შესრულდება, პარლამენტში შევდივართო, მაგრამ ოპოზიციამ თავისი სიტყვა ერთხელაც არ შეასრულა. მერე ვიგებთ, რომ ჩუმ-ჩუმად ვიღაცები მიდიოდნენ, მოდიოდნენ, სააკაშვილს ხვდებოდნენ. ახლა, პირდაპირ სააკაშვილის სიტყვებს გეტყვით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრმად ვენდობი ან ამ სიტყვებს ტირაჟირებას ვუკეთებ, მაგრამ ასეთი რამ მოხდა.
- რა მოხდა?
- პარლამენტში რომ შევედი და ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გავხდი, სააკაშვილმა მითხრა, ერთი წუთი არ წახვიდეო. ეს ჩვენი პირველი დალაპარაკება იყო. მოკლედ, მითხრა, როცა თქვენ მიტინგებზე დადიოდით, არ მკითხო, ვინ, მაგრამ ორი-სამი კაცის გარდა, ყველა ჩემთან დადიოდა, აი, აქო და ხელი შავნაბადის რეზიდენციისკენ გაიშვირა. ეს ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, მაგრამ ასეთი საუბარი შედგა.
- თქვენი აზრით, თქვენს გარდა, ის ორი კაცი, ვინც შავნაბადაზე არ დადიოდა. ვინ იქნებოდა?
- ამის თქმა ძნელია... გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთი წონიანი ლიდერებიც იყვნენ, რომლებსაც ხმის უფლება არ ჰქონდათ.
- სხვათა შორის, მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის უმეტესობა დღეს ,,ოცნების' სახეა... ბატონო გია, ღალატის გარდა, თავის დროზე ბრალი იმაშიც დაგდეს, რომ თქვენი და ოქრუაშვილის პირადი მიმოწერა გაასაჯაროეთ...
- როცა მომწერა, ოქრუაშვილი გავაფრთხილე და ღიად ვუთხარი, ამ ტექსტს არ ვეთანხმები და შენი პარტიიდან გავდივარმეთქი. როცა გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მითხრეს, ახლა დაგვარტყამსო, მივუგე, თქვენ ეს უფრო გარტყამთ- მეთქი და წერილი, რომელიც დღესაც მაქვს და არ გამომიქვეყნებია, ვიწრო წრეში წავიკითხე.
- არ გინდათ, მომცეთ და ახლა გამოვაქვეყნო?
- არა, არ მინდა.
- ნება თქვენია, მაგრამ ამ წერილის შინაარსი მთელმა ქვეყანამ იცის...
- დეტალები არ იცით...
- მაშინ, ერთი დეტალი მითხარით...
- ამბობს, ჩვენმა პარტიამ დანარჩენ ოპოზიციას უნდა დაარტყასო და მთავარი ესაა. ვუთხარი, ამას არ გავაკეთებ- მეთქი...
- ოქრუაშვილთან როგორ მოხვდით?
- თვითონ დამიკავშირდა... ჰიმალაიზე ვიყავი, ჯერ სახლში დაურეკავს, მერე, კოკა გუნცაძეს დაუკავშირდა... თუ გახსოვთ, მე, კოკა, კუკავა, ცაგარეიშვილი, ანა დოლიძე, რატი ამაღლობელი და კიდევ ვიღაცები პარტიის გაკეთებას ვაპირებდით. ანა დოლიძე გათხოვდა, რატი ამაღლობელმა აღარ მოინდომა, კუკავასა და ოქრუაშვილს შორის, როგორც ვიცი, რაღაც უცნაური ლაპარაკი შედგა, მოკლედ, კუკავამაც უარი თქვა და ბოლოს, სამნი დავრჩით. დანარჩენი ხალხი კი ოქრუაშვილმა თვითონ მოიყვანა - ეკა ბესელია და ჟურნალისტი გოგოები...
- მოკლედ, ოქრუაშვილმა შემოგთავაზათ და დათანხმდით, მაგრამ მეგობრები იყავით, პირველსავე დაძახილზე რომ ენდეთ?
- რომ ვაკვირდები, პოლიტიკაში არავინ არავის მეგობარი არაა.
- პოლიტიკაში მუდმივი მეგობრობა კი არა, მტრობაც არ არსებობს! ერთი სიტყვით, ოქრუაშვილს ის მაინც არ ჰკითხეთ, პარტიის შესაქმნელად ფული საიდან მოიტანა?
- ეს კითხვა გამიჩნდა... საბოლოო ჯამში, ოქრუაშვილს პარიზში რომ შევხვდი, ჩემთვის ორი რამ იყო მიუღებელი. პარტიის დაფუძნება რომ გადავწყვიტეთ, სანადიროდ წავიდა, რომ დაბრუნდა, სამ დღეში დაიჭირეს და ბევრი კონსულტაცია- ლაპარაკი არ გვქონია. პარტია უმაგისოდ დავაფუძნეთ...
- აბა, რას ამბობთ? - პარტიის პრეზენტაციას თავად ოქრუაშვილი უძღვებოდა.
- ეგ იყო და დამთავრდა... მანამდე სულ კონსულტაციებზე დადიოდა და სალაპარაკო დროც არ იყო...
- კონსულტაციებზე ვისთან დადიოდა?
- არ ვიცი... ერთი ვიცი, რომ რესპუბლიკელებს შეხვდა - მოვიდა და ეს თქვა... პარიზში რომ ჩავედით, იქ დაველაპარაკე - ბესელია და ცაგარეიშვილი მაღაზიაში იყვნენ, მე და ოქრუაშვილი კი ვსეირნობდით, ერთი- ერთზე მაშინ დაველაპარაკე და ორი რამ არ მომეწონა.
- მაინც, რა?
- დეტალებს ნუ მკითხავთ, ზოგადად კი გეტყვით: მითხრა, რუსებთან ლაპარაკი დავიწყეო, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო და მეორე, ფულის წარმომავლობა ვითომ ახსნა, მაგრამ ვერ ახსნა.
- ფულის კონტექსტში აწგანსვენებული პატარკაციშვილი ახსენა?
- არა, არა, არა... კონკრეტულად არავინ უხსენებია.
- თქვენი ეჭვით, ეს ფული რუსული იყო?
- შეუძლებელია, რომ არ ყოფილიყო - თვითონ თქვა, რუსებთან ლაპარაკი დავიწყეო...
- ოქრუაშვილის რაღაცები არ მოგეწონათ და მისი პარტიის ხელმძღვანელობა მაინც გააგრძელეთ. ეს რა ლოგიკაა?
- თბილისში ჩამოვედი, მეორე თუ მესამე დღეს, ოქრუაშვილმა ის წერილი მომაყოლა, რომელზეც წეღან საუბრობდით. გამოვედი და ვთქვი, ამ პოლიტიკური პარტიიდან მივდივარმეთქი. ამ წერილიდან რაღაც მონაკვეთები, დაახლოებით, ათ კაცს წავუკითხე.
- ,,დახურულ წაკითხვას' ბესელია და ცაგარეიშვილიც ესწრებოდნენ?
- ეს წერილი ბესელიასაც მიუვიდა... გაჩეჩილაძე იყო, გუნცაძე, ,,ახლები', გუბაზი... აი, ამას მთხოვს, მაგრამ თქვენ დარტყმას არ ვაპირებ- მეთქი.
- თუკი ერთ საქმეს აკეთებდით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისთვის რატომღა უნდა დაგერტყათ?
- ეს ოქრუაშვილს ჰკითხეთ...
- პარიზშივე გადაწყვიტეთ, რომ ოქრუაშვილს გაემიჯნებოდით?
- თითქმის... ვიფიქრე, ტრაბახობდა, რუსებთან დავიწყე ლაპარაკიო...
- რუსების გვარებიც ახსენა?
- არა...
- მართალია, ამ ამბებიდან ბევრი დრო გავიდა, მაგრამ, ბატონო გია, დღემდე მუსირებს აზრი, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბადრი პატარკაციშვილმა სოლიდური თანხა ჩადო, საიდანაც 2 მილიონი ,,მოტყდა'. ამის შესახებ რა იცით?
- არაფერი... ერთადერთხელ ითქვა, ფული მოგვცა, მაგრამ ცოტაა - შეგვიძლია, მხოლოდ მიკროფონები შევიძინოთ, დინამიკები და სამიტინგო აპარატურაო. პატარკაციშვილი ახლოდან ნანახიც არ მყავდა. ვფიქრობ, თუ რამე ფულს იძლეოდა, არასწორი იყო - გაერთიანებულ ოპოზიციაში 11 ხმა არსებობდა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებდა. შეიძლება, ფულის მიმღები სხვა იყო, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებებს უნდა სცოდნოდათ, რომ ვიღაცისგან ამდენი და ამდენი დაფინანსება მივიღეთ.
- ესე იგი, კონკრეტული თანხა არ სახელდებოდა?
- არასოდეს გამიგია.
- ვინ ამბობდა, ბადრიმ ცოტა ფული მოგვცაო?
- ეს დეტალებია...
- ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან!..
- პატარკაციშვილის მხრიდან, ვფიქრობ, შეცდომა ის იყო, რომ, როცა ვინმეს აფინანსებ, მხოლოდ ერთმა და ორმა კაცმა არ უნდა იცოდეს, ფული რამდენია და სად მიდის, არამედ - ყველამ. ეს პატარკაციშვილს კი არა, ნებისმიერ სპონსორს ეხება...
- გაერთიანებულმა ოპოზიციამ პატარკაციშვილს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კონკურენტად ლევან გაჩეჩილაძე რატომ ჩაუსვა?
- გაერთიანებულ ოპოზიციაში იყო ლაპარაკი, მოდი, პრემიერობის კანდიდატად პატარკაციშვილი დავასახელოთო, მაგრამ ეს ამბავი ჩავარდა - როგორც ჩანს, პრემიერ- მინისტრობა ბევრს უნდოდა...
- ...ბატონო გია, 7 ნოემბერი ოპოზიციის პროვოცირებული იყო? - პარლამენტის წინ ხალხი, პრაქტიკულად, აღარ იყო და გზის გადაკეტვა რატომ მოინდომეთ?
- ჩვენი დარბევა ხელისუფლების მხრიდან დიდი სისულელე იყო და გეტყვით, ასე რატომაც ვფიქრობ: პირველ დღეს ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა მოვიდა, მეორე- მესამე დღეს - არავინ... წვიმდა. რამდენიმე ადამიანი შიმშილობდა... ისეთ დღეში ვიყავით, აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, ცაიტნოტში ხელისუფლება კი არა, ჩვენ ვიყავით.
- გამოდის, ხელისუფლებამ სიცოცხლე გაგიხანგრძლივათ, არა?
- რაში სჭირდებოდა? დარბევა ვიღაცების აჩემება იყო.
- მერე, ნაციონალებთან ხომ ურთიერთობდით და არ გიცდიათ გაგერკვიათ, დარბევის გადაწყვეტილება ვინ მიიღო?
- ეს ოფიციალური ურთიერთობა იყო...
- ...რატომ ამბობდნენ, რომ თავიდანვე ნაციონალებთან იყავით შეკრული?
- დავიწყოთ იმით, რომ ჩემი მოსაზრებით, შეკრულები ეგ ყველანი იყვნენ და ფულსაც იღებდნენ. რაც შეეხება იმას, რომ 2005 წლამდე ნაციონალებთან ვიყავი და მერე წამოვედი, ეგენიც ნამყოფები არიან - რესპუბლიკელებიც იყვნენ, ძიძიგურიც...
- არ განიცდიდით, აგენტს რომ გეძახდნენ?
- როგორ არ განვიცდიდი?! ვრეკავდი და ვეუბნებოდი, ყველაფრის მოყოლას მეც დავიწყებ- მეთქი.
- ვის ურეკავდით?
- ყველას... აუგად რამდენიმე ადამიანს არ ვუხსენებივარ - მაგალითად, გაჩეჩილაძეს, კოკო გამსახურდიას, კობა დავითაშვილს, გუბაზ სანიკიძესა და კახა შარტავას... ეს მიზანმიმართული იყო და თავიდანვე გამაფრთხილეს, დაგარტყამთო. დამარტყამთ და მეც დაგარტყამთ- მეთქი. ხომ გამოჩნდა, რასაც მაშინ ვამბობდი?
- რას ამბობდით?
- ყველაფერს რუსული სუნი ასდის- მეთქი, მაგრამ როგორ გეკადრებათო.
- ვერ გრძნობდით, რუსული სუნი სააკაშვილის ხელისუფლებასაც რომ ასდიოდა?
- არ ასდიოდა და გეტყვით, რატომაც: სააკაშვილი მაგათი კაცი იყო და ჩამოგდებას ცდილობდნენ?
- ჩამოგდების მცდელობა რაში გამოიხატებოდა?
- თუ გნებავთ, 2008 წლის აგვისტოს ომი, ოპოზიციის მუდმივი დაფინანსება, მერე, ბურჯანაძის ოპოზიციები და ასე შემდეგ...
- არ ვამბობ, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო...
- თუ ამას იტყვით, სჯობია, დიქტოფონი გამორთოთ და დავიშალოთ!
- როცა უცხო ქვეყანა იარაღით გიტევს, ცხადია, წინააღმდეგობა უნდა გაუწიო, აბა, რა უნდა ქნა, მაგრამ...
- ის, ვინც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვის საქმეს აკეთებს - რუსეთისას თუ საქართველოსი?
- ალბათ, რუსეთისას, მაგრამ...
- ერთ წინადადებას გეტყვით: პოლიტიკაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რა წინადადება რისი საფასურია. დამიჯერეთ, ქართულ პოლიტიკაში, ქვეყნის საქმის გარდა, არავინ არაფრის გარეშე არ აკეთებს.
- ესე იგი, უფასოდ თქვენც არაფერი გაგიკეთებიათ?
- სხვისი საქმე არასოდეს გამიკეთებია, ქვეყნის საქმე - კი ბატონო. არასოდეს არავითარი წილი და ბიზნესი არ მქონია.
- რა ვიცი, რაღაცები კი ამოგიქექეს...
- რა ამომიქექეს? ტყუილი...
- როგორც მახსოვს, რაღაც კრედიტზე იყო ლაპარაკი...
- რომელი, შვილის კრედიტი? - ვიხდიდი და დავასრულე გადახდა. დიახ, ტელევიზიით ვაჩვენე, კრედიტი მაქვს და ამით ბავშვის სწავლის ფულს ვიხდი- მეთქი. როცა სწავლის ფულს კრედიტით იხდი, ეს ხომ იმის მაჩვენებელია, რომ სხვა შემოსავალი არ გაქვს? მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია - ჩემი მოპარული ფული არავის გაუგია, აი, ეგ ღორები კი, ვინც ამას მაბრალებდნენ, დღესაც წილებში არიან და მაშინაც წილებში იყვნენ. ზოგს ქელეხების დარბაზები ჰქონდა, ზოგი მაგის მერე რკინიგზაში შეძვრა...
- რკინიგზაში კოკა გუნცაძეა...
- არა, კოკა გუნცაძეზე არ ვამბობ.
- აბა, ვისზე ამბობთ?
- სხვებზე...
- ,,ქელეხის დარბაზი' ვის ჰქონდა?
- თუ გინდათ, ჩუმად გეტყვით...
- ჩუმად რად მინდა, გაზეთში უნდა დავწერო!
- მაშინ არ გეტყვით... ეგენი ჩამოყალიბებული ღორები არიან! გაერთიანებული ოპოზიციის სხდომაზე მინახავს, ორი კაპიკის გულისთვის რა ამბავში იყვნენ. მაგათ მოხარშულს ვიცნობ და, მერკანტილური რაღაცების გარდა, ისე მოიქცნენ, როგორც უკანასკნელი ქართველები - გაიქცნენ რუსეთში, იქაც ფულს ეძებდნენ. ზოგს მისცეს, ზოგს - არა.
- ისე, შეიძლება, თქვენზეც თქვან, რუსებისააო...
- რაში გამოიხატება? ჩვენმა პარტიამ, დაფინანსება რომ არ ჰქონდა, 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ე.წ. კემბრიჯის ხუთეული გაგიგიათ? - ხუთივე ბრიტანეთის დაზვერვაში მაღალი თანამდებობის პირი და რუსული სპეცსამსახურის იყო. დააკავეს, ვერ დაუმტკიცეს, სამსახურში დააბრუნეს და რომ გაიგეს, კიდევ რაღაც გორდებოდა, ბრიტანეთიდან რუსეთში გაიქცნენ ანუ იმას ვამბობ, რომ ადამიანმა შეიძლება, ყოველთვის და ყველა დონეზე ითანამშრომლოს.
- კი ბატონო, მაგრამ წეღან დავიწყე და აღარ დამამთავრებინეთ: ომი, ცხადია, რუსეთმა დაიწყო, მაგრამ იმას, რომ სააკაშვილი რუსული გავლენის ქვეშ იყო, იარაღის ბიზნესიც ადასტურებს. ამასთან, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში, როგორც ინვესტორი, 400-ზე მეტი რუსული სახელმწიფო კომპანია შემოვიდა...
- რომელი იარაღის ბიზნესი?
- ბატონო გია, ეს ვრცელი თემაა და ვფიქრობ, აგვისტოს ომი სწორედ ამ ბიზნესის გათეთრებას ემსახურებოდა!
- ომი ხელისუფლების შეცვლას ემსახურებოდა... როცა ტყვეების გაცვლაში, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, ვმონაწილეობდი, კარალეთში გენერლებს - ბორისოვსა და ლენცოვს შევხვდით. პირდაპირ იკითხეს: ,,კაკოი რეიტინგ უ ნინი ანზოროვნი?' ვპასუხობდით, რა ნინა ანზოროვნა, რის რეიტინგი, ტყვეებზე ვილაპარაკოთო. მოკლედ, რადგან ოპოზიციონერი ვიყავი, აინტერესებდათ, რას ვიტყოდი. სამწუხაროდ, ხალხს სილქნეტის მეხსიერება აქვს - ერთი კვირის მერე იშლება. დღეს ბურჯანაძეზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, რომელიც 2007 წელს გამოვიდა და თქვა, მე და პრეზიდენტმა მივიღეთ მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება, ეს ხალხი პირდაპირ ერთი ჩრდილოური ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. დიდი მადლობა ვანო მერაბიშვილს და გივი თარგამაძესო. ორი-სამი კვირის წინ კი, რუსულ არხზე ბურჯანაძის ინტერვიუ მოვისმინე, სადაც ამბობდა, სააკაშვილი დამნაშავეაო. ამ დამნაშავისგან ერთ ლარად 12 მილიონიანი წყენთის აგარაკი მიიღო...
- რომელიც დაბრუნდა...
- კი არ დააბრუნა, ჩამოართვეს... ასეთი ადამიანები ჩემთვის კატეგორიულად მიუღებლები არიან!
- 7 ნოემბრის მერე, სააკაშვილმა ქალბატონ ნინოს ყველა ფოლადზე გამძლე ფოლადი უწოდა, თუმცა თქვენთან არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს ბურჯანაძეზე არ ვწერ. ასე რომ, საუბრის თემას შევცვლი! მოკლედ, პოლიტიკაში მაშინ ბრუნდებით...
- (ისევ სიტყვას მაწყვეტინებს) აგიხსნით, როგორ იყო: ინტერვიუ მივეცი ალპინიზმზე. ჟურნალისტმა მკითხა, პოლიტიკაში დაბრუნებას ხომ არ აპირებთო. ვაპირებ, მაგრამ არ ვიცი, როდის - 2016-ში ან უფრო გვიან- მეთქი.
- კი ბატონო, მაგრამ ეს განცხადება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ნაციონალები, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, დიდ მიტინგს აანონსებენ... ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ბედს არ სცდით?
- მონაწილეობას ვერ მივიღებ, ჩემი გეგმები მაქვს - 6 თვეში უნდა წავიდე.
- სად?
- მთაში, კაცო...
- ბატონო გია, პოლიტიკაში ჩართვით თქვენი, როგორც მთამსვლელის იმიჯიც შეილახა. არ ნანობთ?
- ეს კაგებე- ს მეთოდოლოგიაა, ადამიანს ტალახი ესროლონ - ვაჟკაცი ადამიანებისთვის არნახული სიბინძურეები დაუბრალებიათ. იცით, კიდევ რა დამაბრალეს? - გია თორთლაძეს ,,ტელეკომის' წილი აჩუქესო. რა ,,ტელეკომის' წილი, რის ,,ტელეკომის' წილი, სად არის? ...ორი წელი ხმა არ ამომიღია. რა, ცუდი ვერაფერი დავინახე? ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ჩასაფრებული ადამიანი არ ვარ. ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, რამდენიმეს გარდა, მოხარშული ვიცი, ვინ და რა არის. ზუსტად ვიცოდი, რას გააკეთებდნენ, მაგრამ ვაცადე და ეს ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავთ, როგორც საგარეო, ისე შიდა და ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.
- როგორც მთამსვლელი, ე.წ. ივანიშვილის ხელფასს იღებდით?
- არა. ვიდრე დეპუტატი გავხდებოდი, ,,ქართუ ჯგუფმა' ჰიმალაიში ექსპედიცია დამაფინანსა, თუმცა ივანიშვილი თვალით არ მყავდა ნანახი.
- ქუჩაში ხალხი აგრესიით გხვდებათ?
- არა, არასოდეს მოუძახებიათ, ,,გამარჯობა'- ს არ გეტყვითო...
- მიშამ შეხვედრის ინიციატივა რომ გამოიჩინოს, შეხვდებით?
- შეხვედრაზე უარს არავის ვეუბნები. ჩემმა ყოფილმა კოლეგებმაც რომ დამირეკონ, რომლებიც ჩემზე ცუდს ამბობდნენ, ან არა და ურთიერთობა აღარ მაქვს, მათაც შევხვდები.
- მათ კი შეხვდებით, მაგრამ მიშა ,,შიდა ძებნილია'...
- ბავშვობიდან მოყოლებული, იმდენ ძებნილს შევხვედრილვარ, რომ მთავარი არაა, ამ ხელისუფლებამ ძებნილი ვის დაარქვა. მოკლედ, თუ ადამიანს შეხვედრა მოუნდება, შევხვდები...
- მიშას, რომელსაც იმასაც აბრალებენ, ქალებს ძუძუებს აჭამდაო, რატომ უნდა შეხვდეთ?
- იცით, რა?! - ორწელიწადნახევარია, ამათ ვუყურებ და ამბობენ, ამას პეტრე შვრებოდა, იმას - პავლე, იმას კიდე - ივანეო, მაგრამ ათასობით ადამიანს მთავარი რაღაცები ვერ დაუმტკიცეს.
- თავის დროზე, მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ხომ აპროტესტებდით?
- ის ხელისუფლება რამდენიმე ასეთმა პრობლემამ გადაიყოლა. სხვათა შორის, გირგვლიანის ამბავი რომ მოხდა, 50 თუ 70 კაცი ვიდექით კანცელარიასთან, მაშინ პრეზიდენტი იქ იჯდა, ძალიან რომ გაგვიჭირდა - არავინ მოდიოდა, პარლამენტის წინ ე.წ. სალარო აპარატების ხალხი იდგა, იქ ვიღაც გაიქცა და ცოტა ბევრნი რომ გამოვჩენილიყავით, ამოიყვანა. მერე კი, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც მიტინგზე არ მოდიოდნენ, ამ გვარის ხსენებას ცოტა სპეკულაციის სუნი ასდიოდა... ნებისმიერ ადამიანს, მიშა იქნება თუ ივანიშვილი, შევხვდები, გავიგებ, რა უნდა და ჩემს დასკვნას გამოვიტან. არასოდეს დავთანხმებულვარ და არც დავთანხმდები ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ განცხადებებსა და მოქმედებაზე, ასევე, ტერორსა და კორუფციაზე. ეს ძალიან კარგად იციან!
- ...რითი ცხოვრობთ, ბატონო გია?
- ოფისს ვაქირავებ, პარლამენტარის პენსიაც მაქვს. ასევე, წელიწადში სამჯერ ან ორჯერ სპონსორები ჩემს მთაში სიარულსა და ფილმებს აფინანსებენ.
- ,,ოცნება' პრობლემებს გიქმნით?
- ჩემი დაფუძნებული დეოკუპაციის ცენტრის გაუქმება სცადა - რამდენიმე ფილმი უნდა გადაგვეღო, მაგრამ კულტურის სამინისტრომ გააჩერა.
- ...გია ბატონო, თავს პოლიტიკოსად თვლით?
- როგორ არ ვთვლი?! 8 წელი, დეპუტატი ვიყავი.
- ...რას ნანობთ?
- თუ ადამიანს სინანულის გრძნობა არ აქვს, ნორმალური არაა, მაგრამ რომ ვთქვა, რაღაც დიდს ვნანობ- მეთქი, ასეთი არაფერია... გეტყვით, რაც პოლიტიკაში გავაკეთე: შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ ვიბრძოდი, რამდენიმე თანამდებობაზე არ დავთანხმდი და არ ვნანობ.
- ვინ, როდის და რა თანამდებობას გთავაზობდათ?
- ამაზე ლაპარაკი არ გვინდა... გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩემს პოზიციას ყოველთვის ვამბობდი, რასაც არ ვნანობ.. არც იმას ვნანობ, პარლამენტში რომ შევედი და არც იმას - პარტია რომ შევქმენი. არც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეობას ვნანობ და არც - ფრაქციისას.
- ბოლოს, ბატონო გია, ფარული ჩანაწერები თქვენზეც არსებობს?
- რომ ჰქონოდათ, ან ნაციონალები გამოაქვეყნებდნენ, როცა იქიდან გამოვედი ან როცა მიტინგებზე ვიდექი, ან ესენი გამოაქვეყნებდნენ, როცა მოვიდნენ და მთელი ფაილები ჩაიგდეს. რა კომპრომატი უნდა ჰქონდეთ?
- ვთქვათ, ცოლს რომ ღალატობთ...
- ასეთი რამ არ ექნებათ! დარწმუნებული ვარ, რადგან ასეთი რამ არ არსებობს და როგორ გადამიღებდნენ?! თუ აქვთ, კი ბატონო, გამოაქვეყნონ!