ჯანჯაფილის დიეტა

ჯანჯაფილის დიეტა

„ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი შეიძლება, წამალი იყოს, მთავარი სწორი დოზირებაა!“ - ჰომეოპათ თინა თოფურიას რჩევები    

მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა სიმსუქნეა, რასაც ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურიმოდური დიეტებია”, თუმცა შედეგს ზოგი აღწევს,ზოგი - ვერა, ზოგი კი, დიეტის წყალობით, სიმსუქნესთან ერთად, ახალი პრობლემის წინაშეც დგება - ორგანიზმს იზიანებს. ეს კი იმის ბრალია, რომ ყველა დიეტა ინდივიდუალურია... საქართველოში ჭარბ წონასთან საბრძოლველად ერთობ აქტუალურია სამხრეთ ინდოეთიდან შემოსული მცენარე ჯანჯაფილი, იგივე იმბირი და ჯინჯერი, რომლის სამკურნალო თვისებებზეც ბევრმა იცის... რა სასარგებლო თვისებები აქვს, ვისთვისაა რეკომენდებული და რა სახით უნდა მივიღოთ ჯანჯაფილი? „ქართული სიტყვასაქართველოს ჰომეოპათიის აკაემიის პრეზიდენტს, ევროკავშირის ექსპერტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ თინათინ თოფურიას ესაუბრა:

– ჭარბი წონა კაცობრიობის ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. სიმსუქნეს, როგორც წესი, არასწორ კვებას უკავშირებენ და ათასგვარი დიეტით ებრძვიან. კვება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ძირითადი მიზეზია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიპოდინამია, ანუ უმოძრაობა, რაც სხეულის ზოგად მოდუნებას იწვევს; ჰაერზე ნაკლებად ყოფნა ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობის და ამის შედეგად ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელების მიზეზია; სტრესი, რომლისაგან თავდაცვასაც ორგანიზმი სხეულის მასის მომატებით ცდილობს და ბოლოს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არასტაბილური გარემოა, რომელიც წარმოქმნის დაუცველობის შეგრძნებასა და ხვალინდელი დღის შიშს. ყველა ეს თემა სერიოზული ანალიზისა და ცალკე განხილვის საგანია, თუმცა მოდით, დღეს მხოლოდ კვებას შევეხოთ.

- ქალბატონო თინა, არასწორი კვება რა არის? მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს რას ვჭამთ, თუ იმასაც, სად, როდის, როგორ და ვისთან ერთად ვჭამთ?

- ქუჩაში ჭამა ნორმად იქცა, რამაც, სამწუხაროდ, ოჯახის ტრაპეზობის  ტრადიცია შეცვალა. სწრაფი კვების ობიექტებში მხოლოდ დანაყრება და კალორიების მიღება ხდება, ასეთი საჭმლის კვებითი და ენერგეტიკული  ღირებულება ძალიან დაბალია. სულ სხვაა, როცა ოჯახის წევრები სუფრასთან ერთად იკრიბებიან და დიასახლისის მიერ საყვარელი ადამიანებისთვის მომზადებულ კერძს მიირთმევენ, რომელშიც მთელი გულია ჩადებული. შესაბამისად, ასეთ კერძს მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს. საჭმელი ახალი და იმ პროდუქტებისგან უნდა იყოს მომზადებული, რომლებიც სეზონურია.

ბევრნაირი დიეტა შევისწავლე - დაწყებული თანამედროვედან, დამთავრებული უძველესით (ჩინური, ტიბეტური...) და დავრწმუნდი, რომ უნივერსალური დიეტა არ არსებობს. მთავარი სწორი კვებაა. ყველა ერს აქვს სწორი კვების ტრადიცია, რომელიც საუკუნეებითაა გამოცდილი და რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც რეგიონის ეკოლოგია, ასევე, ერის გენეტიკური თავისებურებანი.   ქართული სამზარეულო გასაოცარი მხოლოდ თავისი მრავალფეროვნებით კი არა, იმითაცაა, თუ როგორ სწორად არის ყველაფერი შერწყმული და დაბალანსებული. რატომღაც გვგონია, კვების რაციონი ან წამალი რაც უფრო ეგზოტიკურია, მისი გამოყენება მით უფრო შედეგიანი იქნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი, რაც საკვებად, ან სამკურნალოდ გვჭირდება, ჩვენს გარშემოა.

- რას იტყვით ჯანჯაფილზე, რომელსაც ჯინჯერს და იმბირსაც ეძახიან? ეს მცენარე რითი გამორჩეული და გახდომაში მართლა გვეხმარება?

- ჯინჯერი ძალიან სერიოზული წამალია და დიდი ხანია ვიყენებ - ჩემი ბევრი წამლის შემადგენლობაში შედის.

ჯანჯაფილი ეფექტური მასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც შეიცავს ვიტამინებს, ასევე, მრავალ საჭირო და საკმაოდ იშვიათ მიკროელემენტს. აქვს ბევრი სამკურნალო თვისება, მათ შორის, ანტივირუსული და ანტიმიკრობული. ხელს უწყობს კალორიების წვას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას - ნაწლავები ტონუსში მოჰყავს, ხსნის სპაზმებს. სწორედ ამის ხარჯზე მოიპოვა გასახდომი საშუალების რეპუტაცია - ორგანიზმიდან ქოლესტერინს გამოდევნის; კარგი ანტიოქსიდანტია, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ორგანიზმს სიმხურვალეს მატებს. შველის ღებინებასა და გულის რევას. სხვათა შორის, ადრე ეს მცენარე მეზღვაურებს გემზე მიჰქონდათ და ზღვის ავადმყოფობის დროს იყენებდნენ.

ჯინჯერი, ასევე, უხდება ასთმას, შაკიკს. გამოიყენება გრიპის, ხველის, ასტინიური სინდრომის - ზოგადი სისუსტის, ანთებების, აპათიის, დეპრესიისა და უგუნებობის დროსაც. კუნთებისა და სახსრების ტკივილისას, აჩქარებს დაბეჟილობებისა და სისხლჩაქცევების გაწოვას. გამოიყენება ვარიკოზული დაავადებებისას და ამაგრებს სისხლ-ძარღვების კედლებს.

- ჯინერის მიღება ყველას შეუძლია?

- ჯინჯერი, იგივე ჯანჯაფილი წამალია და ასეთი საშუალებების საჭიროების გარეშე გამოყენების მომხრე არ ვარ, მით უმეტეს, დიდი ხნის განმავლობაში. ჯინჯერი შეიძლება, ერთს მოუხდეს, მეორეს კი, - აწყინოს. არსებობს მთელი რიგი დაავადებები, როცა მისი გამოყენება სასურველი არაა ან, სულაც, არ შეიძლება. ასეთებია: ინფარქტის და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა; ჰიპერტონია; კუჭის, ან 12 გოჯა ნაწლავის წყლული, ეროზიული გასტრიტი, წყლულოვანი კოლიტი, ბუასილი, ღვიძლის დაავადება, კენჭები ნაღვლის ბუშტში. ასევე, მათთვისაა საფრთხილო, ვინც სისხლდენებისკენაა მიდრეკილი.

ჯინჯერი წნევის ამწევია. ამიტომ მაღალწნევიანმა ადამიანებმა, ან არ უნდა მიიღონ, ან მიიღონ ფრთხილად. აქ განსაკუთრებით მათზეა ლაპარაკი, ვისაც სტენტირება აქვს გაკეთებული და სისხლის გამათხელებლებს იღებენ. აგრეთვე, არ შეიძლება ჯინჯერის გამოყენება ანტიარითმიულ წამლებთან ერთად და არც მაშინ, თუ ადამიანს გრიპი და მაღალი სიცხე აქვს, რადგან ჯინჯერი გამახურებელი საშუალებაა და სიცხე შეიძლება, კიდევ აეწიოს.

ჯინჯერს ხშირად იყენებენ ორსულების ტოქსიკოზის დროს და აქაც განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით, ორსულობის მეორე ნახევარში, რადგან გულის რევას კი ხსნის, მაგრამ აძლიერებს საშვილოსნოს ტონუსს და შეიძლება, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

ერთი სიტყვით, ჯანჯაფილი ფრთხილად და დაკვირვებით უნდა მივიღოთ, რათა სასურველი შედეგი მოგვცეს და არ გვავნოს.

- რა სახითაა ჯანჯაფილის მიღება რეკომენდებული?

- გახეხილ, ცოცხალ ფესვს ამატებენ სალათებში, ან ასხამენ მდუღარეს და იღებენ ჩაის სახით. გამხმარი ფესვისგან ცნობილი სანელებელი მზადდება. ჩვენში ყველაზე პოპულარული თაფლითა და ლიმონით შეზავებული ჯანჯაფილის ჩაია. რომელსაც გასახდომ საშუალებად იყენებენ.  

სხვათა შორის, ჯინჯერს ჭიების სამკურნალოდაც ვიყენებ. მძაფრი გემოს გასანეიტრალებლად კი, პაციენტებს ვურჩევ, დაამატონ ვაშლი, მწვანე სალათა, ან სტაფილო და ნიახური.

- ჯინჯერის მიღება დღეში რამდენჯერ და რამდენ ნის განმავლობაში შეიძლება?

- ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგ დიეტაში ამ ჩაის მიღება დღეში 5-6- ჯერაა რეკომენდირებული, რაც არასწორად მიმაჩნია. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.  უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა წამალი შხამია და ყველა შხამი შეიძლება, წამალი იყოს. მთავარი სწორი დოზირებაა! ჯინჯერის მიღება არ შეიძლება ძილის წინ, რადგან ის, როგორც ყველა სტიმულატორი, იწვევს აღგზნებას, ფორიაქს და ძილის მოშლას. ამიტომ ჩაის პირველი მიღება დილასაა უმჯობესი, მეორე კი, - არაუგვიანეს 6 საათისა. სალათის მიღება საკმარისია დღეში ერთხელ, სადილზე.

რაც შეეხება ხანგრძლივობას, მე 2-3 კვირაზე მეტ ხანს ვნიშნავ. ერთმანეთს სხვადასხვა საშუალებებს ვუნაცვლებ, რადგან ხანგრძლივი მიღებისას ყველაზე უწყინარსაც კი, შეიძლება, გვერდითი მოვლენები განუვითარდეს. ჩვენს გარშემო არსებობს რამოდენიმე სხვა საშუალებაც, უფრო იაფი და უსაფრთხო, რომელზეც შემდგომში ვისაუბროთ.