გუგული მაღრაძე: “უნდა გვაცალონ!”

გუგული მაღრაძე: “უნდა გვაცალონ!”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქალბატონი გუგული მაღრაძე ლარის კურსის ვარდნასა და ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხს ეხმაურება. მისი აზრით, საკითხი შესწავლას საჭიროებს და თუ გიორგი ქადაგიძის დანაშაული გამოიკვეთება, მაშინ ხელისუფლება ადექვატურად უნდა მოიქცეს.

- ქალბატონო გუგული, ლარის გაუფასურებამ ცხოვრებ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება?

- აქ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ლარის დევალვაციის თავიდან აცილება შეეძლო, თუ არა. კონკრეტული თანამდებობის პირების საქმიანობა ფინანსური ინსტიტუტებიდან იმის მიხედვით ფასდება, თუ რა შესაძლებლობა ჰქონდა მოცემულ მომენტში. როცა ეკონომიკურ გუნდს ვაფასებთ, ობიექტური ანალიზის გაკეთებაა საჭირო. 

- გამართლებულად მიგაჩნიათ, რომ ლარის გაუფასურებაში ბრალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დადეს? ქადაგიძის იმპიჩმენტი უნდა დადგეს?

- გარკვეული გარემოებების გამო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ ნდობა არასოდეს მქონია. როგორც ვიცი, ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები და უნდა გადაწყვიტოს, როდისაა სიტუაციაში ჩარევა მიზანშეწონილი და როდის - არა. ეროვნულმა ბანკმა უნდა დაარეგულიროს გარკვეული ფინანსური პრობლემები და როცა ქვეყანაში პროცესები ასეთი სისწრაფით ვითარდებოდა, გაჩერების უფლება არ ჰქონდა... ყოველთვის მომხრე ვარ ანალიზის - თუ არ გამოიკვეთა ქადაგიძის დანაშაულებრივი ქმედება, მაშინ იმპიჩმენტიც არ უნდა დადგეს.

- ლარის დევალვაციამ გავლე თქვენი ოჯახის ბიუჯეტზე მოახდინა?

- რა თქმა უნდა: თუ ადრე რაღაც ნივთის შესაძენად 50 ლარი მყოფნიდა, ახლა ეს თანხა საკმარისი აღარაა. ამის გამო, სხვა ხარჯები შევიმცირე... მიუხედავად ამისა, შიმშილით არ ვკვდები. ასე არიან სხვებიც. დღეს ყველაზე მეტად მათ უჭირთ, ვისაც სესხი დოლარში აქვს გამოტანილი. ირმა ნადირაშვილმა თქვა, გადავხედე  და „ქართულ ოცნებაში“ სესხი არავის აქვსო. ეს იმიტომ, რომ “ოცნებაში” ისეთი ხალხი ვართ, ვისაც სახლები არც ადრე უყიდია და არც აწი აპირებს.

- იქნებ, საქმე პირიქითაა? იმდენის შოვნა მოასწარით, რომ კრედიტების აღების საჭიროება აღარ გაქვთ?

- კოალიციაში ძირითადად ისეთი ხალხია, ვისაც უძრავი ქონება აქვს და თუ გაფართოებას გადაწყვეტს, მხოლოდ თანხის დამატება დასჭირდება. თუ ადამიანს დანაზოგი აქვს, სესხი რაღად უნდა, ანუ სესხს ისეთები იღებენ, ვისაც გადახდის შესაძლებლობა აქვს.

- მაღალჩინოსნებს, რიგითი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ყველაფრის შესაძლებლობა აქვთ - მაღალი ხელფასები არ ჰყოფნით და პრემიებსაც იწერენ!

- მიმაჩნია, რომ მაღალჩინოსანს ხელფასი ნამდვილად მაღალი უნდა ჰქონდეს,  რადგან საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებს და იმაზე არ უნდა იფიქროს, შინ რომ მივალ, ცოლ-შვილს რა ვაჭამოო. რაც შეეხება პრემიას, მისი აღება უნდა ხდებოდეს გამონაკლის შემთხვევაში და ისეთ ადამიანს უნდა მიაკუთვნო, ვინც თავი გადადო და ბევრი იმუშავა.

- ქალბატონო გუგული, საქმეს ის რიგითი ადამიანებიც აკეთებ, ვინც, საბედნიეროდ, დასაქმებულნი არიან, მაგრამ ჯამაგირი დაბალ აქვთ. თქვენსა და მათ ხელფასებს შორის ასეთი დიდი სხვაობა რატომ უნდა იყოს?

- კიდევ ვიმეორებ: აქ დგას პასუხისმგებლობის საკითხი - როცა მინისტრი საქმეს კარგად ვერ გააკეთებს, ამის გამო შესაძლოა, ბევრ ადამიანს საქმე გაუფუჭოს... მათი პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია და ამიტომ, ხელფასის მხრივ უფრო დაცულები უნდა ვიყოთ. ახლა, ლარის დევალვაციის გამო, პრეტენზიას ხელისუფლების პირველ პირებს უყენებენ და არა - ბუღალტერს, ექიმს, ინჟინერს და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს. ამიტომ ხელფასი უნდა იყოს მაღალი და პრემიები განსაკუთრებულ შემთხვევებში რიგდებოდეს.

- ...ნინო გვენეტაძის კანდიდატურის მიმართ რას ფიქრობთ. ამბობენ, „ქართული ოცნებაჩააგდებსო...

- ჯერ უნდა შევაფასოთ, კანდიდატი იმ თანამდებობას, რაზეც პრეტენზია აქვს, შეეფერება თუ არა. ამ თვალსაზრისით უნდა შევხედოთ ქალბატონი გვენეტაძის კანდიდატურას. მხარს ვუჭერ, რადგან მის პროფესიონალიზმზე განვლილი გზა მეტყველებს. ნინოს სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს, პრინციპული ადამიანია - 2005 წელი მახსენდება, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა იყო, მათ ზემოდან მიიღეს დირექტივა, რომ ადგილი დაეთმოთ სააკაშვილის კადრებისთვის, ამის სანაცვლოდ მაღალ ხელფასს შეპირდნენ. ამ შეთავაზებას ყველა მოსამართლე დათანხმდა, სამის გარდა, მათ შორის გახლდათ ნინო გვენეტაძე, რომელმაც დაამტკიცა, რომ  ჰქონდა უფლება, ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს წევრი. გარდა ამისა, განათლებული ადამიანია - ეს პატარა რამეს არ ნიშნავს. მეცნიერებათა დოქტორია, ხარისხი აქვს, ლექციებს კითხულობს... რომელი ერთი ჩამოვთვალო.

- თუ კოალიცია გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მაინც, ამ აზრზე დარჩებით?

- ყველა შემთხვევაში, მხარს დავუჭერ იმიტომ, რომ მის განვლილ საქმიანობაში მინუსები არ გვხვდება. ეს ადამიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, მართლაც, შესაფერისი კანდიდატურაა. ამიტომაც მოვუწონე პრეზიდენტს გადაწყვეტილება

- ქალბატონო გუგული, დიდი ხანი, საუბრობენ, რომ კოალიცია დაშლის პირასაა. დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი დგას?

- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავისი წინაპირობები აქვს - ამ ეტაპისთვის ასეთი რამ არ არსებობს. ვადამდელი არჩევნების საჭიროება რომ დადგეს, ქვეყანაში მწვავე კრიზისი, მთავრობაში განხეთქილება, ან მსგავსი რამ უნდა იყოს. არაერთხელ მითქვამს, რომ კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, რადგან იქ ხალხი იმიტომ შევიდა, რომ დაემარცხებინა მიხეილ სააკაშვილი. კოალიცია, თავისი განათლებით, ისტორიითა და დღევანდელი შეხედულებებით, აბსოლუტურად ჭრელია. გარკვეული საკითხების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა არის, მაგრამ კრიტიკულ მომენტში, „ქართული ოცნება“ ახერხებს, ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მოცემულ მომენტში ყველაზე საჭიროა. არაა გამორიცხული, კოალიცია კიდევ რამდენიმე კაცმა დატოვოს, მაგრამ ეს არ გახდება დაშლის მიზეზი. “ქართული ოცნება” 2016 წლის არჩევნებამდე ამ სახით იქნება წარმოდგენილი, არჩევნები კი, შედეგებით ყველაფერს თავად გვაჩვენებს. პარტია უნდა იყოს ან მონოლითური, რომელიც წლებს უძლებს, ან სათავეში ისეთი კაცი უნდა ჰყავდეს, როგორიც სააკაშვილი იყო და მისი სიტყვა ყოველთვის სრულდებოდა. “ნაციონალებს” ზოგჯერ სექტანტებსაც კი ვუწოდებ და გიორგი კანდელაკს ჩემი ასეთი შეფასება არ სწყინს. ასეთ პატარა ბირთვები ყველა პარტიაშია.

- „ქართული ოცნებისბირთვი ვინაა?

- ეს ბირთვი არ გვყავს, რადგან ამასაც მუშაობა უნდა. სწორედ ის მოძრაობები, რომელიც პარტიის სტრუქტურის გაძლიერებისთვის ხდება, აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ “ქართულ ოცნებასაც” უნდა ჰყავდეს იდეოლოგიურად შეკავშირებული ბირთვი. სწორედ ასეთი ტიპის პარტიად უნდა ჩამოყალიბდეს „ქართული ოცნება“ და გვინდა, ამ სახით მივიღოთ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში.

- როცა ხელისუფლება შეცდომებს უშვებს, ხელს მუდმივადნაციონალებისკენიშვერთ, მაგრამ ხალხს თქვენი დაპირისპირება კი არა, შედეგი აინტერესებს.

- დიახ, ასეა - ხალხს, მართლაც, არ აინტერესებს, ესა თუ ის შეცდომა ვისი ბრალია, მას შედეგი უნდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ხელისუფლება დანაშაულს არ აღიარებს, რასაკვირველია, შეცდომები დაუშვა და ამას აღიარებს კიდეც. სხვათა შორის, ამ თვისებით განვსხვავდებით “ნაციონალებისგან” - ისინი დღესაც არ აღიარებენ თავიანთ შეცდომებს და მიაჩნიათ, რომ მარტო კარგს აკეთებდნენ. ჩვენ კი, ასე არ ვფიქრობთ. ვიცით, რომ ძნელი მემკვიდრეობა დაგვრჩა. მართლაც, აღარ გვინდა “ნაციონალებზე” ამდენი ლაპარაკი, მაგრამ როცა მოდიან და გვიკიჟინებენ, იძულებული ვხდებით, შედარება გავაკეთოთ ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის.

- მოდით, დამისახელეთ ერთი კანონი, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ მიიღეთ...

- ამ ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც მის პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული. დღეს აღარავინაა შებოჭილი, ბიზნესი თავისუფალია - არავინ “არეკეტებს”, იპოთეკარების რაოდენობა შემცირდა, სტუდენტები სწავლობენ და გრანტი სახელმწიფოსგან აქვთ, შეიქმნა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ხალხს ძვირადღირებული ოპერაციები უფასოდ უკეთდება. მართალია, ბევრი გადაუჭრელი პრობლემა რჩება, მათ შორის, უმუშევრობა, მაგრამ ეს ეკონომიკის გაზრდაზეა დამოკიდებული - ამის გარეშე ხალხის დასაქმებას ვერც ერთი ხელისუფლება მოახერხებს. ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენი კაცია და კარგად იცის, რომ ეკონომიკის გამაგრება 2-3 წელიწადში ვერ მოხდება, ინვესტიციების შემოსვლას კი, 10 წელი მაინც უნდა. მან თქვა, არ შევპირებივარ ხალხს, რომ 10 წლით ხელისუფლებაში ვიქნებიო.

- გასაგებია, მაგრამ 10 წელს კიდევ ასეთი სიღატაკე და უმუშევრობა თუ იქნება, ხალხმა რა ქნას?

- გასაგებია, რომ ხალხს ეჩქარება, ყველა სიკეთის მიღება ერთდროულად უნდა, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგონ. ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური გაჭირვება რომაა, ვხედავთ, ამიტომაც ბევრი თანხა დაიხარჯა სოციალურ პროგრამებში. 3 მილიარდს როცა ხარჯავთ სოციალური პროგრამებისთვის, შემდგომში ეკონომიკურად გაგიჭირდებათო, გვეუბნებოდნენ უცხოელი ექსპერტები, მაგრამ ხალხს რომ შია და სიცივეში ატარებს ზამთარს, არ დავხმარებოდით? ასე რომ, მესმის მოსახლეობის, მაგრამ უნდა გვაცალონ!

- ქალბატონო გუგული, ოპოზიციაში რომ იყოთ, ხელისუფლებას რა შენიშვნებს მისცემდით?

- ხელისუფლებას ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის უფრო რადიკალური ზომების გატარება შეეძლო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ბევრი რამის გაკეთებას ვერ ბედავს.

- რას გულისხმობთ?

- მინდა, მოგიყვანოთ ერთი მაგალითი: ქალაქს სჭირდება ახალი ავტობუსების შემოყვანა, მაგრამ იმისთვის, რომ ავტოპარკი არ დაიშალოს, ერთ-ერთ უცხოურ ფირმასთან ვერ ბედავენ ხელშეკრულების დადებას, რადგან ტენდერი უნდა გამოცხადდეს, ამას სჭირდება დრო. პირდაპირ რომ დადონ ხელშეკრულება, მაშინ წამოიქოჩრებიან “ნაციონალები” და ათას რამეს დაგვაბრალებენ. უკმაყოფილო დარჩება ხალხიც. ამის გამოა სწორედ, რომ გადაწყვეტილებებს სწრაფად ვერ იღებენ, თუმცა სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ბევრ სფეროში და კარგი იქნება, თუ უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ სხვის კრიტიკას.

- პარლამენტმა ახლახან მიიღო კანონი რეკლამის შესახებ, რის მიხედვითაც ტელევიზიებში სარეკლამო დრო შეიზღუდა. ეს კერძო ტელევიზიების საქმიანობაში ჩარევა ხომ არაა?

- ჩვენ, რეკლამის შესახებ კანონით, საზოგადოების სურვილი გამოვხატეთ. ევრორეგულაციებით, 3 წლის განმავლობაში უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ნახევარი საათი მაინც გავიდეს სარეკლამო ჭრის გარეშე. როგორ შეიძლება, როცა 3 წუთიანი სიუჟეტია და 8 წუთი რეკლამას მიაქვს? მესმის ტელევიზიების მფლობელების - ფული უნდათ გააკეთონ, მაგრამ ხალხის ინტერესები ყველაზე წინ უნდა დადგეს, რომელსაც ლამის ნევროზი დაემართა გაუთავებელი რეკლამებით. ამიტომ მივიღეთ კანონი და ყველა ტელევიზია დაემორჩილება, ამას გარდა, ისინი ამიერიდან თანაბარ პირობებში იქნებიან.