“ზაფხულამდე ძალიან ცუდ დღეში ვიქნებით... ხელისუფლებაში ჩინოვნიკების კასტა მოვა!”

“ზაფხულამდე ძალიან ცუდ დღეში ვიქნებით... ხელისუფლებაში ჩინოვნიკების კასტა მოვა!”

21 დეკემბერს სტალინი, მიხეილ სააკაშვილი და ირაკლი ალასანია დაიბადნენ. ეს ზოგისთვის შეიძლება, ჩვეულებრივი დამთხვევაა, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ ქართველი ეთნოსის რუკაც, როგორც ასტროლოგი, საქართველოში პირველი ასტროლოგიური სკოლის ხელმძღვანელი ლია ბარათაშვილი ამბობს, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 299 წლის 21 დეკემბრით თარიღდება, თუმცა ქალბატონი ლია, რომელიც მუნდანური ასტროლოგიისა და ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების პროგნოზირების სპეციალისტია, “ქართულ სიტყვასთანსაუბრისას მიანიშნებს, რომ 21 დეკემბრის ფატალურობაზე ღრმად არ უფიქრია. სამაგიეროდ, ბევრი საქართველოს მუნდანურ რუკაზე აქვს ნამუშევარი და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ვიდრე ეს რუკა არ შეიცვლება, არაფერი გვეშველება. მაინც, რა არის მუნდანური ასტროლოგია, როგორ იბადება და შეიძლება თუ არა სახელმწიფოს ბედისწერის შეცვლა? - “ქართული სიტყვაგთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ლია ბარათაშვილთან:

- მუნდანური ასტროლოგია დიდი ობიექტების, მაგალითად, სახელმწიფოს, ქალაქის, წარმოების ასტროლოგიაა.

- საქართველოში მუნდანური ასტროლოგიის სპეციალისტი მხოლოდ თქვენ ხართ?

- ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ერთადერთი ვარ, რომელმაც ამ სფეროში ხარისხი დავიცავი. საერთოდ, ასტროლოგიაში ძალიან ბევრი მიმართულებაა და არ შეიძლება, ადამიანი ყველა სფეროში გარკვეული იყოს...

- ზოგი თვლის, რომ ასტროლოგია და წინასწარმეტყველება ერთი და იგივეა. ასეა?

- არა. წინასწარმეტყველება ასტროლოგიური ტერმინოლოგია არაა. მართალია, ასტროლოგიაში პროგნოზირება ხდება, მაგრამ ჩვენ ციკლებზე ვმუშაობთ და გათვლას სპეციალური ფორმულებით ვაკეთებთ.

სხვათა შორის, არსებობს ერთი მომენტი, რომელსაც ადამიანის მაგალითზე აგიხსნით: თითოეული ადამიანის ნატალურ რუკაში სიუჟეტი დევს, ანუ ადამიანს ნიჭი მხოლოდ ერთ კი არა, შეიძლება, რამდენიმე სფეროში ჰქონდეს, მაგრამ ადამიანს თავისუფალი ნება აქვს.

- თავისუფალი ნება სახელმწიფოს არ აქვს?

- მაგისკენ მივდივარ: ადამიანს შეუძლია, თავისუფალი ნება გამოიყენოს. ასტროლოგის მიზანია, რომ ადამიანს თავისი სუსტი და ძლიერი მხარე აჩვენოს. სახელმწიფოს შემთხვევაში კი, ყველაფერი ეს გაცილებით ფატალურია, რადგან ძალიან ძნელია, დიდ ობიექტში რამე შეცვალო და მართო.

- ესე იგი, მცდელობა, რომ ჩვენი სახელმწიფო, უფრო სწორედ, მისი ბედი შეცვალოთ, შეუძლებელია?

- ამას არ ვამბობ, მაგრამ სახელმწიფოს ბედის და რუკის შეცვლა ძალიან რთულია. ადამიანს, ბოლოს და ბოლოს, საცხოვრებელი ქვეყნის შეცვლა შეუძლია, სახელმწიფოს კი, ვერ მოიკიდებ და სხვა გეოგრაფიულ კოორდინატებზე ვერ გადაიტან. სახელმწიფო დიდი ობიექტია, სადაც ხალხის მასა, მთავრობა, ეკონომიკა და სხვა მილიონი მომენტია, რომლის შეცვლაც რთულია.

- ცხოვრება საინტერესო, ჩემი აზრით, სწორედ სირთულის გამოა... ქალბატონო ლიკა, საქართველოს, როგორც იტყვიან, ბედის რუკა სათავეს როდიდან იღებს და რას უწუნებთ?

- 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 21 წუთზე ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოეწერა. სწორედ ამ დროს ახალი ეთნოსი, ან ერი კი არა, ისეთი სახელმწიფო დაიბადა, რომელშიც ვცხოვრობთ და რუკაც სათავეს ამ თარიღიდან იღებს. ეს რუკა აბსოლუტურად მუშაა, ანუ ყველა იმ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში ხდება, რეაგირებს.

- ერთი სიტყვით, ამ რუკითაა განსაზღვრული, როდის რა უნდა მოხდეს?

- დიახ. ყველაფერი სწორად რომ გაიგოთ, ერთ მაგალითს მოვიყვან: სატურნი, რომელიც სახელმწიფოს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტაა - მთავრობას, კანონსა და ასეთ თემებს განსაზღვრავს, ახლა მშვილდოსანშია გადასული.

- ეს რას ნიშნავს?

- რას და, - ისეთ თემებში, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, უმაღლესი განათლება, კარგად უნდა ვერკვეოდეთ.

- ქალბატონო ლია, სატურნის მშვილდოსანში ყოფნა რა შუაშია, როცა სამართლიანობის საბაბით ლამის რევოლუცია მოხდა - 2012 წლის ოქტომბერში მთავრობა არჩევნებით შეიცვალა!

- იცით, რა არის? - როცა “ვარდების რევოლუცია” მოხდა...

- საქართველოს მუნდანური რუკა აჩვენებდა, რომვარდების რევოლუციაუნდა მომხდარიყო?

- ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა.

- ეს რუკა როდის შეადგინეთ?

- 1994-დან 2000 წლამდე მოსკოვში, კოსმოლოგიისა და ანალიტიკური პროგნოზების უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდი და რუკაც მაშინ შევადგინე... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ “ვარდების რევოლუცია” ამ რუკაზე ლამაზად ჯდებოდა: მაშინ სატურნი კირჩხიბში იყო, უფლებების პლანეტა იუპიტერი კი, - ქალწულში. ქალწული ის ხალხია, რომელიც შრომობს. ამიტომაც, მიხეილ სააკაშვილის მოსვლა ისე მოინათლა, როგორც სახალხო მთავრობის მოსვლა.

- სხვათა შორის, “ნაციონალებსასეთი ლოზუნგი ჰქონდათ, მთავრობა ხალხს უსმენსო, ანუ სააკაშვილმა ამ რუკის არსებობა იცოდა?

- არა. ინტუიციური უნარი ყველას აქვს. სხვათა შორის, მეგონა, რომ სააკაშვილს ვინმე ასტროლოგიურ კონსულტაციას უწევდა. შეიძლება, ასეც იყო, არ ვიცი... “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სატურნიც გადაადგილდა, იუპიტერიც და მოვლენები საკმაოდ ნეგატიურად განვითარდა...

- რუკა იმასაცამბობდა”, რომ ვთქვათ, 7 ნოემბერი მოხდებოდა და ხელისუფლება ბიზნესს დაატერორებდა?

- “ნაციონალებს” შეეძლოთ, პოზიტიურად წასულიყვნენ, მაგრამ მოვლენები ნეგატიური გზით წაიყვანეს.

- ესე იგი, სააკაშვილს ინტუიციამ უმტყუნა?

- ბოლოს, დიახ, უმტყუნა. ამ რუკის პატრონები ძალიან კარგად ვერ ვიცხოვრებთ, მაგრამ თავიდან მხოლოდ სააკაშვილს კი არა, ჩვენც უკეთესი შანსი გვქონდა, რომ ნელ-ნელა განვვითარებულიყავით. პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, არც ის ვიცი, შიგნით რა და როგორ მოხდა. ვცდილობ, ობიექტური ვიყო და ვამბობ, სააკაშვილი, უბრალოდ, შეცდა.

- ქალბატონო ლია, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების პროგნოზირების სწავლული სპეციალისტი ხართ. შესაბამისად, შეფასება თქვენი პირდაპირი მოვალეობაა...

- კი ბატონო, მაგრამ ჩემი პოლიტიკური სიმპათია და ანტიპათია სხვა საქმეა... მოკლედ, “ნაცმოძრაობამ” ძალიან სერიოზული შეცდომები დაუშვა და ის, რაც მოხდა, ამიტომაც მოხდა. იმ მომენტში, როცა სატურნი მორიელის საზღვარზე იყო, ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. საერთოდ, მორიელი დიდ ფინანსურ სტრუქტურებს ნიშნავს...

- ქართულ პოლიტიკაში დიდი ფინანსური სტრუქტურის წარმომადგენლის შემოსვლის მცდელობა 2007 წელსაც იყო - აწ განსვენებულ ბადრი პატარკაციშვილს ვგულისხმობ. მაშინაც სატურნი მორიელის საზღვარზე იმყოფებოდა?

- მაშინ მორიელის თემა არ არსებობდა და ცხადი იყო, რომ პატარკაციშვილი პოლიტიკაში ვერ შემოვიდოდა.

- სიცოცხლე ფატალურად ამიტომაც დაამთავრა?

- იმაზე, თუ სიცოცხლე ფატალურად რატომ დაამთავრა, საქართველოს კი არა, პატარკაციშვილის რუკის მიხედვით უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა პატარკაციშვილის რუკაზე არ მიმუშავია.

- მოკლედ, დადგა 2012 წელი და სატურნი მორიელის საზღვარს მიუახლოვდა...

- საზღვრის ხაზი ძალიან აქტიურია და ამ დროს ყოველთვის რაღაც მნიშვნელოვანი ხდება...

- ელოდით, რომ საქართველოს სათავეში მსხვილი ფინანსური სტრუქტურის წარმომადგენელი მოვიდოდა?

- აქ ორი ვარიანტი არსებობდა: სატურნი მორიელში ძალიან მძიმე თემაა და ეს რომ არ მომხდარიყო, სიტუაცია, შეიძლება, სხვანაირად დამძიმებულიყო.

- მაინც, როგორ?

- სახელმწიფო კონცლაგერად გადაიქცეოდა!

- სხვათა შორის, ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი მსხვილი ფინანსური უწყების წარმომადგენელი - ლევან ვასაძე აქტიურობს, მაშასადამე, სატურნი ისევ მორიელის საზღვართანაა?

- სატურნი უკვე მშვილდოსანშია.

- ფულიანების დრო მთავრდება?

- ფულიანები ჩვენს ცხოვრებაში უკვე შემოვიდნენ... საერთოდ, მორიელს ფარული რაღაცები ახასიათებს.

- კულუარებიდან მართვაც?

- დიახ...

- ქალბატონო ლია, საქართველოს მუნდანური რუკა რას ამბობს, რა გველის?

- საერთოდ, ამ სახელმწიფოს დაბადების დღიდან, ძალიან ცუდ დღეში ვართ და რეალური ბერკეტი არ არსებობს, რომ რამე შევცვალოთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ბერკეტს ვერ ვხედავ.

- იმის თქმა გინდათ, რომ ლარიგაფრინდება”, ცხოვრებაოთუზბირიგახდება და დავიღუპებით?

- არ ვიცი, ლარის “გაფრენაში” რას გულისხმობთ, მაგრამ ზაფხულამდე ძალიან ცუდ დღეში ვიქნებით... ამ პროცესის გაჩერება ძალიან რთულია...

- იმას, რომ ცუდ დღეში ვართ, ვარსკვლავებისა და პლანეტების გარეშეც ვგრძნობთ. სოციალურ უკმაყოფილებას, ან ვადამდელ არჩევნებს პროგნოზირებთ?

- (დუმს) ვადამდელი არჩევნები არ მგონია... იცით, რა არის?! - ზაფხულამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და ყველაფერს გავუძლებთ...

- მინისტრთა კაბინეტის შეცვლაზე რას იტყვით?

- ვიდრე სატურნი მშვილდოსანშია, - არ შეიცვლება.

- სატურნი მშვილდოსნიდან როდის და სად გადადის?

- ჯერ ახლა შევიდა და წელიწადნახევარი მშვილდოსანში იქნება... შეიძლება, ცალკეული მინისტრები შეიცვალონ, მაგრამ მთლიანი კაბინეტი არ შეიცვლება!

- თქვენს მიერ გაკეთებულ რუკაზე ნატო ჩანს?

- ჯერ ერთი, ეს ჩემი მოგონილი რუკა არაა და ყველა ასტროლოგისთვის ცნობილია. მეორეც, ნატო ჯერჯერობით არ ჩანს...

- ერთი წინასწარმეტყველი ამბობს, საქართველოში ლამის ნატო- შტაბ-ბინას ვხედავო. ქალბატონო ლია, არ გეწყინოთ და, ამ წინასწარმეტყველების უფრო მჯერა...

- თქვენი ნებაა, ვისაც გინდათ, იმას დაუჯერებთ, მაგრამ ამ რუკის მიხედვით, საქართველოზე რუსეთის გავლენა უზარმაზარია.

- როდემდე?

- ყოველთვის იყო და იქნება... ვერ ვხედავთ, რეალურად ეს როგორი გავლენაა. რუსი ხალხისა და რუსული კულტურის წინააღმდეგი არ ვარ, არც რადიკალური ნაციონალიზმი მახასიათებს, მაგრამ ამ რუკის მიხედვით, რუსეთს არ აწყობს, რომ საქართველო დალაგებული და ეკონომიურად ძლიერი სახელმწიფო იყოს.

- საქართველოს მუნდანური რუკა როდის სრულდება?

- ეს რუკა მანამ იქნება, ვიდრე არ შევცვლით. საერთოდ...

- ქალბატონო ლია, ამბობთ, რომ ამ რუკიდან გამომდინარე, საქართველოში მუდმივი სიდუხჭირე იქნება და ხალხი ვერ გამდიდრდება...

- ამ რუკის ცენტრალური თემა სწორედ ისაა, რომ ხალხი ვერ მდიდრდება.

- სამაგიეროდ, ფულს რაღაც კასტა შოულობს, არა?

- დიახ, მაგრამ კასტა საქართველოს მთელი მოსახლეობა არაა. ვანო, ამ რუკის მიხედვით და, საერთოდაც, ჩვენს მოსახლეობას მოთმენა მაქსიმალურად შეუძლია. ეს ეთნოსის რუკაზეც კარგად ჩანს.

- ეთნოსის რუკა მუნდანურისგან განსხვავდება?

- რა თქმა უნდა... მართალია, მოთმენის დიდი უნარი გვაქვს, მაგრამ ამ დაბადების რუკაში ძალიან დიდი დისბალანსია. იცით, როგორი სიტუაციაა? - შეიძლება, ცოტა გაიწიო, კიდევ - ცოტა, მაგრამ ამის იქით ვეღარ წახვალ, რადგან კედელია და ყველაფერ ამაზე უდიდესი გავლენა რუსეთს აქვს. მეტიც, რუსეთს გავლენა საქართველოს აბსოლუტურად ყველა მთავრობაზე ჰქონდა და ექნება.

- კრემლს გავლენა იმ მთავრობაზეც ჰქონდა, რომლის დროსაც საქართველოს მუნდანური რუკა დაიბადა?

- დიახ.

- რუსული გავლენა პრეზიდენტებზეც ვრცელდება?

- ვრცელდება...

- ზოგმა შეიძლება, თქვენზეც თქვას, რუსული გავლენის ქვეშააო, მით უმეტეს, ისეთი ტიპის სასწავლებლები, რომელიც დაამთავრეთ, სპეცსამსახურების ინტერესისგან თავისუფალი არ არიან ხოლმე...

- სპეცსამსახურებისგან შეთავაზება არასოდეს მქონია... საერთოდ, ასტროლოგია ობიექტურობას მოითხოვს. სხვათა შორის, ახლობლებს - შვილს, ქმარს პირად ჰოროსკოპს არ ვუკეთებ, რადგან შეიძლება, ემოციურად დაინტერესებული ვიყო.

- ...ფული ასტროლოგიას არ ანათებს?

- რა გითხრათ?! ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ... მეცნიერი ვარ, ვზივარ და პლანეტებს, ფორმულებს ვითვლი და მინდა, კარგად ვიცხოვროთ და მუდმივი სტრესის ქვეშ არ ვიყოთ... ვანო, 2007 წლის ბოლოს, 2008 წლის პროგნოზი გავაკეთე და ვთქვი, რომ აგვისტოში ომი იქნებოდა.

- მერე, თქვენი გაფრთხილება ყურად არავინ იღო?

- ეს პროგნოზი ოკულტურ ჟურნალში დაიბეჭდა და შეიძლება, ბევრმა არც ნახა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში შემეშინდა.

- რამ შეგაშინათ?

- როცა პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებ, ჰგონიათ, რომ ეს პირადი ემოციური დამოკიდებულება და შეფასებაა. ახლა კი, აღარაფრის მეშინია - შიშით დავიღალე და სათქმელი უნდა ითქვას!

- თქვით, გისმენთ!

- ვამბობ - ზაფხულამდე არაფერი გვეშველება!

- “ნაციონალებიდაბრუნდებიან?

- არა. შეიძლება, პარლამენტში იყვნენ, მაგრამ სახელმწიფო სათავეში მესამე ძალა მოვა.

- ვინაა ეს მესამე ძალა?

- ჯერ არ ჩანს...

- ისიც რუსული გავლენის ქვეშ იქნება?

- ამ რუკის მიხედვით, ყველა ძალა პრორუსულია!

- რუსული გავლენა როგორ უნდა დამთავრდეს?

- რუკა უნდა შევცვალოთ!

- როგორ? სხვათა შორის, “ნაციონალებიამბობდნენ, რომ ახალი სახელმწიფო 2003 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. გერბიც შევცვალეთ და ჰიმნიც. ეს დაბადება არ იყო?

- დოკუმენტურად, სად დაფიქსირდა, რომ ახალი სახელმწიფო დაიბადა, ან ეს ახალი სახელმწიფო რისი მემკვიდრე იყო?

- ახალი სახელმწიფოს დაბადება ნოტარიუსმა უნდა გააფორმოს თუ იუსტიციის სახლმა?

- როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა, ეს დოკუმენტურად დაფიქსირდა - დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს და ისიც ითქვა, რომ ეს ახალი სახელმწიფო 1918-1921 წლის რესპუბლიკის მემკვიდრეა. 2003 წლის 23 ნოემბერს კი რა დაფიქსირდა?

- ხომ გითხარით? - გერბი და ჰიმნი შეიცვალა...

- მერე რა?! რუკა რევოლუციის მომენტზეც მაქვს აგებული, სააკაშვილის ინაუგურაციაზე და დროშა-ჰიმნის შეცვლაზეც, მაგრამ ეს რუკები არ მუშაობს, ანუ ცენტრალურ მოვლენებზე არ რეაგირებენ და მთლიანი სახელმწიფოს ცხოვრებას არ ასახავენ.

- 2030 წელს ახალი ქართული სახელმწიფო დაიბადება?

- ასეთი ხანგრძლივი პროგნოზი არ გამიკეთებია...

ისე, ხელისუფლებაში ჩინოვნიკების ის კასტა მოვა, რომელმაც საქმე იცის, მუშაობის გამოცდილებაც აქვს და სუფთაცაა.

- სხვათა შორის, რევოლუციამდელი მინისტრები, როგორც ვიცი, პარტიის შექმნას აპირებენ...

- შეიძლება...

- ზემოხსენებული რუკა უკრაინის ხელისუფლებაშინაციონალებისდანიშვნასაც მოიცავს?

- არა, ეს მხოლოდ საქართველოს რუკაა...

- ანალოგიური რუკა დავით აღმაშენებლისა და თამარის დროსაც არსებობდა?

- არსებობს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 299 წლის 21 დეკემბრით დათარიღებული ეთნოსის რუკა, რომელიც იცით, როგორი სიცოცხლისუნარიანია? - რაც უნდა მოხდეს, ეთნოსი იარსებებს.

- ქართული ეთნოსი მომავალშიც ამ გეოგრაფიულ პარამეტრებზე იცხოვრებს?

- რა თქმა უნდა...

- შიმშილი გვემუქრება?

- კი... ხალხს ფული არ აქვს და ეს შიმშილი არაა?

- რომ შემოგთავაზოთ, მთავრობისთვის იმუშავებთ?

- დიახ, ვიმუშავებ, თუმცა ჯგუფი უნდა შეიქმნას, სადაც მსოფლიოში წამყვან ასტროლოგებსაც მოიწვევენ, რადგან ყველაფერს ჩემს თავზე ვერ ავიღებ.

- ესე იგი, ქალბატონო ლია, ხელთ საქართველოს გადარჩენის გასაღები გაქვთ?

- დედამიწაზე, ზეციურის გარდა, მიწიერი კანონებიც არსებობს, მაგრამ თუკი საქართველოს მუნდანური რუკა შევცვალეთ, ისე საშინლად, როგორც ვცხოვრობთ, აღარ ვიცხოვრებთ! სხვათა შორის, თავის დროზე ყველა წამყვანი ქვეყნის რუკა შევისწავლე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ასეთი საშინელი რუკა ჩვენ და, სიდუხჭირის კუთხით, რუსებს გვაქვს. ეს შემთხვევითი არაა. მოკლედ, თუკი სახელმწიფო მზად იქნება, ამ რუკის შეცვლა შეიძლება და თუ “ზევით” ოკულტიზმში ვინმე ერკვევა, მიხვდება, რასაც ვამბობ...

 

P.S. დღეიდან, “ქართული სიტყვა”, ყოველ ოთხშაბათს, “ასტროლოგიურ-ეზოთერულ ცენტრთანერთად, საინტერესო მიმოხილვას შემოგთავაზებთ. შემდეგ ნომერში ჩვენი სტუმარი ამ ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე ბიძინაშვილი იქნება.