სკანდალი - როგორ ამარაგებენ პოლონეთის შრომის ბაზარს ქართველი მუშახელით

სკანდალი - როგორ ამარაგებენ პოლონეთის შრომის ბაზარს ქართველი მუშახელით

შრომითი მიგრაცია, რომელიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო, არათუ მცირდება, არამედ, უფრო ღრმავდება - მძიმე სოციალური ფონი, ნიჰილიზმისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის და უმუშევარი მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან... ,ქართულ სიტყვასბათუმელი თამაზ თურმანიძე დაუკავშირდა, რომელიც სააგენტო შპს ,,რედ სტარ გრუპისმეშვეობით, პოლონეთში სამუშაო ვიზით გაემგზავრა.

თამაზ თურმანიძე: - მოგეხსნებათ, ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაცაა. აჭარის მაღალმთიანი სოფლიდან გახლავართ, დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს, რომ უსახლკარო ვარ. სახლის საყიდელი ფული რომ შემეგროვებინა, საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე, თორემ პურის ფულს საქართველოშიც ვიშოვიდი. ადრე სამუშაოდ თურქეთში დავდიოდი, მაგრამ წელიწადნახევრის წინ, ,,25-ე არხზე” მორბენალი სტრიქონი გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს პოლონეთში დასაქმებას სთავაზობდა. თბილისში, ლაღიძის ქუჩა ¹10-ში სააგენტო ,,რედ სტარ გრუპს“ მივაკითხე. დამარწმუნეს, რომ კარგი ანაზღაურებით, სამუშაოს მიშოვნიდნენ და საშუალება მექნებოდა, ექვსი თვის განმავლობაში, პოლონეთში ლეგალურად ვყოფილიყავი.

- პოლონეთში გამგზავრება რა თანხა დაგიჯდათ?

- თავიდან 1 000 ევრო გადავიხადე, რასაც პოლონეთის საელჩოში 60 ევრო დაემატა, სადაზღვევო პაკეტისთვის - 180 ლარი და უამრავი წვრილმანი ხარჯი, რომელიც ბათუმიდან თბილისში ყოველ ჩამოსვლაზე უნდა გადამეხადა. ყველაფერ ამის მოგვარებას ორთვენახევარი მოვუნდი. გარდა ამისა,  ტრანსპორტირების ხარჯებიც მე უნდა გადამეხადა. მოკლედ, სულ 3 ათასი დოლარი დამიჯდა.

- ოფისთან ბევრი ხალხი ტრიალებს?

- საზღვარგარეთ წასვლის მსურველი საკმაოდ ბევრია, ქალებიც შემინიშნავს.  სად მიდიან, ვერ გეტყვით.

- რა სახის სამუშაო შემოგთავაზეს?

- თავიდან ლაპარაკი ქარხანა-ფაბრიკებზე, კონკრეტულად, ძეხვის დამამზადებელ საწარმოზე იყო. მერე, მშენებლობაზე, ასე ვთქვათ, არმატურაზე მუშაობა შემომთავაზეს. ამ საქმეში კომპეტენცია არ მაქვს, ამიტომაც უარი ვთქვი. საბუთები რომ გამზადდა, მითხრეს, რახან წარმოშობით სოფლიდან ხარ, ღორების ფერმაში გაგზავნითო. ამაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. ბოლოს, ვაშლის გასხლვაზე შევთანხმდით.

- .. პოლონეთში ვაშლის გასხვლაზე სამუშაოდ წახვედით და თქვენს  შრომას 450 ევროდ შეაფასებდნენ, არა?

- დიახ, ასე შევთანხმდით. პოლონეთში წასვლა 27 იანვრიდან შემეძლო, მაგრამ ვინაიდან სამუშაო ვერ გამონახეს, ვარშავაში ერთ ქართველთან, ივანესთან ერთად, 8 თებერვალს გავფრინდი. ივანე პროფესიით მზარეულია და შესაბამის სამუშაოს მოლოდინში იყო... აეროპორტში, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ, შუამავალი მოვიდა, რომელიც რკინიგზის ბილეთების შეძენაში დაგვეხმარა. ვარშავიდან სხვა ქალაქში გადავედით, სადაც ისევ ველოდეთ პიროვნებას, სახელად ვლადიმერს, რომელმაც, ერთ ქართველ ახალგაზრდასთან ერთად, სოფელში წაგვიყვანა, ვარშავიდან 400 კილომეტრის მანძილზე. ფერმაში სამნი ჩავედით, იქ ორი უკრაინელი მუშა დაგვხვდა, ერთს ორი თითი წაჭრილი ჰქონდა. მიზეზი ვკითხეთ და გვითხრა, რომ ღორებმა წააჭამეს. Mმივიხედ-მოვიხედეთ, გარშემო ენით აუწერელი სიბინძურე სუფევდა - იქ ადამიანის გაჩერება შეუძლებელი იყო. რაღაც ,,თეთრეული” მოგვიტანეს, მაგრამ ვამჯობინეთ, ტანსაცმლიანად მივწოლილიყავით. გათენდა და იქაურობა იმაზე საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე - ღამე ჩანდა. ფერმას, სადაც 12 ათასი ღორი ბინადრობდა, უზარმაზარი ტერიტორია ეკავა. ,,ვალინკებსა” და სპეცსამოსში იყვნენ ჩაცმულნი, მაგრამ უკრაინელებს მაინც აუტანელი სუნი ასდიოდათ. იქ რამდენიმე თვეში ისე დაავადმყოფდებოდი, რომელი დაზღვევა მიშველიდა?!

უკრაინელმა გვითხრა, აქ ქართველები ჩამოდიან, მაგრამ თვენახევარზე მეტს ვერავინ უძლებს და გარბიანო. ჩვენს მესამე თანამგზავრს უკანასკნელი 50 ევროც დამხვდურმა უკრაინელმა გამოართვა, თბილისის ოფისს ჩემთვის შენი ფული ჯერაც არ მოუციაო.

- აკი, ვაშლის გასხვლაზე შეთანხმდით?

- დიახ, მაგრამ როცა ვუთხარით, რომ ოფისთან ამ სამუშაოზე არ ვიყავით შევთანხმებულნი, შუამავალმა გვიპასუხა, სხვა სამუშაო არ არსებობსო. ყველაფერი ამით დამთავრდა.

მე და ივანემ ფული გადავთვალეთ - ვარშავამდე გვეყოფოდა. ქალაქამდე სოფლის ავტობუსს გავყევით... სამუშაოს შოვნის მიზნით, ქართულ წარწერებს ვეძებდით. ერთგან ქართულ სახაჭაპურეს გადავაწყდით, ივანე შევიდა და მეპატრონეს დაელაპარაკა. უთხრეს, შაბათს გამოგვიარე, ვნახავთ, რა შეგიძლია, თუ მოგვეწონე, დაგიტოვებთო.

- კომპანიის ქართული ოფისიდან არავინ შეგეხმიანათ?

- ივანეს ურეკავდნენ და ჩემზე ეუბნებოდნენ, როგორმე დააკავეო. ბევრი ვიფიქრე, რა გზას დავდგომოდი. შემეძლო, ბილეთი მეყიდა და სხვა ქვეყანაში გადავსულიყავი, მაგრამ გარანტია არ მქონდა, რომ ჩავბარდებოდი, ანუ იმ ქვეყანაში გაჩერების უფლებას მომცემდნენ. უკან დაბრუნება გადავწყვიტე, ივანე აეროპორტის ვაგონში დავტოვე - იმდენი ფული ჰქონდა, რომ შაბათამდე პურს და წყალს იყიდდა. რამდენიმე დღის მერე, მობილურზე მომწერა, სამუშაოდ ამიყვანეს, პურის ფულს ვაკეთებო. ფერმაში დარჩენილ ბიჭზე კი ვერაფერს მეუბნება, მის ნომერზე სხვა პასუხობსო.

- გამოდის, რომ სამუშაოდ გზავნიან და ამაში ფულს იღებენ. იქ ჩასულების ბედს კი არავინ კითხულობს, არა?

- საზღვარზე შეფერხება არ გვქონია - თავისუფლად გაგვატარეს. სააგენტოს სათქმელი აქვს, რომ ყველაფერს კანონიერად აკეთებს. ეს იურისტებმაც მითხრეს, როცა სახელშეკრულებო დოკუმენტი ნახეს, მაგრამ პოლონეთში ჩასულთა ბედით არავინ ინტერესდება. იქ ჩასულები სამუშაოს თავად ეძებენ, ან სხვა ქვეყნებში გადადიან. ჩვენმა მთავრობამ კი არ იცის, მისი მოქალაქეები სად ქრებიან. ჩემი დაკვირვებით, ყველას იმ ფერმაში უშვებენ, სხვა სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ აქვთ!

- თბილისში დაბრუნების მერე, ,,რედ სტარ გრუპსარ მიმართეთ?

- როგორ არა, დაბრუნებისთანავე პატრული გავაჩერე და ჩემი მდგომარეობა ავუხსენი. მირჩია, ოფისში მივსულიყავი და თუ საჭირო გახდებოდა, პატრულისთვის იქიდან დამერეკა. ოფისში აქეთ შემომიტიეს, რატომ გამოიქეცი და არ დარჩი. შენ სამუშაო გიშოვნეთ, თუ შრომა გეზარება, რისთვის წახვედიო... როცა ხეხილის გასხლვის საკითხი შევახსენე, გაუკვირდათ, ეგ როდის გითხარითო. აბა, ღორების ნაკელის საზიდავად ვინ მიდის ევროპაში, ნეტა?!

- უკრაინელები, რომლებიც იქ დაგხვდნენ...

- უკრაინაში ომია და, ალბათ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.Aმე გარკვეული მოსაზრებით და მიზნით წავედი. ხეხილის გასხვლაში, მართალია, ანაზღაურება 450 ევრო იქნებოდა, მაგრამ საცხოვრებელს გვპირდებოდნენ, საჭმელი კი თავად უნდა მეყიდა სამუშაო საათებიც განსაზღვრული - 8-9 საათი იქნებოდა, დამატებით შრომა კი, ანაზღაურდებოდა.

- ამბობთ, რომ ადრე სამუშაოდ თურქეთში დადიოდით. იქ როგორი ანაზღაურებაა?

- უფრო მეტი, ვიდრე - პოლონეთში, მაგრამ ჯანმრთელობისთვის იმდენად მძიმე და მავნე კლიმატური, ასევე, ფიზიკური დატვირთვაა, რომ ჩაის, თხილისა და ხილის კრეფაში ჩართული ადამიანები უდროოდ ბერდებიან.

- რას აპირებთ, სასამართლოს მიმართავთ?

- ოფისში ისიც მითხრეს, თუ გინდა, გვიჩივლე, არაფრის გვეშინიაო. პოლონეთში რამდენიმე დღით წასვლა-ჩამოსვლა 3 ათასი დოლარი დამიჯდა, თან ექვსი თვის განმავლობაში, ვეროპის ერთ ქვეყანაშიც ვეღარ შევალ. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მითხრეს, რომ მოწვევის დოკუმენტსა და ხელშეკრულებაში მეორე მხარე ვალდებულებას კანონიერად იცავს და, თურმე, ვერაფერს შევედავები. ასე რომ, იმედი არაფრის მაქვს. მინდა, სხვები გავაფრთხილო, ანკესზე ნუ წამოეგებიან. მთავრობამ კი, უნდა გაითვალისწინოს, ჩემსავით, ქვეყნის გარეთ სამუშაოდ ბევრი ადამიანი მიდის და ასეთი ოფისები გადაამოწმოს... ასეთი საქმეები საელჩოებისა და საკონსულოების გარეშე ხომ არ კეთდება?!

ლაღიძის 10 ნომერზე აბრაა: ,,დასაქმება პოლონეთში”. ოფისში შესვლისთანავე, ახალგაზრდა ქალმა, სიტყვის თქმაც არ დამაცადა, მაშინვე საქმეზე გადავიდა. ქალებისთვის სამუშაო ასაკის მიხედვით ჰქონდა დახარისხებული: სასტუმროები, სასტუმროები და ავადსახსენებელი ფერმა.. როცა თავი გავაცანი, ბრალი არაკორექტულობაში დამდო. აღშფოთდა, თავს ძალა დაატანა და მწირი ინფორმაცია მომცა, თუმცა დამპირდა, რომ უფროსს, ვლადიმერ პადოვსკის შეატყობინებდა და ეს უკანასკნელი, თუ მოისურვებდა, არასამუშაო საათებში მიმიღებდა.

 

მილა, სააგენტოს თანამშრომელი: - ბატონ თამაზს ერთმანეთში ეშლება კანონი და ემოციები. რვა თებერვალს აქედან გავაგზავნეთ და 12 თებერვალს კარზე მოგვადგა. ჩვენ დაპირებული სამუშაო ვუშოვეთ, მაგრამ მუშაობა არ ისურვა და უკან დაბრუნდა. იცით, 400 ევროს ვთავაზობდით, 400 ევროს.. თქვენ გაქვთ 400 ევრო საქართველოში ხელფასი?

- ემოციებში რას გულისხმობთ, რა, ბატონი თამაზი გეჩხუბათ?

- საკმაოდ ხმაურიანად მოვიდა... თურქეთზე ლაპარაკობდა, სადაც მეტი ანაზღაურება ჰქონდა, თურმე, ის კი ავიწყდება, რომ იქ არალეგალურად მუშაობდა, ჩვენ კი, ლეგალურ სამსახურს ვთავაზობდით. ჩვენთან უკან დაბრუნებული ხალხი მადლობით მოდის.

- ქალბატონო მილა, თამაზ თურმანიძე აჭარის მთიანი სოფლიდანაა, შესაძლოა, მუსულმანიცაა, ამიტომ, ღორებთან მუშაობაზე არ დათანხმდებოდა, თან ამბობს, რომ ხეხილის გასხლვაზე მუშაობას დაჰპირდით.

 - ტყუილია, როცა იქიდან დამირეკა, პირადად ვუთხარი, თუ არ გინდა ფერმა, ვაშლის გასხლვაზე გაგიშვებ-თქო, მაგრამ უკვე გაბრაზდა და აღარ მომისმინა.  თავიდან ანკეტა რომ შეავსო, მისი მონაცემების მიხედვით, რახან სოფელშია გაზრდილი, ფერმა შევთავაზეთ, მანაც ის სამუშაო აირჩია, სადაც მეტი ანაზღაურება იყო. როგორ ფიქრობთ, კაცი საზღვარგარეთ ისე წავა, არ ეცოდინება, რა სამსახური ელოდება?

- ბედის ანაბარა ბევრი მიდის. ფერმა ბევრჯერ ახსენეთ, მეც კი, მთავაზობდით.Mმაინტერესებს, თუ იცოდით, ფერმაში სამუშაოდ რა პირობებია?

- რა პირობებს ელოდებოდა?

- ადამიანურს.

- ძალიან ნორმალური პირობებია იმ ფერმაში, მაგ ადგილს კიდევ ოთხი კაცი ელოდებოდა,

- სამნი წავიდნენ ფერმაში, ორნი უკან დაბრუნდნენ, იქ დარჩენილ ახალგაზრდაზე რამე იცით?

 - არ დამირეკა და რა უნდა ვიცოდე, რა, ობოლია, ვერავინ შემატყობინებს თუ რამე სჭირდება? მაპატიეთ, ხალხი მელოდება, მეტს ვერაფერს გეტყვით. კარგად ბრძანდებოდეთ.

ქალბატონმა მილამ გამომისტუმრა თუ არა, ოფისში ორი მამაკაცი შევიდა. გარეთ მომლოდინემ კი მკითხა, ხომ მშვიდობააო? ყველაფერი კარგად არის-მეთქი, მივუგე და დავინტერესდი, ოფისის შესახებ საიდან გაიგო. კაცმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ქალბატონი მილა გამოვარდა და გაბრაზებულმა მოითხოვა, საუბარი შემეწყვიტა. ვითარების გამწვავებას მოვერიდე, რადგან ვლადიმერ პადოვსკისთან შეხვედრას ვაპირებდი...

 

ვლადიმერ პადოვსკი, სააგენტო ,,რედ სტარ გრუპისდამაარსებელი- სააგენტო 2004 წელს დაარსდა. წარმატებით ვმუშაობთ. 2007 წლამდე აშშ-ში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველვყოფდით - ზაფხულობით ამერიკულ ლაინერებზე ოფიციანტებად, მომსახურე პერსონალად ვაგზავნიდით. როცა პროგრამა აქტუალური აღარ იყო, აშშ-ის საკონსულომ სამუშაო ვიზების გაცემა შეწყვიტა. მერე ლიტვა-ლატვიის სამუშაო ვიზებით დავინტერესდით.

- ამ ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა რა ღირდა?

- სხვადასხვა ფასი იყო. ძირითადად, უბრალო მუშის საქმე იყო. 2009 წლიდან, კრიზისის მერე, მხოლოდ პოლონეთზე ვმუშაობთ, დღესდღეობით აქტუალურია უბრალო მუშისა და არა - მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დასაქმება, რომლებიც ქარხანა-ფაბრიკებში, სამშენებლო ობიექტებზე იმუშავებენ. 2008 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებიდან სამუშაო ვიზებს მხოლოდ პოლონეთი იძლევა.

- პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან კავშირი გაქვთ?

- ადრე ვეკონტაქტებოდით, მაგრამ კარგა ხანია, სააგენტოებთან ურთიერთობის უფლება აღარ აქვთ. ზედმეტი საუბრები რომ არ იყოს, ჩვენ დამოუკიდებლად ვმუშაობთ, ჩვენი საქმიანობა კანონიერია, ოფიციალურ ვიზებს ვაკეთებთ და ხალხს ლეგალურად ვასაქმებთ.

- პოლონეთში სამუშაოდ წამსვლელებს როგორი სახის  მომსახურებას სთავაზობთ?

- დასაქმების მსურველთათვის კომპანიას ვპოულობთ, რომელიც პიროვნებას სამუშაოდ აიყვანს. ვიზების მიღების საქმეში კონსულტაციებს ვუწევთ. ამის მერე, იქ ჩასულ მოქალაქესთან დამსაქმებელი კონტრაქტს დებს, რომელშიც შედის შრომითი ანაზღაურების, სამუშაო პირობების, დამატებითი საათების შემთხვევაში ანაზღაურების, საცხოვრებლის, კვების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ კომპანიის კომპეტენციაში არ ვიჭრებით - ეს პოლონური კომპანიის პასუხისმგებლობაა. ისინი შესაბამისი სტრუქტურებიდან იღებენ ნებართვას და მერე სთავაზობენ სამსახურს. პოლონური მხარე, როგორც ყოველთვის, შრომის უფლებას არ არღვევს.

- ტექნიკურად, ყველაფერი ეს როგორ კეთდება?

- ოფისში სპეციალისტი მოდის, მაგალითად, კვალიფიციური შემდუღებელი, ან მძღოლი მართვის მოწმობით, ჩვენ ვთავაზობთ გარანტირებულ სამუშაოს, ოღონდ არ უნდა მოგვატყუოს და ნამდვილად შეეძლოს იმ სამუშაოს შესრულება.

- როცა მოქალაქეს კვალიფიკაცია არ აქვს?

- მაშინ ვთანხმდებით, იმ მომენტში რა სამუშაოც იქნება, იმას უნდა დასჯერდეს. ვითვალისწინებთ მის სურვილს, რომ უკეთესი შევურჩიოთ, მაგრამ  ზოგჯერ ადამიანი ჭირვეულობას იწყებს, ეს არ მაწყობს, ის არ მაწყობსო.

- კარგი... დავიწყოთ თავიდან: ვთქვათ, ადამიანი ვარშავაში ჩაფრინდა. მერე?

- წასვლის წინ, წერილობით ინსტრუქციას ვაძლევთ, როგორ მოიქცეს აეროპორტში, როგორ იყიდოს იქაური სატელეფონო კარტა, როგორ გაიაროს სწორად საზღვარი, როგორ მივიდეს ვაგზალზე, ვაძლევთ საკონტაქტო ტელეფონებს; ვასწავლით, როგორ გამოგზავნონ ჩვენთან შეტყობინება მგზავრობისა და პრობლემების შესახებ, თუკი გაჩნდა. იქ ხვდება დამსაქმებელი, მიჰყავს სამუშაო ადგილზე, დამსაქმებელი მასთან ხელშეკრულებას დებს და აქ ჩვენი მოვალეობა წყდება - მერე საქმე უკვე დამსაქმებელთან აქვს.

- დამსაქმებელთან ასეთი ხელშეკრულება თამაზ თურმანიძეს არ ჰქონდა?

- იგი, ფაქტობრივად, სამუშაოდ არ გასულა, ამიტომაც ხელშეკრულება არ დაუდეს. ჩავიდა, ღამე გაათია და უკან, საქართველოში დაბრუნდა.

- თამაზ თურმანიძე იმ იმედით წავიდა, რომ ხეხილის გასხლვაზე იმუშავებდა.

- მას კარგად ანაზღაურებადი სამსახური უნდოდა. ძალიან სიცივე იყო, ხეხილის სხვლა ძნელი და ნაკლებად ანაზღაურებადი სამუშაოა. ფერმა კი მისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.

- ბატონო ვლადიმერ, იცით, რომ ის მუსულმანია? შესაბამისად, ღორების ფერმაში სამუშაოდ არ წავიდოდა.

- ბატონი თამაზი სოფლად გაიზარდა, ამიტომ, მაღალხელფასიანი სამუშაო შევთავაზე სოფელში. არ უთქვამს, რომ მუსულმანია. მშვენივრად იცოდა, სადაც მიდიოდა. სატელეფონო საუბარში პრეტენზია გამოთქვა, იქვე შევთავაზეთ ხეხილის სხლვა, მაგრამ ამაზეც უარი თქვა.

- მაინც, რამდენია ღორების ფერმაში მომუშავის ხელფასი?

- დასაწყისში რვა ზლოტი, მერე - ათი ზლოტი დღეში, პოლონეთში ეს კვალიფიციური სპეციალისტის ხელფასია.

- თუ ხელფასი ასეთი მაღალი იყო, რატომღა დაბრუნდა?

- არ მოინდომა, რადგან ფერმაში საქმე ძნელი მოეჩვენა - მოუწევდა ცხოველების გამოკვება, შენობის დასუფთავება... დამატებით სამუშაო საათებში კი, დამსაქმებელი დამატებით გადაუხდიდა.

- ფერმაში სამუშაოდ ბევრს აგზავნით? უკრაინელები თამაზ თურმანიძეს ეუბნებოდნენ, რომ ქართველები თვენახევარზე მეტი იქ ვერ ჩერდებიან, რადგან არაადამიანური პირობებია.

- თქვენ ლაპარაკობთ უკრაინელებზე, როგორ? მათთვის ადამიანური პირობებია და ქართველებისთვის - არაადამიანური? პრობლემა ადამიანებშია და არა - სამუშაოში.

- გინდათ თქვათ, რომ ქართველებს მუშაობა არ უყვართ?

- ქართველები ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ, ვერ აცნობიერებენ, მსოფლიოში რა ხდება. ამის გამო ხშირად პრობლემები აქვთ.

- უკან ბევრი ბრუნდება?

- არა, მაგრამ იქიდან გვირეკავენ პრეტენზიებით და ხან რა არ მოსწონთ, ხან - რა. ამბობენ, რომ სამუშაო ბინძურია, ძნელია.

- თუ ყველას ამ ფერმაში აგზავნით, სხვას რას ელოდებით? ფერმის გარდა, ხალხს სხვა რა სამუშაოს სთავაზობთ?

-  ვთავაზობთ ფრინველების ფაბრიკაში, ქარხანაში, ხორცკომბინატებში, მშენებლობებზე მუშაობას. საქართველოში მეტად რთული რეალობაა, ჩვენთან ხშირად მოდიან ინტელიგენციის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისული წლების მერე, უმუშევარნი არიან, აღარ აქვთ შრომითი დისციპლინის ჩვევები. როცა მუშა წარამარა სიგარეტს ეწევა, ნელა მუშაობს, ბუნებრივია, ეტყვიან, არ გამოგვადგებიო. ამიტომაც წასვლამდე ადამიანებს ვაფრთხილებთ, მზად რისთვის უნდა იყვნენ. ისინი კი, ხანდახან რეკავენ და ამბობენ, რომ შინ შიმშილობა ურჩევნიათ, ვიდრე ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობა, მაგრამ არასოდეს ამბობენ, რომ ხელფასი არ გადაუხადეს, უხეშად მოექცნენ, ერთი კვირაც არ ჩერდებიან ადგილზე, გარბიან და ხანდახან უარეს პირობებში ხვდებიან და საქმეს იფუჭებენ. ცუდი დისციპლინისკენ მიდრეკილება ქართული საზოგადოების პრობლემაა და არა - პოლონეთის. პოლონეთში ბევრი უკრაინელი მუშაობს. როცა პოლონელ აგენტებსა და დირექტორებს ვესაუბრები, ხშირად ქართველებზე უარს მეუბნებიან.

- რატომ?

- ქართველებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. განსაკუთრებით მშენებლები სჭირდებათ, გარე სამუშაოებებისთვის, შემდუღებლები მაღალი კვალიფიკაციით, რაც ძნელი საპოვნელია საქართველოში, ასევე, უნდათ ფაბრიკებში ნამუშევარი მკერავი ქალები.

- ექვსი თვის მერე, ვიზას ვადა გასდის, უკან დაბრუნებულები ფულს ისევ იხდიან?

- მათ ვიზას დამსაქმებელი უგრძელებს, შეუძლიათ დროებით პასპორტის აღებაც, ზოგჯერ ახერხებენ და ოჯახებიც თან მიჰყავთ.

- პოლონეთში გაგზავნილებთან კონტაქტი აღარა გაქვთ?

- იურიდიულად, მათ წინაშე ვალდებულება არ გვაქვს - გადავეცით კომპანიას და მორჩა, მაგრამ თუკი დარეკავს და სხვა სამუშაოზე გადაყვანას გვთხოვს, იმ შემთხვევაში, თუკი უხეშობს, ან ყვირის, დამიბრუნე ფული, აღარ მინდა სამუშაოო, ვპასუხობთ, გინდა იმუშავე, გინდა - არაო. ექვსი თვის განმავლობაში, მათ სამედიცინო დაზღვევას ,,ალდაგი ბი სი აი” უზრუნველყოფს. მუშაობის დაწყების მერე კი, პოლონური სახელმწიფოს დაზღვევით სარგებლობენ.

პიოტრ აპოსტოლიდისი, პოლონეთის კონსული საქართველოში: - პოლონეთის სახელმწიფო ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დგას და ნამდვილად სჭირდება მუშახელი. 2011 წლის ივლისიდან, პოლონეთის საელჩომ პროგრამა - ,,სეზონური სამსახური პოლონეთში” აამოქმედა. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, საკონსულოსთვის მიემართათ, თავიანთი მონაცემები გაეცნოთ და პოლონეთში დასაქმებაში ხელს შევუწყობდით. სიმართლე გითხრათ, ქართველებზე ცუდი არასოდეს მსმენია, პირიქით, ჩემი ინფორმაციით, მათ კარგი რეპუტაცია აქვთ. სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისში, პოლონეთში დასაქმების პერსპექტივით, 30-მდე ტურ-ოპერატორი საქმიანობს და ისინი ჩვენს უფლებამოსილებას ითავსებენ - პოლონეთში მეგობრებს უკავშირდებიან, პოულობენ ვაკანსიებს და მერე, ხალხს უზარმაზარ ფულს ართმევენ. ბევრი მათგანი მსხვერპლია - ისინი უცხო ქვეყანაში ბედის ანაბარა რჩებიან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვაცნობეთ, თუმცა საკონსულოში წელიწადნახევრის განმავლობაში, პრეტენზიით მხოლოდ ერთი მოქალაქე მოვიდა - დაპირებულ სამუშაო ადგილზე არ დაასაქმეს. სიყალბის გამოსავლენად საკონსულო აპლიკაციებს ამოწმებს, ვრეკავთ რეგისტრაციის ადგილებზე, ასევე, ვამოწმებთ, საით მიემართებიან დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეები.