თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის. პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გზას დაადგება აქტიურ საქმიანობაში დაბრუნებული ექსმინისტრი. იმის თქმა, რომ სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება, ჯერ ძნელია, თუმცა ქართული რეალობისთვის მსგავსი ტრანსფორმაცია უცხო არაა, თუმცა დავით თევზაძე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს... როგორც წესი, ინტერვიუს ჟურნალისტები ვიწყებთ - პირველ შეკითხვას ვსამთ. დავით თევზაძე კი, ამ მხრივაც გამონაკლისია - პირველი შეკითხვა თავად დამისვა:
- ინტერვიუსთვის რამდენი დრო დაგჭირდებათ?
- არ ვიცი... ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ენაწყლიანი იქნებით - რესპონდენტებს ლაპარაკი უყვართ... ალბათ, 15-20 წუთი გვეყოფა.
- ისე, ლაპარაკი მეც მიყვარს, მაგრამ გააჩნია, რამდენი წლის შემდეგ...
- ახლა თქვენს ახალ ოფისში ვარ და...
- ახალი კი არა, ჯერჯერობით ერთადერთი ოფისია.
- ჰოდა, ამ ახალ და ერთადერთ ოფისში რის გაკეთებას აპირებთ? აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვებით?
- ამ წუთას გეგმები საკმაოდ არასაინტერესოდ ჟღერს იმიტომ, რომ ჯერჯერობით ორგანიზაციული საქმიანობით ვართ დაკავებული. არის რაღაც საკითხები, რომლებიც კარგად უნდა გავაკეთოთ. დაახლოებით, მარტის 10 რიცხვში, პრეზენტაციას ვგეგმავთ და ძირითად საქმიანობას ამის მერე შევუდგებით.
- ორგანიზაცია თავიდანვე პოლიტიკური იქნება თუ პოლიტიკურ პარტიად შემდეგ გარდაქმნით?
- ეს სამოქალაქო მოძრაობაა და საქმიანობა ასევე გაგრძელდება.
რაც შეეხება აქტიურ პოლიტიკაში გადასვლას, ამას წინასაარჩევნო ვითარება გვაჩვენებს. ასე რომ, ამ თემაზე ლაპარაკი ახლა არ მინდა.
- “ოცნების” ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილო ხართ? თქვენს თავს ქართული პოლიტიკის რომელ ფლანგზე ხედავთ?
- როცა ასეთ ასპარეზს ვიწყებ, იმას, უკმაყოფილო ვარ თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს იმიტომ, რომ უკმაყოფილო ადამიანი ვერაფერს ქმნის. გარდა ამისა, ვთვლი, რომ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს, გაყინულია. გამოცოცხლება რომ მოხდეს, ამის ერთადერთი იმპულსი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვაა. ეს მოძრაობაც სწორედ ამიტომ იქმნება.
- ანუ, ეს ის დროა, როცა პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოებამ გარკვეული გავლენა უნდა მოახდინოს?
- დიახ. სამოქალაქო საზოგადოებას სტიმული, მუხტი სჭირდება, რომ თავის სახელმწიფოს შემოუბრუნდეს და პოლიტიკურ პროცესებს მკვდარი წერტილიდან დაძვრის საშუალება მისცეს.
- დღეს პოლიტიკური სპექტრი ორადაა გაყოფილი - ხელისუფლება და “ნაციონალები”. ისეთი პარტიებიც არიან, რომელთაც თავიანთი პოლიტიკური ნიშა ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. დავით თევზაძე შეძლებს, ისეთი პარტია შექმნას, რომელიც ე.წ. მესამე ძალის ფუნქციას შეასრულებს?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არაა. გარდა ამისა, იქ, რა სურათიც დახატეთ, ჩემი ადგილი არ არის.
- აბა, თქვენი ადგილი სადაა?
- ვითარება გვიჩვენებს...
- ვინ თქვა, რომ დავით თევზაძე ალაპარაკდაო?!. რა ვითარებას ელოდებით?
- ნორმალური ვითარება არ არის. სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს და მეტი რა უნდა ვიფიქრო? ეს ის მოტივია, რამაც მიბიძგა, რომ ასეთი ნაბიჯი გადამედგა.
- ბევრი ამბობს, რომ 90-იან წლებში ვბრუნდებით. თქვენ, როგორც მაშინდელი მთავრობის წარმომადგენელი, რას იტყვით - დღევანდელობა იმ პერიოდს ჰგავს?
- ეს დემაგოგიაა, რომლითაც “ნაციონალები” ცდილობენ, ზედაპირზე იყვნენ.
- თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზეც უნდა შეგეკითხოთ: ბევრი ამბობს, რომ სამინისტროში “ჩეკისტების” გუნდი მოვიდა, რაც უწყებისთვის სახიფათოა...
- ეს პროცესი ახლა კი არა, 2004 წელს დაიწყო და ის ძირითადად იმ უნდობლობითაა გამოწვეული, რომელიც ჯარის მიმართ ყველა ხელისუფლებამ გამოამჟღავნა. ხელმძღვანელი კადრები, ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომპლექტდებოდა. ის სიახლე კი, რაზეც მელაპარაკებით, ალასანიას დანიშვნასთან ერთად მოვიდა, როცა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სპეცსამსახურებიდან მოვიდნენ.
- თქვენთვის ალასანია სპეცსამსახურის თანამშრომელია და არა - პოლიტიკოსი?
- დიახ. ის, რომ მან პოლიტიკაში გადაინაცვლა, ამან დიდი გავლენა არ იქონია. ეს კარგი არაა და ამაზე ხშირად ვლაპარაკობ.
- კარგი რა არ არის?
- სამხედრო მინისტრი, რომელსაც ადრე ომის მინისტრს ეძახდნენ, ან ძალიან ძლიერი პოლიტიკური ფიგურა უნდა იყოს, ან - ძალიან ძლიერი პროფესიონალი. იმ პატივისცემის მიუხედავად, რომელიც სპეცსამსახურებისა და შსს-ს მიმართ მაქვს, ეს ადამიანები ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. ამიტომ ჯარი, როგორც ასეთი, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და ეს ყველაფერს ეტყობა.
- თავდაცვის უწყებაში საკადრო წმენდა დაიწყო. წმენდაში თქვენიდროინდელი კადრებიც მოყვნენ?
- ჩემი პერიოდის კადრები მასიურად 2004 წელს გაუშვეს. მერე, ზოგი დაბრუნდა. ოფიცერთა შემადგენლობაში თაობათა ცვლა მოხდა, რაც ყოველთვის კარგი არაა. ძალიან ბევრი ადამიანი, პირადი მოტივაციით, სწრაფად დაწინაურდა. ჯარისთვის კარგი არც ეს არის.
თავი ამასაც რომ დავანებოთ, ჩემი პერიოდისა და გაცილებით ადრინდელი კადრები უფრო პროფესიონალები იყვნენ, ვიდრე - ისინი, რომლებიც დღეს არიან, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ძველი დროიდან მოდიან, ნაწილობრივ მაინც დარჩნენ. მაგალითად, გენშტაბის ამჟამინდელმა უფროსმა სამსახური 90-იან წლებში დაიწყო.
- იმასაც ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროში ე.წ. მეხუთე კოლონა მოქმედებს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ...
- ეს სერიოზულ თემად არ მიმაჩნია... თქვენ ამბობთ, კადრების წმენდა დაიწყოო, არც ეს ვითარება მიმაჩნია ნორმალურად. კადრები მაშინ არის გასაწმენდი, თუ თავის სამუშაოს თავს ვერ ართმევს. თავში ვის რა აქვს, რისი სწამს და ვისი მომხრეა, - ეს არავის საქმე არაა. სამხედრო სამსახური სპეციფიკურია და თუ ადამიანი ამ სამსახურს თავს ართმევს, იმის ძებნას უნდა შეეშვან, ვინ ვისი მომხრეა. თავის დროზე დავაწინაურე ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს საპირისპირო მხარეს იბრძოდა, მეტიც, საშუალება მივეცი, სპეციფიკური სამხედრო განათლება მიეღო და ფლოტის სარდლად დავნიშნე - მხედველობაში გიგლა ირემაძე მყავს, რომელიც ე.წ. ზვიადის ბანაკში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი იყო.
- ეს რატომ გააკეთეთ?
- იმიტომ, რომ ის ადამიანი და მისი შესაძლებლობები თავდაცვის სისტემას სჭირდებოდა. ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ... ჯარში ყველაფერი ხელის გულზე დევს და ვინმემ რამე როგორ უნდა გააფუჭოს?
- როგორც ამბობთ, ჩვენს კონტექსტიდან ამოვარდნილ ჯარს, შესწევს ძალა, თავის ფუნქცია შეასრულოს?
- ამ სახელმწიფოში ჯარიც ისევეა მიშვებული, როგორც ბევრი სხვა რამ და ამიტომ, ეჭვი მეპარება, იმ ფუნქციის შესრულება შეძლოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული.
- ისევ უნდა გკითხოთ: ამის მიზეზი რუსული კვალი ხომ არაა? ხშირად რუსულ სპეცსამსახურებს თქვენს სახელსაც უკავშირებენ. ამაზე რას იტყვით?
- არაფერსაც არ ვიტყვი! ამაზე სერიოზულად ლაპარაკიც არ მინდა.
- სახელმწიფო ამბობს, რომ ვეტერანების დასაცავად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. თქვენ, როგორც ვეტერანი, ადასტურებთ?
- ეს ცალკე თემაა. ვეტერანებთან დაკავშირებით ძალიან მძიმე სოციალური ფონია. მათ პრობლემებზე რამდენიმე ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, სახელმწიფო სამსახური, თუმცა არ ვიცი, რაღაცების გაკეთებას ცდილობს თუ არა... ვცდილობ, არ ჩავერიო იმიტომ, რომ ჩარევა იქნება “კონტექსტიდან ამოვარდნილი”. ისე, ჩემს ორგანიზაციაში ყველა ვეტერანს ვეპატიჟები - ყველა ძალიან მიყვარს.
- თქვენი მოძრაობა ვეტერანების დამცველი იქნება?
- მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ვეტერანების დამცველი უნდა ვიყო. ვეტერანებიც უნდა იყვნენ ჩემი დამცველები. ჩვენ ერთმანეთი ისეთ ცხოვრებაში გამოვატარეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს.
- ბოლოს, ბატონო დავით, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებთ და არც იმას ამბობთ, რომ პარტიას ქმნით, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ხელისუფლებაში დარჩენას არჩევნებამდე შეძლებს?
- არც ვანგა ვარ და არც - სხვა წინასწარმეტყველი... გაუჭირდება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს, სხვა სცენარი ჯერჯერობით არ ჩანს. ვადამდელ არჩევნებს, როგორც ჩანს, ვერ მოახერხებენ.
P.S. ინტერვიუსთვის განკუთვნილი დროიდან ორი წუთი კიდევ დამრჩა. დავით თევზაძემ “დამამშვიდა”, ამ ორ წუთს შემდეგ დაგიმატებო. მოკლედ, ამ “ბონუსს” იმ დროისთვის შევინახავ, როცა თავდაცვის ექსმინისტრი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება და, შესაბამისად, პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელ ბევრ ლაპარაკს მიეჩვევა.