გურიის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში შპს “ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს” 11 მედპერსონალს ნარკოლოგიური შემოწმება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. შემოწმებულთა შორის საავადმყოფოს დირექტორი კახა ასკურავა, ექიმები და ადმინისტრაციის თანამშრომლები იყვნენ. გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ორი ექიმისა და ერთი ლაბორანტის დასკვნით, მათგან არც ერთს შარდში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოაჩნდა. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა კახა ასკურავამ აღნიშნა, ნარკოლოგიური შემოწმება მოულოდნელად ჩატარდა. ნარკოლოგიურ ცენტრში საავადმყოფოს ორი თანამშრომელი არ იმყოფებოდა. ამიტომ, მათ უახლოეს დღეებში შეამოწმებენ.
ნარკოლოგიური შემოწმების დღე. 11 საათი. გურიის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში მოულოდნელად იხმეს ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები. მათ ნარკოლოგიური შემოწმება უნდა ჩაიტარონ. რეგისტრაციისა და ექიმებთან, მარინა მჟავიასა და ირინა ზოიძესთან კლინიკური შემოწმების შემდეგ, იწყება არასასიამოვნო პროცესი - შარდის ჩაბარება:
- მოშარდე? - ეკითხება ერთი ექიმი მეორეს.
- ძლივს, - პასუხობს მეორე, - ეთქვათ და ზევით არ მოვშარდავდი, ან კათეტერს წამოვიღებდი, - პასუხობს მეორე, რომელსაც, ეტყობა, მართლაც გაუჭირდა.
მოკლედ, გაჭირვებით, მაგრამ მაინც ყველამ დროულად შეძლო ლაბორატორიისთვის ბიომასალის ჩაბარება. ანალიზებში ნარკოტიკის არანაირი კვალი არ აღმოჩენილა. შემოწმების პროცესს ლაბორატორიულ კაბინეტში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიც აფიქსირებდა.
ნარკოლოგიური შემოწმების შემოღებას ექიმი ანესთეზიოლოგი ილო დოლიძე დადებითად აფასებს. “როგორც ექიმს, მიმაჩნია, რომ ნარკოლოგიური შემოწმება ყველა მედიცინის მუშაკმა და არა მარტო მათ, სხვა უწყების თანამშრომლებმაც უნდა გაიარონ. ეს სავალდებულოა”, - აცხადებს დოლიძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ქირურგ ლეო თოიძეს: “ჩვენთვის ეს შემოწმება არის ზედმეტი. ის პირები უნდა შეამოწმონ, ვინც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაშია ეჭვმიტანილი. თანაც, ვფიქრობ, ეს შემოწმება უნდა ჩატარდეს თბილისში და არა აქ”.
ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის კახა ასკურავას თქმით, ექიმების შემოწმება აუცილებელი იყო: “გამოკვლევაში საავადმყოფოდან 11-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 4 მამაკაცი ადმინისტრაციის წარმომადგენელი გახლავთ, დანარჩენები კი ექიმები არიან. გამოკვლევა არ ჩაუტარებია რეანიმაციის ორ ექიმს, რადგანაც ისინი წინა ღამით მორიგეობდნენ და შემოწმების მომენტში, საავადმყოფოში არ იმყოფებოდნენ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ კლინიკაში, სადაც არსებობს ექიმის პირადი საქმე, აუცილებლად უნდა იდოს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობაც”.
გურიის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ნარკოლოგი გია თავბერიძე ამბობს, რომ ნარკოლოგიური შემოწმება საჯარო მოხელეებმა უნდა გაიარონ:
“კანონით, ნარკოტიკული შემოწმება ყველა საჯარო მოხელემ, ყოველ 6 თვეში უნდა გაიაროს, მაგრამ ამას ყველა არ აკეთებს, რაც კანონის უგულებელყოფაა. ჩვენ შემოწმებას მოულოდნელად ვატარებთ და შიდა სტანდარტებით, პიროვნებას 28 ლარს ვახდევინებთ”.
როგორც ნარკოლოგიურ ცენტრში გვითხრეს, თუ ეს თანხა შემოწმებულმა პირებმა ნაღდი ანგარიშსწორებით არ გადაიხადეს, ხელფასიდან დაექვითებათ.