ცოტაც და, განათლების სამინისტროს მიერ შარშან დაანონსებული საატესტატო გამოცდებიც გაიმართება, ოღონდ ერთი განსხვავებით: საატესტატო და გამოსაშვები გამოცდები ერთდროულად არ ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისაღები გამოცდების ჩატარების წესი არ შეიცვლება. ხოლო იმას, თუ რას უნდა ელოდონ მეთორმეტეკლასელები საჯარო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, განათლების ეროვნული ცენტრის უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი ივა მინდაძე განგვიმარტავს დეტალურად.
იმთავითვე ითქვა, რომ გამოსაშვები გამოცდების ტესტები მინიმალურ კომპეტენციაზე იქნებოდა გათვლილი. ეს პირობა დაცული იქნება?
- მოგეხსენებათ გამოსაშვები გამოცდების იდეა შარშან იანვარში გამოცხადდა და დადგინდა, რომ გამოცდები ჩატარდებოდაა რვა საგანში. ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და ერთ-ერთი უცხო ენა. მოგეხსენებათ, ყველა სკოლა მოსწავლეს, მინიმუმ, ორ უცხო ენას ასწავლის და მოსწავლის ნებაა, რომელ უცხო ენას აირჩევს ჩასაბარებლად. გამოსაშვები გამოცდები, სავარაუდოდ, 23 მაისს დაიწყება და ივნისის პირველ კვირამდე გასტანს. თითო საგანს დაეთმობა თითო საგამოცდო დღე, ბუნებრივია, 26 მაისსა და კვირა დღეს გამოცდა არ ჩატარდება.
აღწერეთ გამოცდების მიმდინარეობის პროცედურა.
- გამოცდები ჩატარდება კომპიუტერების მეშვეობით. აღვწეროთ პროცესი: მოსწავლე შედის საგამოცდო ოთახში, იკავებს ადგილს კომპიუტერის წინ, შეჰყავს თავისი საიდენტიფიკაციო ნომერი, რის შემდეგაც მისდის პირველი დავალება ოთხი სავარუდო პასუხით. მან უნდა შეარჩიოს პასუხი და მონიშნოს. შემდეგ პროგრამა მოითხოვს მისგან პასუხის დადასტურებას, მან უნდა დაადასტუროს თავისი პასუხი, ანუ ორჯერ უნდა დააჭიროს ღილაკს. შემდეგ პროგრამა მომდევნო დავალებაზე გადადის. დავალებები სხვადასხვა სირთულისაა. თითოეული შემდგომი დავალება დამოკიდებულია წინა პასუხზე. თუ მოსწავლემ სწორად უპასუხა პირველ შეკითხვას, ის ოდნავ რთულ დავალებას მიიღებს.
თუ ვერ უპასუხა?
- უფრო იოლ დავალებას იღებს.
ორივე შემთხვევა განვიხილოთ: რა ხდება, როდესაც მოსწავლე სტაბილურად სწორად პასუხობს დავალებებს და რა ხდება, როდესაც სტაბილურად არასწორად პასუხობს?
- თუ სწორად პასუხობს დავალებებს, უფრო და უფრო რთული მოდის, ხოლო, თუ არასწორად პასუხობს, უფრო და უფრო იოლ დავალებებს იღებს. რაღაც მომენტში პასუხები დასტაბილურდება და განისაზღვრება ზღვარი.
თუ სწორად გავიგე, რამდენიმე არასწორი პასუხის შემდეგ დგინდება მოსწავლის შესაძლებლობის ზღვარი?
- ეს არის ის ნიშნული, რომელიც მიუთითებს, რომ მოსწავლის ცოდნა ამოწურულია.
ვთქვათ, წარმატებით ვუპასუხე შვიდ დავალებას და ამის შემდეგ ვერც ერთს ვეღარ ვპასუხობ, ქულა რის მიხედვით დამეწერება?
- ქულა არ არსებობს. მოსწავლის თითოეული დავალება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უპასუხა წინა დავალებას. ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდიგვერდ მსხდომებს ერთნაირი კითხვები არ იქნებათ. ვთქვათ, ერთისთვის ნიშნული აღმოჩნდა 17 და ამისთვის პროგრამას დასჭირდა 50 დავალების მიწოდება, მეორისთვის – 28 და ამისთვის პროგრამამ მიაწოდა 37 დავალება. ანუ რეალურად სხვადასხვა და სხვადასხვა სირთულის დავალებები მისდით.
რა დროა გამოყოფილი საგამოცდოდ?
- თითოეული გამოცდა განსაზღვრულ დროში უნდა ჩატარდეს. სავარაუდოდ, იქნება ოთხი ცვლა და თითოეულისთვის – საათ-ნახევარი.
დავალებაზე პასუხის გაცემის დრო შეზღუდულია?
- სხვადასხვა დავალებას სხვადასხვა დრო ექნება საგნების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, ყველა მოსწავლეს ექნება ქაღალდი და კალმისტარი, თუ გამოთვლები დასჭირდება, შეეძლება ფურცელზე გამოთვლების შემდეგ მონიშნოს სწორი პასუხი. ხშირად კარგ მოსწავლეებს ეშლებათ ხოლმე გამოთვლები. ეს რომ არ მოხდეს და ამის გამო ერთ დავალებაზე არ დაკარგონ ნახევარი საათი, უმჯობესია, პასუხი არასწორად ჩაითვალოს და სხვა დავალებაზე გადავიდეს. ამიტომ თითოეულ დავალებას ზღვრული დრო ექნება.
რამდენი მეთორმეტკლასელია წელს?
- დაახლოებით, 50 000-მდე.
ესე იგი, 12 000-ზე მეტი კომპიუტერი დაჭირდება, სულ მცირე, ამ საქმეს. გაქვთ უკვე?
- კომპიუტერები არის, ესენია „ნეტბუქები“ და მათ უახლოეს ერთ თვეში მიიტანენ სკოლებში. თითოეული საჭიროებს პროგრამულ დამუშავებას. ცხადია, საქმე ტექნიკასთან გვაქვს და შესაძლოა, რომელიმეს რამე მოუვიდეს.
სხვათა შორის, თეორიულად შესაძლოა, ყველას მოუვიდეს ერთდროულად.
- შესაძლოა, სინათლე გაითიშოს. მაგრამ ტესტირება მყისიერ რეჟიმში მიმდინარეობს. თითოეული პასუხი დამახსოვრებულია და, თუ მწყობრიდან გამოვიდა კომპიუტერი, ეს არ ნიშნავს, რომ პასუხები დაიკარგა, მოსწავლეს შეუძლია, დაიკავოს ადგილი სხვა კომპიუტერთან და, სადაც შეჩერდა, იმ ადგილიდან განაგრძოს დავალებებზე პასუხის გაცემა. თითოეულ საკლასო ოთახში იქნება მეთვალყურე და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალიტი. იმ შემთხვევაში, თუ გაუმართაობის აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, გათვალისწინებულივ სათადარიგო დღეები და მოსწავლეს იმავე სკოლაში შეეძლება იმავე გამოცდის მეორე დღეს ჩაბარება.
დიდი ხათაბალა გელით, როგორც ვატყობ?
- ძალიან რთული საქმეა.
მხოლოდ თითო-თითო კლასი იქნება ქსელში ჩართული თუ მთელი ეს 3 000 მოსწავლე საათ-ნახევარს საერთო ქსელს იქნება მიერთებული?
- ჩართული იქნება სერვერთან, რომელიც უზრუნველყოფს დავალებების მიწოდებას. ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ ხდება ქსელების ოპტიმიზაცია. გამოცდები ჩატარდება 1 500-ზე მეტ სკოლაში. საგამოცდო კომპიუტერები რამდენიმე კვირის განმავლობაში მომზადების პროცესს გაივლის. რაც მთავარია: ორი აპრილიდან ცხრა აპრილის ჩათვლით დღის ორი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ყველა მოსწავლეს, რომელსაც აქვს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი, შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში. ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება სიტემა. მოსწავლე შესაბამის ველში მიუთითებს პირადობის მოწმობის 11-ციფრიან პირად ნომერს, რის შემდეგაც ხედავს საგნების ჩამონათვალს. შესაბამისი საგნის მონიშვნის შემდეგ პრეტესტის მონაწილე იწყებს ტესტური დავალების მიღებას. განსხვავებით საგამოცდო პროცესისგან საცდელი რეჟიმისას მოხსნილი იქნება „გაჩერების წესი“, რათა მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ. მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალეას, თუმცა ის არ შეფასდება, ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე გამოჩნდება სწორი პასუხი.
თვითონ გამოცდის დროს ეცოდინება მოსწავლეს სწორად უპასუხა თუ არა დავალებას?
- მიდის მსჯელობა იმ საკითხზე. ტექნიკურად პრობლემა არ არსებობს, მაგრამ, სავარაუდოდ, გამოცდაზე არ იქნება ეს ოფცია ჩართული. გამოცდა სტრესთანაა დაკავშირებული, შესაძლოა, მოსწავლე აღელდეს არასწორი პასუხების გამო და ამ მღელვარებამ კიდევ უფრო დააბნიოს.
რა შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდა ჩაბარებულად?
- გადასალახავი ზღვარი დადგინდება გამოცდის შემდეგ. ეს გამოცდა პირველად ტარდება.
როგორ, კრიტერიუმი არ არსებობს?! მერედა, ეს არ არღვევს მოსწავლის უფლებებს? როგორ შეიძლება არ ვიცოდე, რას ვუდარებ ჩემს ცოდნას და არ ვიცოდე, რა დონის ცოდნა მევალება?
- არის ეროვნული სასწავლო გეგმა, რის საფუძველზეც შეიქმნა საგამოცდო პროგრამა.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ, სახელდობრ, სკოლას ამ მეთორმეტეკლასელებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი უსწავლებია?
- საშუალო დონის მოწაფე გადალახავს ყველა ბარიერს.
ის სტატისტიკა მაინც თუ გაქვთ, საშულო დონის რამდენი მოსწავლეა ჩვენს მეთორმეტეკლასელებში?
- ასეთი სტატისტიკა არ არის, ერთადერთი ამოსავალია ის ქულები, რაც მათ აქვთ ამა თუ იმ საგანში სკოლაში, მაგრამ ეს სხვა საკითხია.
როგორც მივხვდი, ეს პირველი გამოშვება არის საექსპერიმენტო, რომლის ბაზაზეც დადგინდება ზღვარი, თუ ყოველ წელს სხვადასხვანაირ ზღვარს დაადგენთ?
- ყოველ წელს, შესაძლოა, სხვადასხვა ზღვარი იყოს. წელს უფრო იოლი გამოცდები იქნება, ცხადია, ვითვალისწინებთ, რომ რიგ სკოლებში, მაგალითად, ქიმიის გაკვეთილი საერთოდ არ ჩატარებულა. ამას გარდა, ეს სიახლე წელიწად-ნახევრის წინათ გამოცხადდა და შესაძლებელი იყო ამ დროის ამისთვის გამოყენება.
ერთ წელიწადში ქიმიას ვერ ისწავლი.
- მინიმალურ დონეზე სწავლა შეიძლება.
და მიმალური დონეა საშუალო განათლების მიზანი?
- რაღაც შეღავათები იქნება, ამიტომაც არ გვინდა, წინასწარ ვთქვათ, რა იქნება ნიშნული.
ისე, თქვენ, ანუ ცენტრმა იცის?
- წინასწარ არ ვიცით, რა შედეგები იქნება, რამდენად განიცადეს პროგრესი მოსწავლეებმა სამ თვეში.
პროგრესს რა განაცდევინებდა?
- ჯერ ერთი, მოტივირებულები იყვნენ, გარდა ამისა, ყველა სკოლა შაბათ-კვირას მეთორმეტეკლასელებს თავაზობს დამატებით გაკვეთილებს.
შაბათ-კვირას შეთავაზებული გაკვეთილები თქვენგან მესმის პირველად. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მასწავლებლების ნაწილი, იმის ნაცვლად, რომ კლასს ჩაუტაროს გაკვეთილი, კერძოდ ამეცადინებს თავის მოსწავლეებს?
- პროგრამაშია ჩადებული, რომ სკოლებმა შაბათ-კვირას დამატებითი სააათები შეთავაზონ მეთორმეტეკლასელებს იმ საგნებში, რომლებშიც ცოდნის დეფიციტია. ყველა ცდილობს, სერიოზულად მოემზადოს გამოცდებისთვის.
უნაზღაურდებათ ეს შაბათ-კვირა მასწავლებლებს თუ ენთუზიაზმზე ამუშავებენ?
- რა თქმა უნდა, უნაზღაურდებათ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს: ასე შემთხვევები იქნება და ეს საკმაოდ არაკეთილსინდისიერი საქციელია, მაგრამ ყველა პედაგოგი ამას ნამდვილად არ აკეთებს.
რა თქმა უნდა, ყველა არც მიგულისხმია!
- მგონია, რომ მომავალში ეს პრაქტიკა შენელდება, რადგან ის მოსწავლეები, რომლებიც დღეს მეცხრე კლასში არიან, მოითხოვენ მასწავლებლებისგან, რომ ცოდნა მიიღონ. ეს ყველაზე კარგი პრეტენზიაა მოსწავლისგან და კარგი იქნება, თუ მუდამ მწვავედ იდგება.
არაქართული სკოლების მოსწავლეები რა ენაზე ჩააბარებენ გამოცდებს?
- მათ ჩაუტარდებათ გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, დანარჩენ საგნებში კი სპეციალურად მათი სასწავლო პროგრამების მიხედვით მომზადდება დავალებები. მათ შეუძლიათ აირჩიონ საგამოცდო ენა: ჩააბარონ აზერბაიჯანულად, რუსულად ან სომხურად.ერთი ისაა, რომ რუსულსკოლადმთავრებული ვერ აირჩევს რუსულ ენას უცხო ენად.
ძალიან კარგი, რადგან მისაღებ გამოცდებზე, აბიტურიენტს შეუძლია, საგამოცდო, ანუ მშობლიურ ენადაც აირჩიოს რუსული და, იმავდროულად, უცხო ენადაც.
- მისაღებ გამოცდებზე ეს ისევ ასეა.
როგორც ვიცი, თქვენ გამოსცადეთ ტესტური დავალებები. ცოდნის რა დონე აჩვენეს ჩვენმა მეთორმეტეკლასელებმა?
- განსხვავებული დონე აჩვენეს. შედარებით არ უჭირთ ქართული ენა, უცხო ენა, ისტორია, მაგრამ უჭირთ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. ჩვენ შევამოწმეთ არა მოსწავლეების დონე, არამედ დავალებები.
რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ ქიმიისა და ფიზიკის დავალებები მარტივი იქნება?
- უფრო მეტი იოლი დავალება შეირჩევა.
რას ურჩევთ მეთორმეტეკლასელებს?
- როგორც გითხარით, ერთიანი გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე ორი აპრილიდან დევს გამოსაშვები გამოცდების დავალებების ნიმუშები. ივარჯიშონ და, რაც მთავარია, არ ინერვიულონ, რადგან მღელვარება ხელს შეუშლით. მაქსიმალურად მობილიზებული შევიდნენ გამოცდაზე. აკრძალულია ტელეფონის ან სხვა ტექნიკური საშუალების შეტანა, შესაძლებელია წყლის შეტანა პლასტმასის ჭურჭელში.
პასუხები როდის ეცოდინებათ?
- გამოცდის დასრულებისთანავე ეცოდინებათ, რა ნიშნულზეშეჩერდა მათი ცოდნა, მაგრამ გამსვლელი ქულა დადგინდება გამოცდების დამთავრების შემდეგ, ივნისის შუა რიცხვებამდე.
ივნისის ბოლოს მისაღები გამოცდები იწყება. ძალიან ცოტა დროს აძლევთ. ეს არ არის სტრესი?
- დრო ძალიან ცოტაა. მაგრამ იმედია, სისტემა დაიხვეწება.
აპელაცია შესაძლებელია?
- შესაძლებელია აპელაციის რამდენიმე ფორმა. ერთია ტექნიკური აპელაცია: თუკი მოსწავლე მიიჩნევს, რომ მისი უფლებები შეილახა გამოცდის დროს და მისი ეს აპელაცია დაკმაყოფილდება, მოსწავლეს მიეცემა საშუალება, რომ ხელახლა ჩააბაროს გამოცდა. ასეთი აპელაციის შეტანა იმავე დღეს ხდება, რაც შეეხება შინაარსობრივ აპელაციას: მოსწავლეს შეუძლია მოითხოვოს, გადამოწმდეს, რამდენად სწორად გაასწორა პასუხები პროგრამამ, თუმცა თვითონ მოსწავლეს არ აჩვენებენ ამ დავალებებს. მეტიც, მოსწავლემ სამუშაო ფურცელიც უნდა დატოვოს საგამოცდო ცენტრში.
რატომ, ასეთი მკაცრი ზედამხედველობა?
- ეს დავალებათა ბანკია და ის კონფიდენციალურია.
მაგრამ რატომ უნდა ვენდო ასე ბრმად მანქანას? მისაღები გამოცდების შედეგები ძალიან გამჭვირვალეა. ეს პროცესი რატომ არის ასეთი გაუმჭვირვალე?
- ის ხარისხი, რომელიც მისაღებ გამოცდებზეა, საატესტატო გამოცდებზე, არ არის, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ის, რაც მისაღებ გამოცდებზე ხდება, არსად არის მსოფლიოში.
გასაგებია რატომაც: ცივილიზებული მსოფლიო ევოლუციით მივიდა წესიერებამდე და ობიქტურობამდე, ჩვენ კი დიდი ჭაობიდან მოვდივართ და ამ გამჭვირვალობას სისტემისადმი ნდობის მოპოვების ფუნქცია აქვს. ამიტომაც, ჩემი აზრით, სავალდებულო წესით უნდა იყოს გამჭვირვალე?
- ფაქტია, რომ არის საატესტატო გამოცდების შედეგების აპელაციის საშუალება, მაგრამ დავალებებს მოსწავლეს ვერ გავატანთ, ვაჩვენებთ, მაგრამ ვერ გავატანთ.