სამხედრო წვრთნები, როგორც ძალის დემონსტრირება

სამხედრო წვრთნები, როგორც ძალის დემონსტრირება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ ქმედებად აფასებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებულ სამხედრო წვრთნებს. მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები 2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში - სულ 12 პოლიგონზე დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვა არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისაკენ მიმართული მორიგი ქმედება. სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და რუსეთის ფედერაციისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანასა და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციას მოითხოვს. საქართველოს მთავრობაში რუსეთის ქმედების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ მექანიზმად საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია მიაჩნიათ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ პროვოკაციულ ნაბიჯს სათანადო რეაგირება მოჰყვება:

“ჩვენი მიზანი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ეძღვნება ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ევროკავშირისა და ნატოს დედაქალაქებში“.

თავის მხრივ, რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ყირიმის ანექსირებული ნახევარკუნძულის და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დასავლური სამყაროს წინაშე ძალის დემონსტრირებად მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი:

“მსოფლიო უფრო ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს რუსეთის ქმედებებს, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ან, თუ გინდა, მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ როგორც არ უნდა იქცეოდეს დასავლური სამყარო, დემოკრატიული სამყარო რუსეთთან მიმართებაში, აფასებდეს მის აგრესიულ ქმედებებს მეზობელი სახელმწიფოს მიმართ, რუსეთი მაინც განაგრძობს, თავხედურად განაგრძობს თავის პოლიტიკას - ამ შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განლაგებული შეიარაღებული ძალებით ახორციელებს ძალის დემონსტრირებას“.

თავის მხრივ, საქართველოსა და უკრაინის მთავარი საკითხების, კერძოდ, უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული მიმართულებების ურთიერთკავშირზე გააკეთა აქცენტი ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, თუ როგორ უშლის ხელს რუსეთის გეგმების განხორციელებას აფხაზი ხალხის ნება:

“რუსეთი განაგრძობს თავის სვლას საქართველოს მიმართულებით. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაფორმდა სწორედ ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ინტეგრაციის შესახებ. და ინტეგრაცია ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აკონტროლებს თითქმის ყველაფერს ამ ტერიტორიებზე - არა მარტო სამხედრო საკითხებს, არამედ განათლებასაც, საპენსიო უზრუნველყოფასაც, მონეტარულ საკითხებსაც და ყველაფერ სხვას. ასე რომ, ამ ადგილიდან მინდა განვაცხადო, რომ ერთადერთი რამ, რაც ხელს უშლის რუსეთს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადოს, როგორც ეს ყირიმის შემთხვევაში მოხდა, ესაა აფხაზი ხალხი, რომელიც არ არის მზად გახდეს რუსეთის ნაწილი“. 

ვაშინგტონში მყოფმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთში გართულებების თავიდან ასაცილებლად არ აცხადებს რუსეთი თავის ტერიტორიად სამხრეთ ოსეთსაც. რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტი გაფორმდეს, სოხუმთან კი მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება 5 მარტს ამოქმედდა.

ასეთ ფონზე, პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის აზრით, სამხედრო სწავლებები რუსეთის სამხრეთ ნაწილსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმართულია არა უშუალოდ საქართველოს, არამედ ნატოს სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შესვლის წინააღმდეგ: 

“ანუ ნატოს ძალების გაძლიერება რეგიონში გახდა საბაბი იმისა, რომ ასე უცაბედად მათ დაიწყეს ეს სწავლებები. ამ ეტაპზე სხვა მიზანი ამ სწავლებების, მით უმეტეს, ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო სწავლებები, გამოკვეთილი არ არის“.

რუსეთის თავდაცვითი ძალების სწავლებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. წვრთნაში ჩართულია 2000 სამხედრო მოსამსახურე და 500-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა. საველე მეცადინეობები 10 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტას რუსეთს შვეიცარიის საელჩოს გავლით გადასცემს.