ქართული პოლიტიკის „პოსტმოდერნული მდგომარეობა“

ქართული პოლიტიკის „პოსტმოდერნული მდგომარეობა“

2012 წლამდე საქართველოს პოსტსაბჭოთა ხელისუფლება ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად მონოლითური, რაც განაპირობებდა მართვის ვერტიკალურ სტილს, ძალაუფლების კონცენტრაციას მთავრობის (ანუ პოლიტიკურ) ლიდერში, ამკვიდრებდა ლიდერის უალტერნატივობის განწყობას საზოგადოებაში. სამივე პოლიტიკური ლიდერი (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) იქმნიდა მესიანისტურ პოლიტიკურ იმიჯს. მეტიც - ისინი ხელს უწყობდნენ ამ იმიჯის განმტკიცებას.

ასეთი პოლიტიკური რეჟიმები ისწრაფვოდა პოლიტიკური და პარტიული გავლენების, ანუ ძალაუფლების უნივერსალიზაციისაკენ ყველა მიმართულებით, რაც ეჭვქვეშ აყენებდა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპს - ძალაუფლების განაწილებას.

აღნიშნული ვითარება განაპირობებდა:

  • აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის ჰარმონიზაციას, რაც ხშირად მათ შორის საიდუმლო გარიგებებში, ერთი მიმართულებით სვლაში გამოიხატებოდა;
  • სტრატეგიული გადაწყვეტლებების სწრაფ და ურევიზიო მიღებას;
  • ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მარგინალიზაციას;
  • მესამე სექტორის მარგინალიზაციას.

ამგვარი ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმები თანაარსებობდა სამ, თვისებრივად ერთმანეთთან დაპირისპირებულ პარადიგმასთან: ა) გამსახურდიას დროს ეს იყო ეთნიკური ნაციონალიზმი; ბ) შევარდნაძის ეპოქაში ეს იყო სახელმწიფო მართვის რაციონალიზაცია;გ) სააკაშვილის ეპოქაში ეს იყო საქართველოს მოდერნიზაცია. სამივე ამ პარადიგმას, არსებითი განსხვავებების მიუხედავად, ერთი რამ აერთიანებდა: ძალაუფლების უზურპაცია და ამბივალენტურობის, ანუ განსხვავების მიუღებლობა.

ცხადია, ობიექტური ინსტიტუციური შედეგების თვალსაზრისით, მოდერნიზაციის პარადიგმა ყველაზე ნაყოფიერი იყო: საქართველოს მოდერნიზაცია დაუკავშირდა კორუფციასთან ბრძოლას, კრიმინალის ნეიტრალიზებას, ინფრასტრუქტურის რეორგანიზაციას, საჯარო სერვისების ეფექტიანობას და ა.შ. თუმცა მოდერნიზაციის „დიადმა მიზნებმა“ შეიწირა ადამინის კერძო ინტერესები და უფლებები - როგორც ეკონომიკური, ისე მისი ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები: სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, ბიზნეს-აქტივობის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა და სხვ. საბოლოო ჯამში, მოდერნიზაციის იდეა, რომელიც დეჰუმანიზაციის ნიშნით მიდიოდა, აღმოჩნდა ის პოლიტიკური და სოციალური ველი, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლება დამარცხდა 2012 წელს.

2012 წელს საქართველომ შეიძინა პრინციპულად ახალი პოლიტიკური დიზაინი: ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური კოალიცია, რომელიც ერთმანეთთან იდეოლოგიურად არცთუ ჰომოგენური პოლიტიკური სუბიექტებისაგან შედგებოდა. ამ პარტიებს აერთიანებდა გარკვეული სტრატეგიული ღირებულებები (მაგალითად, საგარეო პრიორიტეტები - ორიენტაცია დასავლეთზე და საერთაშორისო სტრუქტურებში გაწევრიანებაზე), მაგრამ მათი ძირითადი შემაკავშირებელი მაინც იყო ე.წ. „ნეგატიური მობილიზაცია“, ანუ სააკაშვილის რეჟიმთან დაპირისპირება.

დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურმა ეკლექტიზმმა გამოიწვია ერთიანი უპირობო პოლიტიკური ლიდერის მხოლოდ სიმბოლური შესაძლებლობა. ბიძინა ივანიშვილი იყო წინააღმდეგობის მოძრაობის გამაერთიანებელი, რასაც ასაზრდოებდა მისი წარსული ქველმოქმედებით და ანონიმურობით განპირობებული წონადი სოციალური კაპიტალი და, რასაკვირველია, უზარმაზარი ეკონომიკური კაპიტალი, რომელიც გაღარიბებეულ და მარგინალიზებულ ოპოზიციას ჰაერივით სჭირდებოდა. თუმცა, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით (მისი პოლიტიკურ ფიგურად ქცევით) დაიწყო მისი სოციალური კაპიტალის ნელი, თუმცა თანმიმდევრული გაფერმკრთალება. ეს პროცესი საზოგადოებაში უფრო იყო შესამჩნევი, თუმცა კოალიციის შიგნითაც გამჟღავნდა (მაგალითად, უთანხმოება ივანიშვილსა და ალასანიას შორის). ამას მიხვდა თავად ივანიშვილი და თავისი წასვლით კიდევ უფრო დააჩქარა უპირობო პოლიტიკური ლიდერის დელეგიტიმაციის პროცესი.

დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ლიდერის ნაცვლად მივიღეთ მისი სიმულაცია. ბევრი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს დღესდღეობით არაფორმალური, „ჩრდილში მყოფი“ ლიდერი მართავს ივანიშვილის სახით. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ამაში მდგომარეობს პოლიტიკური ჰიპერრეალობის, აბსურდის და სიმულაციის აზრი: მართავს ის, ვინც ვერ მართავს, რამდენადაც შეუძლებელია მიმდინარე პოლიტიკის დეტალებთან ყოველდღიური შეხების გარეშე, კულუარებიდან რაციონალური მართვა. ანუ, წაშლილია ზღვარი რეალურ და ვირტუალურ მართვას შორის. ცხადია, ირაკლი ღარიბაშვილიც ვერ იქცა უალტერნატივო პოლიტიკურ ლიდერად. სხვადასხვა მიზეზთა შორის ეს შეუძლებელია იმიტომაც, რომ მისთვის ძალიან რთულია, მოიცილოს ივანიშვილის, როგორც მისი პოლიტიკური „მშობლის“ და მთავარი „მოკარნახის“ ფონი.

მიმდინარე ქართული საშინაო პოლიტიკის ზემოაღნიშნული „პოსტმოდერნული მდგომარეობა“ არის ამ პოლიტიკის არაავტორიტარულობის ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო და ინდიკატორი.

ფაქტია, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგების მიღწევა (პირველ რიგში, დემოკრატიის მიმართულებით) მმართველმა კოალიციამ შეძლო სწორედ ეკლექტური პოლიტიკური დიზაინის პირობებში, ანუ ასეთია ამ პოლიტიკური ძალის შინაგანი მოდუსი. მართალია, პოლიტიკური სიჭრელე მმართველ კოალიციას მყიფედ აქცევს. მაგრამ სწორედ ეს სიმყიფე და განხეთქილების ზღვარზე ყოფნა ქმნის დემოკრატიული მართვის შესაძლებლობას და ძალაუფლების უზურპაციის პრინციპულ შეუძლებლობას. შეიქმნა ერთი შეხედვით უცნაური ვითარება: „ქართული ოცნების“ გაჰომოგენურებისკენ სვლა, ანუ შიდა ოპონენტების ჩამოცილება ნიშნავს არა მის გაძლიერებას, არამედ - დასუსტებას. ასე დაემართა კოალიციას, როდესაც ის დატოვეს ირაკლი ალასანიამ და მისმა პარტიამ („თავისუფალი დემოკრატები“). იმის მიუხედავად, რომ უმტკივნეულოდ და უცებ მოხდა დარღვეული საპარლამენტო უმრავლესობის „შევსება“ პარლამენტში არსებული სხვა ფრაქციებით, ასეთ ჩანაცვლებას უკვე მოჰყვა კოალიციის საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის შესუსტება.

ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ფიგურებიც. გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი მმართველ პოლიტიკურ ძალას წარმოედგინა „შინაურ (თავისიან) კაცებად“, რითაცგაგრძელდებოდა წინა ხელისუფლების მმართველობის პრაქტიკა, რაც გულისხმობდა პოლიტიკური „სამების“ (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე) ერთსახოვნებას. თუმცა, ასე არ მოხდა და როგორც პრეზიდენტმა, ისე პარლამენტის თავმჯდომარემ შეინარჩუნეს ხელისუფლების შტოების დანაწილების დემოკრატიული მექანიზმის მიმართ ერთგულება (ეს ყველაზე რელიეფურად გამოჩნდა ცოტა ხნის წინ, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა ფარული მიყურადების შესახებ კანონის განხილვის პროცედურა).

საინტერესოა, რომ მმართველი კოალიციიდან რომელიმე მეტ-ნაკლებად რეიტინგული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება, დიდი ალბათობით, მოასწავებს არა ამ ძალის მარგინალიზაციას, არამედ აჩენს სერიოზულ პოტენციას იმისა, რომ იქცეს ე.წ. „მესამე ძალად“, რომელზე მოთხოვნილებაც სულ უფრი მატულობს საზოგადოებაში. როგორც ბოლო ერთი წლის სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც ჯერ ისევ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, არ ეზრდება ამომრჩეველი (მერყეობს 20%-ის ფარგლებში) იმ ფონზე, როდესაც იზრდება მმართველი კოალიციით უკმამაყოფილოთა და გაწბილებულთარაოდენობა. სწორედ ეს უკანასკნელია ის სოციალური ნიშა, რომელსაც აქვს მესამე პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციის პოტენცია. საქართველოს ახალი საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს ელოდება; დარჩენილ დროში ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია სრულიად ახალი, საზოგადოებისათვის უცნობი პოლიტიკური ძალის პოპულარულად ქცევა. ამდენად, დიდი ალბათობით, მესამე ძალა იქნება ძველი პოლიტიკური ძალების ახალი კონფიგურაცია.