პუტინის მსხვერპლთა სია

პუტინის მსხვერპლთა სია

რუსეთის პრეზიდენტის მამხილებლების უცნაური სიკვდილი

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 3 მარტს მიაბარეს მიწას. მკვლელობიდან დაკრძალვამდე, რუსეთის დედაქალაქში, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მარში მოეწყო, რომლის დროსაც, სამართალდამცავებმა 50-მდე ადამიანი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. მოსკოვის ცენტრში, სამგლოვიარო მარშში 60 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ასეთივე მარშები, სანკტ-პეტერბურგში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, რუსეთის საელჩოების წინ გაიმართა. რუსულ ინტერნეტსივრცეში ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად აქტიურად განიხილება ე.წ. ჩეჩნური კვალი, მომხდარს უკვე უწოდეს „კადიროვის საჩუქარი პუტინს“. ,,კადიროვის კვალზე' განცხადება რუსების მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომაც კი გააკეთა. ძიების წინასწარი მონაცემებით, ცნობილია, რა მანქანით მოძრაობდა ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ასევე ავტომანქანის ნომრები. ის ჩრდილოოსეთის რესპუბლიკას ეკუთვნის. ავტომანქანა ჯერ ნაპოვნი არ არის. პარალელურად იძებნება მკვლელობაში ეჭვმიტანილი. გამოძიების პარალელურად, რუსულ მედიაში პუტინის მსხვერპლებს, ანუ იმ ადამიანებს იხსენებენ, ვინც რუსეთის პრეზიდენტს გზაზე გადაეღობა, მის შესახებ ბევრი რამ იცოდა, მას ოპონირებას უწევდა, ამხელდა თუ ებრძოდა. მოკლედ, გთავაზობთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის პოლიტიკურ ინტერესებსა თუ ამბიციებს შეეწირა და რომლებიც, გაურკვეველ ვითარებაში თუ უცნაურად დაიღუპნენ.     

1. გალინა სტაროვოიტოვა - 90-იანი წლების ბოლოს აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ფედერაციაში ,,ლუსტრაციის კანონს', რომლის თანახმად კაგებე- ს ბევრ თანამშრომელს, ისეთებს, როგორიცაა პუტინი, შეიძლებოდა მაღალი თანამდებობების დაკავება აკრძალვოდათ. მოკლეს სანკტ-პეტერბურგში, თავისი სახლის სადარბაზოში. 
2. ანატოლი სობჩაკი - როგორც ამბობენ, გარდაიცვალა უცნაური სიკვდილით, ოფიციალური ვერსიით, გულის მწვავე უკმარისობით. ბევრი რამ იცოდა პუტინის საქმეების შესახებ. 
3. არტემ ბოროვიკი - ჟურნალისტი, რომელმაც ფარდა ახადა პუტინისა და ელცინის ოჯახის ფინანსურ მაქინაციებს. დაიღუპა, ძალიან უცნაურ ავიაკატასტროფაში, აფრენისას. 
4. ალექსანდრე ლებედი - პუტინის პოლიტიკური კონკურენტი. დაიღუპა ვერტმფრენ ,,მი-8'-ს კატასტროფის დროს.
5. ანნა პოლიტკოვსკაია - იყო დოკუმენტური წიგნების ავტორი, რომლებიც ეძღვნებოდა პუტინის დროს, რუსეთის არმიის მიერ ჩეჩნეთში, მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს. მოკლეს თავისი სახლის სადარბაზოში. 
6. ბორის ბერეზოვსკი - ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. პუტინი პოლიტიკურ არენაზე მან გამოიყვანა და შესაბამისად, ბევრი რამ იცოდა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის შესახებ. ბერეზოვსკი ასევე იყო პუტინის ბევრი საქმის თანამონაწლია მისი კარიერის დასაწყისში. ოფიციალური ვერსიით, იგი უცნაურად დაიღუპა - თავი მოიკლა. 
7. ალექსანდრე ლიტვინენკო - ეფესბე- ს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ პუტინი პედოფილია. სასიკვდილოდ მოწამლეს რადიოაქტიური პოლონიუმ- 210-ით. 
8. სერგეი მაგნიტსკი - ბუღალტერი და აუდიტორი. გამოაქვეყნა გამოძიება კრემლის კორუფციული დანაშაულების შესახებ. დაიღუპა ციხის საავადმყოფოში. 
9. ლეხ კაჩინსკი - პოლონეთის პრეზიდენტი. დაიღუპა ამოუცნობი ავიაკატასტროფის შედეგად სმოლენსკთან (რუსეთის ფედერაცია). 
10. ვალერია ნოვოროდსკაია - პუტინის აქტიური კრიტიკოსი. 21-ე საუკუნის ნამდვილი რუსი დისიდენტი. გარდაიცვალა საავადმყოფოში ,,ინფექციურ- ტოქსიკური შოკის' შედეგად. 
11. ბორის ნემცოვი - ოპოზიციონერი. შეკვეთილი მკვლელობა. რა თქმა უნდა, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანების საზარელი მკვლელობისა, სიკვდილისა თუ ავიაკატასტროფისა, რომლებიც საუბრობდნენ პუტინის ,,საგმირო საქმეებზე', ამხელდნენ მას ან ხელს უშლიდნენ დანაშაულებრივ მოღვაწეობაში. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ რუსეთიდან. მაგალითად გუსინსკი, ხოდორკოვსკი, კასპაროვი... და ბერეზოვსკი, რომელიც პუტინის მსხვერპლთა სიაშია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიკვდილისას, აშკარად იყო შეკვეთილი მკვლელობის ნიშნები, პუტინი და მისი ადმინისტრაცია, ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ მას ,,არ აწყობდა' კონკრეტული ადამიანის სიკვდილი და პროვოკაციაზე პირდაპირ მიანიშნებდა. ახალი, ამჯერადაც არაფერია. ასე მოხდა ნემცოვის შემთხვევაშიც. ,,ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ ეს არის განსაკუთრებული პროვოკაციული ხასიათის შეკვეთილი მკვლელობა', - ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი პესკოვი. ასეა თუ ისე, ფაქტია - მინიმუმ 15 წელი, პუტინმა თავისი მოწინააღმდეგეების გვამებზე იარა და ამ გვამებით მოფენილმა გზამ იგი აბსოლუტურ და ტოტალურ მმართველობამდე მიიყვანა.