რატომ ვერ გამდიდრდნენ ყაჩაღები მოპარული ოქროს სერვიზით და როგორ იცავდნენ მობილურებს მდიდრები მძარცველებისგან
როცა საქართველოში ვითარება აირია და მთელი ქვეყანა ძარცვა-გლეჯაზე იყო გადასული, არაერთი ცნობილი ოჯახი დააყაჩაღეს. მიჰქონდათ ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა. შემდეგ ვითარება თითქოს დამშვიდდა, მაგრამ მობილური ტელეფონების გამოჩენის შემდეგ, ყაჩაღობამ ისევ იმატა. ბევრ კრიმინალს სურდა, სასურველი ნივთი ხელში ჩაეგდო და ამისთვის დიდ რისკზეც მიდიოდა. თუმცა მდიდარ ადამიანებში იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც საინტერესოდ გადაწყვიტეს თავდაცვა. მამუკა ხ. ერთ-ერთი მათგანი იყო. ცნობილი ბიზნესმენი რამდენჯერმე შეაწუხეს კრიმინალებმა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უარით ისტუმრებდა - ამბობდა, არავისთვის არაფერი მომიპარავს და წამირთმევია და ამიტომ, არც ვინმესთვის ვაპირებ რაიმეს ჩუქებასო. მაინც გაქურდეს, თუმცა თავად ამ ქურდობით ბედნიერი იყო და ირონიულად იღიმოდა, მეორედ აღარ გამქურდავენო...
რუსთავის #17 ზონაზე ერთი პატიმარი, თედო ქ. ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ მას მარჯვენა ხელი მაჯაში ჰქონდა მოწყვეტილი და ყველას უკვირდა, ამ მოწყვეტილი ხელით როგორ ქურდობდაო. თუმცა ძველები ამბობდნენ, თავის დროზე ძალიან მაგარი იყო და ეს ხელიც საქმეს გააყოლაო. თედო ძველ საქმეებზე თითქმის არ საუბრობდა, თუმცა არცთუ იშვიათად, მოწყვეტილ მაჯას ჩააშტერდებოდა, ასე უყურებდა რამდენიმე წუთით, მერე ირონიულად გაიცინებდა და თავს გადააქნევდა.
,,მე ამის ატანა აღარ შემიძლია. უნდა მივიდე იმ თედოსთან და ძველი ამბები მოვაყოლო', - უთხრა ერთ დღეს მაყურებლებს პატიმარმა #0578-მა.
,,მიდი, უარი ეგებ არ გითხრას. თან, ადრე თუ გვიან, ხომ უნდა მოყვეს ყველაფერს. ისე, როცა მოყვება, უთხარი, ოქროს კრუხ-წიწილას ამბავი და მაგ მოგლეჯილი ხელის საქმე არ გამორჩეს', - ურჩიეს მაყურებლებმა.
ორ თვეზე მეტი სდია #0578-მა თედოს. ორ თვეზე მეტ ხანს არწმუნებდა, ეგებ რამე მომიყვეო და ორი თვის შემდეგ, როგორც იქნა, დაითანხმა. პირველივე ისტორია ისეთი უბრალო და აბსურდული იყო, #0578-ს კინაღამ სისხლი ჩაექცა ტვინში.
,,შენზე ამბობენ, ქურდების პიკასო იყოო და ახლა რასაც მიყვები, ნაბერეჟნზე რომ მხატვრები არიან, იმათ დონესაც ვერ ქაჩავ. ოქროს კრუხ-წიწილაზე მომიყევი, ხელი რატომ არ გაქვს, ის მითხარი', - უთხრა თედოს.
,,და ეგ ამბები შენ ვინ გითხრა?!' - მოიღუშა პატიმარი.
,,ვინ და მაყურებლებმა. ეგენი ხომ იცი, ვიკიპედიასავით არიან, მთავარია, საჭირო სიტყვა უთხრა და მაშინვე დეტალურად გაშიფრავენ', - გაეღიმა #0578-ს.
,,ვიკიპედია რა არის?!' - დაინტერესდა თედო.
,,ჰოო... დამავიწყდა, რომ დიდი ხანია ზიხარ. ვიკიპედია ინტერნეტენციკლოპედიაა, თითქმის სრულყოფილია, მაგრამ საბოლოო სრულყოფამდე მაინც ბევრი უკლია', - აუხსნა #0578-მა.
,,ხელის ამბავი ყველას აინტერესებს. მამუკა ხ. ხომ იცი? მე წავიღე მაგის ბინა და ნეტავ არ წამეღო. სახლში შესვლა უდიდესი პრობლემა იყო, მაგრამ ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ მივხვდი, ფანჯრიდან შეძრომა შეიძლებოდა. მოახლე დილით გისოსებს აღებდა და შუადღემდე ისე იყო, მერე კეტავდა და სწორედ დაკეტილზე ირთვებოდა სიგნალიზაცია. ერთ დღესაც, როცა გააღო, კარზე დაუკაკუნეს. რა თქმა უნდა, მოახლემ კარი არ გააღო და ეს იმის მიუხედავად, რომ უმტკიცებდნენ, გაზის ქვითარი მოგიტანეთო. სამაგიეროდ, მე ამ დროს აივანზე ავძვერი და გისოსებს სპეციალური სითხე წავუსვი. დაკეტვის შემდეგ გისოსებში სიგნალიზაცია არ ჩაირთვებოდა...
ორ კვირაში სახლი მარტო დარჩა. გისოსი გავჭერით და შევედით. ყველაფერი წავიღეთ, რისი წაღებაც კი შეიძლებოდა და მათ შორის მობილური ტელეფონიც. სულ ახალი იყო, ყუთში იდო, ცელოფანში, გაუხსნელი. მაშინ თბილისში მობილურები ერთეულებს ჰქონდათ. სახლში რომ მივედით, იმდენი ფული და ოქრო დავახვავეთ, ერთი წელი მეფეებივით ვიცხოვრებდით. მე ყველაზე მეტად მობილური მაინტერესებდა. გავხსენი, ელემენტი გავუკეთე და ჩავრთე. მერე აღარაფერი მახსოვს, აზრზე ჩვენი ნაცნობი ქირურგის ბინაში მოვედი. მარჯვენა მაჯა აღარ მქონდა. კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ რაღას ვიზამდი?! მერე გავარკვიეთ, რომ მამუკას ტელეფონი სპეციალურად ჰქონდა გამოსაჩენ ადგილზე, ვინმე თუ რამეს დააპირებდა, ისიც რომ წაეღო. იქ კი დინამიტის კაფსული ჰქონია დამონტაჟებული და ასე ავფეთქდი. საავადმყოფოები დაირბინეს პოლიციელებმა, ხელმოგლეჯილ კაცს ეძებდნენ, მაგრამ მე ჩემს ნაცნობ ქირურგთან ვიყავი... ასე იყო ეს ამბავი და ახლა შენ თუ ამას კლასიკას და პიკასოს ეძახი, დაუძახე. ბიჭებმა თქვეს, შური ვიძიოთო, მაგრამ მე არ დავანებე, კაცი თავის საკუთრებას იცავს, გაჯობა და უნდა დააფასო მოწინააღმდეგე', - დაასრულა თედომ.
,,და კრუხ-წიწილა?!' - ინტერესით ჰკითხა #0578-მა.
,,ეგ საერთოდ ყველაზე დიდი სისულელე იყო, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია. დასავლეთ საქართველოში წავედით საქმეზე. გვითხრეს, სახლში არავინ იქნებაო და რომ შევედით, ოჯახის სამ წევრს ეძინა. ერთმა გაიღვიძა, ატეხა მთელი ამბები და იძულებული გავხდით, ქურდობიდან ყაჩაღობაზე გადავსულიყავით. დავაბით ყველა და იმ ნივთს დავუწყეთ ძებნა, რის გამოც ამხელა გზა გავიარეთ. ეს ოქროს კრუხ-წიწილა იყო. გესმის შენ? ოქროს კრუხი თავის ექვსი წიწილით და სწორედ მათ ვეძებდით. ვერ ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის წამებით დაგვეშინებინა. მოულოდნელად ოჯახის უფროსმა თავად გვითხრა, თქვენ ვერც იმ ქოროს კრუხ-წიწილას იპოვით და ვერც იმ ფულს, დამალული რომ მაქვსო. შევთანხმდეთ, რომ მე ფულსაც გეტყვით სად არის და იმ ოქროსაც, ოღონდ ერთი წიწილა დამიტოვეთ. ფულის აზრზე არ ხართ და იმაზე ათჯერ მეტს წაიღებთ, ვიდრე ერთი წიწილა ღირსო...
ჩვენც, იდიოტებმა თავი დავუქნიეთ და მართალია, უზარმაზარი თანხა არ მოუცია, მაგრამ სამალავი გვანახა, ავიღეთ ფული, კრუხი თავის ხუთი წიწილით და იმათ ერთი ცალი დავუტოვეთ. თან არ იყო დიდი წიწილები, თან კიდევ საკმარისზე მეტი მოგვქონდა და ისიც ვიფიქრეთ, ეგებ არც იჩივლონო, ჰქონდა იმ ოჯახს შემოსავალი. კრუხ-წიწილას რუსი კლიენტი გვყავდა და როცა ვაჩვენეთ, კინაღამ გადაირია, ექვსი წიწილა რატომ არ არისო?! ჩვენ ყველაფერი მოვუყევით და სათითაოდ დაგვცინა, ქველმოქმედები ხართ თუ ქურდები, ეს რა ქენით, სერვიზი სრულად თუ არ არის, მაშინ მისი ფასი კაპიკიაო და შედარებისთვის გვითხრა, მადონას სერვისს ერთი ფინჯანი რომ აკლდეს, რა ფასი ექნებაო?!
მივხვდით, რომ მაგრად გაგვაცურეს, მაგრამ რა უნდა გვეთქვა? ყველა ოქრომჭედელი გაფრთხილებული იყო, რომ თუ ვინმე ოქროს წიწილას დამზადების თხოვნით მივიდოდა, სამართალდამცავებისთვის უნდა ეცნობებინა. იმ კაცის სახლს უკვე პოლიცია იცავდა და შეგვრჩა ხელში ოქროს ჯართი და არა ის, რაშიც ძალიან დიდ ფულს გვიხდიდნენ. გადადნობას აზრი თითქმის არ ჰქონდა, ფასი ათჯერ მაინც იკლებდა და ვიფიქრეთ, ერთი წელი მოვიცადოთ და იმ კაცს მერე დავადგეთო. ჰოდა, ეს ერთი წელი სანამ ვიცდიდით, ჩვენმა ერთმა მეგობარმა კრუხი დაალომბარდა. რამდენიმე თვე კი იყო გასული, მაგრამ ლომბარდში რომ ოქროს კრუხს მიიტან, კითხვები გაჩნდება. ასე ჩავარდა ის და შეგვრჩა მხოლოდ წიწილები. საბედნიეროდ არ გაგვთქვა, მაგრამ რად გინდა, რვა წელი მიარჭვეს. ის წიწილები გადავადნეთ და ერთი მანქანის ფულიც არ გამოვიდა. მერე მეც დამიჭირეს და კი ვარ ახლა ასე', - გაეცინა თედოს.
,,შენ როგორ დაგიჭირეს?!' - არ მოეშვა #0578.
,,ძონძივით. ბინა გავაღე ატმეჩკით, შევედი და როცა იქაურობა დავასუფთავე, შიგნიდან ჩაკეტილი კარი ვერაფრით გავხსენი. რა უნდა მექნა, თოკი კი ვიპოვე, მაგრამ მეშვიდე სართულიდან ერთი ხელით სად წავსულიყავი? მერე ვიფიქრე, ეგებ ზემოთ ავძვრე-მეთქი. ჩამოვეკონწიალე ერთი ხელით ამ თოკს და დავიწყე ყვირილი, მიშველეთ-თქო. ვეღარც ფანჯარაში შევდიოდი და ვეღარც ზემოთ. ,,მიშველეს' მერე, ჩამომხსნეს თოკიდან და ჯიბეებიდან მოპარული ნივთებიც ამოიღეს. ასე მოვხვდი აქ და ამ საქმის გარდა რამდენიმე ისე სახალისოდ შემტენეს, შენი მოწონებული. აქედან რომ გავალ, არც კი ვიცი, რა ვქნა. შეიცვალა ყველაფერი, საკეტებიც, ურთიერთობებიც. აგერ, ვიკიპედიაო და ინტერნეტზეა გადასული მთელი სამყარო. მე კიდევ კომპიუტერთანაც ვერ ვიმუშავებ, სად ვაჩხაკუნო ცალი ხელით', - თავი ჩაღუნა თედომ.
* * *
თედო ციხიდან 2013 წელს გამოვიდა და ორ თვეში ჯიბგირობის ბრალდებით ისევ დააკავეს.
პატიმარი #0578