საპარლამენტო არჩევნები 80 მილიონი ლარი დაჯდება?

საპარლამენტო არჩევნები 80 მილიონი ლარი დაჯდება?

რას მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას ვადამდელი არჩევნები

ბოლო დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი იმდენად გააქტიურდა, რომ ცალკეული ჯგუფები სავარაუდო თარიღსაც კი ასახელებენ - 2015 წლის შემოდგომას. მეტიც, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. რა მოცულობის თანხა იხარჯება არჩევნებში? არჩევნების დროს, ჭარბი ფულის მიმოქცევაში გაშვება როგორ აისახება ისედაც შოკირებულ ეკონომიკაზე? ელის თუ არა ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსი? რა მოუვა დევალვირებულ ლარს თუ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება? ფული და არჩევნები

იმისთვის, რომ პოლიტიკურმა სისტემამ გამართულად იმუშაოს, საჭიროა ფული. ზოგადად, პარტიების შემოსავლები სხვადასხვა ტიპის შემოწირულობისგან, საწარმოებისა და სახელმწიფო დაფინანსებისგან შედგება. ეს შემოსავლები პოლიტიკური საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად გამოიყენება. ფულს პოლიტიკაში სხვადასხვა ტიპის ხარჯების დასაფარად იყენებენ, მაგრამ იმისთვის, რომ პარტიებმა არჩევნებიდან არჩევნებამდე იარსებონ, გარკვეულ დაფინანსებასაც იღებენ. პოლიტიკური დაფინანსების მთავარი პრობლემა ე.წ. შავი ფულია, რომელიც შესაძლოა, კრიმინალური ორგანიზაციის შემოწირულობაც კი იყოს. პოლიტიკური ტექნოლოგიების სპეციალისტების მოსაზრებით, დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები ამ ტიპის გადმორიცხვებით თავს იზღვევენ, სავარაუდოდ, ისინი სრული ხელშეუხებლობის გარანტიასაც იღებენ, რომ მომავალში სამართალდამცავები არ შეეხებიან. ,,შავი ფულის' კატეგორიაში გადის ის შემოწირულობებიც, რასაც პოლიტიკოსებს იმიტომ ურიცხავენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კონკრეტული შემომწირველების ინტერესები გაატარონ. მართალია, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები და სამართალდამცავები, მკაცრად აკონტროლებენ ,,შავი ფულის' მოძრაობას, განსაკუთრებით არჩევნების დროს, არცერთ ქვეყანაში ამ ტიპის პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი არ არის. საქართველოში, სადაც რუსეთის ეკონომიკის გავლენა საგრძნობლად დიდია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოფიციალური თუ არაოფიციალური არხებით, ჩრდილოელი მეზობელი შეეცდება, საკუთარი პოლიტიკური ინტერესი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებით გაატაროს.     

რა რაოდენობის თანხა იხარჯება არჩევნებში?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემები ავიღეთ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საარჩევნო კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში' შემავალმა ექვსმა პარტიამ, ჯამში, 4 607 000 ლარის შემოსავალი მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ 13 434 000, ქრისტიან- დემოკრატებმა 961 000, ხოლო ლეიბორისტებმა 337 000 ლარი. რაც შეეხება ხარჯებს, ოფიციალური მონაცემებით, ქართულ ოცნებაში შემავალმა ექვსმა პარტიამ ჯამში 6 200 000 ლარის ხარჯი გასწია, ნაციონალებმა - 3 500 000 დახარჯეს, ქრისტიან- დემოკრატებმა - 750 000, ხოლო ლეიბორისტებმა - 250 000. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პარტიების შემოსავლები და ხარჯები ასეთი იყო: ,,ქართულმა ოცნებამ' ჯამში 9 000 000 000 ლარის შემოსავალი მიიღო, აქედან 8 302 826 - 680 შემომწირველის მიერ ჩარიცხული თანხაა; ნაციონალურმა მოძრაობამ 5 000 000 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც 701 142 - 306-მა შემომწირველმა ჩარიცხა; დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს შემოსავალი ჯამში 3 500 000 ლარი იყო, აქედან 2 671 704 - 426 დონორის მიერ ჩარიცხული თანხაა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ქართულმა ოცნებამ 6 500 000 ლარი დახარჯა, ნაციონალურმა მოძრაობამ 5 000 000, ხოლო დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ხარჯი 3 მილიონი ლარი იყო.      

რა დაგვიჯდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის დრო, როდესაც მიმოქცევაში ფულის დიდი მასა ტრიალებს. პარტიებისა თუ საპრეზიდენტო კანდიდატების ოფიციალურ ხარჯებს არაოფიციალურიც ემატება. იმ ფონზე, როდესაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი გაუფასურებული ლარის დასტაბილურებას ცდილობს, ლოგიკური კითხვები ჩნდება - რამდენად გამართლებულია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ეკონომიკური თვალსაზრისით, ან ელის თუ არა საქართველოს ეკონომიკას კოლაფსი? ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ოფიციალური მონაცემები, რაც 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება, ,,ვერსიამ' ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძესთან ერთად განიხილა. ოფიციალურ ხარჯებზე დაყრდნობით, რასაც არადეკლარირებული თანხებიც დავუმატეთ, საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანეთ და ის ციფრი განვსაზღვრეთ, რაც სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაგვიჯდება: ,,ეს ოფიციალური ხარჯები რომ დავაჯამოთ, გამოდის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 12 მილიონი ლარი, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 15 მილიონი ლარი დახარჯულა. თუმცა მოგვწონს თუ არა, არჩევნებში, როგორც წესი, არადეკლარირებული ფულიც იხარჯება. ნუ დავარქმევთ ამას ,,შავ ფულს', მაგრამ ეს არის ფული, რომელიც არ აღირიცხება, ანუ სხვა წყაროებიდან მიღებული პოლიტიკური ფულია, რომლის გამოჩენის ინტერესი არ არის. როგორც წესი, არადეკლარირებული თანხა დაახლოებით იმდენია, რამდენიც არჩევნებზე ოფიციალურად იხარჯება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2012 წელს, დაახლოებით, 25 მილიონი ლარი, ხოლო 2013 წელს - დაახლოებით, 30 000 000 დახარჯულა. თავისთავად, ეს ცუდი არ არის, რადგან მიმოქცევაში ფული ტრიალებს და საზოგადოებასაც შემოსავალი ეძლევა, მაგრამ ზოგადად, არჩევნები ძვირი სიამოვნებაა. პოლიტიკური კალენდრის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს უნდა ჩატარდეს. ამ გადმოსახედიდან, 2016 წელი საკმაოდ სპეციფიკური წელი იქნება, რადგან პოლიტიკური ტემპერატურა საგრძნობლად აწეულია. დაფინანსების ხარისხიც შეცვლილია და ამიტომ რისი მიღწევაც 2012-2013 წლებში, პირობითად, 25 000 000 ან 30 000 000 ლარით შეიძლებოდა, სავარაუდოდ, ეს თანხები 2016 წლის არჩევნებზე გაორმაგდება. ორმა მთავარმა მოთამაშემ - ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ, საკუთარი მიზნების მისაღწევად, გაცილებით მეტი თანხა უნდა დახარჯონ, ვიდრე 2012-2013 წლებში დახარჯეს. ამიტომ სრულიად რეალურია, რომ დასახარჯი თანხა 40 000 000 ლარამდე გაიზარდოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენი დაიხარჯება. გასული წლების მსგავსად, 2016 წლის არჩევნებში არადეკლარირებული ფულიც იქნება, ანუ დაახლოებით 80 000 000 ლარი დაიხარჯება. ეს არის რეალობა და ამაზე თვალის დახუჭვას აზრი არ აქვს'. საპარლამენტო არჩევნებზე დასახარჯი თანხის საშუალო არითმეტიკულიც გამოვიყვანეთ და ისიც განვსაზღვრეთ, პირობითად, რა რაოდენობის თანხა უნდა დაიხარჯოს მომდევნო არჩევნებზე. ლარის კურსის დევალვაციის გამო, საქართველოს ეკონომიკა ისედაც შოკშია, 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს ეროვნული ვალუტა დაახლოებით, 30%-ით გაუფასურდა, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი 30%-ით უნდა შემცირდეს. მართალია, იმპორტის შემცირება ლარის კურსს გაამყარებს, მაგრამ მეორე მხრივ, ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ლარი მაისში დასტაბილურდება, მაგრამ ვადამდელ არჩევნებამდე ორი სეზონური ინფლაცია გველის - გაზაფხულზე და აგვისტო- სექტემბერში. ამ ფონზე, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება, საინტერესოა, რა ეკონომიკური პროცესები განვითარდება? ლევან კალანდაძე: ,,რა თქმა უნდა, ამ ფონზე, არჩევნებში დასახარჯი ფული, გარკვეულწილად, რისკფაქტორს შეიცავს, მაგრამ მეორე მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ - წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საარჩევნო თანხების მობილიზება ხდება, პოლიტიკური პარტიების კუთვნილი თანხითა და მათი დონორების დაფინანსებით, ლარზე მოთხოვნა გაჩნდება. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდა კი მნიშვნელოვნად გაამყარებს თავად ლარს და კომფორტულ გარემოსაც შექმნის. თუმცა არჩევნების შემდეგ, ამ ფულის მიმოქცევაში გაშვება, ბუნებრივია, ინფლაციურ პროცესს გამოიწვევს. პირობითად, ჩვენ ხომ 80 მილიონ ლარზე ვსაუბრობთ, ეს ნამდვილად არ არის ის მოცულობა, რამაც შესაძლოა, ეკონომიკა დაანგრიოს. 80 მილიონი ლარის მოძრაობა, მნიშვნელოვან ცვლილებებს კი იწვევს, მაგრამ თუ ამ თანხის ,,შეწოვა' და შემდეგ ,,გაწოვა', დაახლოებით, 8-10-თვიან პერიოდზე გაიწერება, მაშინ რისკი შემცირდება. პრობლემა ამ დამატებითი 80 000 000 ლარის ერთბაშად, ერთ-ორ თვეში გაშვება იქნება, თორემ თუ 8-თვიან პერიოდზე გავწერთ, ნაკლები პრობლემები შეგვექმნება. თავისთავად, არჩევნებში ხარჯები მნიშვნელოვანია, მაგრამ მე სკეპტიკურად ვუყურებ მხოლოდ ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების კომპონენტს და არა იმას, რომ პოლიტიკური პარტიები თავისი დონორებიდან დახარჯავენ ფულს. ზოგადად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რისკია, რადგან 2015 წლის ბიუჯეტში, ამ წელს ჩასატარებელი არჩევნების ფული გათვალისწინებული არ არის. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაატაროს, ამისთვის ბიუჯეტის კორექტირება და მნიშვნელოვანი თანხის ჩადება დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ რაღაცას უნდა მოაკლოს თანხა, ან დამატებითი სესხი უნდა აიღოს და ბუნებრივია, 2015 წლის ისედაც პრობლემური ბიუჯეტისთვის, ეს დამატებითი ტვირთი იქნება. თუმცა ეკონომიკას არც ეს ტვირთი დაანგრევს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კიდევ უფრო გაართულებს 2015 წლის დაძაბულ საბიუჯეტო პროცესს, მაგრამ ზოგადად, არჩევნები ეკონომიკას არ ანგრევს'. პარტიების არადეკლარირებულ თანხებს შორის, უხეშად რომ ვთქვათ, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პოლიტიკური ფულიც იგულისხმება. ცხადია, პრორუსული ორიენტაციის პარტიები ამ ტიპის დაფინანსებას, ანუ ,,შავ ფულს' რუსეთიდან მიიღებენ. პოლიტიკური ,,შავი ფულის' მოძრაობა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც სერიოზულ პრობლემას ქმნის და საქართველო ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის. მეტიც, რუსეთიდან შემოტანილი ,,შავი ფულისგან' ჩვენი ქვეყანა ყველაზე ნაკლებადაა დაცული. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში რთული პოლიტიკურ- ეკონომიკური ვითარებაა, სადაც, რუსეთ- უკრაინის ომის გარდა, საქართველოს ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთში - ლირის, რუსეთში - რუბლისა და უკრაინაში - გრივნას გაუფასურებაც ემატება, როგორ აისახება სხვა ქვეყნიდან მიღებული ოფიციალური თუ არაოფიციალური ,,შავი' დაფინანსება ეკონომიკაზე? ლევან კალანდაძე: ,,პოლიტიკის მიღმა ვდგავარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოვიდეს ნებისმიერი ფული. თუ ეს ,,შავი ფულია', ან კრიმინალია, ამაზე სამართალდამცავებმა იზრუნონ და შესაბამისი ზომებიც მიიღონ! ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, მთავარია, ქვეყანაში ფულის მასა შემოვიდეს, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, კერძო დანაზოგი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი და პოლიტიკური ფულიც კი. ვისურვებდი, ეს ფული დასავლეთიდან შემოვიდეს და არა რუსეთიდან, რადგან რუსეთისადმი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ფულის შემოსვლას თავისი წესები და კანონები აქვს'. თუ ვთანხმდებით, რომ ეკონომიკა შოკშია და ლარი გაუფასურდა, ცალსახად, ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის სისუსტეს ნიშნავს. ცალკეულ სამთავრობო უწყებებზე აქცენტის გადატანა ან საქართველოს ეროვნული ბანკის განტევების ვაცად გამოცხადება, ამ ვითარებაში გამოსავალი არ არის! თუ ამ პროცესზე მთავრობის ეკონომიკური გუნდია პასუხისმგებელი, ამ ვითარებაში არც მხოლოდ ეროვნული ბანკია ,,დამნაშავე', არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და არც მხოლოდ პრემიერ- მინისტრი! ყველა ეს უწყება ენერგეტიკის სამინისტროს ჩათვლით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ- მინისტრი ხელმძღვანელობს! აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება - არის თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციაში, რადგან ახლადარჩეული პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს. ლევან კალანდაძე: ,,ზოგადად, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მთავრობის ცვლილების საკითხი მიბმული არ არის, რადგან ფაქტია, თუ პარლამენტი შეიცვლება, ახალი მთავრობაც უნდა დამტკიცდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ფონია, თუ ხელისუფლება, როგორც ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი ერთად, კოორდინირებულად, უახლოეს პერიოდში, ლარის ვარდნას ვერ შეაჩერებს და ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონს ვერ დაასტაბილურებს, ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს! მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ბრალია, მთავარია, რამდენად შეძლებს ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრას. თუ ხელისუფლება ეკონომიკურ ვითარებას ვერ მოუვლის, მაშინ მათი შეცვლის საკითხი დღის წესრიგში უნდა დადგეს'.