თბილისის ცენტრალურ უბნებში კაფე-ბარები და რესტორნები სოკოებივითაა მომრავლებული. შესაბამისად, ხმაურმაც იმატა, რის გამოც მოსახლეობა ქრონიკულ უძილობასა და ფსიქიკურ მოშლილობას უჩივის და რახანია, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს... სავარაუდოდ, 1 სექტემბრიდან ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც, რესტორნებსა და ბარებს, ასე ვთქვათ, ხმაურის ლიმიტი დაუწესდებათ. თბილისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე თედო კობახიძე ამბობს, რომ ზემოხსენებული ინიციატივით დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა, რის შემდეგაც, შეხვედრები მხოლოდ მოსახლეობასთან კი არა, შსს-ს, ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროების, ასევე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების, თბილისის საკრებულოს სხვადასხვა კომისიისა და ფრაქციის წარმომადგენლებთან გაიმართა...
- ბატონო თედო, სიმშვიდის დარღვევას კერძოდ რომელი ქუჩის მცხოვრებლები უჩივიან, ან ძილის საშუალებას ვინ არ აძლევთ?
- თბილისში ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილი ბევრია. ამიტომ, მოსახლეობას ბარ-რეტორნებიდან გამოსული ხმაური აწუხებს. მაგალითად, ახვლედიანის და ტაბიძის ქუჩები ბარ-რესტორნებითაა გადატვირთული და იქ მცხოვრებთ რახანია, მშვიდი ძილის საშუალება არ აქვთ. ასევე, ისეთი ადგილებიცაა, სადაც ქარხნები მუშაობს და სადაც მუდმივად ჩარხის ხმა ისმის, რამაც შეიძლება, ფსიქიური მოშლილობა გამოიწვიოს.
- გეთანხმებით, მაგრამ ამის გამო ქარხნები, რომელიც ისედაც არ გვაქვს და ბარ-რესტორნები ხომ არ დაიხურებიან?
- დახურვას არავინ ითხოვს. უბრალოდ, კანონპროექტის შესაბამისად, დილის 7-დან 11 საათამდე დასაშვები 40 დეციბალამდე ხმაური იქნება, საღამოს კი, 23-დან დილის 7 საათამდე - 30 დეციბალი. ასევე, შემოვა საჯარიმო სანქციებიც: ფიზიკური პირებისთვის ერთჯერად ჯარიმად, დღის განმავლობაში, 150 ლარი დაწესდება, საღამოს საათებში - 300 ლარი. იურიდიული პირებისთვის პირველ ჯერზე ჯარიმის თანხა 500 ლარით განისაზღვრება, ღამის საათებში - 1000 ლარით. ხმაურის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმების რაოდენობა გაორმაგდება.
- დეციბალებს ვინ, ან რა გაზომავს?
- დეციბალები სპეციალური ხელსაწყოთი იზომება. დღის საათებში აღებული გვაქვს 40 დეციბალი, ღამის საათებში კი, მაქსიმალური ზღვარი 30 დეციბალია. ეს დადგენილია ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანების საფუძველზე, რომელიც ევროკავშირის პრაქტიკიდანაა აღებული, ანუ ახალი არაფერი გამოგვიგონია... გვინდა, ადამიანები გადამეტებულმა ხმაურმა არ შეაწუხოს.
- ანუ, ხმაურის აკრძალვა ევროკავშირის დირექტივაა?
- დიახ, ასეა. აკრძალვა ევროპაში მოქმედი ნორმაა და გვინდა, ეს პრაქტიკა ჩვენთანაც დავნერგოთ. ბოლოს და ბოლოს, ხალხი წესრიგს ხომ უნდა მიეჩვიოს?
- მათ, ვისაც ბარ-რესტორნები მაღალსართულიანი სახლების პირველ სართულებზე აქვთ, რა უნდა ქნან?
- პრობლემა არ შეექმნებათ. შეუძლიათ, მუსიკაც დაუკრან და იმღერონ, მაგრამ იმ პირობით, რომ კედლების, ჭერისა და იატაკის იზოლირებას მოახდენენ და პერმანენტული ხმაურით მეზობლებს არ შეაწუხებენ. მოკლედ, ბიზნესის ხელისშეშლას არ ვგეგმავთ.
- კანონი როდიდან ამოქმედდება?
- წელს, 1 სექტემბრიდან, ან მომავალი წლის 1 იანვრიდან. მანამდე ყველას ექნება საშუალება, კანონს გაეცნოს და ის შედეგები გაიაზროს, თუ რა მოჰყვება კანონდარღვევას.
- წესრიგს, გეთანხმებით, უნდა მივეჩვიოთ, მაგრამ, ბატონო თედო, შეზარხოშებულ ხალხს რესტორნის მეპატრონე ცეკვა-სიმღერას როგორ აუკრძალავს?
- სიმღერა ღრიალს არ ნიშნავს, თან რესტორნის მფლობელებმა უნდა მოახერხონ, რომ ხმაური გარეთ არ გამოვიდეს - არსებობს საშუალებები, რომლებიც ხმაურს თრგუნავენ.
- ამ ინიციატივას რესტორნების და ბარების მეპატრონეებისგან რა გამოხმაურება მოჰყვა?
- გამოხმაურება ჯერჯერობით არ ყოფილა. სამაგიეროდ, ხმაურისგან შეწუხებულ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ახალი კანონი დროულად ამოქმედდება.
- ბატონო თედო, კანონპროექტზე მუშაობისას ისიც შეისწავლეთ, თუ რა გავლენას ახდენს პერმანენტული ხმაური ადამიანის ფსიქიკაზე?
- დიახ... ექიმებისგან შევიტყვეთ, რომ იმ ადამიანებში, ვისაც ხმაურით გამოწვეული უძილობა აწუხებთ, მატულობს ალერგიის, მაღალი არტერიული წნევის, შაკიკის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ხმაური, ასევე, იწვევს ფსიქიკურ აშლილობას. სხვათა შორის, ირლანდიული კანონმდებლობით, პირი, რომელიც ამ კანონს არღვევს, 12-წლიანი პატიმრობით ისჯება. გერმანიის კანონმდებლობით კი, პატიმრობის ვადა 3 წელია. მოკლედ, პერმანენტულმა და განგრძობითმა ხმაურმა ადამიანს ჯანმრთელობა შეიძლება, სერიოზულად დაუზიანოს...
- იმ შემთხვევაში, თუკი მეზობელი მუდმივად ხმაურობს და დაძინების საშუალებას არ მაძლევს, ხმაურის დეციბალს ვერ გავზომავ და ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე?
- ამ შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია უნდა გამოიძახოთ, რომელიც ხმაურის დეციბალს გაზომავს. დღეს დეციბალის გამზომი სულ 4-5 აპარატი არსებობს, ისიც - მოძველებული და დიდი ზომის. ამიტომ, მისი ტარება არაკომფორტული იქნება, თუმცა ველოდებით ახალ მობილურ ხმაურმზომებს, რომელთა მეშვეობითაც ხმაურის შეფასება მოხდება და პატრული ჯარიმის ქვითარსაც ადგილზე გამოწერს.
- ამ საქმეში პატრული რატომ ჩართეთ?
- იმიტომ, რომ პატრული 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და როგორც კი მოქალაქე 112-ში დარეკავს, მასთან მაშინვე მობილური ჯგუფი გაჩნდება.
- თუ სოციალურად დაუცველი ვარ, ხმაურის გამო დამაჯარიმეს და ჯარიმას ვერ ვიხდი, რა მელის?
- სოციალურად დაუცველებს ჯარიმისგან არავინ ათავისუფლებს. რადგან სოციალურად დაუცველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება აქვს, ადმინისტრაციული, ან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. მოსახლეობა უნდა შეეგუოს, რომ პატივი სცეს სხვას და მისი უფლებები არ დაარღვიოს.