ადეიშვილი მკვლელობას უარყოფს და 10-წლიანი პატიმრობის შეცვლას ითხოვს

ადეიშვილი მკვლელობას უარყოფს და 10-წლიანი პატიმრობის შეცვლას ითხოვს

ლევან ადეიშვილი ერთი წელია, ციხეშია - 10 წელი აქვს მისჯილი. სასამართლომ მკვლელობაში დაადანაშაულა, რასაც თავად კატეგორიულად უარყოფს: “განაჩენი ჩემს მიმართ სრულიად უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია. მალხაზ მიქაცაძესთან მე არ მქონია არანაირი პირადი ურთიერთობა და შესაბამისად, არც მისი მოკვლის განზრახვა. ჩხუბის დროს მე არანაირი, არც შემთხვევითი და უნებლიე კავშირი არ მქონია მასთან და არ მიმიყენებია მისთვის არანაირი დაზიანება. მოვითხოვ, 2013 წლის 24 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ- 19.108 მუხლით გამართლებას”. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულად შერაცხულმა ლევან ადეიშვილმა სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიმართა, მაგრამ განხილვაზე უარი მიიღო. რატომ უთხრეს უარი საქმის ხელახალ განხილვაზე მსჯავრდებულ ადეიშვილს? - სააპელაციო სასამართლო უარის საფუძველს არ ხსნის და პირველი ეჭვიც აქედან ჩნდება.

ლევან ადეიშვილის ადვოკატმა, ელზა ჯმუხაძემ ზემდგომ უწყებებს საჩივრებითა და განცხადებებით მრავალგზის მიმართა, მაგრამ მისი ყველა მცდელობა ერთი და იგივე შედეგით მთავრდებოდა: საჩივრები და განცხადებები გადამისამართებული იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურაში, სადაც ლევან ადეიშვილის ბრალმდებლები მუშაობენ, ანუ გამოდის, რომ ლევან ადეიშვილის ბრალეულობის საქმე სწორედ მათ უნდა განეხილათ და ხელახლა შეესწავლათ, რომელნიც სასამართლო პროცესზე ბრალმდებლებად გამოვიდნენ. ადეიშვილის საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ეჭვს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აღვივებს.

ელზა ჯმუხაძე, ადვოკატი: “- როცა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურაში პირველივე საჩივარი გააგზავნეს, დავწერე მეორე საჩივარი-განცხადება და მოვითხოვე, სხვა რაიონის პროკურატურაში გადაეგზავნათ, მაგრამ მაინც დიდუბე-ჩუღურეთში გააგზავნეს. განცხადება კიდევ დავწერე და დიდი შრიფტით მივუთითე, რომ დიდუბე-ჩუღურეთში არ გაეგზავნათ, მაგრამ იგივე გააკეთეს...”

თითქმის მთელი წელი ადვოკატი საქმის ხელახალ გადახედვას და იმ ახალი გარემოებების შესწავლას ითხოვდა, რომლებიც სასამართლო პროცესის დროს იგნორირებული იყო, მაგრამ ადეიშვილის საქმის ხელახალი განხილვა მკვდარი წერტილიდან ვერა და ვერ დაიძრა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, სამართალი უნდა დადგეს და ეს მხოლოდ ჩემი პროფესიული მოვალეობა კი არა, ღირსების საქმეცაა. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ, ვიდრე სამართალი არ აღსდგება და დარწმუნებული ვარ, ჩემი ბრძოლა შედეგს მოიტანს”, - აცხადებს ელზა ჯმუხაძე.

ბოლო საჩივარი-განცხადება საქართველოს მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის სახელზეა წარდგენილი. ასლები დაგზავნილია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან, საქართველოს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილ თავმჯდომარე კახა კოჟორიძესთან. ადვოკატი ითხოვს, პირად კონტროლზე აიყვანონ საჩივარი.

საჩივარი საკმაოდ ვრცელია და მასში დეტალურადაა აღწერილი ყველა გარემოება: სასამართლო ოქმებში არსებული ფაქტები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტთა დასკვნები და სხვა საჭირო ინფორმაცია. როცა ადეიშვილის საქმე წავიკითხე, იმდენი თვალშისაცემი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება და ფაქტად წოდებული დასკვნა ვნახე, რომ უნებლიედ ერთი ცნობილი გამოთქმა გამახსენდა: “სჯობს ათობით დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში”. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, ვცდებოდე, მაგრამ... სწორედ იმიტომ, რომ ეჭვები არ იყოს, იმიტომ, რომ სამართლიანობის განცდა არსებობდეს და იმიტომაც, რომ თავი დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეებად ვიგრძნოთ და კანონის უზენაესობის გვჯეროდეს, ეჭვების საფუძველი არ უნდა დარჩეს.

თუ ძიების დროს ეჭვები ჩნდება, ანუ ეჭვმიტანილის ბრალეულობა ეჭვქვეშ დგება, გამოძიება ხელახლა უნდა დაიწყოს. ამას გვეუბნება კანონი და ლევან ადეიშვილის საქმე ამის ნათელი მაგალითია. განაჩენის უკანონობაზე მსჯელობა ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს პრეროგატივაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ოპერატიულად და პარალელურად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გულმოდგინედ შეისწავლოს ჩემს განცხადება-საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია მანამ მისცეს, სანამ კანონიერ ძალაში შევა საბოლოო განაჩენი ლევან ადეიშვილის მიმართ და კანონის შესაბამისად, განადგურდება საქმეზე თანდართული მტკიცებულებები”, - აცხადებს ელზა ჯმუხაძე.

 

ხუჭუჭთმიანი მკვლელი

თბილისის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა ჯგუფური ჩხუბი, რომლის ერთ-ერთი მოწმეც პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელმაც მისცა შემდეგი ჩვენება: დავინახე, რომ ჩემს მამიდაშვილს, მალხაზ მიქაცაძეს (აწგარდაცვლილი) ეჩხუბებოდნენ ჩემთვის უცნობი პირები. მე მათ მოვუწოდე სიმშვიდისკენ და ვუთხარი, რომ ვიყავი პოლიციის თანამშრომელი. უცნობმა მამაკაცმა, დაახლოებით 28 წლის, შავგვრემანი, გამხდარი, მუქი ფერის თმით, შემაგინა. ამის შემდეგ, მომიახლოვდა უცნობი ხუჭუჭთმიანი პიროვნება, დაახლოებით, 180 სმ. დამარტყა მუშტი და ძირს დამაგდო. ფეხი ამომარტყა და წავიდა ეზოს გარეთ”.

როგორც საქმიდან ჩანს, იმ ინციდენტის შემდეგ, ჩხუბმა რესტორნის ეზოში გადაინაცვლა. იგივე მოწმე, პოლიციის თანამშრომელი, თავის ჩვენებაში ამბობს: დავინახე, რომ ჩემს ძმას, ირაკლის და მამიდაშვილს, მალხაზ მიქაცაძეს სცემდა რამდენიმე პირი. მათ შორის იყვნენ ის ხუჭუჭთმიანი, რომელმაც მე გამარტყა და ის გამხდარი პირიც. დანა ეკავა ხუჭუჭთმიან პიროვნებას და კიდევ ერთს, რომელიც იყო, დაახლოებით, 180 სმ სიმაღლის სრული აღნაგობის, წითური პირისახის, სავარაუდოდ, 30 წლის პიროვნება, რომელსაც თავზე ეხურა კეპი. ამ პერიოდში მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ერთად გავეკიდეთ“.

მალხაზ მიქაცაძის დედა, რომელიც ასევე, იყო რესტორანში, ჩვენებაში მიუთითებს, რომ მის შვილს რამდენიმე პირი ურტყამდა: ხუჭუჭთმიანი, გამხდარი შავგვრემანი და კეპიანი. პოლიციელისა და მალხაზ მიქაცაძის დედის გარდა, არის კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, შემთხვევითი მოწმე, ტაქსის მძღოლი, რომელმაც თავის ჩვენებაში აგრეთვე, წარმოაჩინა ხუჭუჭთმიანი და გამხდარი შავგვრემანი, რომელსაც კეპი ეხურა. მან ისიც აღნიშნა, რომ ერთ-ერთს, რომელიც გზის მოპირდაპირე მხარეს გარბოდა, ჰქონდა დანა. მისი მითითებით, პოლიციელები დანიანს დაედევნენ.

პოლიციელები თავის ჩვენებაში ამბობენ: მოვახდინეთ გაქცეული პიროვნების დაკავება. ამავე დროს, დავინახეთ კიდევ ორი პირი, რომლებიც მიმალვას ცდილობდნენ. მე და მიხეილ მანელიშვილმა წამოვიყვანეთ დაკავებული, ხოლო ჩემი მეწყვილე, დათო ჯაშიაშვილი და კიდევ სხვა პოლიციის თანამშრომელი გაიქცნენ იმ ორი პირის დასაკავებლად. ჩვენს მიერ დაკავებული პირი აღმოჩნდა დავით იაშვილი. რესტორნის დაცვის თანამშრომლის მიერ მოყვანილ იქნა მოქალაქე, რომელიც ჩხუბის მონაწილე პირი ოთარ რობაქიძე იყო... მას დახეული ჰქონდა ქურთუკი, ხელები ჰქონდა სისხლიანი და ასევე, სისხლის ლაქებით დასვრილი ჰქონდა მაისური და ჯინსის შარვალი. როდესაც მას ავტომანქანაში ვსვამდით, მან დაიწყო ხელების ენით გალოკვა, ცდილობდა სისხლის მოცილებას. აქვე ვაჩვენებ, რომ ჩემმა მეწყვილე პოლიციელმა სხვა პოლიციელთან ერთად, მოახდინეს ორი პირის დაკავება, რომლებიც ასევე, ცდილობდნენ მიმალვას”.

დაკავებულთაგან ლევან ადეიშვილი არც ერთი იყო. იგი არც ხუჭუჭთმიანია და არც - გამხდარი შავგვრემანი. რაც შეეხება კეპიანს, რომელიც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ჩანს, ძნელი დასაჯერებელია, რომ ჯგუფურ ჩხუბში, როდესაც ქურთუკი და პერანგი შემოხეული აქვთ მოჩხუბრებს, კეპი ეხუროს ვინმეს თავზე.

დანიანი გაქცეული პოლიციელმა დააკავა, მაგრამ დანა გაქრა - საქმეში არ ჩანს. პოლიციელმა სასამართლოზე თქვა, რომ შეიძლება, დანა ჰქონდა დაკავებულს, მაგრამ გადააგდოო. როდესაც ლევან ადეიშვილის ადვოკატმა სასამართლოზე პოლიციელს ჰკითხა, დანა რატომ არ მოძებნეთო, მან უპასუხა, იქ ჭაობიანი ადგილია და ჭაობში რა უნდა მომეძებნაო. D

 

 

დანა, რომელიც არ არსებობს

ელზა ჯმუხაძე, ადვოკატი: - საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ სამ დაზარალებულს, საერთო ჯამში, მიყენებული აქვს ცამეტი ჭრილობა და ცამეტივე ჭრილობა მიყენებულია მკვეთავ-მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით. გამოძიებამ მხოლოდ ის დაადგინა, თუ საგანთა რომელ კლასს მიეკუთვნება დაზიანების მიმყენებელი საგანი. გამოძიება ამაზე შორს არ წასულა.

- ქალბატონო ელზა, როგორც ადვოკატი, გამოძიებაში რა შეცდომებს ხედავთ?

- უნდა დადგენილიყო, ცამეტი დაზიანება სამივე დაზარალებულს ერთი და იგივე დანით აქვს მიყენებული თუ არა. ამგვარი კვლევების ჩატარება აუცილებელია, რადგან თვითმხილველ მოწმეთა შემთხვევის ღამესვე მიცემული ჩვენებებით დასტურდება, რომ ჩხუბში მონაწილეობდა 15-20 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ რვის ვინაობა და სამართლებრივი სტატუსია ცნობილი, კერძოდ, საქმეში სამი დაზარალებულია და ხუთი მსჯავრდებული.

აგრეთვე, თვითმხილველი მოწმეების მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, დასტურდება, რომ ჩხუბში მონაწილე დაკავებულ პირთაგან, ლევან ადეიშვილის გარდა, დანა, მინიმუმ, ორ პირს კიდევ ჰქონდა, მაგრამ ისინი საქმეში მხოლოდ იმიტომ არ ჩანან, რომ დაკავებამდე დანები შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით გადაყარეს. საქმეში ფიგურირებს მხოლოდ ერთი დანა, რომელიც ლევან ადეიშვილის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგადაა ამოღებული. შეიძლება, ვივარაუდოთ: გამოძიებას ან არაფერი უღონია საიმისოდ, რომ ეს დანები მოეძებნათ, ან დანები ამოღებულია, მაგრამ საქმიდან გამქრალია.

- ეს გამომძიებლების მიმართ ხომ ძალიან სერიოზული ბრალდებაა?

- რა თქმა უნდა. მალხაზ მიქაცაძის სხეულზე არსებული მძიმე დაზიანების ზომები 2 სანტიმეტრია და მაშინ, როდესაც ლევან ადეიშვილის დანის პირის მაქსიმალური სიგანეა 1,5 სანტიმეტრია. ფაქტი სახეზეა: გამოძიების ინტერესი ყველაფრის ლევან ადეიშვილისთვის გადაბრალება იყო და სწორედ ამიტომ არ მომხდარა დანების იდენტიფიკაცია. ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზაც დაინიშნა, მაგრამ დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არაა.

სასამართლოსთვის ნამდვილად საგულისხმო უნდა ყოფილიყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის წარდგენილი საექსპერტო დასკვნაც, რომლის თანახმადაც, გამორიცხულია, საქმეში წარმოდგენილ დანას, რომლის პირის მაქსიმალური სიგანე 1.5. სანტიმეტრია, მალხაზ მიქაცაძისთვის მიეყენებინა შემავალი ჭრილობები.

- ჩხუბში მონაწილე 15-20 ადამიანს არაფერი მოეკითხათ?

- საქმეში ხუთი მსჯავრდებულია, რომელთაგან ოთხის მიმართ (მათ შორის არიან  ის პირებიც, ვისაც, თვითმხილველთა მითითებით, დანები ჰქონდათ და ვინც სისხლიან ხელებს ილოკავდა) საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა და ბრალად მხოლოდ ხულიგნობა შეერაცხათ. სამართალდამცავთაგან კანონის შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია მოწმეების მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო, აშკარად ცრუ ჩვენებების მიცემასაც. პირიქით, ბრალდების მხარე, ასევე, სასამართლო, სწორედ ამ მოწმეთა ცრუ ჩვენებებს მიიჩნევს მტკიცებულებებად. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დასკვნით სიტყვაში დავასაბუთე, რომ გამოძიების ეტაპზე გენეტიკური კვლევა მსოფლიოში მიღებული და საყოველთაოდ აღიარებული მეთოდიკის უხეში დარღვევებით ჩატარდა. საინტერესოა, გვაქვს თუ არა საქმე პროკურორ ინგა გოგიას დაკვეთით, მტკიცებულების შეგნებულად გაყალბებასთან, დანაშაულის დაფარვის მიზნით? ხომ არ არის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რომელიმე თანამშრომელი მტკიცებულების გამყალბებელი და ამ გზით რეალური დამნაშავის დამფარავი? თუ პროკურორ ინგა გოგიას მიერ დასკვნით სიტყვაში მოხსენიებული კვლევა (ექსპერიმენტი) სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ ჩატარებულა, მაშინ რატომ თქვა პროკურორმა ინგა გოგიამ თავის დასკვნით სიტყვაში ტყუილი? გამოძიებით დასადგენია, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა უკანონო განაჩენი საკუთარი პროფესიული უმეცრებით დაადგინა, პროკურატურის მხრიდან ზეწოლით თუ რაიმე სახის დაინტერესებით?!